ედუარდ შევარდნაძე და საქართველოს «გეოპოლიტიკური» პერიოდი

    საქართველოს პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას, პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომისიის თავმჯდომარე ნოდარ ნათაძემ საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა: «მე მოვითხოვ, სახელმწიფოს მეთაურმა, ედუარდ შევარდნაძემ ნათლად, მკაფიოდ ჩამოაყალიბოს თავისი პოზიცია ე.წ. აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო კორიდორის მიმართ, რომელსაც იგი, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ვალდებულია მხარს უჭერდეს, თუ მოქმედებს სწორედ საქართველოს და არა რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე».
    ნოდარ ნათაძის ეს გამოსვლა, ერთი მხრივ, განპირობებულია თვით ამ დერეფნის მნიშვნელობით ჩვენი ქვეყნისათვის. მეორე მხრივ კი იმით, რომ ნოდარ ნათაძის აზრით, სახელმწიფოს მეთაური, ედუარდ შევარდნაძე საქართველოში მოქმედებს სწორედ რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე.
    ნათაძის ეს მტკიცება საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ იგი არც თუ ისე დიდი ხნის წინ ედუარდ შევარდნაძეს «უალტერნატივო ლიდერს» უწოდებდა - მაშასადამე, როგორც ჩანს, ზემოთმოყვანილ დასკვნამდე მხოლოდ ბოლო დროს მისულა.
    შეგახსენებთ: საქმე ეხება იმ «სატრანსპორტო კორიდორს», რომელიც ითვალისწინებს ნედლეულის (უპირველეს ყოვლისა - ნავთობის) ტრანსპორტირებას ცენტრალური აზიიდან. ამავე კონტექსტში მოიაზრება ე.წ. «საუკუნის პროექტი», რომელიც მიზნად ისახავს კასპიის შელფში მოპოვებული ნავთობის გადაქაჩვას საქართველოსა და თურქეთის გავლით - ხმელთაშუა ზღვის ტერმინალებში.
    გახსოვთ ალბათ, რა ბრძოლა გამოიწვია, რუსეთს, ყაზახეთსა და ევროპულ კონცერნს შორის ე.წ. «თენგიზის პროექტმა», რომელიც ითვალისწინებდა ყაზახეთის უმდიდრესი საბადოს ათვისებას. სამი გიგანტი რამოდენიმე წლის განმავლობაში ებრძოდა ერთმანეთს მომავალი მოგების გაყოფისათვის. საბოლოოდ ამის თაობაზე კი მოილაპარაკეს, მაგრამ ტრანსპორტირების მარშრუტი ჯერაც არ არის განსაზღვრული. განიხილება ძირითადად სამი პროექტი, - რუსეთის გავლით, ირანის გავლით და საქართველოს გავლით. ეს პრობლემა მხოლოდ «თენგიზის პროექტს» არ ეხება.
    ანალოგიური მდგომარეობაა აზერბაიჯანის ნავთობთან დაკავშირებითაც და არა მხოლოდ - ცენტრალური აზია თავისთავად არის უდიდესი პოტენციის რეგიონი, რომელიც უეჭველად იქცევა მომავალში ევრაზიული განვითარების ერთ-ერთ მძლავრ ცენტრად. ამიტომ ამ უმდიდრესი რეგიონის «ათვისებას» დასავლეთის მიერ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
    ამრიგად, «აღმოსავლეთ-დასავლეთის» კორიდორი თავისთავად იძენს «საუკუნის პროექტის» სახეს და ამ მასშტაბებთან შედარებით, თვით ბაქოში ხელმოწერილი კონტრაქტიც კი წვრილმან გარიგებად მოჩანს. ნათაძის თქმით, ამ მარშრუტზეა დამოკიდებული აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც - როგორც ეკონომიკური, ასევე სამხედრო ძალის გამოყენებით. მდიდარ ქვეყანას ძლიერი არმიაც ეყოლება.
    ამჟამად დასავლეთის ანალიტიკურ ცენტრებში საქართველოსთან დაკავშირებით შემდეგი ვარიანტები განიხილება: თუ ცენტრალური აზიიდან სატრანსპორტო მაგისტრალი გაივლის ირანის (და მხოლოდ შემდეგ - თურქეთის) ტერიტორიას, ეს ძალზე სახიფათოა, რადგან ისლამური ფუნდამენტალიზმი მიიღებს მძლავრ ბერკეტს - დასავლეთზე ზემოქმედებისათვის და შეიქმნება საშიშროება ცენტრალური აზიის ისლამიზაციისათვის.
    მეორე ვარიანტი: რუსეთის გავლით. დასავლეთისათვის მეტ-ნაკლებად მისაღებია, მაგრამ თვით ცენტრალურ აზიას არ აძლევს ხელს, რადგან ეს გზა პოლიტიკურად «გაკვალულია» და ისლამ კარიმოვს ან ნურსულთან ნაზარბაევს არაფრად ეპიტნავებათ კვლავ რუსეთის სატელიტად გადაქცევის პერსპექტივა.
    აქვე აღსანიშნავია, რომ «კასპიის პროექტი» და «აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორი» ერთ გეოპოლიტიკურ კონტექსტში მოიაზრება და მრავალი თვალსაზრისით მსგავს პრობლემებს აწყდება. მაგალითად, ირანი ანალოგიური მიზეზითაა დასავლეთისათვის მიუღებელი აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირებისათვის, ხოლო «რუსული გზა» გამოირიცხება ჩეჩენი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და ჩრდილოეთ კავკასიაში პარტიზანული ომის გამო.
    დასავლეთში განიხილება კიდევ ერთი, მისთვის კატეგორიულად მიუღებელი ვარიანტიც: ცენტრალური აზიიდან - ავღანეთისა და პაკისტანის გავლით - ინდოეთის ოკეანემდე.
    ეს ვარიანტი დასავლეთისათვის მიუღებელია იმავე მიზეზის გამო: იგი აძლიერებს ისლამური ფუნდამენტალიზმისადმი მიდრეკილ პაკისტანს რომელიც, ეკონომიკური თვალსაზრისით, ბოლო დროს ისედაც სწრაფად ვითარდება.
    ამრიგად, რჩება ის ვარიანტი, რომელიც ხშირად განიხილება საქართველოს პოლიტიკურ წრეებშიც: ნავთობსადენით ნედლეული ცენტრალური აზიიდან მიეწოდება კასპიის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე პორტებს. იქედან, ტანკერებით - აზერბაიჯანს, აზერბაიჯანიდან (საქართველოს გავლით) შავი ზღვის პორტებს, ხოლო შავი ზღვის გავლით - ბულგარეთს და დუნაით - ცენტრალურ ევროპას.
    სხვა ვარიანტით: ბულგარეთიდან, ნავთობსადენით - ეგეოსის ზღვას (საბერძნეთი). ეს ვარიანტი თურქეთის მოქიშპე საბერძნეთისათვის ძალზე ხელსაყრელია. თავად თურქეთისათვის მოვლენათა ამგვარი განვითარება ხელსაყრელი არ არის, რადგან ეს ქვეყანა, ფაქტობრივად, ბევრს ვერაფერს მიიღებს. სხვა საქმე იქნებოდა, მილსადენს თურქეთის ტერიტორიაზე გაევლო.
    სწორედ ამის მიღწევა სურდა სტამბოლს, როდესაც ცალმხრივად დაკეტა ბოსფორ-დარდანელის საზღვაო გასასვლელი. უფრო ზუსტად, აკრძალა სრუტეებში ნავთობით დატვირთული ტანკერების მოძრაობა. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ საზღვაო გზა უფრო იაფია, ვიდრე ახალი ნავთობსადენის მშენებლობა. ამიტომ ყველაზე იაფი და, ამავე დროს, პოლიტიკურად რაციონალურია მარშრუტი: ცენტრალური აზია - აღმოსავლეთ კასპიისპირეთი - დასავლეთ კასპიისპირეთი - აზერბაიჯანი - საქართველო - შავი ზღვა - ბულგარეთი - დუნაი - ცენტრალური ევროპა.
    საქართველოსათვის ეს მარშრუტი არა მხოლოდ ეკონომიკურადაა მომგებიანი (თუმცა დიდი ეკონომიკური მოგებაც მოსალოდნელია), არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც.
    თუ საქართველოსა და ბულგარეთის სანაპიროებს შორის დასავლური ტანკერები ინტენსიურად დაიწყებენ მოძრაობას, მაშინ შავ ზღვაში გაბატონებული ორი ზესახელმწიფო - თურქეთი და რუსეთი, ფაქტობრივად «თამაშგარე მდგომარეობაში» აღმოჩნდებიან.
    დასავლეთი იძულებული გახდება დაიცვას საკუთარი სიმდიდრე ანუ შავ ზღვაში შემოიყვანოს სამხედრო ფლოტი - ეს ისტორიული შემობრუნება იქნება. ბოსფორი და დარდანელი თურქების მიერაა დაპყრობილი, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპას გააჩნიათ ბერკეტები, მასზე ზემოქმედებისათვის.
    პირველს: ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის (ნატოს) სახით, მეორეს - ევროგაერთიანებაში თურქეთის მიღების გადავადებით.
    ამრიგად თურქეთი იძულებული იქნება, დაეთანხმოს პროექტს მიუხედავად საკუთარი სურვილისა და «გაუხსნას» სრუტეები ამერიკულ ფლოტს. ხოლო რაკი ის ფლოტი შავ ზღვაში შემოვა, მას უეჭველად დასჭირდება დასაყრდენი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე - საქართველო სახით! ამის შემდეგ ირაკლი წერეთელის ოცნება ჩვენი ქვეყნის «ნატოს» სამხედრო სისტემაში ჩართვის თაობაზე - სულაც არ იქნება აუხდენელი.
    ამრიგად, «აღმოსავლეთ-დასავლეთის» კორიდორი საქართველოს წინაშე უდიდეს პერსპექტივებს სახავს. მაგრამ, ნათაძის აზრით (რომელიც მან კულუარებში გამოთქვა ერთ ჟურნალისტთან საუბარში), რუსეთი პროექტის ჩასაშლელად აქტიურად იყენებს შევარდნაძის ფაქტორს და აიძულებს მას, იმუშაოს პროექტში საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ - რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე.
    თუ ეს ყოველივე სიმართლეს შეესაბამება, მაშინ უახლოეს ხანებში «კორიდორის» სქემა ქართული პოლიტიკისათვის უფრო მნიშვნელოვანიც კი გახდება, ვიდრე თვით «კონსტიტუცია» ან საპარლამენტო არჩევნები. უფრო სწორად, ეს პრობლემები ამ საკითხის კონტექსტში იქნება განხილული.

«მსგეფსი», მარტი, 1995 წელი.
   

მთელ გვერდზე