ქართული «რკინის გვარდია» - გახრწნილი იდეის სადარაჯოზე
   

   

    «ქართული კომუნისტური აზრის» ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი, დევი სტურუა 1988 წელს «კომსომოლსკაია პრავდასთან» გამართულ დისკუსიაში წერდა: «ქართველმა ხალხმა რევოლუციონერთა რკინის კოჰორტა მისცა კომუნისტურ მოძრაობასო».
    ეს რა თქმა უნდა სიმართლეა, - ქართველი კომუნისტები თვით ტროცკისა და სხვა კაციჭამიათა ფონზეც კი გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული «კომუნისტური თვისებებით». საბჭოთა იმპერიის შექმნა-დაფუძნებაში მათი უდიდესი წვლილი დღემდე დაუფასებელია რუსეთში; მაგრამ ოთხმოციანი წლების ბოლოსთვის მათ საქართველოში იმდენად გაიტეხეს სახელი, ძნელად თუ ვინმე იფიქრებდა, რომ ოდესმე ისინი საერთოდ ხმის ამოღებას, მით უმეტეს პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას გაბედავდნენ.
    1991 წელს, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, საქართველოში ეს პარტია საერთოდ აიკრძალა, რაც შემდგომი «დემოკრატიული რევოლუციის» პერიოდში, «დემოკრატიისათვის მებრძოლ» კრიმინალთა ერთ-ერთი უმთავრესი არგუმენტი გახდა - ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ.

    დღეს კომუნისტური მოძრაობა საქართველოში კვლავ შლის ფრთებს და ხელისუფლებაში მოსვლასაც კი ლამობს. უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელთაც ვერაფრით შეასმენ სინამდვილეს. კომუნისტებმა საქართველოშიც აღზარდეს საზიზღარი «ზომბების» მთელი სოციალური ფენა, რომელთა აზროვნების ძირითადი მახასიათებელი შური და ღვარძლია, ანუ, ის, რასაც საბა უწოდებდა "წუხილს სხვისა სიკეთესა ზედა".
    ძალიან რომ არ ჩავუღრმავდეთ ულიანოვის იდიოტურ სენტენციებს, შეიძლება ვთქვათ: ეს თეორია უპირველეს ყოვლისა უნიჭო ადამიანთა კომპლექსებს, მათ ქვეგრძნობებს ეყრდნობოდა და ეყრდნობა; ამიტომაც ვერ შექმნეს და ვერც შექმნიან ოდესმე კომუნისტური იდეის მატარებელი ზომბები ვერაფერს ორიგინალურს - ბინძური ყაზარმისა და «ზონის» გარდა.

    მიუხედავად ამისა, საქართველოში 1992 წლიდან ამ პარტიის რეანიმაციას სავსებით კონკრეტული დანიშნულება ჰქონდა; ამიტომ მან თავიდანვე დაიკავა გარკვეული ადგილი პოლიტიკურ სპექტრში. უპირველეს ყოვლისა, თვით შევარდნაძეს სჭირდებოდა «კომპარტიის» რენესანსი, რათა მოწინააღმდეგეთათვის წაერთმია საშუალება, «ნეოკომპარტიად» სწორედ «მოქალაქეთა კავშირი» გამოეცხადებინა.
    სანამ კომუნისტები შედარებით სუსტნი იყვნენ, სახელმწიფოს მეთაური ერთმნიშვნელოვნად აცხადებდა, რომ «მოქკავშირი», უპირველეს ყოვლისა, «წვრილი, საშუალო და მსხვილი ბურჟუაზიის ინტერესებს დაიცავდა».
    მაგრამ კრიზისის გაღრმავების პარალელურად, როცა «წარსულის ნოსტალგიით» გაჟღენთილ საზოგადოებას შესაძლოა «კომუნისტური პარტია» სოციალურ ალტერნატივად ჩაეთვალა - სახელმწიფოს მეთაურმა უმალვე შეიცვალა პოზიცია და ახლა უკვე «მოქალაქეთა კავშირის» ლიდერები «სოციალისტური ინტერნაციონალში» შესვლას ლამობენ, რათა კომუნისტებს სოციალური ინიციატივა წაართვან.
    მაგრამ შევარდნაძეს «კომუნისტური საფრთხის» ფანტომის შექმნა მხოლოდ პოლიტიკურ სპექტრში ძალთა გადაჯგუფებისათვის როდი სჭირდება. ეს ფანტომი მას საშუალებას აძლევდა და აძლევს, შეინარჩუნოს ოპოზიციასთან მისასვლელი გზები, რათა საჭიროების შემთხვევაში განაცხადოს (უკვე განაცხადა კიდეც), «დემოკრატია საფრთხეშია, ყველანი გავერთიანდეთ - კომუნისტური კონტრრევოლუციის წინააღმდეგ!»
    ამავე დროს, შევარდნაძის მიერ მკაცრად კონტროლირებადმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა (განსაკუთრებით ტელევიზიამ) ყველაფერი გააკეთეს, რათა თვით «კომუნისტურ კოჰორტაში» განხეთქილება შეეტანათ - ამჟამად კომუნისტური მოძრაობა რამოდენიმე ნაწილად დაიშალა. მათგან ყველაზე ორთოდოქსალურია სწორედ პანტელეიმონ გიორგაძის ფრთა რომელსაც შევარდნაძე და რჩეულიშვილი გააფთრებით აკრიტიკებენ ერთის მხრივ იგორ გიორგაძესთან, ხოლო მეორეს მხრივ - ჯაბა იოსელიანთან კავშირის გამო.
    შეგახსენებთ, რომ პანტელეიმონ გიორგაძემ «მხედრიონის» ლიდერის შესახებ თქვა: «ბ-ნი ჯაბა ერთადერთი გონიერი ადამიანია საქართველოს პარლამენტში». ამგვარი შეფასება უკვე თავისთავად შეიძლება გახდეს პოლიტიკური ალიანსის საფუძველი, რაც არავის უკვირს, ვინაიდან ყველას ახსოვს, რა ურთიერთობა არსებობდა ამ ორ ძალას შორის ჯერ კიდევ 70-იან 80-იან წლებში.
    ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, «კომუნისტური პარტია», რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგვეჩვენოს, საკმაოდ «პერსპექტიული» ძალაა დღევანდელ საქართველოში, რადგან მისი არსებობა ყველას ხელს აძლევს - თვით ოპოზიციასაც კი, რომელსაც არც თუ უსაფუძვლოდ აქვს იმედი, რომ ამგვარი პარტიის არსებობა სერიოზულად შეამცირებს შევარდნაძის ელექტორატს და (ამავე დროს) ოპოზიციას მისცემს საშუალებას პერმანენტულად აკრიტიკოს «ნეოკომუნისტური» გადახრები საქართველოს ხელისუფლების პოზიციაში - მით უმეტეს, თუ კომუნისტებმა მომავალ არჩევნებში ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახეს და პარლამენტში მოხვდნენ.
    მაგრამ გაცილებით საინტერესო თვით საზოგადოების დამოკიდებულებაა «კომუნისტური ფენომენისადმი». საქართველოში მონური სულისკვეთება ჯერ კიდევ არ არის აღმოფხვრილი და იგი კიდევ დიდხანს იქნება მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი ქვეყნის ჭეშმარიტი აღორძინებისა და წინსვლისათვის.
    ზოგიერთმა შეიძლება გაიხსენოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, სადაც ბოლო არჩევნებში მემარცხენე ორიენტაციის ძალებმა გაიმარჯვეს, მაგრამ ეს ძალები თვისებრივად განსხვავდებიან გონებაჩლუნგი «ბოლშევიკებისაგან», რომლებიც დღესაც ლენინ-სტალინის ხატზე ლოცულობენ და გარკვეული პროგრესის გზაზე ძლივს დამდგარ ქვეყანას უკან, - მარაზმატული წარსულისაკენ ექაჩებიან.

«მიმომხილველი», 20 ივლისი, 1995 წელი.
   

მთელ გვერდზე