ГРУ
 

    1994 წელს, მოსკოვურმა გამომცემლობა «Конец века»-მ გამოსცა ინგლისში მცხოვრები ყოფილი «ГРУ»-ს (Главное разведовательное управление) თანამშრომლის, ვიქტორ სუვოროვის წიგნი «აკვარიუმი», რომელიც რუსულ სამხედრო დაზვერვას ეძღვნება.
    წიგნი მილიონიანი ტირაჟითაა გამოცემული, მაგრამ მას სანთლით ვერ დაძებნით თბილისში - იგი ჭეშმარიტი «ბესტსელერია». ამ წიგნმა, თავის დროზე, ევროპაში ნამდვილი ფურორი გამოიწვია. შეიძლება ითქვას, იგი ამერიკელ «კონსერვატორთა» ანუ რეიგანის «მკაცრი» ანტისაბჭოური კურსის მხარდამჭერთა სამაგიდო წიგნად იქცა.
    ვიქტორ სუვოროვს კი, მას შემდეგ, რაც იგი ავსტრიიდან - ინგლისში გაიქცა, სამხედრო სასამართლომ დაუსწრებლად სიკდილი მიუსაჯა, რის გამოც ევროპაში მცხოვრები ყოფილი საბჭოთა მზვერავი მწარედ ხუმრობდა: ახლა სასიკვდილო განაჩენსა და მის აღსრულებას შორის პერიოდში ვცხოვრობ, მაგრამ ეს პერიოდი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ტკბილიაო. სუვოროვი დღესაც ცოცხალია და კვლავ ანცვიფრებს მსოფლიოს საბჭოთა იმპერიის საიდუმლო სამსახურთა შინაგანი ბუნების ზედმიწევნითი ცოდნით.
    განაჩენის «სისრულეში მოყვანას», როგორც ჩანს, ე.წ. «პერესტროიკამ» შეუშალა ხელი. ამიტომ, საბჭოთა «КГБ»-სა და «ГРУ»-ს აგენტებმა ხელი აიღეს (შესაძლოა დროებით) სიკვდილით დასჯის აღსრულებაზე მოწამვლის ან საავტომობილო კატასტროფის ფორმით - ამით ხომ გორბაჩოვის იმიჯი შეილახებოდა! მაგრამ თვით სუვოროვი ისეა დაშინებული, რომ დღესაც ვერ ბედავს მოსკოვში ჩასვლას. შესაძლოა გამოცდილი «აგენტი» ამჟამადაც მართალი იყოს და კარგად ხვდებოდეს ელცინის «დემოკრატიის» ჭეშმარიტ «არსს».
    წიგნი იწყება უკრაინის ერთ პატარა, მიყრუებულ სოფელში, სადაც დაიბადა და გაიზარდა სუვოროვი. იგი სულ ერთი ეპიზოდით, შესანიშნავად აღწერს «სოციალისტური სისტემის» აბსურდულობასა და იდიოტიზმს. «პარტიამ და მთავრობამ» ნიადაგში ქიმიური სასუქის შეტანა ბრძანა - სუვოროვის კოლმეურნეობაშიც (ისევე, როგორც ასი ათასობით სხვა კოლმეორნეობაში) ბრძანება უმალვე აღასრულეს, მაგრამ მძღოლად მომუშავე სუვოროვს (ისევე როგორც მილიონობით სხვა მძღოლს, სხვა მეურნეობებშიც) «პარტიამ და მთავრობამ» მხოლოდ ერთი რეისის სამყოფი საწვავი გამოუყო, მაშინ, როდესაც ასი რეისის გაკეთება იყო საჭირო სასუქის საწყობიდან გადმოსაზიდად. რა ექნა ჭაბუკ სუვოროვს? მან ისეთივე ეშმაკობას მიმართა, როგორსაც მისმა ყველა კოლეგამ - საწყობიდან გამოტანილ სასუქს იქვე, ორმოცდაათიოდე მეტრში ჩამომავალ მდინარეში ასხამდა. შემდეგ კვლავ ბრუნდებოდა საწყობთან, ისევ დგებოდა რიგში, მერე იგივეს იმეორებდა და ასე მთელი დღის განმავლობაში. სუვოროვი გამონაკლისი არ ყოფილა - ასევე იქცეოდა ყველა სხვა მძღოლიც. საღამოსათვის უზარმაზარი საწყობი დაიცალა, სამაგიეროდ «გეგმა» შესრულდა და ადგილობრივმა პარტიულმა ელიტამ ზემდგომ ამხანაგებს უპატაკეს, იმათ თავის მხრივ - თავიანთ «ზემდგომებს» და რამდენიმე დღის შემდეგ პოლიტბიუროზე «კმაყოფილებით აღნიშნეს» ცენტრალური კომიტეტის დავალების შესრულება.
    დნეპრში კი, თევზები სულ გაწყდნენ და რამოდენიმე წლის განმავლობაში აღარც მოშენებულან. პატივცემულო მკითხველო, ხომ არ მოგაგონათ ამ ეპიზოდმა ის ავადსახსენებელი, შავბნელი დრო, რომელსაც დღეს ზოგიერთი რეგვენი მისტირის?
    ვიქტორ სუვოროვს პასპორტი არ ჰქონდა, რადგან იმ ეპოქაში «კოლმეურნეებს» პასპორტს არ აძლევდნენ(!), მაგრამ მან როგორღაც გამოსტყუა კოლმეურნეობის თავმჯდომარეს ეს დოკუმენტი და კიევის სატანკო სასწავლებელში დაიწყო სწავლა. არა იმიტომ, რომ «სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა», არამედ ელემენტარულად, შიმშილით რომ არ მომკვდარიყო და, ამავე დროს, სოფლის «საკონცენტრაციო ბანაკიდან» დაეღწია თავი.
    «კურსანტობის» პერიოდში, სუვოროვი კვლავ შეეჩეხა იმავე იდიოტურ სისტემას, რომელიც მას «კოლმეურნეობაში» აწამებდა - ოღონდ, ამჯერად, ეს სისტემა სამხედრო ყაიდაზე იყო გაწყობილი. ერთხელ, როდესაც პირველკურსელი სუვოროვი ე.წ. «КПП»-ზე («Контрольно пропускной пункт») მორიგე იყო და გადაქანცულს ჩაეძინა (კაცმა რომ თქვას, ამის უფლება ჰქონდა კიდეც, რაკი «ნარიადში» მყოფმა სხვა კურსანტმა შეცვალა), ამ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მაღალჩინოსანმა გენერალმა გამოიარა და მთელი «ნარიადი» დააპატიმრა. ვერავინ გაიგო თუ რატომ: დააპატიმრა, მორჩა და გათავდა! თუ სუვოროვი მაინც დამნაშავე იყო სხვებს რაღას ერჩოდა? - მაგრამ კითხვის დასმას ვინ გაბედავდა?! ყველანი დაუყოვნებლივ წაათრიეს «გაუპტვახტში», სადაც სუვოროვმა ისეთი ტანჯვა-წამება გადაიტანა, რომ საკვირველია, მაინც როგორ დარჩა ადამიანად.
    მაგალითად: შუა ზამთარში დაპატიმრებულებს «პლაცზე» ატარებენ მარშით. . . . თითქმის შიშვლები არიან . . . ვინც «ცუდად» გაივლის, პლაცის შუაგულში დააყენებენ, სადაც, თავდაცვის მინისტრ გრეჩკოს ბრძანებით, ოდნავ დამრეცი ბეტონის საფარზე წყალი დაგროვილა (ასე იყო ყველა სხვა პლაცზე - მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე). «დასჯილი» პატიმარი უკვე იქ იწყებს მარშირებას და წყლით სველდება ოც გრადუსიან ყინვაში. სხვებსაც ასველებს, რისთვისაც ისინი კამერაში სცემენ.
    «გაუპტვახტის» კამერა ციხის საკანზე ბევრად უარესია. მაგალითად: შემოდის ზედამხედველი და «ჩაცმას» ბრძანებს. ვალდებული ხარ ათ წამში ჩაიცვა. თუ ვერ მოასწარი, მთელი საკანი იხდის და თავიდან იცვამს შენი გულისათვის და ასე დაუსრულებლად - სანამ ყველა ვერ მოასწრებს. მაგრამ რომც მოასწრო, განა ყველა ღილი სწორად გექნება შეკრული? (ღილზე ნამგალი და უროა გამოსახული, უროს თავი ზუსტად ნიკაპს უნდა უსწორდებოდეს) - მაშინ ისევ თავიდან. ამ «ვარჯიშობის» შემდეგ კი, უმრავლესობა (ვინც კარგად ასწრებდა ყველაფერს) უმცირესობას სცემს - რაკი მისი გულისთვის გააწვალეს.
    საკანში ზოგჯერ ქლორიან ყუთებს დგამენ, რათა დაპატიმრებულნი კიდევ უფრო დაიტანჯონ - ქლორიან ჰაერში ვერ ისუნთქებ, შეიძლება დაიხრჩო კიდეც. საპირფარეშოში გასვლა ხომ მიუღწეველი ოცნებაა, რომელსაც ზედამხედველები სასჯელის ფორმად იყენებენ. დღე «გუბარები» მუშაობენ ყველაზე ბინძურ და მძიმე სამუშაოზე - ტანკების მუხლუხოებს კეცავენ, ბენზინმზიდებს წმენდენ შიგნიდან, გენერალთა აგარაკებზე საპირფარეშოებს ასუფთავებენ და ა.შ. საღამოს პოლიტმუშაკი ლექციას კითხულობს «კომუნიზმზე». ლექცია ხუთი საათი გრძელდება, რის შემდეგაც ერთ-ერთი «არესტანტი» მოკრძალებით კითხულობს: «А будет ли Губа при, коммунизме?» ოფიცერი ერთმნიშვნელოვნად პასუხობს: «Губа будет всегда!!!». შემდეგ გაირკვა, რომ სუვოროვი და მისი მეგობრები გენერალ-პოლკოვნიკ ჩიჟს დაუპატიმრებია მხოლოდ იმის გამო, რომ ასეთი ჩვევა ჰქონია - დაეპატიმრებია «ყარაულში» მყოფნი ყოველთვის, როდესაც კი «КПП»-ზე გაივლიდა. შესვლისას სუვოროვი დააპატიმრა, როდესაც გამოდიოდა სხვები დააპატიმრა და ასე შემდეგ.
    ასეთი იყო სამხედრო «მუშტრა», - რომლითაც «საბჭოთა კურსანტი» გამოთაყვანებულ «საბჭოთა ოფიცრად» უნდა ექციათ. მაგრამ სუვოროვი, როგორც ჩანს, ნიჭიერი კაცი  იყო და ბოლომდე არ გამოთაყვანებულა. შემდეგ იგი სატანკო ნაწილს ხელმძღვანელობდა და მონაწილეობდა ყველა იმ გრანდიოზულ სამხედრო მანევრებშია, რომლებიც ხან «დიდი ოქტომბრის» ორომოცდაათ წლისთავს ეძღვნებოდა, ხან ლენინის გარდაცვალების თარიღს და ხან კიდევ გაგარინის კოსმოსში გაშვების წლისთავს.
    ერთ-ერთი «მანევრის» დროს, «გენერალური მდივნისათვის» სიამოვნების მისანიჭებლად მთავარსარდალმა ბრძანა ერთი საათის განმავლობაში აეგოთ ხიდი მდინარე დნეპრზე. ხიდი ააგეს, მაგრამ იგი კინაღამ ჩაინგრა, რისთვისაც სამხედრო მშენებლები ალბათ ბეწვზე გადაურჩნენ სიკვდილს.
    სუვოროვი აღწერს ჩეხეთ-სლოვაკეთში შეჭრის ისტორიას და ერთ ასეთ ეპიზოდს გადმოგვცემს: უბრალო ჯარისკაცებმა, რა თქმა უნდა, არ იცოდნენ, თუ სად მიდიოდნენ და რისთვის. ოღონდ პრაღის ქუჩებში რომ შევიდნენ, უზბეკმა «სალდათმა» გაკვირვებით იკითხა: მანქანებს უცნაური ნომრები აქვს და ნეტავ სადა ვართო. სოვოროვმა კითხვა შეუბრუნა: აბა «საბჭოთა რესპუბლიკები» ჩამომითვალეო. ჯარისკაციც ჩამოთვლის: უზბეკეთი, რუსეთი, ლიტვა, პოლონეთი, ფინეთი, საფრანგეთი.
    ჰოდა ამ რესპუბლიკებში მანქანებს სხვადასხვანაირი სანომრე ნიშნები აქვთო - მიუგო სუვოროვმა.
    ერთ-ერთი სამხედრო სწავლების დროს, სუვოროვი «ГРУ»-ს ოფიცერმა შენიშნა, რაღაცით გამოჰყო იგი საერთო მასიდან და სამხედრო დაზვერვაში მუშაობა შესთავაზა. უფრო სწორად, უბრძანა. სუვოროვი დაზვერვის სისტემაში გადაიყვანეს და სწორედ ამ დღიდან იწყება მისი, როგორც საიდუმლო სამსახურის აგენტის კარიერა. რამდენიმე დღის შემდეგ სუვოროვი ამ საიდუმლო სამსახურის ასეთივე საიდუმლო აკადემიაში გაგზავნეს სასწავლებლად. საინტერესოდ აღწერს ავტორი «ГРУ»-სა და «КГБ»-ს ფარულ ომს, რომელიც მაშინ მიმდინარეობდა და შესაძლოა ახლაც მიმდინარეობს.
    მაგალითად «ГРУ»-ს აგენტები ვალდებულნი იყვნენ მთელი მოსკოვი მოევლოთ და «სანდო» სამალავი ეპოვათ (ისევე, როგორც უნდა ეპოვათ ეს სამალავი შემდგომ საზღვარგარეთ). ხოლო КГБ-ს აგენტები ვალდებულნი იყვნენ, ისინი ადგილზე «დაეპატიმრებინათ». რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ თავისებური «სწავლება» იყო ორივესათვის, მაგრამ საქმე ზოგჯერ რეალურ შეტაკებამდე და ცხვირ-პირის მტვრევამდე მიდიოდა.
    სუვოროვმა ერთი ისეთი სამალავი იპოვა (სადღაც გადაკარგულში, გარაჟებს შორის) რომ ეშმაკიც ვერ მიაგნებდა, მაგრამ როდესაც იქ პირველი «დავალების» შესასრულებლად მივიდა, КГБ-ს აგენტებმა მაინც «ჩაავლეს» და რეალურად აწამეს - ვისთვის მუშაობო. ესეც გამოცდა იყო. სუვოროვმა გაუძლო წამებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ГРУ-დან გააგდებდნენ.
    საიდუმლო აკადემიის დამთავრებისთანავე სუვოროვი საზღვარგარეთ, კერძოდ ავსტრიაში გააგზავნეს. სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო ამბები. მკითხველი არ შეიძლება შეძრწუნებული არ დარჩეს იმით, თუ რას გადაურჩა მსოფლიო და ვისთან (უფრო სწორად «რასთან») ჰქონდა საქმე საბჭოთა კავშირისა და მისი სპეცსამსახურების სახით!
    სოვოროვის გადმოცემით, ავსტრიაში საბჭოთა კავშირის საელჩო დაზვერვის, რეზიდენტურის, ტერორიზმის, პროვოკაციების, სხვადასხვა ტიპის დივერსიების ნამდვილი «ბუდე» იყო. იქ იგეგმებოდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში «სამშვიდობო» დემონსტრაციების ჩატარება «მშვიდობის მხარდასაჭერად», პოლიტიკურ მორვაწეთა მკვლელობები და ასე შემდეგ.
    დაზვერვის თანამშრომელი შეიძლება საელჩოში დურგალი ან დამლაგებელი ყოფილიყო, რომელსაც ელჩი თითქოს ვერც ამჩნევდა. მაგრამ სინამდვილეში, მის წინაშე შიშისაგან ცახცახებდა. დაზვერვის მუშაკები მთელს ევროპაში აგროვებდნენ საიდუმლო ინფორმაციას, იპარავდნენ დასავლურ ტექნოლოგიებს, უახლესი სამხედრო ტექნიკის ნაწილებს და «დიპლომატიური ფოსტით» საბჭოთა კავშირში აგზავნიდნენ. დიპლომატიური გრიფით დალუქული კონტეინერის გახსნის უფლება ადგილობრივ პოლიციას არ ჰქონდა - ეს 1815 წლის ვენის კონვენციის დარღვევაა. ამიტომ, უზარმაზარი კონტეინერებით საბჭოთა კავშირის სამხედრო დაზვერვა ხშირად აგზავნიდა «ზურგში» მოპარულ სამხედრო ტექნიკას, თვითმფრინავის, ტანკების ნაწილებს და ა.შ. ზოგიერთ შემთხვევაში კი, მოტაცებულ პოლიტიკურ მოღვაწეებს, რომლებიც ხელ-ფეხ შეკრულნი და პირაკრულნი იწვნენ ამგვარ კონტეინერებში.
    თუ პოლიცია მაინც შეეცდებოდა უზარმაზარი კონტეინერის გახსნას, საბჭოთა ელჩიც იქვე იყო სადღაც დამალული - იგი უმალვე გამოძვრებოდა საფარიდან და ისტერიულ პროტესტს განაცხადებდა «საერთაშორისო ხელშეკრულების» დარღვევის გამო.
    ასე მუშაობდა საბჭოთა დაზვერვა. კონტეინერებით ზოგჯერ «მოღალატეებსაც» აგზავნიდნენ «სამშობლოში», სადაც მათ საზარელი სასჯელი ელოდათ. მაგალითად, სუვოროვი აღწერს ამბავს, რომელიც მაღალჩინოსანმა მოხელემ უამბო. 1962 წელს დააპატიმრეს ვინმე პენკოვსკი, რომელიც დაზვერვის ოფიცერი იყო და ამერიკელებისათვის «მუშაობდა». მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. უბედური იხვეწებოდა, არ მომკლათო. КГБ-ს რომელიღაც ხელმძღვალის ბრძანებით, ამ თხოვნის პასუხად ასე «იხუმრეს»: ერთხელ, როდესაც პენკოვსკი საკუთარ საკანში იწვა, სპეციალური ბალონებით ჩუმად დასაძინებელი გაზი შეუშვეს კამერაში. პენკოვსკის ღრმად ჩაეძინა. მაშინ იგი შეკოჭეს, კუბოში ჩააწვინეს, კუბოს თავი დააჭედეს და ათი მეტრის სიღრმეზე საფლავში დამარხეს. პენკოვსკის ათი საათის შემდეგ იქ გაეღვიძებოდა, მაგრამ ვაი ამ გაღვიძებას!
    ГРУ განსაკუთრებით აქტიურად ტექნოლოგიურ საიდუმლოებებს დაეძებდა. მილიონობით დოლარი იხარჯებოდა უახლესი კომპიტერული თუ სხვა სახის სისტემების შესაძენად. სამაგიეროდ, საბჭოთა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი მილიარდობით დოლარს ზოგავდა. მოსყიდულ მოხელეს კი მარადიული შანტაჟი ელოდა.
    ყველაზე ეფექტური ოპერაცია ГРУ-მ მაინც ალპებში განახორციელა. ამ ოპერაციას «ალპური ტურიზმი» უწოდეს. მისი არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ალპებში ГРУ-მ რამდენიმე კოტეჯი, დასასვენებელი სახლი, სასტუმრო და პანსიონატი შეიძინა. თითოეულში მილიონობით დოლარი დააბანდა. მომსახურე პერსონალი მთლიანად მისი აგენტურა იყო. ამ კოტეჯებში დასასვენებლად ხშირად ჩამოდიოდნენ ამერიკელი სამხედრო მოსამსახურენი ხმელთაშუაზღვისპირეთში დისლოცირებული სამხედრო გემებიდან. სწორედ მათზე «ნადირობდა» სამხედრო დაზვერვა. ბევრი მათგანი მოისყიდეს, ზოგიც დააშინეს - სიმთვრალეში ზოგი რამ უკვე გაქვს ნათქვამიო და ასე შემდეგ.
    ეს «ბაზა» ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა კრემლის სასარგებლოდ და ახლაც ნაყოფიერად იმუშავებდა, სუვოროვი რომ არ გაქცეულიყო. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მას «დაუსწრებლად» სიკვდილი მიუსაჯეს. სუვოროვის «გაქცევის» მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ერთხელ ნერვები ვერ მოთოკა და მცირე შეცდომა დაუშვა. ამისთვის მას «ევაკუაცია» და ГРУ-ს ჯურღმულებში საშინელი წამება ელოდა, მაგრამ თავს უშველა - ბრიტანეთის საელჩოს შეაფარა თავი,
    ყველაზე საგულისხმო კი ამ წიგნში ის ეპიზოდებია, სადაც აღწერილია საიდუმლო სამსახურთა მიმართება საბჭოთა კავშირის მმართველ-პოლიტიკურ ელიტასთან. «ГРУ» და «КГБ» ერთმანეთსაც ებრძვიან და, ამავე დროს, მკაცრად აკონტროლებენ პარტიულ ელიტას. რომელიც, თავის მხრივ, ცდილობს მათ ერთმანეთთან დაპირისპირებას, რათა «დაჰყავი და იბატონეს» პოლიტიკა გაატაროს.
    როდესაც ვიქტორ სუვოროვს ГРУ-ში იღებდნენ, უთხრეს: ჩვენი ორგანიზაცია აკვარიუმს ჰგავს, რომლიდანაც ჩქამიც არ ისმისო. ალბათ ამიტომაც დაარქვა სამხედრო დაზვერვის ყოფილმა თანამშრომელმა თავის შესანიშნავ წიგნს «აკვარიუმი».

«მსგეფსი», 13 თებერვალი, 1995 წელი.

მთელ გვერდზე