ეროვნულ-დემოკრატიული ოპოზიციის ერა საქართველოში

    5 ნოემბრის არჩევნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი საქართველოში ოპოზიციური ძალის ჩამოყალიბებაა. ამ ძალის ფუნქციას, უახლოესი წლების განმავლობაში, «ეროვნულ-დემოკრატიული პარტია» შეასრულებს.
    რა თქმა უნდა, «ქუჩაში» იყვნენ და იქნებიან სხვა პარტიებიც, რომლებიც გააფთრებით ჩაებღაუჭებიან «ოპოზიციონერთა» იმიჯსა და ფუნქციას, მაგრამ საეჭვოა ეს მათ შეძლონ, რადგან საქართველოში უკვე მოხდა თვისობრივი გამიჯვნა და ის პოლიტიკური ჯგუფები, რომელთაც ხუთპროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახეს, უნდა შეურიგდნენ ისტორიის ასპარეზიდან წასვლას.
    საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულება იმაში მდგომარეობს, რომ სამუდამოდ «ამოაგდოს» საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებიდან «ქუჩის» სინდრომი და პოლიტიკური ბრძოლის ერთადერთ კერად სწორედ ხალხის მიერ არჩეული საკანონმდებლო ორგანო აქციოს.
    «ეროვნულ-დემოკრატებს» ნამდვილად შესწევთ უნარი, ეს ფუნქცია შეასრულონ. მათი გამარჯვება განვლილ არჩევნებში ამ უნარისა და შეძლების კიდევ ერთი (თუმცა არა ერთადერთი) დადასტურება იყო. გიორგი ჭანტურიას მკვლელობამ პარტია ვერ დაანგრია; როგორც ჩანს, იგი იმდენად მტკიცე და მონოლითური ორგანიზაცია აღმოჩნდა, რომ ლიდერის დაკარგვის შემდეგაც მოიძია შინაგანი რესურსები ცხოველმოქმედების შესანარჩუნებლად.
    ედპ-ს მეორე მისია, საპარლამენტო ოპოზიციის ტრადიციის შექმნის გარდა, იმაში მდგომარეობს, რომ მთლიანობაში ხელისუფლებას, განსაკუთრებით კი პრეზიდენტს, პოლიტიკური მანევრისათვის აუცილებელი სივრცე შეუქმნას უპირველეს ყოვლისა, იმ ურთულეს თამაშში, რომელიც რუსეთთან და დასავლეთთან ერთდროული ურთიერთქმედების პროცესში წარიმართება.
    საპარლამენტო ოპოზიციამ ამ შემთხვევაში ერთგვარი «მეხამრიდის» ფუნქცია უნდა შეასრულოს - თავის თავზე მიიღოს ბევრი დარტყმა და თქვას ის სათქმელი, რომელსაც პრეზიდენტი, საჯარო სივრცეში თავად ვერ იტყვის.

    იმის მიუხედავად, რომ «ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას» ყველა პირობა გააჩნია წარმატებისა და განვითარებისათვის, არსებობს საშიშროება, რომ ეს ფუნქცია ვერ შეასრულოს, რადგან, როგორც ჩანს, პარტიაში მართლაც არსებობს გარკვეული უთანხმოება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დაიკავებს თავმჯდომარის პოსტს.
    როგორც ცნობილია, ამ პოსტზე ერთდროულად აცხადებენ პრეტენზიას ირინა სარიშვილი-ჭანტურია და მამუკა გიორგაძე. თუ მათი დაპირისპირება სერიოზული განხეთქილებისა და ორგანიზაციის დაშლის მიზეზი გახდა, ეს უდავოდ საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარცხი იქნება, ვინაიდან, როგორც ჩანს, საქართველოში არ არსებობს სხვა პოლიტიკური ძალა, რომელსაც ძალუძს საპარლამენტო ოპოზიციის ფუნქციის შესრულება - ნორმალური ოპოზიციის გარეშე კი, დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესი საქართველოში კიდევ დიდი ხნით შეფერხდება.

«მიმომხილველი», 21 ნოემბერი, 1995 წელი.
   

მთელ გვერდზე