ნავთობსადენი საქართველოზე გაივლის

    ორშაბათს საღამოს ბაქოში გამოაცხადეს ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმის ბოლო სხდომის შედეგები, რომელიც აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირების მარშრუტს ეხება. განიხილებოდა ორი საკითხი:
    თუ რომელი ნავთობსადენით გადაიქაჩება «პირველადი ნავთობი» შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ნავთობის ტერმინალებში, რათა შემდგომ მდინარე დუნაის ან ბოსფორის სრუტის მეშვეობით მოხდეს მისი ტრანსპორტირება დასავლეთში;
    და მეორე: სად აიგება ახალი ნავთობსადენი, რომლის მეშვეობით ე.წ. «დიდი ნავთობი» (ანუ კასპიის შელფში არსებული ნავთობის დანარჩენი, უდიდესი ნაწილი) გადაიქაჩება ხმელთაშუაზღვის ტერმინალებში, - შემდგომი გადამუშავებისათვის.
    პირველი საკითხი უკვე გარკვეულია: «მცირე ნავთობი» გაივლის ნავთობსადენით როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის ტერიტორიაზე. თუმცა, აქ არის მომენტი, რომელიც გარკვეული ვარაუდის შესაძლებლობას ბადებს. როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა მაქსიმალურად გამოიყენოს რუსეთის სამხრეთში არსებული სიძნელენი თავისი სტრატეგიული მოწინააღმდეგის დისკრედიტაციისა და მისი სტრატეგიული არეალის შევიწროებისათვის: ნავთობსადენი ბაქო-ნოვოროსიისკი გადის გროზნოზე, სადაც გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს. საეჭვოა, რუსეთმა უახლოეს მომავალში შეძლოს ამ პრობლემის გადაწყვეტა - ჩეჩენი პარტიზანები უეჭველად შეეცდებიან ააფეთქონ ნავთობსადენი ან ხელი შეუშალონ სპეციალური სატუმბი სადგურის მშენებლობას, რაც აუცილებელია საწვავის საქაჩად უკუმიმართულებით (ადრე ეს ნავთობსადენი გამოიყენებოდა საწვავის მისაწოდებლად რუსეთიდან - აზერბაიჯანში).
    დუდაევი აუცილებლად გამოიყენებს ამ კოზირს, რათა სიცოცხლე გაუმწაროს რუსეთს და მას სატრანზიტო ფუნქციის განმტკიცების საშუალება არ მისცეს. ბოლო დღეებში ჩეჩენ მეამბოხეთა გააქტიურება სწორედ ამის ნიშანია, - მათ ძალიან კარგად უწყოდნენ, თუ რა საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო ორშაბათს ბაქოში; ამიტომ გააკეთეს ყველაფერი, რათა მსოფლიოსათვის ეჩვენებინათ, რომ რუსეთი ვერ აკონტროლებს არა თუ ჩეჩნეთის ტერიტორიას მთლიანად, არამედ თვით გროზნოსაც კი.
    ფაქტობრივად, «ორმაგი მარშრუტი» რეალობაში არ განხორციელდება - პირველადი ნავთობი გაივლის მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო გროზნოში მიმდინარე ბრძოლები, დროთა განმავლობაში, სულ უფრო გააფთრებულ ხასიათს შეიძენს. საქართველოსათვის «პირველადი ნავთობი» ნიშნავს ენერგეტიკული კრიზისის გადაწყვეტას, დიდძალ სავალუტო შემოსავალს, მრეწველობის ამუშავებას და, რაც მთავარია, პირველი ნაბიჯის გადადგმას «დიდი ევრაზიული დერეფნის» გაკვალვის თვალსაზრისით.
    რაც შეეხება ე.წ. «დიდ ნავთობს» ანუ კასპიის შელფში მოსაპოვებელი ნედლეულის უდიდეს ნაწილს - მისი ტრანსპორტირების საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი. კონტრაქტი გათვლილია 30 წელზე. ანუ, 2025 წლამდე განზრახულია იმაზე უფრო მეტი ნავთობის მოპოვება, ვიდრე აზერბაიჯანის მიწა-წყლიდან საბჭოთა კავშირმა ამოქაჩა განვლილი ნახევარი საუკუნის განმავლობაში.
    ეს გრანდიოზული პროექტი ითვალისწინებს 500 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას დასავლეთში. 21-ე საუკუნეში აზერბაიჯანი იქცევა მსოფლიო ენერგეტიკის ერთ-ერთ ცენტრად; მაგრამ ტრანსპორტირების საკითხი აქ უფრო რთულად არის. ასეთი ოდენობის ნავთობის გადასაქაჩად არ არის საკმარისი არც ბაქო-თბილისი-ბათუმის არც ბაქო--ნოვოროსიისკის ნავთობსადენი. საჭიროა ახალი ნავთობსადენის მშენებლობა.
    რუსეთი კონსორციუმს სთავაზობს ააშენოს ახალი ნავთობსადენი ჩეჩნეთის გვერდის ავლით და შეუერთოს იგი შუა აზიიდან მომავალ მილსადენს. შემდგომ ამ ნავთობსადენმა უნდა გაიაროს ბულგარეთსა და საბერძნეთზე, ან გვერდი აუაროს თურქეთს. ეს პროექტი ანკარის დიდ წინააღმდეგობას აწყდება. თურქეთს საკმარისად დიდი გავლენა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რათა თავისი პროექტის ლობირება მოახდინოს. პროექტით კი, ნავთობსადენი უნდა გამოვიდეს აზერბაიჯანიდან - სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე და გავიდეს თურქეთში, ყარსის მიდამოებში.
    რუსეთისათვის ამ პროექტის განხორციელება ნამდვილი გეოპოლიტიკური კატასტროფა იქნებოდა, ამიტომ იგი ყველაფერს იღონებს რათა მის განხორციელებას ხელი შეუშალოს, უპირველეს ყოვლისა, კავკასიაში სომხური ფაქტორის გამოყენებით. მაგრამ დასავლეთი უკვე აღარ მოითმენს სომხური ფორმირებების პერმანენტულ აგრესიას აზერბაიჯანის ტერიტორიის სიღრმეში. არ არის გამორიცხული, თურქეთმა უშუალო სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს აზერბაიჯანს აგრესიის მოსაგერიებლად.
    რაც შეეხება საქართველოს, ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენ უდიდესი სიფრთხილე გვმართებს აფხაზეთში - რუსეთი შეეცდება ამ რეგიონში ახალი ომის პროვოცირებას და კონტრაქტის ჩაშლას. სულაც არ არის გამორიცხული, «აფხაზებად» შენიღბულმა რუსეთის რეგულარულმა ნაწილებმა დესანტი გადმოსხან აღმოსავლეთ საქართველოში და გაანადგურონ ნავთობსადენი. ამიტომ რუსეთის დაპირებებსა და მის «პროქართულ პოზიციას» ამ საკითხში უდიდეს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რათა კვლავ (უკვე მეორედ) ეშმაკს არ წამოვავლოთ ხელი.

«მსგეფსი», 12 ოქტომბერი, 1995 წელი.
 

    მთელ გვერდზე