ასლან აბაშიძე ბათუმიდან ფეხს არ იცვლის

    გასულ კვირას, რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა განსაკუთრებით აღნიშნეს ის გარემოება, რომ აჭარის ლიდერი, ასლან აბაშიძე არ ჩამობრძანდა თბილისში საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაში მონაწილეობის მისაღებად. თავად «აჭარის ლომმა» ეს იმით ახსნა, რომ მას თურმე თბილისში მოსალოდნელი პროვოკაციების ეშინია.
    ის გარემოება, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე ლამის ხუთი წელია თბილისში არ ყოფილა, უკვე პოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს. რასაკვირველია, ამგვარი მდგომარეობა არანორმალურია და აშკარად მიუთითებს მზარდ დაძაბულობაზე, რომლის მიჩქმალვასაც გაფაციცებით ცდილობენ როგორც თბილისში, ასევე ბათუმში.
    თუ ასლან აბაშიძეს მართლაც ასე ეშინია «რესპუბლიკელებისა», მას, ბოლოს და ბოლოს, შეეძლო ასკაციანი დაცვა ჩამოეყვანა თბილისში და ამით აიეცილებინა თავიდან «პროვოკაციული გამოხდომები». თუმცა გაუგებარია, რა «გამოხდომებზეა» საუბარი.
    როგორც ჩანს, ასლან აბაშიძე კვლავ ცდილობს «ბათუმიდან მართოს საქართველო» ისევე, როგორც ამას ადრე ახერხებდა - უფრო ზუსტად, ბათუმიდან მართოს საქართველოს მეორე პრეზიდენტიც და გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს მის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე.
    ამისთვის აჭარის ლომს მძლავრი ბერკეტი აქვს - ოცდახუთკაციანი ფრაქცია საქართველოს პარლამენტში, რომელიც ვითომდაც «საქართველოს აღორძინებისათვის» გულანთებულ მამულიშვილთა ნაკრებს წარმოადგენს, სინამდვილეში კი აჭარის რეგიონული ინტერესების ლობირებას ისახავს მიზნად.
    ასლან აბაშიძის სტრატეგიული მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ბერკეტის მეშვეობით აიძულოს პარლამენტი და განსაკუთრებით პრეზიდენტი, მიიღოს ისეთი ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში (კერძოდ თავი «ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის» შესახებ), რომელიც აჭარის მმართველი ელიტის ინტერესებს შეესაბამება.
    გარდა ამისა, ფრაქცია «აღორძინება» ასლან აბაშიძეს საშუალებას მისცემს ტაქტიკური ამოცანებიც გადაჭრას. მაგალითად, ზეგავლენა მოახდინოს საკუთრივ აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობაზე, გაიყვანოს თავისი წარმომადგენელი ამ ხელისუფლების მეორე და მესამე ეშელონებში (თუ მოხერხდება პირველშიც), ბათუმის სასარგებლოდ გადაწყვიტოს შავი ზღვის პორტებს შორის პრიორიტეტთა განაწილების პრობლემა, უშუალოდ ჩაერთოს ნავთობსადენთან დაკავშირებულ მოლაპარაკებათა პროცესში და ა.შ.
    ყოველივე ზემოთთქმულის გათვალისწინებით, შეიძლება დავასკვნათ, რომ აჭარის ლიდერი თბილისში კიდევ კარგა ხანს არ ჩამოვა.

«მიმომხილველი», 2 დეკემბერი, 1995 წელი.
   

მთელ გვერდზე