შევარდნაძის მომავალი კაბინეტი კვლავ ეკლექტური იქნება
   

    არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. უკვე შეიძლება იმის განცხადება, რომ ახლადარჩეულ პარლამენტში შევარდნაძის მომხრეებს ექნებათ უპირატესობა.
    მაგრამ ეს უპირატესობა ვერ იქნება იმდენად ყოვლისმომცველი და აბსოლუტური, რომ პრეზიდენტმა მხოლოდ საკუთარი ნება-სურვილით დააკომპლექტოს ახალი აღმასრულებელი ხელისუფლება.
    ამ შემთხვევაში რიცხობრივ უპირატესობას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვინაიდან მოქალაქეთა კავშირი არ იქნება ერთადერთი პარტია, რომელიც ხუთპროცენტიან ბარიერს გადალახავს. ედუარდ შევარდნაძე ალბათ შეეცდება «გარეთ დარჩენილი» და დამარცხებით გამძვინვარებული პოლიტიკური დაჯგუფებების ნეიტრალიზაციაა პარლამენტში წარმოშობილი ოპოზიციისათვის მინისტრთა პორტფელების დანაწილების გზით. არა მგონია რომელიმე «ოპოზიციურმა პარტიამ» ამ პორტფელზე უარი თქვას.
    თუ, მაგალითად, «ეროვნულ-დემოკრატები» ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის შემდეგ სერიოზულ ფრაქციას შექმნიან საკანონმდებლო ორგანოში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფრაქცია შეიძლება პარლამენტართა საერთო რიცხვის 10-15%-ს არ აღემატებოდეს, - მათ რომელიმე პოსტი უეჭველად გარანტირებული აქვთ.
    ოღონდ, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დეპუტატი, რომელიც მინისტრის თანამდებობას იკავებს, ავტომატურად კარგავს დეპუტატობას - ოპოზიციონერები ამ გზით, ფაქტობრივად, ედუარდ შევარდნაძის თანამებრძოლებად და მისი პოლიტიკის გამტარებლად იქცევიან.
    მიღებული კონსტიტუცია, ამ მხრივ, უაღრესად ხელსაყრელი იყო ედუარდ შევარდნაძისათვის. საქმე ის გახლავთ, რომ «ამერიკული მოდელის» თანახმად, პრეზიდენტს არ ძალუძს დაითხოვოს პარლამენტი ან რაიმე ზემოქმედება მოახდინოს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაზე (გარდა «ვეტოს უფლებისა»); სამაგიეროდ, აღმასრულებელ სტრუქტურებში იგი სრული ბატონ-პატრონია. ეს სისტემა სავსებით ნორმალურად მუშაობს ცივილიზებულ, ტრადიციულად დემოკრატიულ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენს პირობებში მან შეიძლება ოდნავ კომიკური სახეც შეიძინოს - ამერიკაში, სენატის არჩევნებში, არავინ მონაწილეობს იმ მიზნით, რომ მერე მინისტრის პორტფელი «გააიმასქნას» - ჯერ არ ყოფილა შემთხვევა სენატორი რომელიმე თანამდებობაზე გადაბარგებულიყოს არჩევნების მერე. მიზეზი გასაგებია: სენატორი ამერიკაში მინისტრზე ასი თავით მაღლა დგას. საქართველოში კი მინისტრობა ძარცვა-გლეჯისა და მექრთამეობის საუკეთესო ასპარეზია. ამიტომ ახლადგამომცხვარი დეპუტატები და პარტიები პარლამენტში მოხვედრის შემდეგ ყველაფერს აკეთებენ თავიანთ წარმომადგენელთა კაბინეტში «შესაძვრენად».
    შევარდნაძე ამ ვითარებით შესანიშნავად ისარგებლებს - მეორეხარისხოვანი მინისტრის პორტფელს იგი ოპოზიციისათვის ნამდვილად არ დაიშურებს. მაგრამ ეს ოპოზიციონერი იძულებული იქნება თამაშის ის წესები მიიღოს, რომელსაც მას პრეზიდენტი შესთავაზებს. ასევე, მისი «წარმდგენის» პარტიაც ვალდებული იქნება, «პირში უყუროს» პრეზიდენტს და პარლამენტშიც მეტისმეტად არ იხმაუროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ წარმომადგენელს პრეზიდენტი უმალვე გააპანღურებს მთავრობიდან - «ამერიკული მოდელის» თანახმად იგი არ არის ვალდებული პარლამენტს დაეკითხოს ამის თაობაზე.
    ამავე დროს, ეს გარემოება აძლევს საშუალებას შევარდნაძეს, ოსტატურად ითამაშოს იმ წინააღმდეგობაზე, რომელიც გარდაუვალად წარმოიშობა საპარლამენტო ოპოზიციასა და ე.წ. «ქუჩის ოპოზიციას» შორის. ეს უკანასკნელი უეჭველად დაიბოღმება, შურით გასივდება და პირველ შხამიან არგუმენტად თავისი ყოფილი მოკავშირეების მისამართით იმას მოიშველიებს, რომ ეს უკანასკნელნი «უპრინციპობას იჩენენ», რომ ჭეშმარიტ ოპოზიციას არ შეიძლება ჰყავდეს წარმომადგენელი აღმასრულებელ ხელისუფლებაში (მით უმეტეს ამერიკული მოდელის პირობებში) და მართალიც იქნება.
    მათი ოპონენტები კი, პარლამენტში, ამ არგუმენტების მოგერიებას საპასუხო ლანძღვა-გინების კორიანტელით შეეცდებიან. ამასობაში, რეალურად მმართველი პარტია (ანუ შევარდნაძე და მისი გუნდი) სიმშვიდეს შეინარჩუნებს - იგი სულაც არ ჩაერევა ამ ორომტრიალში და მშვიდად მიადევნებს თვალს, თუ როგორ დაამტვრევენ ერთმანეთს ცხვირ-პირს მისი ყოფილი მოწინააღმდეგეები.
    ოპოზიციას რომ ჭკუა ჰქონოდა, მას ასეთი გააფთრებით კი არ უნდა ებრძოლა კონსტიტუციური მოწყობის «ფრანგული მოდელის» წინააღმდეგ, არამედ პირიქით, ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რათა მაქსიმალურად დაეცილებინა პრეზიდენტი კაბინეტისაგან. სამაგიეროდ, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე პარლამენტის გავლენა გაეზარდა - შევარდნაძე ამ ვარიანტს თავდაპირველად მხარს უჭერდა, რადგან იგი მის ინტერესებსაც პასუხობდა. მაგრამ ოპოზიციამ მაინც «ამერიკული მოდელი» არჩია, რაკი ფორმალურად, ეს მოდელი პარლამენტს მეტ დამოუკიდებლობას ანიჭებს პრეზიდენტისაგან.
    ამ უტვინო და არაშორსმჭვრეტელური ნაბიჯის შედეგს კი, უახლოეს მომავალში თვალნათლივ ვიხილავთ.

«მიმომხილველი», 3 ნოემბერი, 1995 წელი.
    მთელ გვერდზე