1995 წლის არჩევნები

1995 წლის არჩევნები

მეორე სამოქალაქო ომი?
   

   

    როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ქართული «პოლიტოკრატიის» უდიდესი ნაწილის დამარცხებას მისი მხრიდან ისტერიული რეაქცია მოჰყვა - უკვე მოეწყო პირველი შეკრებები, რომელზეც დამარცხებული პოლიტიკანები იმუქრებოდნენ «ხელისუფლების ჩამოგდებით», «რუსთაველზე ლეჟანკების გაშლით» და ასე შემდეგ. წამოვიდა დემაგოგიის ნიაღვარიც. თურმე ნუ იტყვით, ახალი პარლამენტი მოსახლეობის 38%-ს აურჩევია მხოლოდ, მაშინ როდესაც დანარჩენმა 62%-მა პარლამენტს გარეთ დარჩენილ ძალებს მიაკუთვნა უპირატესობა. ეს არის წმინდა წყლის დემაგოგია! ჯერ ერთი, პარლამენტს გარეთ დარჩენილ პარტიათა დიდი ნაწილი ედუარდ შევარდნაძეს უჭერდა მხარს და მეორეც: ხუთპროცენტიანი ბარიერი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებობს სწორედ იმისათვის, რათა დემოკრატიულ სახელმწიფოში ნორმალური, ორ-სამ პარტიული სისტემა ჩამოყალიბდეს.
    თანამედროვე პოლიტიკური აზროვნება სავსებით შეიძლება მოთავსდეს ორი (მემარცხენე და მემარჯვენე) პარტიის ან ბლოკის ჩარჩოებში, რათა ამომრჩევლებს ნათელი არჩევანის საშუალება მიეცეს. ხუთპროცენტიანი ბარიერი სწორედ ამგვარი, ნორმალური მდგომარეობის ჩამოყალიბებისათვის საჭირო მექანიზმია. აბა რა სახელმწიფოს (მით უმეტეს რა ხალხის) ბრალია, თუ ჩვენში ყველა პოლიტიკურ პარტიას თავი ერთადერთად და განუმეორებლად მიაჩნია და სხვა პარტიებთან შერწყმა არაფრის დიდებით არ სურს?
    საკმარისი იყო არჩევნებში დამარცხებულიყვნენ და უმალ ატეხეს გნიასი «არადემოკრატიული საარჩევნო კანონის» თაობაზე. არადა, «ხუთპროცენტიანი ბარიერის» არსებობის გამო ჯერ არავის მოსვლია აზრად, მაგალითად, გერმანია «არადემოკრატიულობაში» დაედანაშაულებინა. საქართველოსათვის, როგორც მშენებარე სახელმწიფოსთვის, დემოკრატიული ორპარტიულობა დიდი ბედნიერება იქნება, რადგან იგი შექმნის ერთდროულად სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარების წინაპირობებს.
    თუმცა, ეს ყოველივე ქართული «პოლიტოკრატიისათვის» «უცხო ხილია». ჩვენში ჩამოყალიბდა ადამიანთა წრე, რომელსაც კლანურობის ყველა ნიშან-თვისება გააჩნია და რომლის წევრებსაც რატომღაც მიაჩნიათ, თითქოს ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ პარლამენტში, - მიუხედავად იმისა, სურს ეს ქართველ ხალხს თუ არა.
    კი მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ქართველ ხალხს არა აქვს უფლება ერთნი აირჩიოს და მეორენი - არა? ქართველ ხალხს არა აქვს უფლება ვიღაცას მიანიჭოს უპირატესობა - სხვასთან შედარებით?
    ყველას კარგად გვახსოვს, რა მოხდა 1990 წლის 28 ნოემბრის არჩევნების შემდეგ. ის პოლიტიკური პარტიები და ბლოკები, რომლებიც პარლამენტს გარეთ დარჩნენ, საშინლად დაიბოღმნენ საკუთარ ერზე - ჯერ იყო და სულ «ბნელი» და «უზნეო» უწოდეს (აქაოდა, ჩვენ როგორ არ აგვირჩიეთო), შემდეგ უარესიც იკადრეს: შექმნეს ე.წ. «კონგრესი», დაუკავშირდნენ კრიმინალურ სამყაროს, ხოლო 1991 წლის შემოდგომაზე საბოლოოდ აიღეს ნამუსზე ხელი და რუსეთის ჯარის, აგრეთვე რუსეთის სპეცსამსახურების მეშვეობით, დეკემბერ-იანვარში განახორციელეს სამხედრო გადატრიალება, რაც საქართველოში სამოქალაქო ომის წინაპირობა გახდა.
    როგორც ჩანს, ამ ხალხს ახლაც სურს იგივე გაიმეოროს. ახლაც ლაპარაკობენ რაღაც «პარალელური ორგანოს» შექმნის აუცილებლობაზე. სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ საქართველოში რაიმე «პარალელური» პოლიტიკური ორგანოს შექმნა იქნება ნაბიჯი ახალი სამოქალაქო ომისაკენ.
    მავანი შეიძლება შემოგვედავოს - აბა რა არის იმაში ცუდი, თუკი პოლიტიკური პარტიები სათათბიროს შექმნიან და ხანდახან ქვეყანაში შექმნილი ვითარების თაობაზე იმსჯელებენო, მაგრამ საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ არც 1990 წელს, არც ამჟამად, ამგვარი «სათათბირო ორგანო» მხოლოდ პოლიტიკური მსჯელობისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლისათვის არ იქმნება. სინამდვილეში, მაშინაც და დღესაც «კონგრესისა» თუ «ეროვნული სათათბიროს» შექმნის ინიციატორებს ამ გზით ძალაუფლების გარკვეული ნაწილის მითვისება სურდათ და სურთ.
    მაგალითად, ამ «პარალელური ორგანოს» შექმნის შემდეგ, მასში მონაწილე პარტიებმა შეიძლება მოითხოვონ (სწორედ მოითხოვონ და არა ითხოვონ) მათ მიერ მიღებული «რეზოლუციების», «დადგენილებების», «განცხადებების», «დეკლარაციების» რეგულარული გამოქვეყნება სახელმწიფო ტელევიზიით. რაც, სხვათა შორის, სრულიად უკანონო მოთხოვნა იყო მაშინაც (1990-91 წწ) და უკანონო იქნება დღესაც.
    წარმოვიდგინოთ, დიდ ბრიტანეთში არსებულმა «ჯუჯა პარტიებმა» «სათათბირო» შექმნან და ტელეკომპანია «ბი-ბი-სი» დაავალდებულონ: ჩვენი «დოკუმენტები» ეთერში გადაეციო. ამ ჯუჯა პარტიების წარმომადგენლებს უმალვე გამოაპანღურებენ გარეთ და წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ციხეშიც შეიძლება თავი ამოაყოფინონ.
    მაგრამ ჩვენი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო (დიდი ბრიტანეთისაგან განსხვავებით) რუსეთის გავლენის სფეროში იმყოფება. ეს ჩვენი «დაუძინებელი მეგობარი» კი, რასაკვირველია, ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანაში პოლიტიკური თვალსაზრისით გავლენიანი «ალტერნატიული ორგანო» შექმნას.
    კვლავ შეგახსენებთ, თუ როგორ მიმართავდნენ ქართველი დემოკრატები დახმარებისათვის «დემოკრატიულ ძალებს» და რუსეთიც (განსაკუთრებით მისი ტელევიზია) რა მზრუნველობას იჩენდა «მებრძოლი ქართული დემოკრატიის» მიმართ.
    ამჟამადაც უეჭველად იგივე განმეორდება. აი ნახავთ, რა გულისყურითა და მზრუნველობით გამოაცხადებს რუსეთის ტელევიზია ამ «ალტერნატიული ორგანოს» თითოეული შეკრების შესახებ.
    მათი მიზანი ადვილად ასახსნელი და სავსებით ბუნებრივია: რაც უფრო ხშირად დაფიქსირდება (თუნდაც მხოლოდ ცნობიერ დონეზე) საქართველოში რაღაც «ალტერნატიული წარმომადგენლობითი საკრებულოს» არსებობა (რომელსაც პოლიტიკური ორგანოს პრეტენზია ექნება), მით უფრო მეტად დასუსტდება ქართული სახელმწიფო.
    «სახელმწიფო როგორც ასეთი» (განურჩევლად ქართული, ფრანგული, ოსური თუ ებრაული) ვერ იტანს კატეგორიულ პოლიტიკურ დაპირისპირებას. ვგულისხმობ არა პოლიტიკურ დაპირისპირებას თავისთავად, არამედ სწორედ თვისობრივ, კატეგორიულ დაპირისპირებას - ალტერნატიული პოლიტიკური ორგანოს არსებობას ნოლზე დაჰყავს იურიდიულად ძალმოსილი პარლამენტის ავტორიტეტი.
    ალტერნატიული ორგანოს ფუნქციონირება ასუსტებს სახელმწიფო სტრუქტურებს, ქმნის საზოგადოებაში ანტისახელმწიფოებივი ტენდენციების წარმოშობის საშიშროებას. სწორედ ასე მოხდა ე.წ. «ეროვნული კონგრესის» არსებობის პირობებში, როდესაც კრიმინალურმა სამყარომ უმალვე იყნოსა, რომ ალტერნატიული პოლიტიკური ორგანოს შექმნა მას საშუალებას აძლევდა არსებული წინააღმდეგობა საკუთარი ლეგიტიმაციისათვის გამოეყენებინა.
    იგივე განმეორდება დღესაც. ყველა ნაძირალა და კრიმინალი ამ «ალტერნატივის» გარშემო აიტუზება; ყველა ასოციალური, დეკლასირებული, თავისი ბუნებით ანტისაზოგადოებრივი ელემენტი მას დაუკავშირებს თავის იმედებს.
    ეს ასე იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ შემდგომ «პოლიტოკრატია» ამ პროცესებს წინ აღუდგება და არ ისურვებს ანტისახელმწიფოებრივ, ანტისაზოგადოებრივ ძალთა აკუმულირებას. თუმცა რეალურად, საეჭვო ისინი სწორედ ასე მოიქცნენ. ქართული პოლიტიკური ელიტა ზნეობითა და კეთილდღეობით არასდროს გამოირჩეოდა.

    არჩევნებში დამარცხებული პარტიები ამ მწარე ფიასკოს ასე ადვილად არ შეეგუებიან და უახლოეს მომავალში უეჭველად შეეცდებიან რეალობის შეცვლას თავის სასარგებლოდ. მათ ძალიან არ უნდათ პოლიტიკური სიკვდილი, რადგან ბევრმა მათგანმა ცხოვრებაში არც არაფერი იცის პოლიტიკის (უფრო ზუსტად, პოლიტიკანობის) გარდა. ბევრს საკუთარი პროფესიის გახსენება ჯოჯოხეთურ ტანჯვას ანიჭებს, რაკი მიკროფონთან დგომა და საქვეყნო პრობლემებზე საჯაროდ მსჯელობა გაცილებით უფრო ტკბილია; რომ აღარაფერი ვთქვათ ფულად-მატერიალურ მხარეზე.
    კი ბატონო, გვესმის მათი «ტანჯვა», მაგრამ ქვეყანამ რა დააშავა? იმის გამო, რომ ზოგიერთი პოლიტიკანი უსაქმურობისაგან დაიტანჯება და შეიძლება გულიც გაუსკდეს ბოღმით, ქვეყანამ ნორმალურ, დემოკრატიულ სისტემაზე უნდა თქვას უარი?
    აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ პოლიტიკას ჩამოშორებული პოლიტიკანი, რომელსაც პოლიტიკური სიკვდილი არ სურს, გაცოფებულ ვირთხაზე უფრო საშიშია! იგი ყველაფერზე წავა, ყველანაირ სისაძაგლეს იკადრებს, ოღონდ «ზედაპირზე» დარჩეს და არ ჩაიძიროს.
    საბედნიეროდ, არც შევარდნაძეა ისეთი გულუბრყვილო, ასე ადვილად წაართვან ხელისუფლება. ის გაიძვერული ხერხები და მეთოდები, რომლებიც ჩვენს უზნეო პოლიტოკრატიას ზვიად გამსახურდიასთან «გაუვიდა» - ედუარდ შევარდნაძესთან ნამდვილად არ გაუვა.
    მიუხედავად ამისა, მაინც არის საშიშროება, რომ «პარალელური ორგანოს» შექმნის მოსურნეებმა თავისი გაიტანონ და ამგვარი ორგანო ჩამოაყალიბონ. სახელმწიფოს ამ შემთხვევაში სიფრთხილე, წინდახედულობა და, ამავე დროს, სიმტკიცე მართებს. უმალვე უნდა ამოქმედდეს მსოფლიო დემოკრატიის მამათა მიერ გენიალური წინასწარჭვრეტით გამომუშავებული თეზისი (რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშიც არის ჩადებული): ერის არც ერთ ნაწილს არ აქვს უფლება, მიითვისოს ერის ხელმწიფება.
    ეს ფორმულა ზუსტად იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკის შემოქმედი ერთადერთი ორგანო ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი უნდა იყოს. ხოლო ის დაჯგუფებები, ვინც ხალხმა არ აირჩია - ვალდებული არიან ბედს შეურიგდნენ და ერის უზენაესი გადაწყვეტილების წინაშე ქედი მოიხარონ.

"მიმომხილველი", 15 ნოემბერი, 1995 წელი.