ზნეობრივი დეგრადაცია და უკომპრომისობის პარადოქსი

    9 აპრილი უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იყო საქართველოს ისტორიაში. მთავრობის სასახლესთან დატრიალებულმა მოვლენებმა, როდესაც ხელკეტებითა და სასანგრე ბარებით შეიარაღებულმა საბჭოთა კავშირის შინაგანმა ჯარმა (აზერბაიჯანიდან სპეციალურად გადმოსროლილ სადესანტო-საპარაშუტო პოლკთან ერთად) უმოწყალოდ გაჟლიტა მშვიდობიანი მომიტინგეები - გადამწყვეტი როლი შეასრულეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში.
    ეს იყო ისეთი ტეხილი, რომელიც საზოგადოებრივი განვითარების პროცესის გარკვეულ ნიშანსვეტად იქცა. საქართველოს უახლესი ისტორია შეიძლება გაიყოს პერიოდებად «9 აპრილამდე» და «9 აპრილის შემდეგ». ამ ტეხილმა ძირფესვიანად შეარყია საზოგადოებრივი ცნობიერება და მრავალი ახალი ცნობიერი პროცესის განვითარებას შეუწყო ხელი.
    თუ პრობლემას წმინდა ემოციური თვალსაზრისით შევხედავთ, მაშინ, რასაკვირველია, სურათი სავსებით ნათელია და უეჭველი: საბჭოთა იმპერიამ სცადა სისხლში ჩაეხშო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და ამით «მთელი მსოფლიოს წინაშე ჩამოიგლიჯა ნიღაბი». მაგრამ ეს მხოლოდ მარტივი, ძალზე ვულგარული სქემაა და სხვა არაფერი. სინამდვილეში, თუ პრობლემას ჩავუღრმავდებით, დავრწმუნდებით რომ საქმე გაცილებით უფრო რთულად არის.
    მოვლენა უნდა განვიხილოთ იმ საზოგადოებრივი პროცესის კონტექსტში, რომელიც მის მიერ იქნა გამოწვეული და სტიმულირებული. ანუ, 9 აპრილის მოვლენები უნდა შევისწავლოთ შემდგომ განვითარებულ პროცესებთან ერთიან კომპლექსში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ გავცდებით ემოციურ მხარეს და ვერ გავაკეთებთ სწორ დასკვნას.
    ბოლო დროს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე განვითარებული პროცესები კვლავ და კვლავ ადასტურებენ იმ თითქმის უკვე აქსიომატურად ქცეულ ჭეშმარიტებას, რომ 80-იანი წლების დამლევიდან მიხეილ გორბაჩოვის მიერ დაწყებული. ე.წ. «პერესტროიკა» იყო არა მხოლოდ დასავლეთის ზეწოლისა და კომუნისტური იმპერიის სოციალურ-ეკონომიკური ბაზისის რეგრესულობით გამოწვეული ობიექტური რღვევის პროცესი, არამედ (პარალელურად) სახელმწიფოებრივი სისტემის თვისობრივად ახალ, პროგრესულ საფუძველზე დაფუძნებისაკენ მიმართული ღრმად გააზრებული გეგმის განხორციელებაც.
    ყველა შემთხვევაში, მთავარი იყო თვით სახელმწიფოს ერთიანობის შენარჩუნება, ანუ ყოფილი საბჭოთა კავშირის, როგორც კომუნისტური იმპერიის გარდაქმნა ერთიან, ფედერაციულ სახელმწიფოდ.
    ყოველგვარი მცდელობა ამ პროცესის ძირითადი მიმართულების შეცვლისა ანუ მცდელობა იმისა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე შექმნილიყო არა ერთიანი სახელმწიფო, არამედ წარმოშობილიყო ან აღდგენილიყო რამოდენიმე სხვადასხვა სახელმწიფოებრივი გაერთიანება, რამდენიმე დამოუკიდებელი სახელმწიფო - კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა პროცესის საერთო მიმართულებას, მის შინაგან ვექტორს. ამიტომ წინასწარ განსაზღვრული კალაპოტიდან «ამოხტომის» ყოველგვარი მცდელობა ჩანასახშივე უნდა ჩაკლულიყო ან (თუ ეს შეუძლებელი ხდებოდა) უნდა შეცვლილიყო მისი არსი.
    9 აპრილს იმპერიის მართლაც გაუგონარი სისასტიკე (უმწეო ქალებისა და მოხუცების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა) არავითარ შემთხვევაში არ იყო იმპერიულ სისტემაში რაიმე მექანიზმის «უვარგისობის» გამოვლინება; მით უმეტეს, «წინასწარ განუზრახველი ქმედება» (როგორც ეს მოვლენა შეაფასა ე.წ. «სობჩაკის კომისიამ»). სინამდვილეში, ეს იყო უაღრესად კარგად მოფიქრებული და პროგნოზირებული აქცია, რომელიც იმპერიის სპეცსამსახურებმა ჩაიფიქრეს და განახორციელეს ქართულ საზოგადოებაში იმ ცნობიერი პროცესების გამოსაწვევად, რომლებიც შემდგომ განვითარდნენ.
    მომხდარისათვის პასუხისმგებლობა არ შეიძლება იყოს პერსონიფიცირებული.
    არც გენერალმა როდიონოვმა, არც (მით უმეტეს) ჯუმბერ პატიაშვილმა და, შესაძლოა, არც იმ შინაგანი ჯარების ხელმძღვანელობამ არ იცოდნენ, რა როლი ეკისრებოდა ამ აქციას. სახელმწიფოს ძალისმიერმა სტრუქტურებმა უბრალოდ მიიღეს ბრძანება, რომელიც დაუყოვნებლივ აღასრულეს. მაგრამ აქ საქმეც სწორედ ის არის, რომ ამგვარ ბრძანებას იმპერიის ხელმძღვანელობა არავითარ შემთხვევაში არ გასცემდა იმ შედეგების ღრმა ანალიზისა და გათვალისწინების გარეშე, რომელიც შესაძლოა მას მოჰყოლოდა.
    საბჭოთა კავშირის საიდუმლო სამსახურს საკმაოდ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ჰყავდა. უფრო მეტიც - მოქმედებდა მთელი მეცნიერული სისტემა, ინსტიტუტები, რომლებიც საზოგადოებრივი პროცესების შემდგომი განვითარების ზუსტ პროგნოზირებას ახდენდნენ - ამ პროცესთა გამოწვლილვითი შესწავლის შედეგად გაკეთებული დასკვნების საფუძველზე. ამიტომ, 9 აპრილს განხორციელებული აქცია იმპერიის მხრიდან იყო სწორედ ის «მინიმალურად აუცილებელი ზემოქმედება», რომელიც საქართველოში გარკვეული საზოგადოებრივი ატმოსფეროს(!) დასამკვიდრებლად იყო საჭირო.
    იმპერიას სჭირდებოდა შეექმნა საქართველოში ისეთი ფსიქოლოგიური ფონი, რომელზე დაყრდნობით მას გაცილებით გაუადვილდებოდა ეთნოფსიქოლოგიური პროცესების მართვა - უპირველეს ყოვლისა თავისი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით.
    გავიხსენოთ; «გარდაქმნის» დასაწყისში კრემლის მიერ შემზადდა და განხორციელდა რამდენიმე ფართომასშტაბიანი ფსიქოლოგიური დივერსია (ასტაფიევის პასკვილის გამოქვეყნება; პროგრამა «ვზგლიადის» ცნობილი სიუჟეტი; «Литературная Газета"-ში გამოქვეყნებული შენიშვნა «მეგრული პრობლემის» შესახებ და ა.შ.). მაგრამ ამ დივერსიათა ქმედუნარიანობის ასამაღლებლად საჭირო იყო ფსიქოლოგიური ფონის კიდევ უფრო დაძაბვა, რათა შემდგომი «ზემოქმედება» ამ ფონზე მართლაც მინიმალური და თითქმის შეუმჩნეველი გამხდარიყო.
    მოვიყვან ასეთ მაგალითს: იმპერიის უმთავრესი სტრატეგიული ამოცანა, საქართველოსთან მიმართებაში, უდავოდ იყო ე.წ. «ეთნოკონფლიქტების» გაღვივება. ანუ იმ პოლიტიკური სისტემების ამოქმედება, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში იქმნებოდნენ და ერთგვარი «დაყოვნებული მოქმედების ნაღმების» როლს ასრულებდნენ.
    მაგრამ ამ ნაღმების «ასაფეთქებლად» გარკვეული სტიმული იყო საჭირო, ხოლო თვით სტიმულის ქმედუნარიანობისათვის კი - დაძაბული საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური ფონი. ამ ფონზე პროვოკაციული ინფორმაცია, მაგალითად, ცხინვალში ქართული დროშის დაწვის შესახებ - გაცილებით უფრო დამანგრეველ შედეგს იწვევდა, ვიდრე გამოიწვევდა მის გარეშე.
    ალბათ ადამიანურ ფსიქოლოგიას, ადამიანურ განწყობასთან ერთად არსებობს საზოგადოებრივი ფსიქოლოგიაც, საზოგადოებრივი განწყობაც. ამერიკელმა ფსიქოლოგებმა, რომლებიც მაშინ თბილისში იმყოფებოდნენ, დაადგინეს რომ 9 აპრილის შემდეგ საქართველოში ჩამოყალიბდა განსაკუთრებული სინდრომი, რომელსაც მათ «კატასტროფაზე საზოგადოების რეაქციის» სინდრომი უწოდეს. მისი მახასიათებელია მასობრივად ერთგვაროვანი ფსიქოლოგიური რეაქცია სხვადასხვა ფსიქიკური წყობის ადამიანთა მხრიდან. ეს სინდრომი უეჭველად იმის მაჩვენებელი იყო, რომ 9 აპრილის მძლავრმა «აფეთქებამ» უკვე შექმნა სწორედ ის დაძაბული «ველი», რომელმაც «შეკრა» საზოგადოებრივი ფსიქოლოგია და ერის ცნობიერება განსაკუთრებით ადვილად მართვადი გახადა - რაკი იმიერიდან მეტისმეტად მწვავე იყო რეაქცია ნებისმიერ გარეგან გამაღიზიანებელზე.
    ახლა კი, თითოეულმა ქართველმა, რომელიც იმ მოვლენების მონაწილე იყო, გაიხსენოს საკუთარი განცდა, რათა აღვადგინოთ, თუ როგორ ვითარდებოდა ფსიქოლოგიური პროცესი და რა პოლიტიკური შედეგი გამოიღო მან.
    მხედველობაში მყავს არა მარტო ის პიროვნება, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა შეტაკებაში (ანუ 9 აპრილს, დილით, მთავრობის სასახლესთან იმყოფებოდა), არამედ (უფრო მეტად) ის, ვინც შემდგომ აღიქვამდა მოვლენას და განიცდიდა მომხდარ საშინელ ტრაგედიას.
    პირველი შეგრძნება, რაც უკლებლივ ყველა ქართველს დაეუფლა, იყო უილაჯობის განცდა. ჩვენს თვალში დახოცეს ჩვენი დები, დედები - ჩვენ კი არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო! არ შეგვეძლო შური გვეძია მათ მკვლელებზე, არ შეგვეძლო დაგვეთრგუნა ბოროტება - მისი დასჯის გზით გაგვემარჯვა მასზე.
    ამან უაღრესად დამანგრეველი შედეგი გამოიღო, რადგან სავსებით თვალნათელი იყო მთელი საზოგადოებისათვის, რომ ბოროტებამ გაიმარჯვა, - იგი დაუსჯელი დარჩა და, რაც მთავარია, ამან არ გამოიწვია საყოველთაო საერთაშორისო აღშფოთება ან რაიმე თვალსაჩინო პოლიტიკური შედეგი.
    სხვაგვარად რომ ვთქვათ, 9 აპრილის შემდგომ ბოროტება უმალვე რომ დასჯილიყო - მაგალითად, იმპერია რომ დანგრეულიყო ან საქართველოს გათავისუფლების პროცესი დაჩქარებულიყო - ეს მოვლენა ვერ გამოიღებდა ესოდენ დამანგრეველ შედეგს, მაგრამ საქმეც ის არის, რომ მიუხედავად აშკარა ბოროტებისა, არავითარი თვალსაჩინო ცვლილება არ მომხდარა - საქართველო დარჩა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, რუსეთის ჯარი დარჩა საქართველოში, ხოლო იგორ როდიონოვი (რომელსაც საზოგადოება მთავარ მკვლელად აღიქვამდა), არათუ დასაჯეს, არამედ დააწინაურეს კიდეც და იმპერიის ყველაზე პრესტიჟული სამხედრო აკადემიის რექტორად დანიშნეს.
    აი, სწორედ ამით იწყება ის ფსიქოლოგიური ჯაჭვი, რომელმაც შემდგომ მიგვიყვანა საზოგადოებაში საყოველთაო უზნეობისა და გაუტანლობის დამკვიდრებამდე.
    ჯერ უილაჯობის განცდამ წარმოშვა საყოველთაო იმედგაცრუება. გავიხსენოთ ის საზოგადოებრივი განწყობა, რომელიც სუფევდა საქართველოში 1988-1990 წლებში: რამოდენიმე განსაკუთრებით აქტიური «ლიდერის» გარდა, მთლიანად საზოგადოებაში აპათია გამეფდა, რაც (ვიმეორებ) საკუთარი უმწეობის შეგნების შედეგი იყო.
    უიმედობამ, იმედგაცრუებამ, აპათიამ კი ბუნებრივად, შემდგომ ეტაპზე, შვა ნიჰილიზმი, ნიჰილისტური განწყობა საზოგადოების მნიშვნელოვან ფენებში.
    ამ გრძნობის დამკვიდრებით საზოგადოებრივ ცნობიერებაში იწყება 9 აპრილით წარმოშობილი სულიერი განცდის ზნეობრივი დეგრადაციისა და გადაგვარების პროცესი. თუმცა, «ზნეობრივ შკალაზე» ეს თითქმის შეუმჩნევლად «მცოცავი» ღერძი იყო.
    ნიჰილიზმიდან კი, შემდგომ, ბუნებრივად წარმოიშვა ცინიზმი, - ცინიკური დამოკიდებულება, უპირველეს ყოვლისა, ზნეობრივი კატეგორიებისადმი (რაკი უპირველესი ზნეობრივი მოთხოვნა - ბოროტების დასჯისა - აღუსრულებელი დარჩა).
    გავიხსენოთ ფორმულა: «პოლიტიკა თავისთავად უზნეობაა, პოლიტიკა და ზნეობა შეუთავსებელი ცნებებია, პოლიტიკაში ზნეობაზე ლაპარაკი სასაცილოა» და ა.შ.
    ეს უაღრესად ნიშანდობლივი ფორმულა იყო, რომელიც საზოგადოებრივ ცნობიერებაში მომხდარ მნიშვნელოვან გარდატეხაზე მეტყველებდა.
    ხოლო ცინიზმიდან, ზნეობრივი კატეგორიებისადმი ცინიკური დამოკიდებულებიდან – უზნეობამდე, ანუ გააზრებულ ბოროტებამდე კი მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა იყო! სწორედ ამ უზნეობის დამკვიდრებით მივიღეთ საყოველთაო გაუტანლობა, ეთიკურ სისტემათა სრული დანგრევა, შემდგომ - ძმათამკვლელი სამოქალაქო ომი და სისხლის მდინარეები.
    აი, ასეთი გზით გადაგვარდა ის პატრიოტული, ამაღლებული განწყობა, რაც თითოეულ ქართველს დაეუფლა 9 აპრილის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში, - საშინელ უზნეობასა და ბოროტებაში, რომელიც შემდგომ გამეფდა და ამჟამადაც მეფობს საქართველოში.
    სრულიად არ მინდა, რაიმე შეურაცხყოფა მივაყენო გმირებს, რომლებმაც სამშობლოსათვის დადეს თავი 9 აპრილის საშინელ ღამეს.
    მაგრამ იმ ადამიანებს კი, რომლებიც მთავრობის სასახლესთან გამართული მიტინგის ორგანიზატორები იყვნენ და ხალხს უკომპრომისობისაკენ მოუწოდებდნენ, უეჭველად უნდა გაეთვალისწინებინათ, - მეტისმეტი უკომპრომისობა უკვე თავისთავად კომპრომისია, რაკი ობიექტურად მტრის წისქვილზე ასხამს წყალს.

«მსგეფსი» 13-20 აპრილი, 1994 წელი.
   

მთელ გვერდზე