მახე

    რუსეთ-საქართველოს შორის დადებულ ხელშეკრულებას, გარდა კონკრეტული პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური განზომილებისა, სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს. ეს ბევრმა დამკვირვებელმა შენიშნა. განსაკუთრებით დასავლეთში.
    კერძოდ, სტრატეგიული თვალსაზრისით, საუბარია რუსეთსა და საქართველოს შორის მოკავშირეობაზე. მოკავშირეობა კი ყოველთვის გულისხმობს რაიმე საერთო პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ერთობლივი ძალისხმევით არის საჭირო.
    რუსეთი სისხლხორცეულად იყო დაინტერესებული ამიერკავკასიაში პოზიციების შენარჩუნებით, რადგან კავკასია შესანიშნავი ბუნებრივი პლაცდარმია თანამედროვე მსოფლიოს ნერვული კვანძის - ახლო აღმოსავლეთისაკენ გასაჭრელად. მას, რასაკვირველია, იმდენად საკუთრივ ნავთობი არ აღელვებს (რომლის მარაგი თვითონაც ულევი აქვს), რამდენადაც ის, რომ თანამედროვე დასავლური ცივილიზაცია, ენერგეტიკული თვალსაზრისით, დიდად არის ამ რეგიონზე დამოკიდებული. რუსეთს კი არ ძალუძს, დაძლიოს ცდუნება - რკინის თითები დაატკაცუნოს ევროპის ამ ნაზ ხერხემალთან და თავისი მარადიული მოწინააღმდეგის ძრწოლა გამოიწვიოს.
    მაგრამ მთავარი მიზეზი ეს არ არის - მთავარი მიზეზი რუსეთის სამხრეთ ფორპოსტზე ისტორიულად ჩამოყალიბებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში უნდა ვეძიოთ.
    მოსკოვის სწრაფვას «თბილი ზღვისაკენ» პირველ მძლავრ ბარიერად სწორედ ჩრდილოეთ კავკასია აღუდგა წინ. XIX საუკუნეში, ორმოცდაათწლიანი გააფთრებული ომის შემდეგ, იმპერიამ შეძლო კავკასიელ მთიელთა დათრგუნვა, მაგრამ მხოლოდ დროებით. თანაც, ომში დამარცხებულნი სამშობლოში აღარ გაჩერდნენ - მილიონობით მოჰაჯირი გადაიხვეწა თურქეთსა და სირია-პალესტინაში, სადაც მძლავრი, გავლენიანი თემები შეიქმნა. შეინარჩუნეს რა ეროვნება და სარწმუნოება, ჩეჩნები და ჩერქეზები (ადიღეველთა, აფხაზთა, ყაბარდოელთა და საკუთრივ ჩერქეზთა საერთო სახელია – ავტ.) არასოდეს ივიწყებდნენ, რომ საკუთარი სამშობლო ჰქონდათ. შინ დაბრუნების სურვილი მათ მტკიცე ეროვნულ იდეოლოგიად ჩამოუყალიბდათ.
    რუსული ექსპანსია ჩრდილოეთ კავკასიის წინააღმდეგ საქართველოს ეყრდნობოდა. საქართველოში დამკვიდრებულმა იმპერიამ მოუჭრა შამილსა და მის მომხრეებს გზა ბუნებრივი მოკავშირის - თურქეთისა და საერთოდ, მუსლიმანური აღმოსავლეთისაკენ, მაგრამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მაშინ სრულიად სხვა საფუძველს ემყარებოდა. ეს იყო ნაწილის ურთიერთობა მთელთან, გუბერნიისა - იმპერიასთან, ვასალისა - სიუზერენთან. ამიტომაც რუსეთს იმ დროს საკუთრივ საქართველოს პრობლემა არ აღელვებდა - საქართველო კარგა ხნის (და კარგა ხნით) განადგურებული იყო.
   

    ეს მცირე ისტორიული ექსკურსი აუცილებლად მიმაჩნია, რათა თვალნათლივ დავინახოთ განსხვავება იმ გეოპოლიტიკურ ვითარებას შორის, რომელიც არსებობდა კავკასიაში XIX საუკუნის დამლევს. დღეს კრემლი ახლებურ ტაქტიკას იყენებს, რომელიც მხოლოდ გარეგნულად ჰგავს ძველ სტრატეგიას; ქართული პოლიტიკა კი ამას არ ითვალისწინებს და ბრმად მიჰყვება უკვე გადაგვარებულ სტერეოტიპებს.
    ე.წ. «დიდი ხელშეკრულების» ავტორები, რაკი აფხაზეთის დაკარგვის მთავარ მიზეზად კავკასიაში რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესთა გაუთვალისწინებლობა მიაჩნიათ, ცდილობენ მექანიკურად გადმოიღონ უკვე მოძველებული ხერხები და მეთოდები - აღადგინონ წარსულს ჩაბარებული რეალობა. რაც, რა თქმა უნდა, სრულიად უპერსპექტივო საქმეა, მაგრამ ამ ჩვენს გულუბრყვილობას კრემლი შესანიშნავად იყენებს თავისი მიზნების აღსასრულებლად და უეჭველად აღასრულებს კიდეც, თუ დროზე გონს არ მოვეგეთ.
    რუსეთის დღევანდელი პრობლემა უპირველეს ყოვლისა ისაა, რომ ჩრდილოეთ-კავკასიური (ჩერქეზულ-ჩეჩნური) ნაციონალიზმი არ არის (და არც არასდროს ყოფილა) პრორუსული შინაარსისა. ჩრდილოეთ კავკასიაში ოსების გარდა, არც ერთ ხალხს გულზე არ ეხატება სამუდამოდ რუსეთის ფედერაციაში დარჩენის პერსპექტივა. გარდა ამისა, მოჰაჯირთა სული დღესაც ტრიალებს აფხაზეთში, ყაბარდოსა და ჩეჩნეთ-ინგუშეთში; მილიონობით მოჰაჯირს სურს სამშობლოში დაბრუნება და თუ ასე გაგრძელდა, თანდათანობით დაბრუნდებიან კიდეც. ეს კი ნამდვილი გეოპოლიტიკური კატასტროფა იქნება რუსეთისათვის. არა მარტო იმიტომ, რომ გამოიწვევს ჩრდილოეთ კავკასიის ფაქტობრივ-იურიდიულ დამოუკიდებლობას. უფრო იმის გამო, რომ რაკი მოჰაჯირები არ ექვემდებარებოდნენ განვლილი საუკუნის განმავლობაში კულტურულ-ენობრივ ასიმილაციის პროცესს, მათ შეიძლება ხელი შეუწყონ რუსეთის სამხრეთით იმპერიისათვის სრულიად უცხო, უპრეცედენტო - ცნობიერად დამოუკიდებელი საზოგადოების ჩამოყალიბებას.
    გარდა ამისა, მოჰაჯირთა მეშვეობით რუსეთის სამხრეთ ფორპოსტში უაღრესად განიმტკიცებს თავის პოზიციებს თურქეთი. იქედან კი, როგორც იტყვიან, «ერთი ხელის გაწვდენაა» ბაშკირეთსა და თათრეთამდე, ანუ ცენტრალურ რუსეთამდე.
    ერთი შეხედვით, აქედან პირდაპირ გამომდინარეობს, რომ თუ დაიდო სტრატეგიული მოკავშირეობის შესახებ ხელშეკრულება საქართველოსა და რუსეთს შორის, ეს ხელს შეუწყობს ადრე არსებული პოლიტიკური და დემოგრაფიული ვითარების აღდგენას აფხაზეთში; ხოლო სანაცვლოდ, - რუსეთი განიმტკიცებს (კვლავ საქართველოზე დაყრდნობით) თავის პოზიციებს ჩრდილოეთ კავკასიაში. ანუ განმეორდება იგივე პროცესი, რომელიც ერთხელ უკვე განვითარდა კავკასიაში.
    მაგრამ ამ გულუბრყვილო გეგმის ავტორები არ ითვალისწინებენ: ამჟამად კავკასიაში თვისობრივად სხვა გეოპოლიტიკური ვითარებაა, ვიდრე XIX საუკუნის დასაწყისში იყო. და ამ თვისობრიობის საფუძველი ის არის, რომ დღეს საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც სრულიადაც არ ამჟღავნებს სურვილს (ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით) - შევიდეს მოდერნიზებული რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ანუ აღადგინოს სიუზერენიტეტ-ვასალიტეტის (ქართულად პატრონყმობის) ის ინტიტუტები, რომლებიც ადრე არსებობდა. მას სურს, თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ევაჭროს (დიდ პოლიტიკაში საკმაოდ მიღებული ტერმინია) რუსეთს. ზოგი რამ დაუთმოს, ზოგი რამ - არა. მათ შორის არ დაუთმოს იურიდიული დამოუკიდებლობა და არ შევიდეს იმ ახალი, ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში, რომელსაც ელცინი აშენებს.
    ეს გარემოება მთლიანად შლის ზემოდხსენებულ გულუბრყვილო სქემას. უფრო მეტიც - მის ფონზე მკაფიოდ ჩანს, რომ ეს სქემა არის მორიგი მახე, რომელსაც რუსეთი უგებს საქართველოს. და ვაი მას, თუ საკუთარ მმართველთა უნიათობის წყალობით, იგი ამ მახეში გაება!
    გავიხსენოთ, როგორ მოახერხა კრემლმა აფხაზეთში ომის პროვოცირება: ახალციხის დივიზიის ასიოდე მოძველებული ტანკი თუ ჯავშანმანქანა გადაეცა საქართველოს. გენერალმა ბეპაევმა, რომელიც უეჭველად მოსკოვიდან მიღებული ინსტრუქციებით მოქმედებდა, ძალიან კარგად უწყოდა, რომ ეს ტექნიკა გააძლიერებდა იმათ პოზიციას საქართველოს ხელისუფლებაში, ვინც მომხრე იყო აფხაზეთში წარმოშობილ პრობლემათა ძალისმიერი გზით გადაწყვეტისა.
    ამგვარი მცდელობა, რა თქმა უნდა, გამოიწვევდა ფართომასშტაბიან ომს საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიას შორის. ასეც მოხდა. ომი (იმავე რუსეთის ფაქტორის გამო) საქართველოს დამარცხებით დამთავრდა. საზღვარი საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიას (არა რუსეთს, არამედ ჯერ-ჯერობით, სწორედ ჩრდილოეთ კავკასიას) შორის ენგურზე მოვიდა.
    იმავე დროს, მოსკოვში შესანიშნავად იციან: საქართველო არასდროს შეურიგდება შექმნილ ვითარებას და უეჭველად შეეცდება, მოსკოვისადმი დათმობების გზით დაკარგული დაიბრუნოს. იდება «დიდი ხელშეკრულება» რუსეთსა და საქართველოს შორის, საქართველო (რომელიც უკვე სნგ-ს წევრია) იღებს დიდძალ შეიარაღებას და ტექნიკას; სრული წარუმატებლობით მთავრდება მშვიდობიანი მოლაპარაკების მორიგი რაუნდი ჟენევაში; რუსეთი გააკეთებს გაღიზიანებულ ანტიაფხაზურ განცხადებას, სადაც «მთელ პასუხისმგებლობას» დააკისრებს გუდაუთას. ყოველივე ამით შეგულიანებული საქართველო კი აამოძრავებს «ახლადშექმნილ» არმიას და გადალახავს ენგურს.
    აი, სწორედ აქ გვინდა დავსვათ კითხვა: ვის შეუძლია მოგვცეს გარანტია, რომ ეს არ იქნება მორიგი მახე? სად არის გარანტია, რომ იმდენივე (ან კიდევ უფრო მეტ) შეიარაღებას იმავე დროს რუსეთი არ მისცემს კონფედერაციას? სად არის გარანტია, რომ კვლავ არ დაეხმარება ფარულად (რა თქმა უნდა, ფარულად!) იმავე აფხაზებს, რათა მათ არა თუ მოიგერიონ ქართული ჯარების შეტევა, არამედ თავად გადავიდნენ შეტევაზე და გადმოლახონ ენგური?
    შეიძლება დაისვას კითხვა - რისთვის? როგორ თუ «რისთვის» - განა დღემდე ვერ მივხვდით, რომ რუსეთს კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნია კავკასიაში დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა? არა აქვს მნიშვნელობა, ეს სახელმწიფო აზერბაიჯანი იქნება, საქართველო, სომხეთი თუ გუდაუთის «ტახტქვეშ» გაერთიანებული ჩერქეზეთი.
    ამიტომ, მოსკოვი უეჭველად შეეცდება, ჯერ კავკასიელთა ხელით ბოლომდე გაანადგუროს საქართველო, შემდეგ იურიდიულად დაიმორჩილოს იგი, წაართვას ფორმალური დამოუკიდებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ იბრუნოს პირი ჩრდილოეთ კავკასიისკენ, ისინიც გატეხოს და ფაქტობრივად აღადგინოს კავკასიაში ის ვითარება, რომელიც არსებობდა გასულ საუკუნეში.
    პოლიტიკას «თამამები» არ უყვარს, გაცილებით მეტად აფასებს იგი სიდინჯესა და წინდახედულობას. ამიტომაც ვიყოთ ფრთხილად, რათა საბოლოოდ არ გავებათ ამ მომაკვდინებელ მახეში.

«ივერია-ექსპრესი», 26 ნოემბერი, 1994 წელი.
   

მთელ გვერდზე