სტრატეგიული მოკავშირე

    საქართველოს პარლამენტის სხდომაზე თენგიზ სიგუამ დეპუტატებს გააცნო «Независимая газета»-ში გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც მოთხრობილი იყო სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვაგან ფაფაზიანის სენსაციური პრეს-კონფერენციის შესახებ.
    ეს პრეს-კონფერენცია მოსკოვში გაიმართა (რაც ნიშანდობლივია) და მან საქართველოსთვის ახალი, უმძიმესი პრობლემის წარმოშობა ცხადყო. გუშინ, გვიან ღამით, საქართველოს ტელევიზიით გამოსულმა სომხეთის დროებითმა რწმუნებულმა განმარტა, რომ ფაფაზიანს გაუპროტესტებია ეს განცხადება - არც ეს პრეს-კონფერენცია შემდგარა და მსგავსი არაფერი მითქვამსო, - მაგრამ ეს ასეც რომ იყოს, თავისთავად რუსულ პრესაში ჯავახეთის პრობლემის წამოწევა უკვე ერთობ დამაფიქრებელია.

    ვაგან ფაფაზიანმა, კერძოდ, განაცხადა, რომ «სულ მალე თბილისში იძულებულნი გახდებიან, ანგარიში გაუწიონ სომხეთის მოთხოვნებს და შეურიგდენენ იმას, რომ მათ სახლებში გაზი არ ექნებათ, საქართველოზე გამავალი გაზი სომხეთს ეკუთვნის და არა საქართველოს. საქართველო ვალდებულია აგრეთვე შეუფერხებლად გაატაროს ფოთსა და ბათუმის პორტებში სომხეთისათვის განკუთვნილი ტვირთები. ეს პირობები მძიმეა, - მაგრამ ქართველებს როცა გაუჭირდებათ, - მიიღებენ ჩვენს პირობებს, საქართველოში სულ უფრო იძაბება ვითარება სომხური უმცირესობის გარშემო. უეჭველად წამოიჭრება ჯავახეთის პრობლემა, რომელმაც შესაძლოა ყარაბაღს მასშტაბები შეიძინოს».
    ეს განცხადება უდიდესი სიხარულით აიტაცეს რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა - «ოსტანკინომ», «როსიამ», «ნევამ», უკლებლივ ყველა გაზეთმა. რამდენიმე დღის განმავლობაში, ფაფაზიანის პრეს-კონფერენცია და მისი ანტიქართული გამოხდომა «ნომერ პირველ სენსაციად» ითვლებოდა. ყოველივე ამის შესახებ კი ჩვენ თითქმის არაფერი ვიცოდით, ვინაიდან ენერგოკრიზისის გამო ტელევიზია მხოლოდ ორ საათს მუშაობს, რუსეთის გაზეთები კი საქართველოში არ იბეჭდება.
    ფაფაზიანის პრეს-კონფერენციამ დაასრულა გარკვეული ეტაპი ორი ქვეყნის ურთიერთობაში და ახალი პერიოდის დაწყება გვამცნო.
    საერთოდ, ორ სახელმწიფოს შორის გარკვეული უთანხმოების წარმოშობისას მმართველი წრეები ცდილობენ პრობლემა ისე მოაგვარონ, რომ არ გამოიტანონ იგი საზოგადოების სამსჯავროზე; «ღია განცხადებები» და აშკარა კონფრონტაცია მაშინ იწყება, როდესაც «დიპლომატიური არხებითა» და «დახურულ კარს მიღმა» სამთავრობო მოლაპარაკებებით კონფლიქტის მოგვარება ვერ ხერხდება.
    რაში მდგომარეობს თვით კონფლიქტის არსი? ჯერ განვიხილოთ ის, რაც როგორც იტყვიან, «ზედაპირზე დევს».
    აზერბაიჯანთან ომში ჩაბმულ სომხეთს გარესამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა დარჩა და ეს გზა საქართველოზე გადის. ფოთსა და ბათუმში იტვირთება სომხეთისათვის განკუთვნილი ტვირთები. თურქმენეთიდან სომხეთისათვის გაგზავნილმა ბუნებრივმა აირმაც ჯერ ჩვენს ტერიტორიაზე უნდა გაიაროს. ბოლო დროს ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო ტარიფების თაობაზე სერიოზული უთანხმოება არსებობს. საქართველო, რა თქმა უნდა, მეტის გადახდას მოითხოვს. სომხეთს კი (ესეც ბუნებრივია) სურს რაც შეიძლება ნაკლები გადაიხადოს. ამგვარი უთანხმოებანი სავსებით ბუნებრივი და ხშირია მეზობელ ქვეყნებს შორის, მაგრამ ფაფაზიანის განცხადება და განსაკუთრებით მისი პასაჟი «ახალი ყარაბაღის» შესახებ სხვა, გაცილებით უფრო სერიოზული და საშიში ტენდენციის მაჩვენებელია.
    უპირველეს ყოვლისა, გავიხსენოთ, რა იგულისხმება «ჯავახეთის პრობლემებში». სომხეთში დღემდე არსებობს სერიოზული საზოგადოებრივი მიმდინარეობა, რომელიც თვლის, რომ სამხრეთ საქართველოს რამდენიმე რაიონი (ნინოწმინდა, ახალქალაქი, ახალციხე) ისტორიულად სომხეთის მიწა-წყალია. ადგილობრივი სომხური მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე მკვიდრი მოსახლეა, ამიტომ მას სრული უფლება აქვს, მოითხოვოს «ტერიტორიული თვითგამორკვევა» და შეუერთდეს მოსაზღვრე სომხეთს.
    გასათვალისწინებელია, რომ ამ სამი რაიონიდან ორი (ნინოწმინდისა და ახალქალაქის) კარგა ხანია, ფაქტობრივად, სომხეთთან უფროა დაკავშირებული, ვიდრე დანარჩენ საქართველოსთან. ვგულისხმობ, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკურ კავშირურთიერთობას. იქმნება შესაბამისი «იდეოლოგიური ბაზაც», სხვადასხვა «მეცნიერული» გამოცემისა თუ რუკის სახით.
    რა თქმა უნდა, ეს მისწრაფებანი ჩვენთვის იმდენად არ არის საინტერესო, რამდენადაც ის, თუ რატომ წამოიჭრა პრობლემა სწორედ ახლა, - СНГ-ში საქართველოს გაწევრიანების შემდეგ. ვითომ ეს შემთხვევითია? ვფიქრობ არა. უფრო მეტიც - საქართველოს საბოლოო გაწევრიანებამ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში სტიმული მისცა იმ სისტემათა ამოქმედებას, რომლებიც დღემდე, მიზეზთა და მიზეზთა გამო, «დაკონსერვებულ მდგომარეობაში» იმყოფებოდნენ.
    СНГ-ს მომხრენი აცხადებდნენ, რომ ეს თანამეგობრობა ხელს შეუწყობს ქვეყანაში სიტუაციის სტაბილიზაციას, აღკვეთს კონფლიქტის ახალი კერების წარმოშობას, ანუ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ კრემლის მიერ საქართველოში ჩადებული «დაყოვნებული მოქმედების ნაღმები» აღარ აფეთქდება და თავიდან ავიცილებთ ახალ სისხლისღვრას. რეალობა კი გვიჩვენებს: ყველა ეს იმედი გულუბრყვილო ილუზიაა და СНГ-ში შესვლა არა თუ არ გადაგვიჭრის პრობლემებს, არამედ გვიმრავლებს კიდეც მათ.
    დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა არ შეიცავს არავითარ მექანიზმს, რომელიც  კონფლიქტებს შეუძლებელს გახდიდა ან მათი განვითარების, შემდგომი ესკალაციის ბლოკირებას მოახდენდა. პირიქით - СНГ-ში გაწევრიანება საშუალებას ართმევს ამა თუ იმ ქვეყანას, პირდაპირ მიმართოს მსოფლიო თანამეგობრობას და დაადანაშაულოს რუსეთი, რომელიც უკლებლივ ყველა კონფლიქტის უშუალო ინსპირატორია: «თანამეგობრობაში» წევრობა ამგვარ ბრალდებას «მოძმე ქვეყნის» მიმართ სრულიად აბსურდულს ხდის.
    თუ რუსეთს ქართულ-სომხური კონფლიქტის ინსპირირება სურს, მას უამრავი ბერკეტი გააჩნია ამ პროვოკაციის წარმატებით დასაგვირგვინებლად. მათგან ყველაზე მთავარი ბერკეტები სწორედ ერევანში ამოქმედდებიან. სომხეთის მთავრობა დღეს ფაქტობრივად რუსეთის მარიონეტია კავკასიაში, ვინაიდან ყარაბაღში «ზღაპრული გამარჯვებები» აშკარად მოსკოვის დახმარებით არის განპირობებული. მაგრამ გამარჯვებათა ეს სერია უმალვე შეწყდება, როგორც კი ერევანი მეტისმეტ «ურჩობას» გამოიჩენს თავისი ჩრდილოელი «ძმის» მიმართ.
    თუ, მაგალითად, რუსეთი ჯავახეთში ჩადებული ნაღმის აფეთქებას მოინდომებს, იგი ამის გაკეთებას შეძლებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ თვით სომხეთის მთავრობა ასეთი ნაბიჯის წინააღმდეგი იქნება.
    მოსკოვი უბრალოდ დაემუქრება თავის «უმცროს ძმას», რომ თუ უკანასკნელი მის მითითებებს უსიტყვოდ არ აღასრულებს, მაშინ რუსული «წყალობა» აზერბაიჯანის არმიის თავზე გადმოიღვრება და ყარაბაღის დამცველები პირისპირ დარჩებიან შურისძიების ფანატიკური წყურვილით ანთებულ აზერბაიჯანელებთან.
    ეს ისეთი მუქარაა, რომლით დაშინებული ერევანი ყველა მოთხოვნას უმალვე აღასრულებს (მიუხედავად «ორ ფრონტზე» ცეცხლის გახსნის აშკარა საშიშროებისა).
    თუმცა, რა თქმა უნდა არც ახალ ტერიტორიაზე - ჯავახეთზე იტყვის ვინმე უარს. მით უმეტეს, რომ ეს ტერიტორია ძალზე აახლოებს სომხეთს სანატრელ მიზანთან - შავ ზღვასთან. ხოლო თუ დავუმატებთ იმ გარემოებას, რომ ახალქალაქში განლაგებული რუსეთის მოტომსროლელთა დივიზია თითქმის მთლიანად სომეხი ეროვნების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული - ყველაფერი ნათელი გახდება.
    აქვე წამოიჭრება კიდევ ერთი თემა: კავკასიაში რუსეთის სტრატეგიული მოკავშირის საკითხი. რუსეთს, რა თქმა უნდა, ჰყავს СНГ-ს წევრ ქვეყანათა შორის თავისი სტრატეგიული მოკავშირენი, მაგრამ ამ თანამეგობრობის წევრი ყველა ქვეყანა როდია ასეთი მოკავშირე.
    მაგალითად, კავკასიაში, მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე «მთლიანად» СНГ-ს შემადგენელია, რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეა მხოლოდ სომხეთი, ხოლო ამ რეგიონში მცხოვრებ ხალხთაგან - ოსები.
    XIX საუკუნეში საქართველოც რუსეთის სტრატეგიულ მოკავშირედ ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ამრიგად, როგორც არ უნდა ეცადოს საქართველო, იგი უკვე ვეღარ დაარწმუნებს რუსეთს, რომ მისი ლტოლვა რუსეთთან თანამშრომლობისაკენ სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარეობს და არა ტაქტიკური მოსაზრებებიდან.
    ამიტომ, კრემლი ძალზე ფრთხილად მოეკიდება ჩვენი პრობლემების გადაჭრას, რათა უნებურად ხელი არ შეუწყოს საქართველოში დამოუკიდებლობის მომხრეებს.
    სომხეთი კი რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეა, რომელსაც «მის იქით» სხვა გზა არა აქვს, ამიტომ იგი ყოველთვის იქნება კავკასიაში რუსეთის პლაცდარმი და მისი ინტერესების განმახორციელებელი.
    ეს გეოპოლიტიკური რეალობა უეჭველად უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც რუსეთის მეშვეობით საქართველოს პრობლემათა გადაჭრას ვლამობთ.
    «ივერია-ექსპრესი». 12 მარტი, 1994 წელი.
   

მთელ გვერდზე