არჩევნები არჩევანის გარეშე

რომელშიც პოლიტოკრატია მხოლოდ საკუთარ ხალხზე იმარჯვებს

    საქართველოში არჩევნები ახლოვდება. ეს ყველაფრით და ყველაფერში იგრძნობა. იგრძნობა ხელისუფლების წარმომადგენელთა სულ უფრო მზარდი აქტიურობით პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ასპარეზზე; იგრძნობა «პარტიულ აქტივისტთა» განცხადებებით; სხვადასხვა საგარეო, საშინაო პრობლემათა გამწვავებით; რეალურ თუ მოჩვენებით «ძალთა გადაჯგუფებით», საარჩევნო ალიანსთა კონტურებით. . . . .
    საზოგადოებრივ ცნობიერებაში კვლავ დაჟინებით (თუმცა თანდათანობით და ძნელად შესამჩნევად) ამკვიდრებენ «არჩევანის», როგორც გადამწყვეტი მიჯნის, სამკვდრო-სასიცოცხლო ნაბიჯის, ერთგვარი რუბიკონის თემას.
    არჩევნებამდე ჯერ კიდევ ძალიან ბევრი დრო დარჩა - ერთი წელი, მაგრამ დღესვე ისეთი აჟიოტაჟი და დაძაბულობაა, თითქოს ეს რუბიკონი სულ ახლოს არის და ხვალვე უნდა გადავლახოთ.
    ერთი შეხედვით უცნაურია, მაგრამ თუ გავიხსენებთ, რა მნიშვნელობა ენიჭება ამ არჩევნებს, გავაანალიზებთ წარსული არჩევნების შედეგებს საქართველოსათვის, აღარც გავიკვირვებთ, რომ ქართული «პოლიტოკრატია» დღესვე ცდილობს ბრძოლის დაწყებას. უფრო მეტიც: იგი ცდილობს, კვლავ დააყენოს ერი სამკვდრო-სასიცოცხლო ალტერნატივის წინაშე და მასზე საბოლოო გამარჯვებაც მოიპოვოს. ეს მისი საერთო სურვილია - გაიმარჯვოს საკუთარ ერზე - განურჩევლად იმისა, როგორი შეფერილობისაა ესა თუ ის დაჯგუფება და რა მიზნებს ისახავს იგი.
    პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ საქართველოში ჯერ არჩევნები არ გამართულა. ის, რაც ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე განმეორდა, არჩევნები (ამ ცნების ნორმალური, ცივილიზებული, დემოკრატიული გაგებით) არ ყოფილა.
    შეიძლება ეს არ იყოს გასაკვირი, ვინაიდან არც საქართველო ყოფილა ცივილიზებული ქვეყანა, რომელშიც ხელისუფლების არჩევა ყოველდღიურობის გაგრძელებაა. ამერიკელი ამომრჩეველი «დემოკრატებსა» და «რესპუბლიკელებს» შორის, ყოველი ნაკიანი წლის ოქტომბრის პირველ სამშაბათს, არჩევანს აკეთებს დაახლოებით იმავე ფსიქოლოგიური განწყობითა და შინაგანი მოტივაციით, როგორც ყოველდღიურად - «კოკა-კოლასა» და «პეპსი-კოლას» შორის. მისთვის «ხელისუფლება» და «ხელისუფალი» ყოფითი ცნება და საგანია. ამიტომ, იმ საზოგადოებაში «არჩევნები» ერთგვარად გროტესკულ, სასაცილო იერს იღებს, ხოლო «საარჩევნო ყრილობა» საბავშვო ბაღში გამართულ ფერადოვან საახალწლო კარნავალს ემსგავსება.
    შესაძლოა, ჩვენი პოლიტოკრატია კიდეც განმირისხდეს ამის გამო, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ იმ ქვეყნებში, რომელთაც ჩვენ «ცივილიზებულ სახელმწიფოებს» ვუწოდებთ, საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნებს არავითარი სერიოზული მნიშვნელობა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარებისა და ცხოველმყოფელობის თვალსაზრისით არა აქვთ.
    აბსოლუტურად «სულ ერთია», ინგლისელი ამომრჩეველი ლეიბორისტებს მისცემს ხმას თუ კონსერვატორებს, ვინაიდან ნებისმიერ შემთხვევაში განმეორდება საუკუნეთა სიღრმიდან მომავალი ურყევი ბრიტანული ტრადიცია - დედოფალი (მეფე), ანუ მონარქი თავის მსახურს გაგზავნის თემთა პალატაში, იგი სამჯერ მრისხანედ დააჯახებს მოოქროვილ კვერთხს პალატის კარებს, საიდანაც გუშინდელი ტრიუმფატორებიც და დამარცხებულნიც სახეზე ერთნაირი სასოებისა და პატივისცემის იერით წაბრძანდებიან ლორდთა პალატისაკენ.
    იქ კი, მომავალი პრემიერ-მინისტრიცა და მისი მომავალი საპარლამენტო ოპონენტიც, თავიანთ პარტიებთან ერთად, მორჩილი მოსწავლეებივით ფეხზე მდგომნი (განსხვავებით მედიდურად მსხდომი ლორდებისა და მონარქისაგან) ჟრუანტელისმომგვრელ სიჩუმეში მოისმენენ «სამეფო სიტყვას». ყოველმა მათგანმა იცის, რომ ამ სიტყვას პრემიერ-მინისტრი წერს, რომ ლორდთა პალატას (ისევე როგორც მონარქს) არავითარი რეალური ძალაუფლება არ გააჩნიათ, რომ ქვეყნის ნამდვილი ბატონ-პატრონნი სწორედ დაუნინგ-სტრიტზე ცხოვრობენ და არა ბუკინგემის სასახლეში . . . . მაგრამ მშვენივრად ესმით ისიც, რომ ამგვარი მდგომარეობა მხოლოდ და მხოლოდ ბრიტანეთის სამეფოს სახელმწიფოებრივი სიმტკიცითა და სტაბილურობით არის გამოწვეული: ბრიტანული სახელმწიფო და ერი (ნაცია), რომლის ცხოველმყოფელობას ვერანაირი «საარჩევნო მექანიზმი» და «არჩევნები» ვერაფერს დააკლებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ წინაშე თავის ძალმოსილებას. ისინი კი ქედმოხრილნი დგანან თვით სახელმწიფოსა და მისი შემქმნელი დიადი ნაციის წინაშე, რაკი მხოლოდ მსახურნი არიან და ამას კარგად აცნობიერებენ.
    დასავლურ საზოგადოებაში არჩევნები მომქანცველი, მოსაწყენი ფორმალობაა, რადგან ნაციას თავისი სტრატეგიული არჩევანი გაკეთებული აქვს და მშვიდად შესცქერის სასაცილო პოლიტიკურ თამაშობებს.

    საქართველო და მისი ხალხი რომ ჯერ არ ჩამოყალიბებულა როგორც სახელმწიფო, როგორც ნაცია, - უპირველეს ყოვლისა იქედან ჩანს, რომ პატარ-პატარა ჯგუფებს, რომლებიც საკუთარ თავს «პარტიებს» უწოდებენ, აქვთ საშუალება, მათ მიერვე შეთითხნილი ე.წ. «საარჩევნო დებულებებით», ყოველ არჩევნებს სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობა მიანიჭონ, საარჩევნო კანონმდებლობა ყოველი არჩევნების წინ ცვალონ და მთელი ერი, კვლავ და კვლავ, ისტორიული არჩევანის, ისტორიული რუბიკონის წინაშე დააყენონ!
    ამავე დროს, იოტისოდენადაც არ აღელვებთ კითხვა: აქვთ კი მათ მორალური და ისტორიული უფლება, ერის ნებით მანიპულირებისა? ეს ეხება უკლებლივ ყველას - როგორც ამა თუ იმ პიროვნებას (თუნდაც ოლიმპზე მყოფს) ისევე ზემოთხსენებულ დაჯგუფებებს, რომელთაც უზნეო შინაგანი მოტივაცია აძლევთ უფლებას, ერი განიხილონ როგორც ბრბო - ყოველგვარ უზენაეს ნებასა და ღვთაებრივ სუვერენიტეტს მოკლებული. სწორედ ამიტომ ხდება, რომ როდესაც ერთი დაჯგუფება არჩევნებისკენ მოუწოდებს ამ ერს, მეორე არჩევნებს «კოლაბორაციონიზმად» რაცხავს. თუმცა, პირველი იტოვებს უფლებას, ერს «გონებადაბნელებული ხროვა» უწოდოს იმ შემთხვევაში, თუ იგი მისთვის სასურველ არჩევანს არ გააკეთებს, ხოლო მეორე ინარჩუნებს უფლებას, - იარაღის ძალით შეცვალოს რეალობა მაშინ, როცა ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს.
    თუ ერი განრისხდა და მონაწილეობა არ მიიღო არჩევნებში, ორივე ერთად ცდილობს, მას თავს მოახვიოს სამამულო ომი, რათა შემდგომ მასვე უკიჟინოს უპასუხისმგებლობა და სიბეცე.
    აკი ბრძანა უკვე, ერთმა ფრიად «განსწავლულმა» პოლიტოკრატმა: თურმე ნუ იტყვით, საქართველოს ბოლოდროინდელი უბედურება იმით ყოფილა გამოწვეული, რომ «ქართველ ერს არ აღმოაჩნდა სახელმწიფოებრივი ცნობიერება».
    ე.ი. «სახელმწიფოებრივი ცნობიერება» რუსეთის იმპერიაში აღმოაჩნდა ყველას, - ქართველი ერის გარდა: შუა აზიიდან - ბალტიისპირეთამდე, თათრეთიდან - მოლდოვამდე.
    კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს ისეთი უზნეო, ასეთი ნამუსგარეცხილი პოლიტიკური ელიტა, რომელიც ესოდენ აშკარად ანქიქებდეს საკუთარ ერს, ყოველდღე ლაფს ესროდეს და აშკარად აცხადებდეს: «ჩვენ რა უნდა გავაწყოთ, ერი თუ არ გვივარგაო», ამ უზნეობიდან გამომდინარეობს (ვიმეორებ) რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც «საარჩევნო კანონებს» ადგენენ არა იმის მიხედვით, როგორი მექანიზმი უფრო წაადგება სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის, ერის «ნაციად» ჩამოყალიბების პროცესს, არამედ იმის გაანგარიშებით, რას მისცემთ მათ და მათ ე.წ «პარტიებს» ესა თუ ის საარჩევნო სისტემა. ამომრჩეველი ხომ მათთვის მხოლოდ ცხვრის ფარაა. ფარა კი გამოცდილმა მეჯოგემ კომბლის ტრიალით უნდა შერეკოს «შემოღობილში».
    ამგვარი დამოკიდებულების გამოვლინებაა დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე გაშლილი უსირცხვილო საჯარო ვაჭრობა, თუ როგორი სისტემით უნდა გაიმართოს არჩევნები - პროპორციულით თუ მაჟორიტარულით. ძნელი არ არის მიხვედრა, რომ კვლავ მომსწრენი ვართ ჩვეულებრივი გარიგებისა: წვრილ-წვრილი დაჯგუფებები, რომელთაც «კვოტების» ძალიან ეშინიათ, ისევ ე.წ. «პრეფერენციებს» მოითხოვენ, რათა მომავალ პარლამენტში ადგილები გაინაღდონ, ხოლო თუ ამას ვერ მიიღებენ, ქვეყანაში მორიგი დესტაბილიზაციითა და ახალი სამოქალაქო ომით იმუქრებიან.
    მათი არგუმენტი ასეთია: ხომ ნახეთ, რა შედეგი გამოიღო არჩევნებმა, რომლებიც 1990 წლის ოქტომბერში მაღალი კვოტით გაიმართა და ბევრი პარტია ქუჩაში დარჩა?
    გამოდის, რომ რაკი ჩვენში «ყველა ნაბიჭვარს მეფობა უნდა» - საქართველოს მოსახლეობას არა აქვს უფლება ორ ან სამ პარტიული პარლამენტი აირჩიოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში «ქუჩაში დარჩენილი» პარტიები (რა თქმა უნდა, «ეროვნულ-განმათავისუფლებელი» დროშით) პარალელურ პარლამენტს («სათათბიროს», «კონგრესს») აირჩევენ და «ლეგალურ» პარლამენტს კოლაბორაციონისტულად გამოაცხადებენ.
    მათთვის მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება ამ პარლამენტის ლიდერი - შევარდნაძე თუ გამსახურდია. მთავარია, მათი უფლებები არ დაირღვეს და სკამი (სავარძელი), მისი სიდიდის მიუხედავად, განაღდებული ჰქონდეთ.

    საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში დატრიალებული საშინელი ტრაგედიის მთავარი მიზეზია ქართული პოლიტოკრატია. ზოგიერთი მათგანი დღეს იმასაც კი ამბობს თავხედურად, რომ «თუ არჩევნებით პარტია ხელისუფლებაში ვერ მოდის, მაშინ მას ერთი გზა რჩება «ქუჩა ან იარაღი». კი, მაგრამ, რატომ? ხომ არსებობს კიდევ ერთი გზა - წასვლა ასპარეზიდან. მაგრამ ეს გზა მათთვის მიუღებელია, რაკი «ნორმალურ ცხოვრებას» ისინი «პოლიტიკურ სანაგვედ» მიიჩნევენ.

    ყველაზე საზარელი იმის შეგნებაა, რომ ამგვარ გარიგებას საკმაო საფუძველიც შეიძლება აღმოაჩნდეს. სავსებით შესაძლებელია შემდეგი ფორმულის ამოქმედება: «საპარლამენტო არჩევნები პრეფერენციებით - სამაგიეროდ პოლიტოკრატია თანხმდება საპრეზიდენტო ინსტიტუტის არსებობას».
    მართალია ხალხმა შეიძლება გაიხსენოს მათი გუშინდელი ყიჟინა: «საპრეზიდენტო მმართველობის ფორმა მიუღებელია საქართველოსთვის», მაგრამ ეს უკვე მეორეხარისხოვანია - ხალხი ხომ «ბრბოა, რომელსაც რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს» - ყოველმხრივ დამარცხებული და პოლიტიკურად გაკოტრებული უმაღლესი ხელისუფალი კი ამ ფორმულას უეჭველად დაეთანხმება.
    «ძლიერნი ჩვენი ქვეყნისანი» ამჟამად ისე არიან დაბრმავებულნი, ვერც კი ამჩნევენ: მათ გააყალბეს ისტორიული არჩევანის ცნება.
    ამ ცნებას მხოლოდ ათასწლეულში ერთხელ ეზიარება ყოველი ერი. ისტორია ხომ მხოლოდ ერთხელ შედგება როგორც ტრაგედია - «რუბიკონის» ყოველი შემდგომი გადალახვა კი უეჭველად ფარსად იქცევა.
    მომავალი არჩევნებიც უკვე ვეღარ შეასრულებს მისიას, რომელიც უნდა შეესრულებინა. პირიქით - იგი დააკანონებს მონობას, დააკანონებს იმას, რომ საქართველო ვერ შედგა და ალბათ ძალიან დიდხანს ვეღარ შედგება, როგორც ნაცია, რომელმაც არჩევანი გააკეთა.

«7 დღე», 28 ოქტომბერი, 1994 წელი.
   

მთელ გვერდზე