უცნაური ოპოზიცია

    ოპოზიციას ყველა ნორმალურ, ტრადიციულ, დემოკრატიულ ქვეყანაში უდიდესი მნიშვნელობა და ფუნქცია ეკისრება. იგი ფაქტობრივად იმ ბალანსის როლს ასრულებს, რომლის არსებობა ხსნის სოციალურ დაძაბულობას და აწონასწორებს სხვადასხვა ძალთა ზემოქმედებას სახელმწიფოებრივ სტრუქტურებზე. რაოდენ კრიტიკულიც არ უნდა იყოს ოპოზიცია, რაოდენ მკაცრადაც არ უნდა ილაშქრებდეს იგი მმართველი პარტიისა და მისი კურსის წინააღმდეგ - იგი მაინც პოზიტიურ როლს ასრულებს, რადგან მისი ქმედება (და თვით არსებობა) არ აძლევს საშუალებას სოციალურ უკმაყოფილებას - მიიღოს ანტისახელმწიფოებრივი ხასიათი. ოპოზიცია სიმტკიცეს სძენს სახელმწიფოებრივ სტრუქტურებს, ობიექტურად ებრძვის სხვადასხვა მანკიერებას - კორუფციას, უყაირათობას, უპასუხისმგებლობას. ცივილიზებული ოპოზიცია აიძულებს მმართველ პარტიას მუდმივ დაძაბულობაში იმყოფებოდეს და ხელისუფლების დაკარგვის შიშით საკუთარი ქმედება ელექტორატის ინტერესებს დაუქვემდებაროს. სწორედ ამაშია დემოკრატიული სისტემის უბრალოება და ერთდროულად მისი გენიალობა. მართვის ამ სისტემას დიდმა უინსტონ ჩერჩილმა უწოდა «ყველაზე ცუდი სისტემა, რომელიც კი არსებობს, თუ ყველა სხვა სისტემას არ მივიღებთ მხედველობაში».
    რამდენად შეესაბამება საქართველოში დღეს არსებული ოპოზიცია ყველა ამ ნორმას? მე მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად არ შეესაბამება. უფრო მეტიც - მისი ქმედება, ზოგიერთ შემთხვევაში, იმდენად უცნაურია, რომ იგი საერთოდ არც შეიძლება ჩაითვალოს ოპოზიციად.
    ამჟამინდელი საპარლამენტო ოპოზიციის (ალბათ ესეც არასწორი ტერმინია, რადგან დემოკრატიული ოპოზიცია მხოლოდ საპარლამენტო შეიძლება იყოს) მთავარი თვისება ის არის, რომ იგი მმართველ პარტიას (პირობითად ასე ვთქვათ) არ ეთანხმება ქვეყნისათვის უმთავრეს, უმნიშვნელოვანეს, ფუნდამენტალურ საკითხებში. მაგრამ, ამავე დროს, კვლავ აგრძელებს მოღვაწეობას სახელმწიფოებრივ სტრუქტურებში. არ შეიძლება არსებობდეს ოპოზიცია ხელისუფლებაში ისეთ პრობლემებთან მიმართებაში, რომლებიც ქვეყნის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის ფუნდამენტურ საკითხებს განსაზღვრავენ.
    მაგალითად: არ შეიძლება სახელმწიფოს მეთაურს კატეგორიულად არ ეთანხმებოდე საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხში, ეს პრობლემა ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მიგაჩნდეს და მაინც რჩებოდე ხელისუფლებაში (თუნდაც უმცირესობის სახით), რადგან ამით უკვე ძალაუნებურად ინაწილებ პასუხისმგებლობას იმ გადაწყვეტილებისათვის, რომელიც უკვე მიღებულია.
    ჩვენი დღევანდელი ოპოზიცია მართლა გულწრფელი რომ ყოფილიყო, საქართველოს სნგ-ში შესვლის შემდეგ მას დაუყოვნებლივ უნდა დაეტოვებინა პარლამენტი (ანუ ხელისუფლება), მაგრამ რაკი იგი დარჩა ხელისუფლებაში, მან ამით თავადაც იკისრა პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტილებაზე, მიუხედავად იმისა, რომ თვით გადაწყვეტილების მიღების მომენტში წინააღმდეგი იყო.
    გახსოვთ ალბათ: როდესაც სახელმწიფოს მეთაურმა ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება სნგ-ს წესდებასთან შეერთების შესახებ, «ეროვნულ-დემოკრატებმა» უმალვე დატოვეს აღმასრულებელი ხელისუფლება - რაკი არ სურდათ მასთან ერთად ეკისრათ პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტილებაზე. მაგრამ მათ ასევე უნდა დაეტოვებინათ საკანონმდებლო ხელისუფლებაც, როდესაც ამ უკანასკნელმა (მით უმეტეს, მრავალი დარღვევით) სნგ-ს წესდების რატიფიცირება მოახდინა.
    სნგ-სთან საქართველოს შეერთება ტაქტიკური ნაბიჯი არ ყოფილა - ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველო დაფიქსირდა რუსეთის გეოპოლიტიკურ სივრცეში. და თუ შენ მთელი ცხოვრების განმავლობაში ამ სივრციდან საქართველოს გამოსვლისათვის იბრძოდი, მაშინ რა გესაქმება იმ ხელისუფლებაში, რომელმაც ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო? ის, რომ «ოპოზიცია შეძლებს ამ გადაწყვეტილების შეცვლას მომავალში» - ფუჭი ოცნებაა. უმცირესობა ამას ვერასოდეს შეძლებს და ჯერჯერობით დიდი სურვილიც არ ეტყობა.
    საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ქართულ «პოლიტოკრატიას» ერთი უცნაურობა სჭირს, რომელსაც (ამჯერად ნოდარ ნათაძეს დავესესხები) «შეშინებული ცოლის» სინდრომი შეიძლება ვუწოდოთ: როცა სახლი იწვის, ცოლი უპირველეს ყოვლისა ნაღთლობს, სახლის დაწვა მას არ დაბრალდეს და არა ქონების დაკარგვას.
    ჩვენი ოპოზიციაც, როგორც ჩანს, დიდად გახარებულია იმით რომ (მისი აზრით) სნგ-ში საქართველოს შეყვანისათვის პასუხისმგებლობა მას არ ეკისრება. ეს, რა თქმა უნდა, ილუზიაა. სინამდვილეში, თუ გადაწყვეტილება საბედისწერო აღმოჩნდება, ისტორიული პასუხისმგებლობა დაეკისრება მთლიანად ხელისუფლებას და არა მის რომელიმე ნაწილს (უმცირესობას ან უმრავლესობას).
    ოპოზიციის არაგულწრფელობა, უპირველეს ყოვლისა, ედუარდ შევარდნაძისადმი დამოკიდებულებაში ვლინდება. იგი ამკვიდრებს რამდენიმე სტერეოტიპს, რომელთა უმთავრესი დანიშნულება ისევ და ისევ პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაა.
    მაგალითად ავიღოთ ასეთი სტერეოტიპი: «ედუარდ შევარდნაძემ საქართველო კვლავ შეიყვანა რუსეთის გავლენის სფეროში და ჩვენი ქვეყნის სამართავი ყველა ბერკეტი კრემლს ჩააბარა». მაგრამ ეს ხომ აშკარა ტყუილია! სინამდვილეში, როდესაც 1992 წლის მარტში ედუარდ შევარდნაძე საქართველოში დაბრუნდა, საქართველოს სამართავი ყველა ბერკეტი უკვე კრემლს ეპყრა ხელთ, ხოლო ქვეყანაში უკვე არსებობდა ქაოტური მდგომარეობა, რომელიც სახელმწიფოებრივი სტრუქტურების სრული ნგრევითა და რეალური ძალაუფლების შეიარაღებული დაჯგუფების ხელში გადასვლით იყო განპირობებული.
    ედუარდ შევარდნაძის მიმართ დღევანდელი ოპოზიცია, სნგ-ს საკითხშიც არ არის სამართლიანი. როდესაც 1993 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ყოფილი პრეზიდენტი ლამის თბილისს მოადგა - სნგ-ში შესვლა იყო ერთადერთი საშუალება, რათა ხელისუფლებას მიეღო რუსეთის დახმარება და თავი გადაერჩინა. ეს ყოველივე «ოპოზიციონერებსაც» მშვენივრად მოეხსენებოდათ. როცა შევარდნაძემ ის გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ დღევანდელი ოპოზიციონერები შიშით ცახცახებდნენ - რაკი იცოდნენ, რომ მძვინვარე შურისძიება ელოდათ «დეკემბერ-იანვრის» მოვლენებში მონაწილეობისათვის.
    ყოვლად გაუგებარია «პრორუსულ» ორიენტაციაში შევარდნაძის დადანაშაულებაც იმ პოლიტიკური მოღვაწის მხრიდან, რომელმაც შესანიშნავად იცის, რომ თუ იგი კვლავ იმყოფება ხელისუფლებაში (თუნდაც ოპოზიციის სახით), ეს სწორედაც რუსეთისა და მისი ძლევამოსილი არმიის «დამსახურებაა», რომელმაც ქობალიას რაზმები გაანადგურა.
    დღეს ექსპრეზიდენტი უკვე აღარ არის, ამიტომ «ოპოზიციონერებს» უფრო თამამად შეუძლიათ იმოქმედონ, მაგრამ წარსულის შეცვლა ხომ შეუძლებელია?!
    ედუარდ შევარდნაძეს დღევანდელ ოპოზიციონერებთან საბრძოლველად საკმაოდ, მარტივი, მაგრამ ამავე დროს ქმედითი საშუალება აქვს. რამდენიც არ უნდა იყვიროს ოპოზიციამ, რა საშინელ დანაშაულებშიც არ უნდა დასდოს ბრალი სახელმწიფოს მეთაურს, საკმარისია ეს უკანასკნელი ტრიბუნასთან მივიდეს და საკუთარი თავისადმი ნდობის საკითხი დააყენოს და ჩვენი «გულადი» ოპოზიცია უმალვე ყუჩდება, უმალვე ეწყება შიშის ცახცახი და შევარდნაძის გადადგომის წინააღმდეგ აძლევს ხმას.
    მაგალითად, როდესაც 1993 წლის სექტემბერში, შევარდნაძემ ეს საკითხი დააყენა პარლამენტში, სხვა დროს ესოდენ «გულადი» ოპოზიციონერები სადღაც დაიმალნენ და მხოლოდ ერთმა «შეიკავა თავი» კენჭისყრის დროს.
    სასაცილო სანახავია: ტრიბუნაზე ერთმანეთს ცვლიან ოპოზიციონერები; ისინი ბრალს სდებენ სახელმწიფოს მეთაურს სხვადასხვა უმძიმეს დანაშაულთა ჩადენაში: ქვეყნის ღალატში, ტერიტორიების დაკარგვაში და ასე შემდეგ, მაგრამ შევარდნაძე პასუხად მხოლოდ ერთ კითხვას სვამს და ამ ერთი კითხვით ანადგურებს მათ: «მერედა, რად გინდათ ასეთი სახელმწიფოს მეთაური?»
    მართლაც, საოცარია, მაგრამ ფაქტია - მიუხედავად უმძიმესი ბრალდებებისა, ოპოზიციონერები არ მოითხოვენ მის გადადგომას. არადა, თვით ბრალდებათა შინაარსი ისეთია, რომ არათუ გადადგომა, არამედ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა უნდა მოითხოვონ.
    თანამედროვე ოპოზიციას სურს, შეცვალოს სახელმწიფოებრივი კურსი ისე, რომ თავად შევარდნაძე შეინარჩუნოს. ანუ შევარდნაძე სჭირდებათ, მის გარეშე ქვეყნის მართვა ვერ წარმოუდგენიათ, მაგრამ სურთ აიძულონ შევარდნაძე, - მათ ჭკუაზე იაროს. არაფერი ამ საქმიდან არ გამოვა! შევარდნაძე მოიქცევა ყოველთვის ისე, როგორც მას მიაჩნია საჭიროდ.
    თუ ედუარდ შევარდნაძე «პრორუსულ» კურსს ატარებს საქართველოში, მაშინ ოპოზიციამ კეთილი ინებოს და ან მისი გადადგომა მოითხოვოს, ან წივილ-კივილს მოეშვას და სახელმწიფოებრივ კურსს დაემორჩილოს. საშუალო პოზიცია აქ არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორც ის, რომ არ შეიძლება ოპოზიცია გერქვას ფუნდამენტალურ საკითხებში და ამავე დროს შენი პარტიის წარმომადგენელს ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე ამტკიცებდე - სრული აბსურდია!
    კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ მკითხველისათვის ალბათ ისედაც ყველაფერი ცხადია: ის, რასაც ჩვენ დღეს «ოპოზიციას» ვუწოდებთ, სინამდვილეში არის არა ოპოზიცია, არამედ ხელისუფლებას დახარბებული პოლიტიკანების შემთხვევითი ნაკრები, რომელთა ბედი ისტორიულად უკვე გადაწყვეტილია.

«მსგეფსი», 13-20 აპრილი 1994 წელი.
   

მთელ გვერდზე