1994 - გაძაღლებული ცხოვრება

1994 - გაძაღლებული ცხოვრება

კვირას საქართველოში (უკვე მერამდენედ) გამოირთო ელექტროენერგია. ქალაქში გაჩერდა ერთადერთი ტრანსპორტი - მეტროპოლიტენი. თბილისელები უმწეოდ დალასლასებდნენ ქალაქის ერთი ბოლოდან - მეორეში. იმის წარმოდგენაც კი შემზარავია, რა მოხდება მაშინ, როდესაც თურქმენეთი, ბოლოს და ბოლოს, აღასრულებს თავის მუქარას და უზარმაზარი დავალიანების გამო შეგვიწყვეტს გაზის მოწოდებას - რის შედეგად «თბილსრესიც» გაჩერდება. ენგურჰესი კი, როგორც ცნობილია, აფხაზთა ხელშია.
    გაუგებარია, დღევანდელ პირობებში როგორ ცხოვრობს, როგორ ძლებს ასეულობით ათასი პენსიონერი, მარტოხელა მოხუცი, ინვალიდი. ალბათ ვერც ძლებენ და შიმშილით იხოცებიან - ოღონდ ჩვენ ვერ ვამჩნევთ.
    თბილისი აივსო მათხოვრებით. მათხოვრობა ყოველთვის იყო, მაგრამ ჯერ ერთი, ქართველი მათხოვარი წინათ ათასში ერთხელ თუ გხვდებოდა. გარდა ამისა, გაუბედურებულ ადამიანთა ეს კატეგორია თვისობრივად შეიცვალა - დღეს იგი შედგება იმათგან, ვისაც სხვა გზა მართლა არა აქვს - სხვაგვარად იგი დაიღუპება.
    მეტროს სადგურ «ვაგზლის მოედანზე», სახით და იერით აშკარად ქართველი ბიჭუნა ჩახლეჩილი ხმით მღერის, რათა იქვე, შიმშილისაგან მუხლჩაკეცილ დედას რამენაირად დაეხმაროს. ამის შემხედვარეთ საერთოდ რაზე შეიძლება ვილაპარაკოთ? - რომელ მაღალ იდეალებზე, რომელ სახელმწიფოებრიობაზე, რომელ ეროვნულ ინტერესებზე?
    საღამოს თბილისში ფეხით გავლა შეაძრწუნებს ადამიანს. 6 საათის შემდეგ ქალაქი მკვდარია: ჩაბნელებული შენობები, დაცარიელებული ქუჩები . . . . «წამლად» ერთ გამვლელს ვერ შეხვდები. რომ კვდებოდე - მანქანას არავინ შეგიჩერებს. მხოლოდ ქარი დაქრის დაცარიელებულ ქალაქში.
    დილიდან - საღამომდე დაძრწის თბილისში რამდენიმე ასეული კბილებამდე შეიარაღებული ბანდა; დაძრწის ავტომანქანებით, დაძრწის და ეძებს საკბილოს, გასაძარცვავს, წასაყვლეფს; სრულიად აშკარად, დაუფარავად კრეფს ხარკს. ცენტრალურ მაგისტრალებზე ათეულობით ბენზინსადენი შეგხვდება – ჯებირს მიღმიდან გზისკენ გამოყოფილი. ყველგან ერთი და იგივე სურათია, - კბილებამდე შეიარაღებული ორი ჯგუფი ელაპარაკება ერთმანეთს:
    - ძმაო, ხუთ ლიტრა ბენზინს გთხოვ, სანამ კარგად გელაპარაკები.
    - ძმაო, ამ ცისტერნას რვაასი კაცი უყურებს და მე როგორ მოგცე.
    არის ერთი შფოთი და გაწევ-გამოწევა, ზოგჯერ სროლა და მკვლელობაც.
    ახალგაზრდობა აშკარად გამოიცვალა და არა მარტო მსოფლმხედველობრივი თვალსაზრისით - სადღაც გაქრა ის ლამაზი თაობა, დილიდან - გვიან ღამემდე რომ ავსებდა უნივერსიტეტის ეზოს.
    საქართველოს რაიონებში უფრო უარესი ხდება: ერთ-ერთ ქალაქზე უკვე ამბობენ - იქ თუ მანქანით კაცი დადის, ან ყაჩაღია ან პოლიციის უფროსიო.
    გზები მისხალ-მისხალ დანაწილებული აქვს სხვადასხვა «ფორმირებას» და უმოწყალოდ ძარცვავენ, ყვლეფენ ყველა გამვლელ-გამომვლელს. საქართველოში შემოსვლა შეუძლებელია, ასევე შეუძლებელია გასვლაც. ბანდიტური ხროვების თარეშის გამო ქვეყანა კრიმინალურ საკონცენტრაციო ბანაკს ემსგავსება.
    კახეთში ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა - რომელიღაც თბოელექტროსადგურის შეკეთება გახდა საჭირო. უზარმაზარი ენერგოაგრეგატი დამჭერებიდან მოხსნეს და შესაკეთებლად გაამზადეს. მისი «გულანი» მთლიანად სპილენძისაა. სწორედ ამით «დაინტერესდა» რომელიღაც შეიარაღებული ჯგუფი, მოაყენა სატვირთო მანქანა, ამწეთი დადო მასზე სპილენძის შემცველი აგრეგატი და უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ეს «ოპერაცია» რამდენიმე საათს გაგრძელდა. ყაჩაღები, რა თქმა უნდა, არავის შეუწუხებია.
    ბოლო დროს გამოქვეყნდა შემზარავი ციფრი - საქართველოდან მილიონამდე ადამიანი წავიდა! გაზეთები სავსეა განცხადებებით: ვყიდი ოთხ ოთახიან ბინას ავეჯით, შესანიშნავი რემონტით, ავტომანქანით, სადგომით. . .
    რას ნიშნავს ეს განცხადება? ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ყიდის ყველაფერს - ბინიდან - ჯამ-ჭურჭლამდე და სამუდამოდ (დიახ, სამუდამოდ! აბა ბინას ასე ვინ გაყიდის?) გარბის, მიემგზავრება უცხოეთში, რათა იქ, ამ რამოდენიმე ათასი დოლარით, ახალი ცხოვრება დაიწყოს.
    ჩვენ ჯერ კიდევ კარგად ვერ გაგვიცნობიერებია, რასთან გვაქვს საქმე. საზოგადოებრივი თუ ეროვნული ცნობიერება ყოველივე ამას მაინც დროებით მოვლენად მიიჩნევს, არადა საკუთარ თავს არ გვინდა გამოვუტყდეთ, რომ ეს ადამიანები სამუდამოდ მიდიან! ისინი უკვე აღარასოდეს დაბრუნდებიან საქართველოში!!! მიდიან, ძირითადად, რუსეთში. მიდიან ყველაზე ძლიერები, ყველაზე ნიჭიერები, ყველაზე შემძლენი. ქართველი კაცის მოქნილი გონება და ნიჭი სჭირდება რუსეთს, რომლის უზარმაზარ «ქვაბში» ამჟამად ახალი, «საბაზრო» ცივილიზაცია იხარშება.
    უცხოეთში მოხვედრილი ქართველი კაცი, ჩვენი ეთნოფსიქოლოგიური თავისებურებების გამო, საოცრად ადვილად ეგუება ასიმილაციას - მათი შვილები უკვე «ნახევრად რუსები» იქნებიან, შვილიშვილები - ტიპიური რუსები. ჩვენი თანამემამულეების ეს ტალღა შეავსებს იმ «მცირე ერს» რუსეთში, რომლის შესახებაც წერდა თანამედროვე რუსი შოვინისტი - იგორ შაფარევიჩი და რომელიც «დიდი ერის» შურითა და სიძულვილითაა გარშემორტყმული.
    ათეულობით ათასი ადამიანი ევროპაშიც მიდის საცხოვრებლად. ალბათ ევროპას არ ახსოვს ქართველთა ემიგრაციის ესოდენ მძლავრი ტალღა. თუ ჩვენს ისტორიულ წარსულს გავითვალისწინებთ, ადვილად შესაძლებელია, რომ ისევე, როგორც თავის დროზე სიცილიურმა კლანებმა, ქართველმა ემიგრანტებმაც რაიმე მძლავრი სოციალური ფენომენი შექმნან და «კოზა ნოსტრას» მსგავსად შეაზანზარონ დასავლური ცივილიზაცია, მაგრამ მერედა ჩვენ რა ამით. . .
    ძნელია ეს ადამიანები დაადანაშაულო - ისინი გაურბიან არაადამიანურ პირობებს, რომელიც საქართველოში შეიქმნა, გაურბიან შიმშილს, უშუქობას, სიცივეს, განუკითხაობას, უიმედობას, ცინიზმსა და სისასტიკეს. ახალგაზრდები, რომლებმაც ბრწყინვალედ, «წითელ დიპლომზე» დაამთავრეს სამედიცინო ინსტიტუტი, ახლა შავ მუშებად მიდიან მოსკოვში - მშენებლობაზე, რათა აღებული თანხა ოჯახებს გამოუგზავნონ.
    მიზეზებზე საუბარს ამ კონტექსტში აზრიც არა აქვს. ოღონდ უსინდისოდ ტყუიან ისინი, ვინც ამტკიცებს, თითქოს საქართველოს სხვაგვარად ცხოვრება პრინციპში არც შეუძლია.
    მთავარი მიზეზი ისაა რომ სახელმწიფო სტრუქტურები მთლიანად დანგრეულია. თავის მხრივ, ამის მიზეზი კი ქართველი «თოფიანი კაცის» შინაგანი უკულტურობაა. ნებისმიერი სახელმწიფო სწორედ ამ «თოფიანი კაცის» შინაგან ეთიკაზეა დამყარებული. ჩვენ კი ეს ეთიკა დავკარგეთ. ან დაგვაკარგვინეს.
    და მაინც, რისთვის ვწერ ამ ყოველივეს? - ალბათ, უპირველეს ყოვლისა ისტორიისთვის, თორემ თანამედროვეებმა ძალიან კარგად ვიცით, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება.

«ივერია-ექსპრესი», 1 თებერვალი, 1994 წელი.