ჟამი შენებისა

    საქართველო დიდი და რთული გზის დასაწყისში დგას. ეს არის დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი, სტაბილური სახელმწიფოს მშენებლობის გზა.
    ამ გზაზე უეჭველად საჭიროა სხვა ხალხებისა და ქვეყნების გამოცდილების გაზიარება. მით უმეტეს, თუ ეს ქვეყნები და ერები თავიანთი შინაგანი ბუნებით, ისტორიული გამოცდილებით, ეთნიკური ფსიქოლოგიით არც თუ ძალიან შორს დგანან ჩვენგან.
    ამ დროს რასაკვირველია, აუცილებელია გავითვალისწინოთ კონკრეტული საზოგადოების გამოცდილება და იმ დროს არსებული ვითარებაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრების მცდელობამ შესაძლოა არასასურველი შედეგები გამოიღოს.
    უმთავრესი აქ ის არის, რომ არ არსებობს არც დემოკრატიის, არც საბაზრო ეკონომიკის ერთადერთი და უნივერსალური მოდელი. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, - ნებისმიერი ლიბერალური რეფორმის უმთავრესი მიზანია პიროვნების გათავისუფლება, მისი ცხოვრებისა და შემოქმედებისათვის სათანადო პირობების შექმნა. აი, ეს კი მართლაც უნივერსალური ფასეულობაა. მისი გაზიარების შემთხვევაში კონკრეტული სახელმწიფო წყობა და კანონმდებლობა შეიძლება დიფერენცირებულიც იყოს - ყოველი ერის ისტორიისა და რეალობის გათვალისწინებით.
    ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საგულისხმოა იაპონიის გამოცდილება. რამ გადაარჩინა ეს ქვეყანა, როგორ შეძლო მან წელში გამართვა იმ საშინელი მარცხის შემდეგ, რომელიც მეორე მსოფლიო ომში განიცადა? მან ხომ სამრეწველო კაპიტალის 30% დაკარგა, 9 მილიონი დემობილიზებული, დაუსაქმებელი ჯარისკაცი ჰყავდა, ხოლო ინფლაცია 5000%-ს აღწევდა!
    მრავალი ანალიტიკოსის აზრით, იაპონელები შრომითი მორალის, სამოქალაქო ზნეობისა და საყოფაცხოვრებო კულტურის დამკვიდრებამ გადაარჩინა.
    ფიზიკურად გადარჩენილი იაპონია ფანატიკურად შრომობდა, რათა დანგრეული სამშობლო მკვდრეთით აღედგინა. მოხდა პიროვნული და ეროვნული ინტერესების თანხვედრა. თითოეულმა იაპონელმა იცოდა, რომ მისი პიროვნული კეთილდღეობა უმჭიდროესად იყო გადაბმული სახელმწიფოს განვითარების ტემპთან.
    დღეს იაპონელისათვის დამახასიათებელია გარშემო მყოფთა პატივისცემა დაიმსახუროს არა ლამაზი ფრაზით, ეფექტური ჟესტით და პოზით, არამედ თავისი საქმის კეთილსინდისიერი და ნიჭიერი შესრულებით. იაპონელი მიისწრაფვის თავისი პიროვნება წარმოაჩინოს არა წუთიერი და წარმავალი აღტკინების, არამედ ყოველდღიური, პედანტური შრომის პირობებში, რაც გაცილებით უფრო ძნელია. ჩვენთვის, ქართველებისათვის კი, ჯერ-ჯერობით შეუძლებელი.
    არსებობდა კიდევ ერთი ფაქტორიც - ომმა საზოგადოება მიიყვანა საინტერესო ფსიქოლოგიურ მდგომარეობამდე: როდესაც ყველა ერთნაირად გაღარიბდა, მაგრამ გამდიდრებისა და წინსვლის შანსიც ყველას ერთნაირი ჰქონდა. ადამიანთა ერთობის განმტკიცებას ხელს უწყობდა გულიდან ომის «დიდი ლოდის» გადაგორებაც და მომავლის ნათელი იმედიც.
    აქედან იწყება იაპონური სასწაულის დროითი ათვლა. იმ დროს განხორციელებულმა რეფორმებმა, როგორც ცნობილია, განსაცვიფრებელი შედეგები გამოიღო როგორც ეკონომიკურ, ასევე სოციალურ სფეროში, მაგრამ ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ზოგიერთი თანამდევი ხელშემწყობი პირობის განხილვა.
    უპირველეს ყოვლისა, მტკიცე ხელისუფლება, რომელსაც შეეძლო პრაქტიკულად განეხორციელებინა ეკონომიკური რეფორმები. მიწის რეფორმას მოძველებული სოციალურის სისტემების დიდი წინააღმდეგობა შეხვდა და ამიტომ «მტკიცე ხელით», გარკვეული ძალისმიერი მექანიზმებით იქნა განხორციელებული. გარდა ამისა, იაპონიაში ცეცხლითა და მახვილით ამოწვეს კორუფცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი რეფორმა ბიუროკრატიულ ჭაობში ჩაიხრჩობოდა.
    იაპონიაში (ჩვენგან განსხვავებით) მრავალპარტიულობა მყარ სოციალურ ბაზას ეყრდნობოდა. ყოველი პარტია გარკვეულ სოციალურ ძალას წარმოადგენდა, ამიტომ დემოკრატიული მექანიზმი ადვილად ამუშავდა. პოლიტიკურ სფეროში უმთავრესი მომენტი გახდა ახალი კონსტიტუცია, რომელმაც მკაცრად განსაზღვრა სახელმწიფოებრივი წყობა და ზუსტი ადგილი მიუჩინა იმპერატორს, რითაც ფაქტობრივად საბოლოოდ დაამყარა მკაცრი თანაფარდობა იაპონელთა ეროვნულ გრძნობებს, ისტორიულ თავმოყვარეობასა და ქვეყნის შემდგომი განვითარების ინტერესებს შორის.
    სრული თავისუფლება მიიღეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა და პროფკავშირებმა, რომლებმაც საზოგადოების სოციალური «თვითრეგულირების» ფუნქცია ბრწყინვალედ შეასრულეს.
    ეკონომიკის სფეროში იაპონელებმა დროებით უარი თქვეს ტოტალურ, უკანმოუხედავ ლიბერალიზაციაზე, - შეინარჩუნეს ფასებსა და სახელმწიფო რესურსებზე სახელმწიფოს კონტროლი.
    პირველ ხანებში ჰიპერინფლაციასთან საბრძოლველად მთავრობამ რამოდენიმე ზუსტად გათვლილ მაკროეკონომიკურ ზომას მიმართა. ფულად რეფორმას თან ახლდა ბიუჯეტში გასავლის მკვეთრი შემცირება და მოსახლეობის ფულადი შენატანების «გაყინვა».
    იაპონიაში უდიდესი ყურადღება მიექცა სტრუქტურულ გარდაქმნებს მრეწველობაში, რისთვისაც გამოიყენეს ისეთი ეფექტური მეთოდები, როგორიც არის კრედიტი და სავალუტო რესურსების მოზიდვა. იაფი კრედიტები ეძლეოდა უპირველეს ყოვლისა, მეტალურგიულ და სამთომადნო მრეწველობას, აგრეთვე იმ ქარხნებს, რომლებიც საექსპორტო პროდუქციას აწარმოებდნენ. რაც შეეხება სავალუტო რეზერვებს, მათზე დაწესდა უმკაცრესი კონტროლი და ხარჯვა ხდებოდა მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების შესაძენად.
    ამავდროულად, სულ უფრო ფართო ხასიათს იძენდა ის პროცესი, რომელსაც ჩვენ «პრივატიზებას» ვუწოდებთ და რომელიც სინამდვილეში გაცილებით უფრო მრავალმხრივი და რთულია, ვიდრე საწარმოს კერძო ხელში გადაცემა.
    მოისპო მონოპოლია თითქმის ყველა სფეროში, შეიქმნა მრავალი ახალი საწარმო და სტიმული მიეცა მათ შორის კონკურენციის გაშლას. სწორედ კონკურენცია გახდა იაპონური ეკონომიკის სწრაფი განვითარების წინაპირობა და განაპირობა ისეთი «ჯანსაღადშობილი», დღეს უკვე საქვეყნოდ განთქმული ფირმების წარმოშობა როგორიცაა «სონი», «პანასონიკი» და სხვა.
    მოხდა მსხვილი საწარმოების აქციონირება, - აქციები ფართოდ გავრცელდა მოსახლეობაში, რამაც მრეწველობის მართვის რაციონალიზაცია გამოიწვია.
    იაპონელები თანამიმდევრულად ცდილობდნენ ეკონომიკის მართვის სფეროებიდან გაეძევებინათ ძველებურად მოაზროვნე «მოხუცი» კადრები და მოეზიდათ ახალგაზრდები, რათა «ახალი სისხლი» შთაესხათ იაპონური ეკონომიკის ინტელექტუალურ შრეში.
    აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ რეფორმები ამ ქვეყანაში დიდი სიფრთხილითა და წინდახედულობით ხორციელდებოდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ზოგიერთ სფეროში შენარჩუნებული იყო სახელმწიფო კონტროლი, რომლის არეალი თანდათანობით ვიწროვდებოდა და დღეისათვის ნულზეც დავიდა.
    იაპონური სახელმწიფო გააფთრებით იცავდა საკუთარ ბიზნესმენს - სახელმწიფო პროტექციონიზმის პოლიტიკა (მიუხედავად საერთაშორისო ხელშეკრულებებისა) შეწყდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც იაპონელი ბიზნესმენი მყარად დადგა ფეხზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტივებს იაპონიის მთავრობა ამ პერიოდში ნაკლებ ყურადღებას აქცევდა და პრინციპულად იცავდა «იაპონური ბაზრის» ინტერესებს.
    დღეს ბევრი თვლის, რომ იაპონური სახელმწიფო კვლავ აკონტროლებს საწარმოთა უმრავლესობას და თითქოს ამ ქვეყანაში ერთგვარი «სახელმწიფო კაპიტალიზმია». ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. რა აწარმოონ, რა ფასად და სად გაყიდონ - ამას მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესმენი წყვეტს. თუმცა, სახელმწიფოს მაინც გააჩნია გარკვეული ბერკეტები, მაკროეკონომიკურ დონეზე - ბიუჯეტის სახით, საშუალედოზე - საგადასახადო სისტემის გამოყენებით, ხოლო მიკროეკონომიკურ დონეზე - სხვადასხვა ლიცენზიებისა და ხარისხის დამადასტურებელი ცნობების გაცემის გზით.
    რა თქმა უნდა, ყოველი სასწაულმოქმედი ეკონომიკური სისტემის ცენტრში ჩვეულებრივი მუშაკი დგას. იაპონელ მუშას, ინჟინერს, ხელმძღვანელს, მთელ მსოფლიოში «ბიორობოტებს» უწოდებენ. ისინი მართლაც თავდავიწყებით შრომობენ კვირაში 6 დღეს, ხოლო წლის განმავლობაში მათი შვებულება მხოლოდ 7 დღეა. მათი არაადამიანური ძალისხმევის მიღმა სამშობლოს, მშობელი ერის დიდი სიყვარული იმალება. იაპონელები ჩვენსავით «ფეოდალურის ფსიქოლოგიის» მატარებელი ერია. მათთვის შინაგანად უცხოა ანგლოსაქსებისათვის დამახასიათებელი ცივი პრაგმატიზმი. მათთვის შრომა ქვეყნისათვის ლოცვაა, - მისი ძლიერებისათვის ზრუნვა.
    მრავალ შესანიშნავ ხელოვანს აღუწერია მისთვის უცხო, ახალ ეპოქაში მოხვედრილი ადამიანისა და ერის ტრაგედია. განსაკუთრებული ელვარებით ეს შეძლო დიდმა იაპონელმა კინორეჟისორმა, აკირო კუროსავამ თავის გენიალურ ფილმში «შვიდი სამურაი».
    ჩვენთვის კი, ქართველებისათვის არანაკლებ ძვირფასია დიდი კონსტანტინე გამსახურდიას «მთვარის მოტაცება», რომლის გმირი ენგურში იხრჩობა, - ძველი, წასული საქართველოს ძებნაში დაქანცული.
    ქართველებმაც უნდა «მოვიკლათ წარსულ დროებაზე დარდი». დღეს ვალდებულნი ვართ მტკიცედ გავუსწოროთ თვალი ახალ ეპოქას, რადგან კვლავ დგება «ჟამი შენებისა».

«ივერია-ექსპრესი», 5 აგვისტო 1993წ.

მთელ გვერდზე