1991 წლის სექტემბერი - ქართული სახელმწიფოებრიობის აღსასრულის დასაწყისი

1991 წლის სექტემბერი - ქართული სახელმწიფოებრიობის აღსასრულის დასაწყისი

    «ეროვნული მოძრაობის» ბობოქარი მოვლენების შემდეგ, იმ მოვლენათა ბევრი მონაწილე ირწმუნებოდა, «ისტორიის სამართალი სიყალბე და მითია, სინამდვილეში ბევრი რამ სამარადისოდ ამოუცნობი დარჩებაო».
    რასაკვირველია გულისხმობდნენ ზოგიერთ იდუმალებით მოცულ მოვლენას და თავიანთ როლს ამ მოვლენათა ორგანიზებაში. მაგრამ ჟამთა მსვლელობამ მათი იმედი გააქარწყლა. ჭეშმარიტად, «არა არს დაფარული, რომელი არ განცხადდეს» - თანდათანობით ყველაფერს ნათელი ეფინება და ცხადი ხდება, თუ რა ქვეტექსტი ან «მამოძრავებელი გულანი» ჰქონდა ამა თუ იმ აქციას, რომელმაც დიდად განსაზღვრა პროცესების განვითარება საქართველოში.
    მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი «აქციათაგანი» 2 სექტემბრის მიტინგია კინოს სახლის წინ, რომელიც ხელისუფლებამ დაარბია, რაც პრეზიდენტის საწინააღმდეგო ტალღის აგორების მიზეზი გახდა და 4 თვის შემდეგ დაამხო კიდეც იგი.
    იმდროინდელი პროცესების აქტიური მონაწილე, ნოდარ ნათაძე დღეს უკვე აცხადებს, რომ 2 სექტემბრის აქცია წინასწარ ორმხრივად ჩაფიქრებული, მომზადებული და შეთქმული პროვოკაცია იყო; მისი თქმით, იგი ლამის ძალით მიიყვანეს დარბევის შემდეგ გამართულ «მამხილებელ» მიტინგზე, ხელში შეაჩეჩეს მიკროფონი და მანაც თქვა ის, რაც (როგორც ახლა მიაჩნია) არ უნდა ეთქვა: კერძოდ, ბრალი დასდო პრეზიდენტს აქციის დარბევაში და მის მმართველობას «მარაზმატული» ეწოდა.
    სინამდვილეში, 2 სექტემბრის აქცია, რა თქმა უნდა, წინასწარ დადგმული სისხლიანი სპექტაკლი იყო, რომელშიც თანაბრად მონაწილეობდა როგორც იმდროინდელი ოპოზიცია (მისი შეიარაღებული ნაწილის - «მხედრიონისა» და «გვარდიის» ჩათვლით), ასევე ფორმალურად ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფი «ძალისმიერი სტრუქტურებიც».
    ბევრმა იცის, რომ 2 სექტემბერს დაგეგმილი იყო არა მიტინგი კინოს სახლთან, არამედ მსვლელობა უზენაესი საბჭოს შენობისაკენ, სადაც ზვიად გამსახურდიას მომხრეებს კარვები ჰქონდათ გაშლილი. მსვლელობაში აქტიურ მონაწილეობას «მხედრიონელებიც» მიიღებდნენ (ისინი, ვისი დაპატიმრებაც ზვიად გამსახურდიამ ვერ შეძლო), რომლებიც უზენაესი საბჭოს შენობასთან ჩხუბსა და დებოშს ატეხდნენ, რათა შემდგომი «ტალღა» აეგორებინათ.
    მაგრამ რეალურად ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა. შავნაბადაზე «გამაგრებულ» კიტოვანს და მის გარშემო შემოკრებილ ძალებს უამრავი გულშემატკივარი ჰყავდათ «ოფიციალურ» ძალისმიერ სტრუქტურებში - კერძოდ, პოლიციაში. სწორედ მათ მოილაპარაკეს საიდუმლოდ «პოზიციასთან» და 2 სექტემბერს «ომონი» გააგზავნეს კინოს სახლთან.
    წინასწარი მოლაპარაკების შესახებ «ომონის» რიგით წევრებს შესაძლოა არც არაფერი სცოდნოდათ, მაგრამ «კინოს სახლთან» მათი გამოჩენისთანავე ჩხუბის ატეხვა უკვე «ტექნიკის საქმე» იყო. შემდგომ სროლა დაიწყეს ჰაერში, რათა «დარბევას» კიდევ უფრო საზარელი ელფერი მისცემოდა. იმავე საღამოს ვიდეოფირი «აფრინეს» მოსკოვში და რუსეთის ტელევიზიამაც უდიდესი სიხარულით აუწყა მთელ მსოფლიოს საქართველოში «დემოკრატიული რევოლუციის» დასაწყისი.
    ამ დროს ზვიად გამსახურდია ამერიკელ სენატორებს ხვდებოდა, რომელთაც, რასაკვირველია, აღარ ისურვეს საუბრის გაგრძელება «დიქტატორთან» და სამშობლოში გაემგზავრნენ.
    2 სექტემბრის აქცია რომ პროვოკაცია იყო, თუნდაც იმით დასტურდება, რომ პოლიციის ყველა «ბობოლა» ხელმძღვანელი, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ქალაქის პოლიციასა და «ომონს» ხელმძღვანელობდა, დეკემბერ-იანვრის შემდეგ, არათუ არ დაუსჯიათ, დააჯილდოვეს და დააწინაურეს კიდეც.
   

მერიდიანი, 9 სექტემბერი, 1997 წ.