1983: „თვითმფრინავის ბიჭები“ და საბჭოთა ხელისუფლება

1983: „თვითმფრინავის ბიჭები“ და საბჭოთა ხელისუფლება

რეზო გიგინეიშვილის ფილმი „მძევლები“ ალბათ შემთხვევით გამოქვეყნდა სწორედ იმ დროს, როცა საქართველო ევროპასთან უვიზო რეჟიმით ხარობს და ძალიან ბედნიერნი ვართ ყველანი, რომ „უბრალოდ შეგვიძლია ავიღოთ ბილეთი და გავფრინდეთ ევროპაში“.

გადაადგილების თავისუფლება ადამიანის „ბუნებითი უფლებაა“ (ჯონ ლოკის ტერმინოლოგიით) და ნამდვილად ვერ დაიყვანება „არაკლასიკურ“ უფლებებამდე, რომელთა არსი დღეს უკვე მოდურ „მემარცხენე“ დისკურსში რამდენიმე კრიტიკოსმა „შესანიშნავი“  სინქრონულობით გამოხატა: „კი, უკვე შეგიძლიათ გაფრინდეთ თავისუფლად და . . . . . . . ,. იმუშავოთ მომვლელებად, მოჯამაგირეებად თუ მრეცხავებად“

ზოგადად, 1983 წლის საზარელი ტრაგედია და მისი თანამედროვე „ინტერპრეტაცია“ სწორედაც კლასიკური ნიმუშია იმისა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ეპოქას და მის მიერ შობილ მენტალობას ისტორიული მოვლენის აღქმისას: ადამიანი, რომელსაც კომუნისტურ ეპოქაში არ უცხოვრია, ვერაფრის დიდებით  ვერ შეძლებს გაიგოს არა იმდენად „რა“, რამდენადაც  „რატომ“ და „როგორ“.

ეს ინტელექტუალური პრობლემა არ არის: უნდა გეცხოვრა იმ ეპოქაში, რათა მისი სულისკვეთება შეგესისხლხორცა. საქმე განვლილ ათწლეულებში როდია. სწორედაც სულისკვეთებისა და საზოგადოებრივი ატმოსფეროს თვალსაზრისით, 2017 წელს - 1983 წლისგან არა 34 წელიარამედ „ათასწლეულები“ აშორებს!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 

ახალგაზრდა რეჟისორი, რეზო გიგინეიშვილი რომ, ყველაფერთან ერთად, უბრალოდ ჭკვიანი ადამიანია, სწორედ ეს მომენტი მეტყველებს, რომელიც მისი ფილმის ბევრმა კრიტიკოსმა არათუ ადეკვატურად ვერ აღიქვა, არამედ ვერც კი შენიშნა: ისინი, ვინც „მძევლებს“ აცხადებს „ფილმად იდეის გარეშე“, გულწრფელად ვერ ხვდებიან, რომ ეს რეჟისორის მიზანმიმართული ქმედებაა: ავტორი ცდილობს აღადგინოს ისტორიული კონტექსტი მისი გარემოს, სულისკვეთების, აგრეთვე იმ უხილავი, ხშირად იდუმალი ფენომენის ჩათვლით, რასაც „ატმოსფერო“ ეწოდება და უამრავი თითქოსდა წვრილმანი მიმართებით თუ დეტალით „იქსოვება“. საგნები („მარლბორო“-ს კოლოფიდან - „ბიტლების“ ფირფიტამდე და  ბობ მარლეის თუ მიკ ჯაგერის პოსტერამდე) მხოლოდ ხსენებულ მიმართებათა გამოხატულებაა.

ოღონდ, კინემატოგრაფიული ხერხებით ამგვარი „მატრიცის“ ისე „მოქსოვას“, რომ მაყურებელს ძალდატანებისა და ხელოვნურობის შთაბეჭდილება არ დარჩეს, განსაკუთრებული ნიჭი და უნარი სჭირდება. პირველ რიგში რეჟისორის, რა თქმა უნდა სცენოგრაფთან, კოსტიუმერთან და მსახიობთა შესანიშნავ ანსამბლთან ერთად.

მათ მიმართ სწორედაც არც ერთ კრიტიკოსს არ ჰქონია პრეტენზია: გიგინეიშვილს აკრიტიკებენ საზრისის, უფრო სწორად „საზრისის არქონის“ გამო, რაც სულ სხვა საკითხია. ეს იგივეა, დიდი სტივენ სპილბერგის შედევრალური „მიუნჰენი“ გააკრიტიკო 1972 წლის  მოვლენათა „ცალმხრივი“ ჩვენების გამო და საერთოდ ვერ შენიშნო, რამდენად ოსტატურად (გენიალურობამდე) ახერხებს იგი იმდროინდელი გარემოს, მათ შორის საზოგადო სულისკვეთებისა და ატმოსფეროს აღდგენას 30 წლის შემდეგ.

თანაც, რეზო გიგინეიშვილის „ნეიტრალობა“  და „უიდეობა“ (ვიმეორებ) მისი მიზანმიმართული, შეგნებული არჩევანია: ადამიანმა, რომელსაც, ასაკის გამო, კომუნისტურ ეპოქაში არ უცხოვრია, ოსტატურად შეძლო „ეპოქის აღდგენა“  და ამით შექმნა „მხატვრული ტილო“ განსჯისათვის. ანუ, „უიდეობის გამო“ რეჟისორის გაკრიტიკება სრულია უაზრობაა: არ შეიძლება ხელოვანი გააკრიტიკო მიზნისათვის, რომელიც მას  არ დაუსახავს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  

1983 წლის ტრაგედიას რამდენიმე მითი და „კონტრ-მითი“ უკავშირდება. ფილმის ავტორებმა რომ ისტორიული კონტექსტი კარგად შეისწავლეს, აშკარად ჩანს ამ მითების დასაბუთებულად გაქარწყლებაში.

მაგალითად, ერთ - ერთი ასეთი მითი (დღემდე მოისმენ და წაიკითხავ): „ის ბიჭები „სვეცკი“ ოჯახებიდან იყვნენ, გავლენიანი მშობლები ჰყავდათ, ამიტომ სულ ადვილად შეეძლოთ დასავლეთში წასვლა, მაგრამ სპეციალურად აირჩიეს ტეროროსტული გზა .....“.

არადა, ეს არათუ მითი, არამედ მტკნარი სისულელეა: ადამიანები, ვინც მას დღემდე კულტივირებენ იმ დისკურსში, რომ „არ შეიძლება სხვათა უბედურების ხარჯზე საკუთარი ბედნიერება მოიწყო“,  მსჯელობისას „სტრუქტურულად“ ცდებიან და თავად ვერ ამჩნევენ, ამ ცდომილებით როგორ ამართლებენ ზუსტად იმას, რასაც გმობენ, როცა ამბობენ:   „თავისუფლად შეეძლოთ დასავლეთში წასვლა და.....“.

სინამდვილეში,  არ შეეძლოთ ბატონებო. არ შეეძლოთ! ე.წ. „სოციალისტურ ქვეყნებში“ კი, მაგრამ „კაპიტალისტურში“ - გამორიცხულია!

ბევრი ცუდად იცნობს ან ცუდად ახსოვს იმდროინდელი სისტემა: „სოციალისტურ ვიეტნამში“ წასასვლელადაც კი ექვსი თვე უნდოდა სხვადასხვა ცნობების, თანხმობების, ვიზების (დღევანდელ ვიზებს არ ვგულისხმობ) რეკომენდაციების შეგროვებას. ხოლო „კაპიტალისტურ ქვეყანაში“ - გამორიცხულია თუ კომკავშირის „ცკ“-ს მდივანი არ იყავი. ჰოდა არ იყვნენ ისინი კომკავშირის „ცკ“-ს მდივნები!

რეზო გიგინეიშვილმა „მასალა“ იმდენად ღრმად შეისწავლა, რომ ეს იცის - განსხვავებით მისი ბევრი კრიტიკოსისგან.

მეორე დეტალი, რომელიც რეჟისორის მოულოდნელ (მისი ასაკის გათვალისწინებით) და მართლაც საოცარ კომპეტენტურობაზე მეტყველებს, არის „საგანგებო შტაბის“ სხდომა აეროპორტში.

დავაკვირდეთ: რეჟისორს რომ პრიმიტიული „პლაკატურ-იდეური“ ნახელავის შექმნა სდომოდა, -  იმდროინდელი თუ თანამედროვეობაში გადმოსული სტერეოტიპების ასახვით, - მის ფილმში „შტაბის“ სხდომას, რასაკვირველია კომპარტიის „ცკ“-ს პირველი მდივანი, ედუარდ შევარდნაძე წარუძღვებოდა. არადა ფილმში (და ისტორიულ რეალობაშიც) შტაბის სხდომა მიჰყავს, ესე იგი გადაწყვეტილებებს იღებს არა შევარდნაძე, არამედ საბჭოთა КГБ-ს საქართველოს განყოფილების უფროსი, გენერალი ალექსი ინაური. სწორედ მას აბარებს პატაკს  სპეცჯგუფ „ალფას“ მეთაური, პოლკოვნიკი ზაიცევი და იღებს ბრძანებას შტურმის დაწყების შესახებ.

რეჟისორი მტკიცედ და პატიოსნად აბათილებს მითს იმის შესახებაც, რომ ერთ-ერთ ტერორისტთან ვითომდაც „ექიმები არ მიუშვეს და იგი ამიტომ დაიღუპა სისხლისგან დაცლით“; რომ გამტაცებლებს არავინ მოუკლავთ და მხოლოდ ცეცხლზე-ცეცხლით პასუხობდნენ; რომ ლადო გუდიაშვილის შვილიშვილმა, ანანო მელივამ, ვინც თინათინ ფეტვიაშვილის ერთ-ერთი მეჯვარე (იმ დროს „ხელისმომკიდე“) იყო, „ყველაფერი იცოდა, მაგრამ დიდი მხატვრისადმი რიდით ააცილეს“, რაც აგრეთვე სრული სისულელეა: „თვითმფრინავის გატაცების“ საქმე სსრკ  მრისხანე დიქტატორს, იური ანდროპოვს პირად კონტროლზე ჰქონდა აყვანილი და „ანანოს რომ სცოდნოდა, ლადო გუდიაშვილის კი არა ლეონარდო და ვინჩის შვილიშვილობა ვერ უშველიდა.

აბსოლუტური, პირუთვნელი სიზუსტითაა აღდგენილი (და რეჟისორულად ბრწყინვალედ გადაღებულ) „ექშნ-სცენები“, ანუ უშუალოდ თვითმფრინავის გატაცების მომენტი, სროლა, საპასუხო სროლა, მკვლელობა, თვითმკვლელობა და ა.შ.

ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ მღვდელი, ვისი უდანაშაულობაც (თუ „არაპოლიტკორექტულად“ ვიტყვით) „ადამიანური ლოგიკით“ უფრო დასტურდება, ვიდრე იურიდიულით, სწორედ ადვოკატმა შეიყვანა შეცდომაში და ააღებინა დანაშაული თავზე. რაც იმას არ ნიშნავს, თითქოს სხვა შემთხვევაში დაინდობდნენ, მაგრამ მაინც.......

ამ მხრივ, ერთგვარი ნაკლია, რომ ფილმის ავტორებმა ზუსტად გადმოსცეს გეგა კობახიძის საბოლოო სიტყვა, მაგრამ გამორჩათ, ან გაუგებარი მიზეზით არ ასახეს ერთ-ერთი ძმა ივერიელის ბევრად უფრო მეტყველი, ნიშანდობლივი, საზარელი ფრაზა: სათქმელი ბევრი არაფერი მაქვსჩვენ სიკვდილის ღირსნი ვართ და მოვკვდებით!“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 

ამგვარი დეტალიზაცია და სიზუსტე სულაც არ ნიშნავს, რომ ფილმი „ფოტოგრაფიულია“ და ავტორს მეტი  არაფერი აინტერესებს. მაგრამ მისი უდავო ღირსებაა, რომ რეჟისორი ისე ახერხებს „საზრისის“ შექმნას, რომ საკუთარ განწყობას არ გვახვევს თავს. „აბა რა მისი ბრალია“ თუ თვით ფაქტებს, დიალოგებს, თითქოსდა უმნიშვნელო დეტალებს მივყავართ დასკვნებამდე. უფრო ზუსტად, მივყავართ უმთავრეს პრობლემამდე, რომელიც საზოგადოებამ უნდა გაიაზროს:

როდესაც „ეროვნული მოძრაობის“ ძალისხმევით ციხიდან გათავისუფლებულ თინათინ ფეტვიაშვილს მისი დედამთილი (გეგა კობახიძის დედა) საყვედურობს: „იმ უდანაშაულო მგზავრებს მაინც რას ერჩოდით.......სულელი ბიჭი........“.  ანუ შინაარსობრივად: „ეს რამ ჩაგადენინათ?!“, ყოფილი პატიმარი-ქალი, ვინც ციხეში 6 წელი გაატარა პასუხობს: „კი მაგრამ, განა თქვენ არ გეუბნებოდით, ეს რა საშინელებაში ვცხოვრობთო?“.

ფსიქოლოგიურად ზუსტი და მხატვრულად დახვეწილი მინიშნებაა ქართული საზოგადოების, მათ შორის მისი „ელიტური ნაწილის“ მანკიერებაზე, ანუ მორალურ-ზნეობრივ  „ლაბილობაზე“, უპასუხისმგებლობასა და „ღირებულებით აღრეულობაზე“, რაც ეპოქიდან - ეპოქაში გრძელდება.

კითხვა: „ისინი“ რა, ადამიანები არ იყვნენ? „იმათ“ რა, შვილები არ ჰყავდათ? „იმათ“ რა, სიცოცხლე არ უნდოდათ? „ისინიც“ ხომ ახალგაზრდები იყვნენ?“ - იმ დროს არათუ უპასუხო იყო, არამედ, რაც ბევრად ნიშანდობლივია, საერთოდ არ ისმოდა და არალეგიტიმურად, „არამოდურად“, „გოიმურად“ ითვლებოდა ელიტური „სვეცკი ინტელიგენციის“ იმ წრეში, ვინც მაშინ ხელმოწერებს აგროვებდა სიკვდილმისჯილთა შესაწყალებლად (რის შედეგადაც ყველანი სულ რაღაც 6 წლის შემდეგ გათავისუფლდებოდნენ), მერე სამარცხვინოდ უარყოფდა საკუთარ ხელმოწერებს, თუმცა არც ერთ შემთხვევაში, არც ერთი წუთით არ უშვებდა, რომ თვითმფრინავში დაღუპულთა ახლობლების კითხვა: „ისინი“ რა, ადამიანები არ იყვნენ? „მათ“ სამართალი არ სჭირდებათ?!.. ......“ აბსოლუტურად ლეგიტიმურია მორალური, ზნეობრივი, ღირებულებითი თუ ნებისმიერი სხვა თვალსაზრისით, - განურჩევლად ისტორიული თუ ეპოქალური კონტექსტისა, - რადგან „ადამიანობის“ (!) ისეთ საფუძვლებს ეხება, რომელიც ეპოქიდან-ეპოქაში უცვლელია.

აი, სწორედ, ქართული საზოგადოების და მისი ელიტების ეს მახინჯი თვისება გამოვლინდა მოგვიანებით, როდესაც „ეროვნული მოძრაობის“ პროცესები ისე განვითარდა, როგორც განვითარდა საქართველოში.

რეჟისორი ამასაც გვიჩვენებს ფილმში. ოღონდ ასევე ოსტატურად და ძალდაუტანებლად: „ყალმის ერთი მოსმით“ - იმ მომენტში, როდესაც თინათინ ფეტვიაშვილი ციხიდან გამოდის.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 

მაგრამ რეზო გიგინეიშვილის ქმნილების უმთავრესი ღირსება მაინც ისაა, რომ მთელი  არსით, ფილოსოფიით, მაღალი მხატვრული დონით, რეჟისორული ოსტატობით, ბუნებრივად   მივყავართ იმავე „წყეულ კითხვამდე“: „ვინ არის დამნაშავე?“ და გვაიძულებს, გამოვრიცხოთ მარტივი, სტერეოტიპული პასუხები.

თავის მხრივ, თუ დღემდე მიმდინარე დისკუსიას გადავავლებთ თვალს,  ეს კითხვა რამდენიმე „აზრობრივ კორელანტზე“ დაიყვანება, რომელიც გამოიხატება განწყობის ამსახველი სინტაქსური მიმართებებით: „ვინ მოკლა „ესენი?“ (თვითმფრინავის ბიჭები)?. პასუხი: „საბჭოთა ხელისუფლებამ“. ხოლო „ისინი“ (თვითმფრინავში დაღუპული უდანაშაულო ადამიანები)? „ისევ საბჭოთა ხელისუფლებამ“, რადგან....... „მაშინ რომ ადამიანებს  საზღვარგარეთ თავისუფლად წასვლის საშუალება ჰქონოდათ, არაფერიც არ მოხდებოდა......“

სინამდვილეში, „მძევლები“ ესოდენ პრიმიტიულ დასკვნებამდე ვერ დაიყვანება. იგი უფრო ღრმა და რთულია, განურჩევლად იმისა, ფილმს „მძევლებს“ დაარქმევდნენ თუ „ტერორისტებს“, რადგან „ნაცვალსახელით“ მანიპულირების მიუხედავად, ბოლოს მაინც მიდიხარ იმ დასკვნამდე, რომ მსხვერპლნიც და მძევალნიც სწორედ თვითმფრინავის სრულიად  უდანაშაულო  მგზავრები, გამცილებლები და პილოტები იყვნენ; მკვლელი - საბჭოთა ხელისუფლება, ოღონდ . . . . . . . .  სწორედ „ესენი“ იყვნენ საბჭოთა ხელისუფლება!!!

დათო გამცემლიძე

GHN