10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის დღეა

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის დღეა

        1948 წლის 10 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ (შემდგომ ასამბლეამ) მიიღო ადამიანის უფლებათა საყოველთაო «დეკლარაცია», რომელშიც ჩამოთვლილი იყო ის ძირითადი უფლებები და თავისუფლებანი, რაც უნდა ჰქონდეს ყოველი ცივილიზებული ქვეყნის მოქალაქეს.
        საბჭოთა კავშირის იმდროინდელმა ხელისუფლებამ (რასაკვირველია, დაუვიწყარი იოსებ ბესარიონოვიჩი მყავს მხედველობაში) გაეროს შესთავაზა «კლასიკური» ულბებებისათვის, ეგრეთ წოდებული, «სოციალური» უფლებები დაემატებინათ. ამ თემაზე «საბჭოთა დიპლომატებმა» ნამდვილი გნიასი ატეხეს თავიანთ სატელიტებთან ერთად, თუმცა, ბევრს ვერაფერს მიაღწიე. შაბედნიეროდ.
        დემოკრატიულ სამყაროს მათთვის რომ ესმინა, «ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში» ლენინის 70-ტომეულის თუ არა, კარლ მარქსის «კაპიტალის» ჩაწერა მოუწევდა.
        გარდა ამისა, უბრალოდ აბსურდი იყო საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკთა განაწესის გადმოწერა ამ დეკლარაციაში «ადამიანს აქვს შრომის, დასვენების, სამედიცინო მომსახურების უფლება» - ასე იმდროინდელი «შრომა-გასწორების» კოლონიათა ბინადარ საცოდავ «ზეკებსაც» ჰქონდათ შრომის (ხელფასსაც იღებდნენ), 8 საათიანი ძილის და სამედიცინო დახმარების უფლება – სხვა საქმეა, რამდენად ხარისხიანი იყო ეს «დახმარება».
        ამიტომ, მადლობა ღმერთს, დემოკრატიულმა ქვეყნებმა პრინციპულობა გამოამჟღავნეს, არ მიაქციეს ყურადღება კომუნისტების დემაგოგიას და დაეყრდნენ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის უფლებათა კლასიკურ ფორმულას, რომელიც ჯერ კიდევ საფრანგეთის დიდი რევოლუციის ეპოქაში ჩამოყალიბდა: ადამიანს აქვს უფლება სიცოცხლისა, თავისუფლებისა და ბედნიერებისაკენ სწრაფვისა.
        ყველა სხვა უფლება (სიტყვის თავისუფლებიდან - უდანაშაულობის პრეზუმფციამდე) სწორედ ამ კლასიკური ფორმულიდან გამომდინარეობს.
        ეგრეთ წოდებული, «სოციალური უფლებები» კი პირწავარდნილი დემაგოგიაა: თავისუფლების პირობებში ადამიანი უეჭველად შეძლებს ნიჭითა და შრომით თავის რჩენას – შესაბამისი საქმიანობისა და სარჩოს მიგნებას. «ადამიანის გასაბედნიერებლად, მისი სოციალური უფლებების დასაცავად» მიმართული ძალისხმევა კი მთავრდება ან ტროცკის «ტრუდარმიებით» ან სტალინის გულაგით ან პოლ-პოტის «ჩუჩხეს ბანაკებით».
        ადამიანის «სოციალურ უფლებათა» დაცვას შეეწირა საბჭოთა კავშირის 30 მილიონი მოქალაქე (ტყუპისცალ ნაციონალ-სოციალიზმთან ბრძოლაში დაღუპულ 25 მილიონს არ ვთვლი) და კიდევ, მაგალითად, კამპუჩიის 7 მილიონი მოქალაქიდან – 4 მილიონი!
        აი, ეს შედეგი მოჰყვება ადამიანის სოციალური უფლებების «დასაცავად» მისი კლასიკური უფლებების შეზღუდვას. ამიტომ, ყველგან, სადაც სოროებიდან გამოძვრებიან ძალები, რომლებიც აბუჩად იგდებენ დემოკრატიას, აბუჩად იგდებენ ადამიანის კლასიკურ უფლებებს და ამ დროს აპელირებენ, სპეკულირებენ მოსახლეობის სოციალური გაჭირვებით – იქმნება საფრთხე თუნდაც ვუალირებული კომუნისტური გადატრიალებისა.
        ამ საზიზღარი დიქტატორული ბაცილის მატარებელია ყველა, ვინც ამა თუ იმ ფორმით, ამა თუ იმ ხარისხით მოითხოვს, ადამიანს წაერთვას თავისუფალი არჩევანის უფლება, იმუშაოს თბილისში ან ნიუ-იორკში, იყიდოს ქართული ჩაი ან ცეილონისა და ასე შემდეგ.
        ეგრეთ წოდებული, «შეღავათიანი კრედიტები» (ინფლაციისა და ვალუტის «გაბონების» ხარჯზე), ისევე, როგორც, ეგრეთ წოდებული «პროტექციონიზმი» იმავე მოვლენის პირველი, საწყისი, მაგრამ საშიში გამოვლინებაა, რომლის შედეგად ტროცკის «ტრუდარმია» არ შეიქმნება, მაგრამ ტოტალიტარიზმის დამპალი ძვალი მას «ხორცში უდევს».

დილის გაზეთი, 9 დეკემბერი, 20000 წელი