ჯუმბერ პატიაშვილის ფაქტორი

ჯუმბერ პატიაშვილის ფაქტორი - ეროვნული მოძრაობა

ჯუმბერ პატიაშვილის ფაქტორი

ქართული ეროვნული მოძრაობის ცენტრალურ მოვლენათა თაობაზე უკვე ბევრი ითქვა. ალბათ უპრიანია ითქვას იმ ფიგურათა შესახებაც, ვინც გადამწყვეტი და განმსაზღვრელი როლი შეასრულეს იმ მოვლენებში.
    დღემდე მიჩნეულია, რომ ამ პერიოდის მთავარი ფიგურები არიან ზვიად გამსახურდია და ედუარდ შევარდნაძე. შესაბამისი მითოლოგიაც კი იქმნებოდა მათი ისტორიული და ზნეობრივი დაპირისპირების შესახებ («როსტომი - თეიმურაზი» და სხვა მითოპოეტური სისულელე), რომ თითქოს ამ საბედისწერო დაპირისპირებამ განსაზღვრა საქართველოს ისტორია, ჯერ მოუპოვა ქვეყანას დამოუკიდებლობა, შემდეგ წაგლიჯა და ა.შ.
    სინამდვილეში, ამგვარ სტერეოტიპულ წარმოდგენებს რეალობასთან საერთო არაფერი აქვთ. ედუარდ შევარდნაძეც და ზვიად გამსახურდიაც «გარემოების საყვირნი» იყვნენ მხოლოდ - ისინი არ ქმნიდნენ და არ განსაზღვრავდნენ პროცესს. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ გამსახურდია ამას ვერ აკეთებდა, ხოლო შევარდნაძე შეგნებულად არ აკეთებდა, რათა გარდაუვალი დამანგრეველი შედეგისათვის პასუხისმგებლობა არ დაკისრებოდა.
    ამიტომაც, საქართველოს უახლესი ისტორიის ტრაგიკომედიად იქცა, რომ სწორედ ის ხალხი («მოძრაობის» რიგითი წევრები), ვინც 1988-1989 წლებში ფეხშიშველი დარბოდა რუსთაველზე «დამოუკიდებლობის» მოთხოვნით და «კრემლის» წყევლა-კრულვით, - ათი წლის შემდეგ იმავე შევარდნაძეს ადანაშაულებდა: «მაგან არ დაიწყო «პერესტროიკა» და ქვეყნის დაქცევაო». თითქოსდა «პერესტროიკა» გულისხმობდა ლოზუნგს «ძირს რუსეთის დამპალი იმპერია» და ყველაფრის დაქცევა - დანგრევას ბრიყვული (თანაც უღონო) რადიკალიზმით.
    მაგრამ ქართული საზოგადო ცნობიერების უცნაურობებზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. საგულისხმო აქ ის გახლავთ, რომ ედუარდ შევარდნაძეც და ზვიად გამსახურდიაც უკვე არსებულ, მიმდინარე პროცესს მოექცნენ სათავეში სხვადასხვა დროს. ოღონდ თვით პროცესი მათ არ შეუქმნიათ. როდესაც ედუარდ შევარდნაძე საქართველოში დაბრუნდა 1992 წლის 7 მარტს, - «დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის» პროცესი უკვე ინსპირირებული (მიმდინარე) იყო და შევარდნაძეს შეეძლო მხოლოდ ამ პროცესის ფარგლებში ემოქმედა.
    სწორედ ამიტომ, ედუარდ შევარდნაძეს არ შეიძლება დაეკისროს რაიმე პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესის გარდაუვალ დამანგრეველ შედეგებზე: პოლიტიკოსი ისტორიულად პასუხს აგებს პროცესის შედეგზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც (თუკი) თვით პროცესი მისი ინიციირებულია.
    სხვაგვარად თუ ვიტყვით, შევარდნაძეს არ «გადაუხდია» ის ფასი (იხ. ზემოთ-ავტ), რაც საქართველოს დამოუკიდებლობა «დაჯდებოდა» უეჭველად.
    მაშასადამე, აუცილებელია ვიპოვოთ მოვლენა (და ამ მოვლენის შემოქმედი პიროვნება თუ პიროვნებები), რომელმაც განსაზღვრა ან დიდწილად განაპირობა პროცესის განვითარება ასეთი მიმართულებით. ამ შემთხვევაში ისევ და ისევ მივდივართ 9 აპრილამდე, - ქართული ეროვნული მოძრაობის უმთავრეს, განმსაზღვრელ მოვლენამდე, რომელმაც განაპირობა პროცესთა განვითარება იმ მიმართულებით, რომლითაც ისინი წარიმართნენ საქართველოში. აგრეთვე მათი სიღრმე, სისწრაფე და რადიკალიზმი.
    სწორედ ეს გარემოება გვაიძულებს დავასკვნათ, რომ ცენტრალურ ფიგურებად უნდა ჩაითვალონ არა ზვიად გამსახურდია და ედუარდ შევარდნაძე, არამედ. . . . . ირაკლი წერეთელი და ჯუმბერ პატიაშვილი!
    პირველი იმიტომ, რომ სწორედ ის იყო 9 აპრილის მთავარი «შემოქმედი» (და არა ზვიად გამსახურდია ან გია ჭანტურია). ჯუმბერ პატიაშვილი კი იმის გამო, რომ მაშინ იგი გახლდათ ხელისუფალი და მას (ერთადერთს) შეეძლო (ევალებოდა) მთელი ძალაუფლების გამოყენება პროცესებზე ზემოქმედების მოსახდენად, რათა არ დაეშვა მათი პათოლოგიური განვითარება.
   
        საერთოდ, ჩვენში დამკვიდრებული სტერეოტიპისა და მენტალური განწყობის შესაბამისად, კომუნისტური ლიდერის ქმედებებზე მსჯელობა არასერიოზულად აღიქმება, ვინაიდან ითვლება, რომ ის სრული მარიონეტი იყო და ყოველმხრივ მოსკოვიდან იმართებოდა.
    თვისებრივად ეს მართლაც ასეა, მაგრამ არსობრივად, «რესპუბლიკის» კომუნისტურ ლიდერს მაინც ჰქონდა საშუალება (მით უმეტეს 1985-1989 წლებში, როდესაც იმპერიული ადმინისტრაციის წნეხი შესამჩნევად შესუსტდა), გარკვეულ პოლიტიკურ სეგმენტში გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიეღო - გამოეყენებინა მის ხელთ არსებული ძალუმი ბერკეტები, რათა აღეკვეთა პროცესთა განვითარება იმ მიმართულებით, რომელიც თავად მას დამღუპველად მიაჩნდა და არც თუ «მთლად» უსაფუძვლოდ.
    აქ მხოლოდ 9 აპრილზე არ არის საუბარი, თუმცა თვით 9 აპრილის დროსაც ჯუმბერ პატიაშვილი არც თუ (ასე ვთქვათ) რაციონალურად მოიქცა.
    მისი მთავარი ამოცანა უნდა ყოფილიყო, «9 აპრილამდე» არ მიეყვანა საქმე, თორემ რაკი საქმე აქამდე მივიდა, რაკი «მოძრაობის ლიდერებმა» შესაბამისი საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური დომინანტების შექმნა მოახერხეს, რაკი რუსთაველზე ანტირუსული ლოზუნგებით მიტინგებისა და დემონსტრაციების გამართვა ჩვეულებრივ საქმედ იქცა და რაკი დაიწყო «მთავრობის სახლთან» ის საბედისწერო მიტინგი, - შემდეგ ყველაფერი უკვე გარდაუვალი გახდა.
    ირაკლი წერეთლისა და სხვა «ლიდერების» მოქცევა პროცესთა სათავეში, მათი გარდაქმნა ამ პროცესთა ცენტრალურ ფიგურებად სწორედ ჯუმბერ პატიაშვილის უმძიმესმა შეცდომებმა განაპირობა.

    ზემოთ ამ საკითხებზე უკვე გვქონდა საუბარი.  პატიაშვილმა იმთავითვე საბედისწერო შეცდომით დაიწყო: როგორც კი «ცკ»-ს პირველი მდივანი გახდა, უმალვე გადაუხადა სამაგიერო სოლიკო ხაბეიშვილს (გათვითცნობიერებულ მკითხველს ეცოდინება, რისთვის - ავტ.), გაათავისუფლა იგი თანამდებობიდან, მაგრამ ესეც არ აკმარა: ხაბეიშვილი შემდგომ დააპატიმრეს კიდეც.
   ეს იყო ჯუმბერ პატიაშვილის საბედისწერო, უპატიებელი შეცდომა. ისეთი შეცდომა, რომელზეც დიდი ტალეირანი ბრძანებდა: «დანაშაულის ტოლფასიაო».
    განურჩევლად იმისა, ჰქონდა თუ არა პიროვნულად საფუძველი სოლიკო ხაბეიშვილისადმი ამგვარი დამოკიდებულებისა, პატიაშვილს უნდა ჰყოფნოდა გონიერებაც, მოთმინებაც (ჭეშმარიტი პოლიტიკოსის უძვირფასესი თვისება, რაც ესოდენ უხვად ჰქონდა შევარდნაძეს) და თვითგადარჩენის ელემენტარული ინსტიქტიც, რათა ამგვარი შეცდომა არ დაეშვა.
    საქმე ის გახლავთ, რომ ხაბეიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება და შემდგომ მისი დაპატიმრება ქართულმა «ელიტარულმა ინტელიგენციამ» აღიქვა (სწორადაც აღიქვა), როგორც პირდაპირი დარტყმა ედუარდ შევარდნაძეზე, რომელიც იმ დროს უკვე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.
    შევარდნაძე «ელიტის» წრეში მანამდეც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ მისი ავტორიტეტი ათჯერ გაიზარდა. ამ დროს კი პატიაშვილმა (ასე იყო ეს აღქმული) «მოსკოვში წასვლა არ აცალა და «ზურგში დანა ჩასცა».
    ხაბეიშვილის დაპატიმრებამ სწორედ ამიტომ გამოიწვია უდიდესი აჟიოტაჟი მოსკოვშიც. იმ რუს შოვინისტებს (სსრკ უმაღლეს ხელისუფლებაში), ვისაც ქართველის დანიშვნა ამ პოსტზე ძალიან არ ეპიტნავათ, თბილისში დატრიალებული ამბები და შევარდნაძის «მარჯვენა ხელის» დაპატიმრება (მექრთამეობის ბრალდებით) უდავოდ გაუხარდებოდათ, ვინაიდან ეს უძლიერებდათ არგუმენტებს და ასაბუთებდა მათ შოვინისტურ შეხედულებებს.
    შევარდნაძის აღზევებით აღფრთოვანებულმა ქართულმა ელიტამ, რომლის ეროვნულ გრძნობებს ტკბილად ელამუნებოდა ის ფაქტი, რომ (პირველად, სტალინის შემდეგ) ქართველი კაცი იმპერიის უმაღლეს ხელისუფლებაში შევიდა (თანაც, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პოსტზე), პატიაშვილს ეს არ აპატია. რაც სავსებით ბუნებრივია - ბოლოს და ბოლოს, წარმოუდგენელია პატიაშვილს არ ჰქონოდა გაცნობიერებული, რომ მისი ნაბიჯი მართლაც აღქმული იქნებოდა, როგორც წინამორბედისათვის «ზურგში დანის ჩაცემა».
    არადა (ეს არის ყველაზე მთავარი), «ელიტარული ინტელიგენციის» მხარდაჭერის გარეშე, ნებისმიერი ხელისუფალი იმ ვითარებასა და სისტემაში სრულიად უძლური იქნებოდა.
    70-იან წლებში ედუარდ შევარდნაძემ ყველაფერი გააკეთა ხსენებული (აწ უკვე «ნეტარხსენებული») სოციალური ფენის გასაძლიერებლად და მხარდაჭერის მოსაპოვებლად. დაიმსახურა კიდეც თანადგომა. პატიაშვილმა ამ გარემოებას ყურადღება არ მიაქცია ან მისი იგნორირება მოახდინა, რაც უდიდესი, მიუტევებელი შეცდომა იყო.
    როგორც არ უნდა ეწყენინებინა მისთვის ხაბეიშვილს (აქ მტყუან-მართლის გარჩევა ჩვენი საქმე არ არის -ავტ.) პატიაშვილს თავი უნდა მოეთოკა და ემოციებს არ აჰყოლოდა. შეიძლებოდა, ბოლოს და ბოლოს (თუ შექსპირული ვნებები სტანჯავდნენ), სოლიკო ხაბეიშვილისათვის თანამდებობიდან გადაყენება ეკმარა, მაგრამ მისი დაპატიმრებით პატიაშვილმა პირდაპირ, ღიად დაადასტურა, რომ თავს თვლიდა ედუარდ შევარდნაძის მტრად! რომ ომს უცხადებდა ქართველ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც, მიუხედავად მოსკოვში გადასვლისა, კვლავინდებურად უდიდესი გავლენით სარგებლობდა საქართველოში.
    თანაც ეს ეხებოდა არა მხოლოდ სოლიკო ხაბეიშვილს, არამედ შევარდნაძის თანამებრძოლებად მიჩნეულ სხვა ფიგურებს. მაგალითად, ჟიული შარტავასა და მამუკა ასლანიკაშვილს, რომლებიც, ამასთანავე, «დამოუკიდებელი ავტორიტეტითაც» სარგებლობდნენ ისტებლიშმენტში.
    ბუნებრივია, ქართული ელიტა (უფრო ფართოდაც - ისტებლიშმენტი) ასეთ შეურაცხყოფას პატიაშვილს არ აპატიებდა. ეს გარემოება ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახდა შემდგომში ისეთი ვითარების შექმნისა, როცა ჯუმბერ პატიაშვილი, ფაქტობრივად მარტო დარჩა მოზღვავებული პრობლემების პირისპირ - ინტელიგენციის, ელიტისა და ისტებლიშმენტის მხარდაჭერის გარეშე.
    პირველად ეს გარემოება გამოვლინდა «ტრანსკავკასიური რკინიგზის» მშენებლობის თაობაზე გაშლილ ბობოქარ დისკუსიებში. შემდგომ - ხელისუფლებისათვის კრიტიკულ სხვა მომენტებში.
    იმას როდი ვგულისხმობ, თითქოს «ელიტარული ინტელიგენციის» მხარდაჭერა რაიმე გადამწყვეტი ფაქტორის როლს შეასრულებდა, მაგრამ გარკვეული მნიშვნელობა ამას მაინც ექნებოდა - თუ, რასაკვირველია, ჯუმბერ პატიაშვილი სხვა მხრივ ივარგებდა და სწორად წარმართავდა პოლიტიკას.
    თუმცა, მან ვერც ამ თვალსაზრისით გადადგა გონიერი ნაბიჯები. მთელი მისი მმართველობა უმძიმესი შეცდომების სერიაა, რაც, საბოლოოდ, 9 აპრილის სისხლიანმა ტრაგედიამ და საქართველოში ფაქტობრივი ხელისუფლების «არაფორმალებისათვის» გადაცემამ «დააგვირგვინა».
    შესაძლოა დაისვას კითხვა: მაინც რა უნდა ექნა, რა უნდა ეღონა, რათა მიმართულება შეეცვალა პროცესებისათვის?
    ნამდვილად ბევრი რამ შეეძლო! მაგალითად, ხშირად გაიგონებთ: ედუარდ შევარდნაძე რომ 1985 წელს მოსკოვში არ გადაეყვანათ და «ცკ»-ს პირველ მდივნად დაეტოვებინათ, - იგი 9 აპრილამდე საქმეს არ მიიყვანდა, რაღაცას მოიფიქრებდა, იეშმაკებდა, რამეს იღონებდა, ახალ დროს ალღოს აუღებდა და ასე შემდეგ.
    მართლაც, პატიაშვილის ისტორიული უბედურება ის არის, რომ მან ალღო ვერ აუღო პროცესებს და ვერ მიხვდა (ჯერ კიდევ 1987 წელს უნდა მიმხვდარიყო): საბჭოთა კავშირში ახალი ეპოქა იწყებოდა და თუ იგი პროცესებს თავად არ ჩაუდგებოდა სათავეში, ეს პროცესები და მათთან ერთად აგორებული ზვავი უეჭველად გასრესდა. ამიტომ თავიდანვე აქტიურად უნდა ემოქმედა, რათა, მარტივად თუ ვიტყვით, ინიციატივა ხელიდან არ გაეშვა. არადა ხელისუფლება (მით უმეტეს იმდროინდელი) მას ხომ აპრიორი ანიჭებდა ინიციატივას, ანუ «საწყისი სვლის უფლებას».
    პირველი, რაც უნდა გაეკეთებინა, - დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინა ტელევიზია იდიოტური კომუნისტური იდეოლოგიური წნეხისაგან. აქ იმდენად «სიტყვის თავისუფლებას» არ ვგულისხმობ (პოლიტიკური აზრით), რამდენადაც ტელევიზიის ქცევას ობივატელისათვის უფრო საინტერესო ფენომენად. მაგალითად, ისეთ თითქოსდა წვრილმანს, როგორიცაა აკრძალული და მხოლოდ ვიდეოს პრივილეგირებულ მფლობელთათვის ხელმისაწვდომი ფილმების ჩვენებას, თანამედროვე მუსიკას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
    მესმის, რომ შეუძლებელია გარკვეული ზღვარი აქ არ არსებულიყო, ვინაიდან კომუნისტური რეჟიმი ჯერ კიდევ ინარჩუნებდა თავს, მაგრამ გარდაქმნათა და ცვლილებათა პირველი ნიშანი სწორედ ტელევიზია უნდა გამხდარიყო. ადამიანებს უნდა ეგრძნოთ, რომ რაღაც ნამდვილად იცვლება საქართველოში. არადა, ფაქტობრივად პირიქით მოხდა: როცა მთელ საბჭოთა კავშირში, ინფორმაციულ სფეროში, საოცარი ცვლილებები მიმდინარეობდა, საქართველოში ვითარება კვლავინდებურად «ჩამყაყებული» იყო.
    ამასთანავე, აქაც ალბათ სამართლიანობისა და ზომიერების დაცვაა საჭირო შეფასებისას - საქართველოში სიტყვის რეალურ თავისუფლებას აფსუა და ოსი სეპარატისტები უეჭველად გამოიყენებდნენ თავიანთი მიზნებისათვის. გარდა ამისა, ჩვენი ინტელიგენციის მნიშვნელოვანი ნაწილის ინტელექტუალური დონის გათვალისწინებით, სიტყვის «ქართული» თავისუფლება შეიძლებოდა გადაზრდილიყო მარაზმში და გადაიზარდა კიდეც.
    აბა რა პატიაშვილის ბრალია, თუ ცენზურის ოდნავი შერბილებისთანავე, პირველივე სტატიაში, რაც მწერალთა გაზეთში დაიბეჭდა, ავტორი შავით თეთრზე წერდა, რომ საქართველოში არაქართულ მოსახლეობას გამრავლების საშუალება უნდა შეეზღუდოს? ეს სტატია დასავლეთში იმის დამამტკიცებელი საბუთი გახდა, რომ «კომუნისტური რეჟიმის შერბილებამ მრავალ საბჭოთა რესპუბლიკაში შეიძლება ფაშისტური ძალები გამოათავისუფლოს». და ამას მხოლოდ პროფესორი ჰიუიტი როდი წერდა.
    მიუხედავად ამისა, ჭკვიანური მოქმედების შემთხვევაში ბევრი რამის მოხერხება შეიძლებოდა. პატიაშვილი ზოგ რამეს სწორადაც აკეთებდა. მაგალითად, როდესაც უნივერსიტეტში მიდიოდა და «ქაღალდის გარეშე», უშუალოდ ლაპარაკობდა ტრიბუნიდან. მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი.
    საქართველოში 1987 წლიდანვე უნდა დაწყებულიყო საუბარი დემოკრატიაზე, პიროვნულ თავისუფლებაზე, პიროვნული ინტერესების პრიორიტეტულობაზე.
    ჯუმბერ პატიაშვილი უნდა მიმხვდარიყო, რომ ხელისუფლება იმ სახით, როგორითაც იგი არსებობდა კომუნისტური რეჟიმის დროს, - სულ მალე ვეღარ იარსებებდა. ამდენად, 1987-1988 წლიდანვე დაეჭირა თადარიგი.
    მართალია, მან შექმნა «რუსთაველის საზოგადოება», მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი - აუცილებელი იყო «ელიტარულ ინტელიგენციას» ეგრძნო რეალური ძალაუფლება და რეალური პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესებზე.
    აქედან გამომდინარე, პატიაშვილს ჯერ კიდევ 1988 წელს (ნოემბრის აქციის შემდეგ მაინც) უნდა წამოეყენებინა «დემოკრატიული, მრავალპარტიული არჩევნების იდეა» (როგორც ეს გააკეთა ბალტიისა და მოლდოვის მმართველმა ელიტამ) და ყველაფერი ეღონა, რათა იმ არჩევნებში (1989 წლის შემოდგომაზე - ლიტვის მსგავსად) სწორედ ირაკლი აბაშიძის «რუსთაველის საზოგადოებას» და მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ სახელისუფლებო ბირთვს გაემარჯვა.
    კვლავინდებურად დარწმუნებული ვარ: «9 აპრილამდელ» საზოგადოებრივ ატმოსფეროში ეს სავსებით რეალური ამოცანა იქნებოდა.
    ამავდროულად, ჯუმბერ პატიაშვილს, შეძლებისდაგვარად ყველაფერი უნდა ეღონა კომუნისტური რეჟიმის იმ თვისებათა მოსაშლელად, რაც ჩვეულებრივ პიროვნებას აღიზიანებდა და სოციალური უსამართლობის შეგრძნებას ბადებდა მასში.
    მაგალითად, უნდა გაეხსნა საზღვარი, მიეღწია ისეთი ვითარების შექმნისათვის, როდესაც საზღვარგარეთ (დასავლეთში!) მოგზაურობა არ იქნებოდა ელიტარული კასტის პრივილეგია.
    როგორც კი ოდნავი პირობები შეიქმნა, საქართველოში გაათმაგებული ტემპით უნდა დაწყებულიყო კოოპერატივების გახსნა-დაფუძნება. იმდროინდელ ხელისუფლებას ხომ უამრავი საშუალება ჰქონდა ასეთი პროცესების წასახალისებლად და «ცეკავშირის» თუ სხვა ამგვარი ორგანიზაციების მაფიოზური მონოპოლიის მოსაშლელად.
    ხელისუფლება ყველა ხერხითა და მეთოდით უნდა დახმარებოდა კერძო მეწარმეს, ლიბერალურად განწყობილ პიროვნებას - იმ ადამიანს, ვისაც ოჯახური მყუდროების, შვილების წარმატებისა და პირადი ბედნიერების გარდა არაფერი აინტერესებდა, ანუ სწორედ იმ «ობივატელს», რომელიც ყველგან და ყოველთვის პიროვნული თავისუფლების, ანტიტოტალიტარიზმის, სტაბილურობის, სიმშვიდის, ევოლუციურობის დასაყრდენი და გარანტიაა.
    არ დაიჯეროთ მტკნარი სისულელე, თითქოს კომუნისტური რეჟიმი, თუნდაც ბრეჟნევისა და ანდროპოვის ეპოქაში, «ობივატელის გულგრილობას ეფუძნებოდა» - არავითარ შემთხვევაში! რეალურად, ობივატელი ნებისმიერი ტოტალიტარიზმის უპირველესი მტერია, ვინაიდან ტოტალიტარიზმი უეჭველად გულისხმობს მობილიზაციას, პიროვნული მისწრაფებების უგულებელყოფას, რაც კატეგორიულად მიუღებელია ობივატელისათვის, ვისაც ოჯახური მყუდროება, შვილების მოფერება, გემრიელი ვახშამი, საინტერესო წიგნი ან ფილმი თუ სპექტაკლი და საფეხბურთო მატჩი ყველაფერს ურჩევნია და სხვა არც არაფერი აინტერესებს.
    (1991 წელს «მოძრაობის» ტოტალიტარიზმს სწორედ ეს პიროვნება აუჯანყდა ფიზიკურად და სულიერად, მაგრამ უკვე გვიან იყო, ვინაიდან «მოძრაობის» მეორე («კონგრესისტულმა») ფრთამ იეშმაკა, თვითონაც დაუპირისპირდა გამსახურდიას და ამით «მოძრაობის» პოლიტიკურ დომინანტებს ძალმოსილება შეუნარჩუნა).
    პატიაშვილს უნდა შეექმნა პირობები (რაც მას ნამდვილად შეეძლო), რათა «გათეთრებულიყო» მანამდე «ცეხებში» ნაშოვნი და «მუთაქებში» შენახული ფული.
    ერთი სიტყვით, ყველაფერი ეღონა, რათა საქართველოში ცვლილებათა ატმოსფერო დამკვიდრებულიყო. თუნდაც ეს კონკრეტულად მისი ხელისუფლებისათვის სარისკო ყოფილიყო.
    მაგრამ ყოველივე სრულიად ფუჭი იქნებოდა, თუ პატიაშვილი არ გააცნობიერებდა, რომ მას არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეშვა ფაქტობრივი ძალაუფლების გადასვლა ასოციალური ჯგუფების ხელში, ანუ არ დაეშვა ხელისუფლების, როგორც ასეთის დამბლა საქართველოში.
    როგორც ზემოთ ითქვა, 1989 წლის 9 აპრილიდან - 1990 წლის 28 ოქტომბრამდე საქართველოში ხელისუფლება საერთოდ აღარ არსებობდა. არა აქვს მნიშვნელობა, რომ მანამდე კომუნისტური ხელისუფლება იყო და რას წარმოადგენდა ის ხელისუფლება, რამდენად გულისამრევი იყო იგი და ასე შემდეგ. ოღონდ კომუნისტური ხელისუფლების მოსპობა ჩვენში აქციეს საერთოდ ხელისუფლების (როგორც ასეთის) მოსპობად. ანუ ხელისუფლება საერთოდ აღარ ფუნქციონირებდა - არც კომუნისტური, არც არაკომუნისტური და არც არანაირი.
    (აკი შეგახსენეთ, ელემენტარული ისტორიული ჭეშმარიტება: ნებისმიერი ხელისუფლება სჯობს უხელისუფლებობას! )

    ჯუმბერ პატიაშვილის მმართველობის კრიტიკული პერიოდი იყო შუალედი 1988 წლის 29 ნოემბრიდან - 1989 წლის 4 აპრილამდე. ანუ, ნოემბრის ცნობილი აქციიდან - აპრილის აქციამდე. სწორედ ამ შუალედში უნდა მოეხერხებინა მას (თუ რამ შეეძლო) ვითარებაში გარდატეხის შეტანა, რათა საქმე 9 აპრილამდე აღარ მისულიყო. თუმცა, უმჯობესი იქნებოდა, რასაკვირველია, 1988 წლის დამდეგისთანავე აეღო ალღო ვითარებისათვის, მაგრამ რაკი მაშინ ვერ მიხვდა, - «ნოემბრის აქციების» შემდეგ ხომ მაინც ყველაფერი თვალნათელი გახდა?
    რა თქმა უნდა, აქ არაფორმალთა დაპატიმრებას არ ვგულისხმობ - ეს სრულიად ფუჭი იქნებოდა და მხოლოდ გაართულებდა ხელისუფლების მდგომარეობას, ვინაიდან ის «ინტელიგენცია», ვინც შემდგომ (როცა გამსახურდია კონკრეტულად მათ პრივილეგიებსა და სოციალურ სტატუსს დაემუქრა) უიარაღო «ზვიადისტთა» მიტინგების დახვრეტას ტაშს უკრავდა, მაშინ ისტერიკებს მოაწყობდა «რეპრესიების» საწინააღმდეგოდ და კატეგორიულად მოითხოვდა «რეპრესირებულთა» გათავისუფლებას.
    არც უნიჭოდ ორგანიზებულმა პროპაგანდამ და 1989 წლის 26 თებერვალს ტელევიზიით ზვიად გამსახურდიას მარაზმატიული «სინდისის სასამართლოს» ჩვენებამ გაჭრა. არადა, ქართულ ელიტას (ინტელიგენციას) ელემენტარული გონიერება რომ ჰქონოდა, ამ «სასამართლოს» ხილვისთანავე უნდა ეგრძნო საფრთხე. ანუ, როცა იხილა, როგორ მიუტანა თითი გია ჭანტურიამ შუბლთან ზურაბ ჭავჭავაძეს და უთხრა: «მე შენ გაგიხვრიტავ შუბლს» - უმალვე უნდა მიმხვდარიყო, რომ საქართველოში პროცესთა განვითარებამ უაღრესად საშიში, პათოლოგიური ხასიათი შეიძინა და მიეღო შესაბამისი ზომები.
    (კაცმა რომ თქვას, სხვა რა ექნა პატიაშვილს? - ეს მომენტი («მე შენ გაგიხვრიტავ შუბლს») სამჯერ გაიმეორა ტელევიზიამ. მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ!)
    და მაინც, ჯუმბერ პატიაშვილს ჰქონდა საშუალება, რაღაც შეეცვალა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ: მის ადგილას მაშინ იგივე ედუარდ შევარდნაძე რომ ყოფილიყო (მისთვის დამახასიათებელი უცდომელი ალღოთი, სახელისუფლებო ინსტინქტითა და ეშმაკობით), ჯერ კიდევ 1988 წელს იგრძნობდა საფრთხეს და რაღაცას მოახერხებდა გამანადგურებელი ტალღის საწინააღმდეგოდ. მაგრამ პატიაშვილმა ვერ შეძლო, რადგან პოლიტიკური ნიჭი არ აღმოაჩნდა.
    სწორედ ეს არის მისი ისტორიული დანაშაული (ხელისუფალი შეცდომას არასდროს უშვებს და უძლურება-უმწეობას არ ამჟღავნებს - იგი დანაშაულს ჩადის) და არა 9 აპრილი, რაშიც მას გაცილებით ნაკლები ბრალი მიუძღვის, ვიდრე იმ პროვოკაციული აქციის ორგანიზატორებს, ვინც უდანაშაულო ადამიანები მსხვერპლად შესწირა «მოძრაობის» საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიურ დომინანტთა გაბატონებას და პროცესთა სათავეში მოქცევის «აუცილებლობას».
    სწორედ პატიაშვილის, როგორც პოლიტიკოსის (ასე ვთქვათ) სისუსტის შედეგად ასცდა საქართველო არაპათოლოგიური ტრანსფორმაციის რაციონალურ გზას, რომელსაც 1988 წლიდან დაადგა ყველა «მოკავშირე რესპუბლიკა» - სხვადასხვა პირობებში სხვადასხვა მეთოდებითა და ტექნოლოგიით.
    არადა, ზოგიერთი სიმპტომის მიხედვით, საფრთხეს ხომ ჯუმბერ პატიაშვილიც გრძნობდა. საქართველოსათვის კი მას სიკეთის გარდა არაფერი სურდა. იგი უდავოდ ტრაგიკული ფიგურაა. ისევ და ისევ შეგახსენებთ მის ისტორიულ გამოსვლას ტელევიზიით 9 აპრილამდე ორიოდე დღით ადრე: «. . . . საფრთხეშია ქართველი ერის თვით ზნეობრივი პოტენციალი».
    თუ ეს სხვამ არ დაუწერა და თვითონ მიხვდა, - ეტყობა, უკანასკნელ მომენტში მართლა იგრძნო, რა მნიშვნელობა ექნებოდა მოვლენას, რომელიც მთიდან მომსკდარი ზვავივით უახლოვდებოდა საქართველოს