ჯაბას ანეგდოტი

ჯაბას ანეგდოტი- ეროვნული მოძრაობა

ჯაბას ანეგდოტი

საქართველოს პარლამენტის მიკროფონთან დგას ჯაბა იოსელიანი. მისი ერთგული მხედრიონელებიც (ბარძაყზე «სტეჩკინის» ავტომატური პისტოლეტებით) იქვე სხედან. დარბაზი მისავათებულია ხანგრძლივი დისკუსიით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა პრობლემებზე. «რადიკალ-პატრიოტები», რა თქმა უნდა, «კრემლთან» რაიმე კომპრომისის კატეგორიული წინააღმდეგნი არიან. «რეალისტები» - «სხვა გზას ვერ ხედავენ». ედუარდ შევარდნაძე შესანიშნავად ხვდება, რომ ქართულ «ელიტარულ ინტელიგენციას» ვერ დაარწმუნებს რუსეთის წინაშე «დაჩოქების» უაზრობაში, ამიტომ თავს ისე აჩვენებს თითქოს «რადიკალთა ამბოხის» ეშინია.
   ამ დროს კი ჯაბა ამბობს ეპოქალურ ანეგდოტს, რომლითაც ქართული ნაციონალიზმის არსის გამოხატვას ცდილობს: «ერთმა კაცმა მამათმავალი შეიყვანა აბანოში, საშინელი შეურაცხყოფა მიაყენა და მერე ეკითხება - ეგ ხანჯალი რომ გკიდია, რად გინდაო. იმან უპასუხა: შეურაცხყოფა რომ არავინ მომაყენოსო»
   ეს ანეგდოტი ეპიტაფიად გამოდგება ქართული ეროვნული მოძრაობისათვის! ჯაბა იოსელიანის ფრაზა, რომელიც პირდაპირ ეთერში მთელმა საქართველომ მოისმინა, ძალზე ზუსტად გამოხატავდა «მოძრაობის» რეალურ მდგომარეობას უკვე იმ დროისათვის.
   ერთადერთი, ვინც ხმის ამოღება გაბედა ამ საზარელი შეურაცხყოფის პასუხად, იყო თორნიკე ფიფია. მან სხდომა დატოვა სიტყვებით: «თუ ამ დარბაზში ვინმე ქურდად ზის, მე არ მინდა არიფად ვიჯდე». მას ვახტანგ რჩეულიშვილი გამოეკიდა სიტყვებით: «ის როგორაა, ზვიად გამსახურდია რომ ჩეჩნებთან ერთად ცხოვრობსო». არადა, რა შუაში იყო იმ მომენტში გამსახურდია - ვერავინ გაიგო. ქართული ინტელიგენციის ფავორიტი ხომ არა მხოლოდ და არა იმდენად საკუთრივ «მოძრაობის ლიდერებს» გულისხმობდა, რამდენადაც ზოგადად, ქართულ ნაციონალიზმს.
   ჯაბას ანეგდოტი მკაფიო ასოებით უნდა ამოიტვიფროს პირველი პარლამენტის შენობაზე. მას მიაჩნდა, რომ ეს ანეგდოტი იყო პასუხი ნებისმიერი შემდგომდროინდელი თუ მომავალი ქართველი ნაციონალისტისათვის, ვინც ოდესმე სიტყვა «ეროვნულის» წარმოთქმას გაბედავდა.
   ერი, რომელიც ასეთ საზარელ შეურაცხყოფას მოითმენს (გადაყლაპავს) არ აჯანყდება და ქუჩებს საკუთარი სისხლით არ მორწყავს, - ძნელია ერად იწოდებოდეს!
   რაც შეეხება ვახტანგ რჩეულიშვილს, იგი მაშინ ჯაბას ემადლიერებოდა რამაზან აბდულატიპოვთან და სერგეი შახრაისთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო. ეს ორი გაიძვერა მოსკოვიდან იმის დასაფიქსირებლად ჩამოვიდა, რომ საქართველო თანახმა იყო გაგრის დაკარგვა «ახალ რეალობად» ეცნო და გაგრის რაიონში ლტოლვილთა დაბრუნება (იმ დროს ჯერ ასე იდგა საკითხი) წინაპირობად არ დაეყენებინა მოლაპარაკებათა გაგრძელებისათვის.
   შესაბამისი ოქმის ხელმოწერამ პარლამენტში საშინელი რეაქცია გამოიწვია.
   ნოდარ ნათაძე: «მე ვამჯობინებდი ჩამოვეხრჩე, ვიდრე ასეთი დოკუმენტისათვის მომეწერა ხელი».
   იზა ორჯონიკიძე: «არაკაცური იყო თქვენი გამოსვლა ბატონო ვახტანგ!»
   თვით პარლამენტის ვიცე-სპიკერი სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა, მრავალმნიშვნელოვნად იღიმებოდა და თავს დამნაშავედ არ ცნობდა. ერთ ეპიზოდში (ეს ბევრმა შენიშნა) თითიც კი აღმართა, როდესაც სახელმწიფოს მეთაურს ვითომ სხვა თემაზე ესაუბრებოდა - თითქოს აფრთხილებდა კიდეც: «ჩუმად ვარ, მაგრამ. . .»
   ვნებათა მძვინვარება ფოიეშიც გრძელდებოდა. ერთ-ერთი ქართველი დიპლომატი ჟურნალისტებთან საუბრისას აღშფოთებას ვერ ფარავს: «წარმოგიდგენიათ, აბდულატიპოვსა და შახრაის მანქანისა და საჭმელის ფულიც კი გადაახდევინეს. კი მაგრამ, ჩვენ ხომ ქართველები ვართ? როგორ შეიძლება საქართველოში სტუმარს საჭმელის ფული გადაახდევინო?»
   ამის გამგონე ერთი ჟურნალისტი, დიპლომატთან ინტერვიუს დასრულების შემდეგ, თამაზ კვაჭანტირაძის გონებამახვილურ ხუმრობას იხსენებს (70-იანი წლების ტელელექციიდან): «ამბობენ ქართული სუფრა დიპლომატიური აკადემიაა და საქართველოში ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი სუფრაზე წყდებოდა. მაშ თუ ასეა, - აკადემია სუფრა ყოფილა და თუ სუფრასთან წყდებოდა პოლიტიკური საკითხები, ამიტომაც წავიდა ფსკერისაკენ ქართული პოლიტიკის ხომალდი XVIII საუკუნის ბოლოს»
   ნამდვილად ასეა: რაკი სერგეი შახრაიმ მოსკოვში დაბრუნებიდან მცირე ხნის შემდეგ რუსულ პრესაში გაგვლანძღა, უეჭველად იმის გამო იქნებოდა ნაწყენი, რომ «ქართულად» არ გავუმასპინძლდით და სტუმრობის ფული გადავხდევინეთ.

    ახალი ქართული პარლამენტი მართლაც «კარუსელს» ჰგავს. პარტიები ლაღობენ და «ღლაბუცობენ». ვახტანგ გოგუაძის საყვარელ ფრაზად «დავკვალიანდეთ» იქცა. დღის ბოლოსათვის ის საერთოდ ვეღარ მართავს სიტუაციას, ვინაიდან კანონშემოქმედებით დამაშვრალი დეპუტატები, რომელთა დიდ ნაწილს აშკარა ფსიქიკური გადახრა ეტყობა, - იღლებიან და კანონმდებლობას ვეღარ ახორციელებენ.
   ქუჩაში ნაცნობი შთაბეჭდილებას მიზიარებს: «ეს დეპუტატები. . . ამათი. . . . გუშინ რომ ვუყურებდი რას ჰგავდა იცი ეს ყოველივე? - აი ქელეხში რომ თამადას ხალხი აღარ მოუსმენს და ბოლოს სუფრა აირევა. . . .»
   გოგუაძემ მართლაც დიდი მოთმინება გამოამჟღავნა - ესოდენ ჭრელი პარლამენტის მართვა ადვილი საქმე როდი იყო. დისკუსიათა ტონალობა და შინაარსი ნათლად მეტყველებდა პოლიტიკური კულტურის დონეზე.
   «ბორჯღალის» ლიდერმა ჭინჭარაულმა ვალიკო ადვაძე აითვალწუნა. «ყველაზე სასაცილო იცით რა არის?» - იცინის ფოიეში დავით ბერძენიშვილი - «ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ადვაძესთან იგი (ჭინჭარაული) მართალია!»
   კაკო ასათიანსა და ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას შორის უცნაური ურთიერთობა მყარდება: «ქალბატონო ირინე! თქვენი აზრები ისეთივე გამჭვირვალეა, როგორც ხაშურის მინის ტარის ქარხნის ბოთლები». დღემდე გაუგებარია, როგორ ახერხებდა «ტრადიციონალისტთა» ლიდერი გია ჭანტურიას რისხვის (შესაბამისად «სასჯელის») თავიდან აცილებას.
   იზა ორჯონიკიძეს (იგივე ასათიანი): «თქვენ კი, ქალბატონო იზა. . . . თქვენს ადგილზე მე ერთი ორმოცდაათი წლის წინ მოვიკლავდი თავს.»
   ედპ-დან სხდომებზე ირინა სარიშვილი აქტიურობდა. მაშინ ბევრს სწორედ იგი ეგონა ფრაქციის თავჯდომარე. მხოლოდ მოგვიანებით გაირკვა, რომ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე იყო და არა ირინა სარიშვილი.
   თვით გია ჭანტურიას 11 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია. ეს საკმაოდ ოსტატური და პოლიტიკურად ძლიერი გადაწყვეტილება იყო. იგი ნათლად მეტყველებდა, რომ ედპ-ს ლიდერს პოლიტიკური ნიჭი და ეშმაკობა ნამდვილად არ აკლდა. თუმცა ის პარლამენტს გარედანაც მტკიცედ მართავდა ფრაქციის მოქმედებას. ყოველდღიურად ატარებდა ფრაქციის სხდომებს პარტიის შტაბბინაში რუსთაველის გამზირზე. გარდა ამისა, პარლამენტის სხდომათა რადიოტრანსლირებას უსმენდა და პერიოდულად, როცა ირინა სარიშვილი ან პარტიის სხვა წევრები ჩვეულებრივი ტელეფონით უკავშირდებოდნენ (მაშინ «მობილურები» ჯერ არ იყო) მითითებებსაც აძლევდა პარტიელებს.
   ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ყველაზე ძლიერი და კონსოლიდირებული პარტია გახლდათ იმდროინდელ პარლამენტში, თუმცა რაოდენობრივად, სხვებზე მრავალრიცხოვანი არ ყოფილა.

    სპიკერისაგან უკიდურესი მარცხენა ტრიბუნა (ზემოთ) ეკავათ მწვანეებს. მათ გვერდით - ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, შემდეგ მერაბ კოსტავას საზოგადოება, ტრადიციონალისტთა კავშირი, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია. იგივე მიმართულებით (ოღონდ ოდნავ ქვემოთ): ქარტია, მონარქისტები, ეროვნულ-დემოკრატები. «მესამე რიგში»: რესპუბლიკელები და მაჟორიტარები, ბლოკი «მშვიდობა». . . მუდმივი ადგილი ჰქონდა ჯაბა იოსელიანს, რომლის «ჟაბო-ბაბოჩკა» ნებისმიერ «იმიჯმეიკერს» შეშურდებოდა.
   ჯანსუღ ჩარკვიანი, რომან მიმინოშვილი და ჭაბუა ამირეჯიბი ირაკლი წერეთელთან ძალიან ახლოს ისხდნენ. ეროვნული მოძრაობის არწივის გამოსვლისას სახეზე ქართული ინტელიგენციის მარადისად ქცეული ჭმუნვა ეხატებოდათ.
   მანანა გიგინეიშვილი და ლანა ღოღობერიძეც მუდამ ერთად იყვნენ. ქალბატონი მანანა - ყოველთვის შემართული და სმენად ქცეული. ქალბატონი ლანა - ასევე ყოველთვის წარბშეკრული. ეს «წარბშეკრულობა» წინა წლის შემოდგომიდან გამოჰყვა.
   იყო იმ პარლამენტში კიდევ რამდენიმე სუბიექტი, რომლებიც, დღემდე ვერავინ დაადგინა, - იქ როგორ აღმოჩნდნენ, რა უნდოდათ ან ამჟამად სად არიან.
   ასლან აბაშიძესაც ჰყავდა თავისი ფრაქცია, ოღონდ გაცილებით მცირერიცხოვანი, ვიდრე შემდგომ. ამიტომ «აჭარის ლომი» უფრო ფრთხილად და შუმჩნევლად ირჯებოდა, თუმცა არანაკლები ყურადღებით აკონტროლებდა პროცესებს. მისი თვალთახედვა მუდამ თბილისისაკენ იყო მიმართული. იმ წლების განმავლობაშიც არც ერთი ნიუანსი არ გამორჩენია. დიდოსტატურად მოახერხა «რესპუბლიკელებსა» და «ედპ»-ს შორის «გავლა» ანუ, მოძრაობის «ძველბიჭური» სეგმენტის ტერმინოლოგიით, «ჩორტის ჩამოგდება».
   თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ გია ჭანტურია «ბელგიაში ვიზიტის დაფინანსებით» როდი მოიხიბლა მხოლოდ. ედპ-ს ლიდერის ცნობილი განცხადება (1992 წლის დეკემბერში ): «ზვიად გამსახურდია ბუნკერში ჩავაძვრინეთ, იგივე ელის ასლან აბაშიძეს!» - პრეზიდენტთან დაპირისპირებით იყო განპირობებული («ყველაზე რეაქციული ძალების მხარდაჭერა აჭარაში» - 2 სექტემბერს კინოს სახლთან წაკითხული ცნობილი თეზისებიდან), მაგრამ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავჯდომარე ასლან აბაშიძეს უმალვე შეურიგდა, როგორც კი დარწმუნდა, რომ აჭარის ლიდერს ზვიად გამსახურდიას ბედი სინამდვილეში სულაც არ ანაღვლებდა და მისთვის აჭარაში თავშესაფარის მიცემას არ აპირებდა. სწორედ ეს იყო ძირითადი მიზეზი და არა «ფულის გადარიცხვა საიდუმლო ანგარიშზე» - როგორც რესპუბლიკელები ირწმუნებოდნენ.
   დაკვირვებული თვალი უმალვე შენიშნავდა, რა ოსტატურად ასრულებდა თავის პარტიას «აჭარის ლომი». მაგრამ მაშინ მას ბევრი ყურადღებას არ აქცევდა. ყოველ შემთხვევაში, მეორეხარისხოვან ფიგურად მიაჩნდათ. «ასლანის თემა» კი თითქმის არ ფიგურირებდა. მხოლოდ ზოგჯერ «გაიჟღერებდა» ხოლმე მცირე ხნით.
   იმ დროს ვერავინ ხვდებოდა მთავარს: აჭარაში, ასლან აბაშიძის მეშვეობით, თვითორგანიზება შეძლო ქართული საზოგადოებისა და ისტებლიშმენტის იმ ნაწილმა, რომელიც 1988 წლიდან «მოძრაობის» მიერ დამკვიდრებულ კურსს არ დაეთანხმა. თბილისში კი ამ საზოგადოებრივმა კატეგორიამ თვითორგანიზება ვერ მოახერხა - ჯუმბერ პატიაშვილის უმწეობისა და ზოგიერთი სხვა ფაქტორის გამო.

    ედუარდ შევარდნაძის «ძველი ნაცნობი», ოთარ ლითანიშვილი განცვიფრებით ეუბნება ერთ სუფრაზე მეგობარს: «ამ კაცს (იგულისხმება ედუარდ შევარდნაძე) ვეღარ ვცნობ - თითქოს შეცვალესო.»
   «მაინც რითი შეიცვალა» - ეკითხება ნაცნობი.
   - «ზუსტად ვერ გეტყვი, რაღაცნაირი რბილი გახდა, თითქმის ალერსიანი და სათნო. სადღაა ძველებური სიმკაცრე!»
   სინამდვილეში, რასაკვირველია, პიროვნულად ედუარდ შევარდნაძე იოტისოდენად არ შეცვლილა. შესაძლოა მისმა პოლიტიკურმა მსოფლმხედველობამ მართლაც განიცადა ევოლუცია (თუმცა ლითანიშვილი იხსენებს: «ჯერ კიდევ 1976 წელს ერთად ვიყავით დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში და შევარდნაძემ იქაურ მაღაზიაზე მიმითითა დამცინავი ღიმილით - ჩვენი «კირიჩნის გასტრონომს» არ ჰგავსო»).
   მაგრამ 1992 წელს საქართველო უკვე სხვა ქვეყანა იყო. გარემო შეიცვალა. შესაბამისად, ედუარდ შევარდნაძემაც შეცვალა ტაქტიკა პოლიტიკური და სახელისუფლებო ტექნოლოგიის კანონთა სრული დაცვით.
   ჯაბა იოსელიანი მაშინ საყვედურობდა კიდეც «კოლეგას»: «სადაა თქვენი მძიმე ხელი?». შემდგომ, როცა გალიაში ჩასვეს, ის საყვედური ალბათ მწარედ ახსენდებოდა «ბებერ მოჯაჰედინს». არადა «მძიმე ხელის გამოღებასაც» დროისა და სივრცის სწორი შერჩევა უნდა.
   1992 წლის გაზაფხულზე შევარდნაძე ისეთი საწყალი ჩანდა, ისეთი უმწეო და დაჩაგრული, - ვერავინ იფიქრებდა, თუ ოდესმე გაუმკლავდებოდა მრისხანე ტრიოს: კიტოვანი – იოსელიანი – სიგუა. მაგრამ სულ მალე ამ ტრიუმვირატიდან ორმა ციხეში ამოჰყო თავი, ხოლო მესამე აღარავის ახსოვდა.
   მოდი და ნუ დაიჯერებ ერთი კოლეგის ვარაუდს, რომ როცა 1992 წლის 7 მარტს ედუარდ შევარდნაძემ თბილისის აეროპორტში ფეხი დადგა, ჯაბასა და კიტოვანის დაპატიმრება უკვე მაშინ ჰქონდაო გადაწყვეტილი და დაგეგმილი.
   დაუჯერებელია? - მაგრამ ხომ ფაქტია!
   თენგიზ სიგუას ედუარდ შევარდნაძე ზვიად გამსახურდიაში «შეეშალა». ისევე, როგორც კიტოვანსა და იოსელიანს. არადა სახელისუფლო ბრძოლებში გამობრძმედილ გროსმეისტერს მათი «ონავარი ხრიკები» სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა.
   «დროის შეცვლას» რაც შეეხება - პოლიტიკური ტექნოლოგიის თვალსაზრისით დრო უცვლელია, ვინაიდან მისი კანონები არ იცვლება დროის მდინარებასთან ერთად. ჭეშმარიტად ძლიერი პოლლიტიკოსი ნიჭს ეყრდნობა და არა იმდენად გამოცდილებას. «გამოცდილება» გარემოს ცვალებადობასთან ერთად ნიველირდება. ნამდვილი პოლიტიკური ხელოვნება კი ყველა ეპოქაში, ყველა სიტუაციაში ხელოვნებად რჩება - საკუთარი, ურყევი კანონებით, მეთოდებითა და ხერხებით