ყოვლისშემძლე ჯადოქარი

ყოვლისშემძლე ჯადოქარი - ეროვნული მოძრაობა

ყოვლისშემძლე ჯადოქარი

ზემოთ უკვე ვთქვი, რომ ჩემი ღრმა რწმენით, აფხაზ სეპარატისტებს ომის დაწყებამდე ჰქონდათ შემუშავებული საბრძოლო მოქმედებათა გეგმა, რომელიც ობიექტურ რეალობებს, გარემო პირობებსა და მხარეთა შესაძლებლობებს ეფუძნებოდა.
    ასეთი გეგმის შემუშავება ძნელი არ იქნებოდა. მაგალითად, იმთავითვე ცხადი იყო, რომ ქართული შეიარაღებული ფორმირებები გუდაუთაში შესვლას ვერ შეძლებდნენ - მათ შორის რუსული სამხედრო კონტინგენტის ფაქტორის გამო.
    ყოველ შემთხვევაში, სამხედრო-ტაქტიკური და სტრატეგიული მოსაზრებებიდან გამომდინარე, სეპარატისტებს სწორედ გუმისთასთან უნდა აეგოთ პირველი ზღუდე და არა (ვთქვათ) კელასურთან, კოდორთან ან ღალიძგაზე, ვინაიდან სხვაგვარად ზურგს უკან ქართველი მოსახლეობა დარჩებოდათ, რაც მათთვის მიუღებელი იყო. ოღონდ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ორ ფრონტზე მოუწევდათ ბრძოლა, არამედ სხვა მიზეზითაც: ვეღარ მოახერხებდნენ აფხაზეთიდან ქართული მოსახლეობის განდევნა «საბრძოლო მოქმედებათა შედეგად» გამოეცხადებინათ. აფსუათა მთავარი მიზანი კი აფხაზეთში არსებული დემოგრაფიული რეალობის კარდინალური შეცვლა იყო.
    გარდა ამისა, გუმისთადან სოხუმის გაუთავებელი დაბომბვა ქართული მოსახლეობის დემორალიზებას გამოიწვევდა, რაც სოხუმში მყოფ ჯარსაც გადაედებოდა - ეს ელემენტარული სამხედრო ხერხია.
    ამავე ლოგიკით, მეორე და მესამე ზღუდეები უნდა ყოფილიყო გუდაუთის რაიონის დასავლეთ საზღვართან (გაგრისა და კოლხიდას მიდამოებში), ხოლო ოჩამჩირის რაიონში, - ტყვარჩელის მისადგომებთან, ანუ იქ, სადაც აფხაზური და სომხური სოფლები აკვრია ტყვარჩელს.
    აქვე უნდა აღინიშნოს: მტკნარი სიცრუეა, თითქოს ომის დასაწყისში ტყვარჩელში «თეთრი დროშა გამოკიდეს და დანებებისათვის მზად იყვნენ». ამ თემაზე მოლაპარაკება თუ მიმდინარეობდა - მხოლოდ თვალის ასახვევად და დროის გასაყვანად. სინამდვილეში აფხაზები ტყვარჩელს არ დათმობდნენ, ვინაიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აფხაზეთში (აბჟუეთში) გამაგრებას, სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით, მათთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.
    როგორც სამხედრო მოქმედებათა განვითარებამ ცხადყო, ამაში არც შემცდარან.
    თუ ტყვარჩელის აღება ასეთი ადვილი იყო, მაშინ გაუგებარია, რატომ არ აიღო იგი «გვარდიამ» 1992 წლის აგვისტოშივე? - ისევ რაღაც მითიური ბრძანების გამო, რომელიც თბილისიდან მიიღეს? ბრძანებებს საერთოდ არ სცნობდნენ და რაღა ეს ბრძანება შეასრულეს? სინამდვილეში ტყვარჩელთან, ისევე როგრც სოხუმთან და გაგრასთან ქართული სამხედრო ფორმირებები აფსუებმა და მათმა მხარდამჭერებმა მიუშვეს მხოლოდ იქამდე, სადაც წინასწარ იყო განზრახული მათი შეჩერება.

    თავდაპირველად, არძინბასა და მისი გუნდის მიზანი იყო იმ ტაქტიკური ხერხების გამოყენება, რაც საერთოდ აპრობირებულია ამგვარ რეალობაში. მათგან ძირითადი მოწინააღმდეგის გამოფიტვა და მისი შინაგანი, თვისებრივი სისუსტის გამოყენებაა.
    კიტოვანის გვარდიამ სოხუმში შესვლისთანავე დაიწყო იმის კეთება, რაც (ერთადერთი) კარგად იცოდა: გაჰქონდა ყველაფერი, რის გატანასაც ახერხებდა, - ავეჯისა და ნოხების ჩათვლით. აფხაზეთიდან მოდიოდნენ ხორაგით დატვირთული საავტომობილო ქარავნები. მათ ზუგდიდში ზვიადისტები აჩერებდნენ და ხელმეორედ ძარცვავდნენ - აბა აფსუებს ხომ არ დაუბრუნებდნენ? სწორედ ამ დროს იკითხა სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე ჯანსუღ ჩარკვიანმა: «რაშია საქმე, ვის მხარეზე არიან (ზვიადისტები?)» ანუ «აფხაზი სეპარატისტების მხარეზე ხომ არ არიან?» - ეს კითხვა (ვიმეორებ) ძალიან ზუსტად გამოხატავდა მიმდინარე პროცესის დედააზრს. მაშინ ზოგიერთმა იგი უსაფუძვლოდ მიიჩნია, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან სავსებით აშკარა და ნათელია, რომ სამოქალაქო ომის კერის ჩამოყალიბებამ სამეგრელოში უდიდესი უპირატესობა მიანიჭა აფსუებს სამხედრო თვალსაზრისით, ვინაიდან ქართულ ჯარს, ფაქტობრივად, ზურგი არ გააჩნდა: როგორც სოხუმიდან გაჰქონდათ გემებით ნაძარცვი ქონება, ასევე იძულებულნი იყვნენ ფოთიდან მხოლოდ გემებით (მცირე გამონაკლისის გარდა) შეეტანათ იარაღი და ყველაფერი, რაც საომრად იყო საჭირო. სეპარატისტებს კი, გაგრის აღების შემდეგ, ამგვარი პრობლემა არ ჰქონიათ.
    განურჩევლად იმისა, რა ამოძრავებდათ «ზვიადისტებს», ან მათ მოწინააღმდეგეებს, განუსხავებლად იმისა, რომელი მათგანი იყო «ნაძირალა» და რომელი - «კეთილშობილი რაინდი» ან რამდენად სამართლიანი თუ უსამართლო იყო სამხედრო გადატრიალება და კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობა, - 1992 წლიდან «ზვიადისტური მოძრაობა» ობიექტურად მტრის წისქვილზე ასხავდა წყალს, ვინაიდან ასუსტებდა ქართული სახელმწიფოს, ქართული საზოგადოების კონსოლიდირებულობას, რაც აუცილებელი პირობაა ომის წარმოებისათვის.
    ფუჭია იმაზე მსჯელობაც, ხომ არ იყო აფხაზეთში ომის წამოწყება პროვოკაცია, რათა ზვიადისტები ისეთ მდგომარეობაში ჩაეყენებინათ, როცა ისინი ობიექტურად ანტისახელმწიფოებრივ პოზიციებზე აღმოჩნდებოდნენ აქტიურობის გაგრძელების შემთხვევაში.
    ასეა თუ ისე, ფაქტი - ფაქტად რჩება. ამ ფაქტის წარმომშობ მიზეზზე მსჯელობას და ამ თემაზე მორალიზატორობას კი მნიშვნელობა არა აქვს. ისტორიული ანალიზისას მნიშვნელობა აქვს მხოლოდ თავად ფაქტს. ბოლოს და ბოლოს, აფხაზეთის დაკარგვა ხომ ასგზის იმაზე დიდი ტრაგედიაა, ვიდრე თუნდაც ასგზის კანონიერი ხელისუფლების ასგზის უკანონოდ დამხობა ასგზისი კრიმინალებისა და დაბოღმილი პოლიტიკანების მიერ.

    აფხაზთა სამხედრო სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი იყო ქართული სამხედრო შენაერთების შინაგანად გამოფიტვა. არძინბა თავიდანვე ემზადებოდა ხანგრძლივი, მომქანცველი ომისათვის, რათა გამოეფიტა მოწინააღმდეგე და რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით მიეღწია წარმატებისათვის. იძულებული ვარ ვაღიარო, რომ სამხედრო ხელოვნების თვალსაზრისით, აფსუათა მიერ 1992-1993 წლებში წარმოებული კამპანია სრულიად უნაკლო იყო (ისევე, როგორც მათი პოლიტიკა ომამდე ათწლეულების განმავლობაში) და აგრეთვე იმსახურებს ქრესტომათიულ მაგალითად ქცევას.
    1992 წლის ოქტომბრის დასაწყისში არძინბამ ძალთა კონცენტრაცია გაგრა-ლესელიძის მიმართულებით მოახდინა, რათა რუსეთთან დამაკავშირებელი გზა გაეხსნა და ჩრდილოეთ კავკასიიდან (აგრეთვე საკუთრივ რუსეთიდან) მიეღო მატრიალური დახმარება. განსაკუთრებული ძალისხმევა საამისოდ არც იყო საჭირო, ვინაიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალთა ქვედანაყოფები (თუ მათ საერთოდ შეიძლება სამხედრო კონტინგენტის აღმნიშვნელი სახელი ეწოდოს) სრულიად დემორალიზებული და ბრძოლისუუნარონი იყვნენ.
    გაგრის აღებამ კი ახალი ვითარება წარმოშვა. აფსუებმა ძალთა კონცენტრაცია განახორციელეს უკვე გუმისთაზე და ტყვარჩელის მიდამოებში. ისინი თავიდან ბოლომდე ფლობდნენ საბრძოლო ინიციატივას. ომის დროს ეს გადამწყვეტი მომენტია. შესაძლოა უხეში შედარება იყოს, მაგრამ უეჭველად გაიმარჯვებს ის მოკრივე ან საფეხბურთო გუნდი, რომელიც მთელი თამაშის განმავლობაში საკუთარ ინიციატივას, თამაშის საკუთარ სტილს ახვევს თავს მოწინააღმდეგეს. მეორეს მხრივ, ასევე უეჭველად დამარცხდება ის, ვინც მოწინააღმდეგის შემოთავაზებულ სტილს იღებს და მხოლოდ მის ინიციატივებს პასუხობს. ანუ მხოლოდ რეაგირებს - თავად არ იჩენს ან ვერ იჩენს ინიციატივას.
    აი, სწორედ ასეთი ვითარება გახლდათ აფხაზეთში მთელი ომის განმავლობაში! საბრძოლო ოპერაციებს ატარებდა მხოლოდ აფხაზური მხარე. ქართული მხარე კი ოდენ თავს იცავდა და მტრის ინიციატივებზე რეაგირებდა. ზოგჯერ კარგად და წარმატებით რეაგირებდა (ვთქვათ სოხუმზე 1993 წლის იანვარსა და მარტში განხორციელებული შეტევების დროს), მაგრამ «პარტიის» საერთო სურათს და ტენდენციას ეს ვერ ცვლიდა.
    აფხაზური გვარდიის სარდალი კაკალია ხშირად ხვდებოდა ყარყარაშვილს და დაზავებას სთავაზობდა რაც, რა თქმა უნდა, თვალთმაქცობა იყო: არძინბას დრო გაჰყავდა, ძალებს აგროვებდა, რუსი და ჩრდილოეთკავკასიელი სამხედრო ინსტრუქტორების მეშვეობით არმიას წვრთნიდა, მომავალი შეტაკებებისათვის ამზადებდა, გაგრის გავლით დახმარებას იღებდა.
    ამასობაში, გუმისთასა და ლაბრას ფრონტებზე მომქანცეველი ერთფეროვნებით ვითარდებოდა მოვლენები. გავიხსენოთ იმდროინდელი ინფორმაციები ფრონტის ხაზიდან: «. . . დილით მოწინააღმდეგე საგრძნობლად გააქტიურდა. . . გამოიყვანეს ერთი ჯავშანმანქანა, რომელმაც გახსნა ცეცხლი. . . საპასუხო ცეცხლის შედეგად იგი იძულებული გახდა მიმალულიყო. . . იმავდროულად, სოხუმის საზღვაო აკვატორიაში გამოჩნდა რამდენიმე აფხაზური გემი. . . სანაპირო დაცვის ცეცხლის შედეგად ისინიც იძულებულნი გახდნენ გუდაუთისკენ დაეხიათ. . .» და ა.შ და ა.შ - გაუთავებელი მონოტონურობით დღიდან-დღემდე.
    დაახლოებით იგივე ხდებოდა ტყვარჩელის მიდამოებში (ანუ, როგორც აფსუები უწოდებდნენ «აღმოსავლეთის» ფრონტზე). ორგანიზებულობით, დისციპლინით, ბრძოლისუნარიანობით, საბრძოლო სულისკვეთებითა და, რაც მთავარია, პროფესიონალიზმით, სეპარატისტული არმია აშკარად სჯაბნიდა ქართულ შენაერთებს. მაგრამ ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციები არძინბამ მხოლოდ 1993 წლიდან დაიწყო, როცა უპირატესობამ გარკვეულ დონეს მიაღწია.
    1993 წლის იანვარში, მონოტონური მოქმედება გუმისთას ფრონტზე დილიდან ისევე განვითარდა, როგორც ყოველთვის, მაგრამ მოულოდნელად მძლავრ შეტევაში გადაიზარდა. აფსუებმა 80-მდე მეომარი დაკარგეს მოკლულთა სახით. გუმისთაზე ფრონტის ხაზი შენარჩუნებულ იქნა. მანამდე, ჯერ კიდევ შემოდგომაზე, გაგრის აღებისთანავე, მათ ოჩამჩირის აღებაც სცადეს, მაგრამ იმჯერად შეტევა აშკარად მოუმზადებელი იყო და აფსუათა შენაერთები იძულებულნი გახდნენ ტყვარჩელისაკენ დაეხით.
    თუმცა, მათი შეტევები სულ უფრო მძლავრი და თავხედურად შეუპოვარი ხდებოდა. პროფესიული დონეც იზრდებოდა. პარალელურად გრძელდებოდა უცნაური თამაში მოსკოვი - თბილისი - სოხუმის სამკუთხედში. რუსეთი დღენიადაგ ცდილობდა მსოფლიო ასპარეზზე დაეფიქსირებინა, რომ აფხაზეთში მიმდინარე პროცესები მისი «საშინაო» საქმეა. არძინბაც ოსტატურად თამაშობდა რუსეთ – საქართველოს წინააღმდეგობებზე. საქართველოს ხელისუფლებას კი არასდროს ავიწყდებოდა (არც თუ უსაფუძვლოდ) გროზნოში მყოფი გამსახურდია, როგორც (ობიექტურად) მოსკოვის მძლავრი კოზირი და აგრეთვე ის მოვლენა, რასაც, პირობითად, შეიძლება «ვახტანგ გოგუაძის სინდრომი» ვუწოდოთ ანუ ქართული ინტელიგენციის სრულიად არარაციონალური, ბრმა და თითქმის მისტიური რწმენა, რომ რუსეთი ყოვლისშემძლე ჯადოქარია, - საკმარისია მან მოინდომოს და «აფხაზეთს, როგორც გვინდა ისე მოგვცემს, ხოლო რაკი არ გვაძლევს, მაშასადამე, საქართველოს ხელისუფლება არასწორ პოლიტიკას ატარებს».
    ეს, რა თქმა უნდა ილუზიაა, მაგრამ აფხაზი სეპარატისტებისათვის (ისევე როგორც მოსკოვისათვის) ძალზე სასარგებლო ილუზია.
    მოვიყვან ასეთ მაგალითს: 1993 წლის იანვრიდან სეპარატისტებმა დაიწყეს სოხუმის მასირებული დაბომბვა. მანამდე ისინი ამას შედარებით ნაკლებად აკეთებდნენ, ოღონდ არა იმიტომ, რომ მშვიდობიანი ქართველი მოსახლეობა ეცოდებოდათ. უბრალოდ, ქალაქის დაბომბვა, პროპაგანდისტული თვალსაზრისით, ქართულ მხარეს გარკვეულ არგუმენტებს აძლევდა.
    თუმცა, 1993 წლიდან არძინბამ ეს მომენტი უგულებელჰყო, რაკი რუსეთის საინფორმაციო საშუალებები (მაშინ დასავლეთიც ძირითადად ამ წყაროებიდან იღებდა ინფორმაციას) ანტიქართულ პოზიციებზე იდგნენ. ამ პირობებში ედუარდ შევარდნაძე მიემგზავრება ბრიუსელში და ხვდება ნატოს ხელმძღვანელობას. იმავე დღეს იწყება სოხუმის უპრეცედენტოდ მასირებული დაბომბვა. სახელმწიფოს მეთაური ტელეფონით უკავშირდება თბილისს და ვიზიტის შეწყვეტასაც ფიქრობს. ვახტანგ გოგუაძე ხვდება რუსეთის გაიძვერა ელჩ ზემსკის (ეს უკანასკნელი სსრკ-ს ელჩის მოვალეობას ასრულებდა კუბასა და ანგოლაში, რაც მის პროფესიონალიზმზე მეტყველებს - ავტ.) და ემუდარება, სთხოვოს მოსკოვს, შეაწყვეტინოს აფხაზურ ფორმირებებს სოხუმის დაბომბვა. ზემსკი მართლაც ურეკავს მინისტრ კოზირევს, ისიც უკავშირდება არძინბას და სოხუმის დაბომბვის შეწყვეტას სთხოვს. არძინბა შესაბამის ბრძანებას იძლევა - დაბომბვა ჯერ ნელდება, შემდეგ წყდება. მაგრამ არ გეგონოთ, სეპარატისტთა ლიდერს კოზირევის ხათრი ჰქონდა, ან მისი ეშინოდა. მას უბრალოდ სურდა, განემტკიცებინა ქართველებში ისეთი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, როცა იგი ყოვლისშემძლედ აღიქმება, რათა შემდგომ, როდესაც თავად დაარღვევდა სამმხრივ შეთანხმებას (ასეც მოხდა 1993 წლის მაისსა და სექტემბერში) პასუხისმგებელი, კვლავ მოსკოვი ყოფილიყო ქართული საზოგადოების თვალში და შეუძლებელი გამხდარიყო რუსეთ-საქართველოს კომპრომისი აფსუანური სეპარატიზმის წინააღმდეგ.
    ამრიგად, რუსეთის «ყოვლისშემძლეობის» რწმენა, რომელიც არარაციონალური დათმობის სინდრომს წარმოშობს, სინამდვილეში თვით რეალური კომპრომისის წინააღმდეგ აღმოჩნდა მიმართული - ამ სინდრომის მატარებელთა ნების მიუხედავად.

    1993 წლის მარტის შუა რიხვებში, სეპარატისტებმა წამოიწყეს ყველაზე მძლავრი შეტევა სოხუმზე, რომელიც წარმატებით იქნა მოგერიებული. აფსუათა არმიამ ასეულობით მებრძოლი დაკარგა მოკლულთა და დაჭრილთა სახით. შეტევის მოგერიებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა არტილერიამ, - იგი (აქვე უნდა ითქვას) შედარებით პროფესიონალურად მოქმედებდა.
    პარლამენტში გამოსვლისას, ედუარდ შევარდნაძემ (სოხუმში გამგზავრებამდე) განაცხადა, რომ აფხაზეთში მიმდინარეობს რუსეთ - საქართველოს კონფლიქტი. ეს ძალზე სერიოზული დემარში გახლდათ, და ნამდვილად ასახავდა რეალობას. თუმცა, «ელიტარული ინტელიგენციის» ერთი ნაწილი უკვე ყრუდ დრტვინავდა: «ამისთვის დაბრუნდა? - ამას ნათაძე ვერ იტყოდა?».
    სოხუმზე შეტევის მოგერიებამ საქართველოს დროებით ამოსუნთქვის საშუალება მისცა. მაგრამ ინიციატივას კვლავ არძინბას ხროვა ფლობდა