ფსკერი

ფსკერი - ეროვნული მოძრაობა

ფსკერი

«ოქროსფერ ლაჟვარდში» თბილი სამოთხეა. ბათუმი მხიარული, უდარდელი დამსვენებლებითაა სავსე. სანაპიროზე გოგონები მზეს ეფიცხებიან. ტკბილი მუსიკა უკრავს. ალერსიანი ზღვა ნაზად დგაფუნობს და მიწას ელამუნება. ჩიტები ჟღურტულებენ. ისმის ახალგაზრდათა სიცილ–კისკისი. მოხუცები მრავალმნიშვნელოვნად იღიმებიან მშვიდი ზღვის შემხედვარე. ახალგაზრდები კი კონცერტზე მიიჩქარიან - მკერდბარაქიანი საბრინა კონცერტს მართავს.
    ამ სამოთხეში ორი «ცნობილი» თბილისელი მწერალი მოაბიჯებს. ახლახანს გამოეცალენ სოხუმის ჯოჯოხეთს, სადაც უშუალოდ იბრძოდნენ და თითქოს სხვა სამყაროში მოხვდნენ. თვალებში დაბნეულობასთან ერთად სევდა ჩასწოლიათ - ბათუმის სამოთხე ხომ ძველ, უზრუნველ, ტკბილ დროს ახსენებთ: 70–იან წლებს, ბედნიერ ცხოვრებას, სიმშვიდესა და სიხარულს, როდესაც «ცკ»–ს საგზურებით ბათუმის სანახებში კალმით ხელში განმარტოებულნი იბრძოდნენ საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის, ერში ამ ინტერესთა დაცვისას შეურიგებლობისა და უკომპრომისობის იდეალს ზრდიდნენ. შემდეგ, დამაშვრალნი ნეტარად გაშლიდნენ მკლავებს, შვილიშვილებს მიეფერებოდნენ და ალერსიან ზღვაში შესცურავდნენ მწერალთა კავშირის მომავალ ყრილობაზე ფიქრით, სადაც ქარაგმულად, რთული მინიშნებებით ამხელდნენ კომუნისტური რეჟიმის ანტიეროვნულ ქმედებას, რომელსაც არ სურდა ქართველი ერის განსაკუთრებული თვისებებისა და დანიშნულების აღიარება, - ყოველნაირად ზრდიდა ერში «მონურ ფსიქოლოგიას».
    
         ამ დროს (1993 წლის ოქტომბერია – ავტ.) რუსთაველზე მიმავალს თბილისელი რუსი, ვადიმა მეუბნება: «Вообще Грузины не вояки – спеть могут, станцевать могут, но воевать......»    

    იმავე რუსთაველზე «მოძრაობის» ერთი «ვაკელი» ლიდერი («სვეტი» ასე ვთქვათ, – ქალებში დიდი პოპულარობით რომ სარგებლობდა და ამით განსხვავდებოდა «მოძრაობის» სხვა ლიდერთაგან) მოსეირნობს მშვიდად, უზრუნველი გამომეტყველებით და ბავშვის გორგოლაჭებიან სკამს მოაგორებს.
    თუმცა, ბოდიშს ვიხდი, როგორ გეკედრებათ, რა «უზრუნველი სახით», - სახეზე მამობრივი მზრუნველობა ახატია, დროდადრო თავის პატარა გოგონას დახედავს და მთელი იერით იმ აზრს გამოხატავს, რომ ქვეყნად ყველაზე დიდ ღირებულებად მისი ბედნიერება და სიმშვიდე მიაჩნია. მამიკოს მზრუნველობით გამთბარ ჩვილსაც ნაზად ჩასძინებია.
    «ნაცნობ ჭადრებთან» პირველი, ფრთხილი ფოთლები ცვივა.

    სოხუმის დაცემისა და აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ, სამოქალაქო ომში მონაწილე მხარეები კვლავ დაშორდნენ ერთმანეთს. ქობალიას «რაზმელები» სამეგრელოს ტერიტორიაზე განლაგდნენ, რომელიც «ზვიადისტურ» ვანდეად იქცა. აფხაზეთში კრახი უეჭველად გამოიწვევდა სამოქალაქო ომის განახლებას. თუნდაც იმიტომ, რომ ორივე მხარეს სურდა, პასუხისმგებლობა ამ საზარელი ეროვნული ტრაგედიის გამო მოწინააღმდეგისათვის დაეკისრებინა. ზვიად გამსახურდია რევანშისათვის ემზადებოდა. მის განკარგულებაში რამდენიმე ათასი შეიარაღებული მეომარი იყო. ძირითადად სამეგრელოდან და საქართველოს სხვა კუთხეებიდან.
    საბრძოლო მოქმედებათა განახლება გარდაუვალი გახდა. ისინი დაიწყო ფოთის მოვლენებით. საქართველოს ტელევიზიით გამოსვლისას საინფორმაციო–სადაზვერვო სამსახურის უფროსმა, ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა: «ზვიად გამსახურდიას შეიარაღებულმა ფორმირებამ დაბომბა და დაიკავა ფოთი. არის მსხვერპლი. მათი მოქმედება იმ ტრაგედიის გაგრძელებაა, რაც აფხაზეთში მოხდა».
    ამ დროს ზვიადისტები ირწმუნებოდნენ, რომ ფოთი უბრძოლველად დაიკავეს, ვინაიდან «სამეგრელოს მოსახლეობა შევარდნაძის დაწესებული ბლოკადით იტანჯებოდა». შემდგომ ქობალიას ლაშქარმა «წარმატების» განვითარება დაიწყო - თანდათან იკავებდნენ სამეგრელოსა და გურიის ტერიტორიებს. გადაკეტეს იმერ–ამერის დამაკავშირებელი ორივე გზა: როგორც ბათუმის, ასევე ფოთისაკენ.
    «ზვიადისტები» ცდილობდნენ, ქალაქები და სოფლები «აეღოთ» მათივე მკვიდრთ. მაგალითად, ლანჩხუთში - ლანჩხუთელები შედიოდნენ, ოზურგეთში, - ოზურგეთელები, ხონში - ხონელები და ა.შ.
    გამსახურდიას «არმიის» წარმატებებმა თბილისში პანიკა გამოიწვია. ვგულისხმობ «ელიტარულ წრეებსა» და იმათ, ვინც აქტიურად (სიტყვით ან საქმით) მონაწილეობდა 1991–1992 წლების მოვლენებში, თორემ «უბრალო» ხალხს უკვე აღარაფერი აინტერესებდა.
    ყველაზე საზარელი იმ დროს ცალკეული ტრაგედიები კი არ იყო, არამედ საყოველთაო აპათია, რომელშიც ეროვნული ცნობიერების კრახი გამოიხატებოდა. ეს მოვლენა წვრილმანებშიც ვლინდება:
    წარმოიდგინეთ იმდროინდელი მეტრო (ქალაქში სხვა ტრანსპორტი, ფაქტობრივად არც არის). ასეულობით ადამიანი მდუმარედ, გაყინული სახით დგას გვერდიგვერდ. ოდნავ ირწევიან მატარებლის ტაქტში. საოცარი, «ზუზუნა» სიჩუმეა. არავინ არავის ესაუბრება. მხოლოდ ბორბლების ხმაური ისმის. ადამიანთა თვალებში სრული სიცარიელეა.
    ამ დროს მესმის, ხანში შესული კაცი (აშკარად ე.წ. «საშუალო ინტელიგენტი») თითქმის ჩურჩულით ეუბნება მეორეს: «გაიგე, დღეს დილით რუსებს ფოთი დაუბომბიათ». ისიც იმავე ხმით პასუხობს შეცბუნებული: «რაო, გაგიჟდნენ ეგენი ტო?». სინამდვილეში ფოთი «ზვიადისტებმა» აიღეს და არა «რუსებმა», მაგრამ ეს «გაგიჟდნენ ეგენი, ტო?» განსაკუთრებით ნიშანდობლივად ჟღერდა «ეროვნული მოძრაობის» დამკვიდრებული ცნობიერი სტერეოტიპებისა და სულ 3 წლის წინანდელი ანტირუსული ისტერიის ფონზე.

    თბილისში ზვიად გამსახურდიას «თეთრი ცხენით» შემოსვლას, გულხელდაკრეფილი, რა თქმა უნდა, არავინ ელოდა. საფრთხემ ელიტა გააერთიანა. «ელიტარული ინტელიგენტები», რომელთაც 1992 წლის 7 იანვრიდან, თითქმის ორი წლის განმავლობაში, შიშით ხეირიანად ერთი ღამეც არ სძინებიათ,  გადამწყვეტი ბრძოლისათვის ემზადებოდნენ.
    იქმნება მოხალისეთა რაზმები. ტელეკამერის წინ ჯანსუღ კახიძე მწკრივში დგება და «ცმუკავს» - ერთი სული აქვს, როდის ჩაერთვება ბრძოლაში «პროვინციული ფაშიზმის» წიმააღმდეგ.
    ყალიბდება შესაბამისი «დამცველ–გამამართლებელი» სტერეოტიპებიც. მაგალითად: «უხარიათ! ზვიადისტებს უხარიათ სოხუმის დაცემა, გაიგეთ? - ის (ვიღაც) ცეკვავდა თურმე, როცა აფხაზეთის დაკარგვა გაიგო!!!»

    (საერთოდ, ამ ბინძურ ბრალდებას («გაგიხარდაო») ძალიან ძნელია უპასუხო. იმთავითვე თავის მმართლებლის პოზიციაში აღმოჩნდები: «როგორ არ გაგიხარდა, - ეს ხომ ჩვენი (შენი მტრების) დამარცხება იყო, ეს ხომ შენს წინასწარმეტყველებას ამართლებდა, შეუძლებელია არ გაგხარებოდა – მე ხომ ვიცი, ნამდვილად გაგიხარდა»
    მაგალითად, კლინიკური იდიოტი, ვისაც ვერაფრით შეაგნებინებდი, რომ არჩეული ხელისუფლების დამხობა (როგორი საზიზღარიც არ უნდა ყოფილიყო) ქვეყნისათვის უარეს შედეგს გამოიღებდა, ხოლო ის ჩლუნგი სიჯიუტით უარყოფდა ნებისმიერ არგუმენტს («. . . . მოიცა, ნუ ლაპარაკობ სისულელეს, მაგას მხარს ვინ დაუჭერს?») შემდგომ შეხვედრისას ერთადერთ არგუმენტს მოიყვანდა უდავოდ: «კი, მართალი გამოდექი, მაგრამ რატომ გიხარიაო».)
   

   
   

    1993 წლის ოქტომბერში მოხდა «მხედრიონის» სრული რეაბილიტაცია. აქვე უნდა ითქვას (კიდევ ერთხელ), რომ საფრთხე სავსებით რეალური იყო: ზვიად გამსახურდიასა და ლოთი ქობალიას ლაშქარს თბილისში შემოჰყვებოდა ასეულობით ათასი გააფთრებული ლტოლვილი, რომელთაც უკვე სჯეროდათ ყალბი სტერეოტიპისა: «ომი ამ ხელისუფლებამ დაიწყო აფხაზეთში და მან გაგვაუბედურა». არავინ იცის, რას მოიმოქმედებდა ეს გამძვინვარებული ბრბო დედაქალაქში. შეიძლება ზღვა სისხლიც დაღვრილიყო მიუხედავად გამსახურდია–ქობალიას შესაძლო მცდელობისა - შეეჩერებინათ ანგარიშსწორება და სისხლისღვრა. ისიც საკითხავია, რამდენად ეყოფოდათ მათ ზნეობა, ეცადათ ძალადობისა და ანგარიშსწორების შეჩერება.
    ზვიადისტები ქალაქს - ქალაქზე იღებდნენ. სამტრედიის «გათავისუფლების» შემდეგ თბილისში ხმა გავრცელდა «შევარდნაძეს ინფარქტმა დაარტყაო». ეს ჭორი იყო. ედუარდ შევარდნაძე ასე ადვილად სულაც არ აპირებდა დანებებას. მით უმეტეს, რომ უკანასკნელი კოზირი ჰქონდა შემონახული.
    ტელეინტერვიუში მან პირველად განაცხადა გამოკვეთილად: «გამსახურდიას რაზმებში აფხაზები და ჩეჩნები იბრძვიან. ჩვენც, თუ ვინმე დაგვეხმარება, აუცილებლად გამოვიყენებთ».
    მეცნიერებათა აკადემიაში გამოსვლისას: «ეს ჭირი უნდა მოვიშოროთ! ეს ჭირი უნდა მოვიშოროთ!!!»
    აქვე უნდა ითქვას, რომ ქობალიას რაზმებმა მაშინ დაახლოებით იგივე ფუნქცია შეასრულეს, რაც გენერალ ვლასოვის არმიამ მეორე მსოფლიო ომის დროს. თითო - ოროლა ჩეჩენი მათ შენაერთებში ნამდვილად გამოჩნდა. ეს ის ხალხი იყო, ვინც თავად დაიჯერა არძინბას გველური პროპაგანდა: «ჩვენ შევარდნაძეს ვებრძვით და არა ქართველებსო». რაც, რასაკვირველია, სრული სიყალბე იყო, მაგრამ ჩეჩნებს ამ სიყალბის დაჯერება სურდათ, რადგან რუსეთთან მომავალი, გარდაუვალი ომისათვის ემზადებოდნენ, საქართველო კი მათი ერთადერთი მოსაზღვრე ქვეყანაა.

    დაახლოებით იმ დროს ბობოყვათში ერთმანეთს შეხვდნენ ასლან აბაშიძე, ლოთი ქობალია და იგორ გიორგაძე. ამ უკანასკნელმა ორივეს განუცხადა, რომ ედუარდ შევარდნაძემ დაანგრია საბჭოთა კავშირი, გამოიყვანა ჯარები ავღანეთიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან, გაანაწყენა რუსები საქართველოზე, ამიტომ იგი უნდა შეიცვალოს, თორემ საქართველო იღუპება. ოღონდ შემცვლელი (იგორ გიორგაძის აზრით) უნდა იყოს არა ზვიად გამსახურდია, არამედ ასლან აბაშიძე.
    აჭარის ლიდერმა შესანიშნავად იცოდა, რომ ეს ყოველივე არარეალური იყო და არც საქართველოს პრეზიდენტობა ეპიტნავებოდა, ამიტომ გიორგაძეს უარი განუცხადა და მას რომ გამიჯვნოდა, სულ ცოტა ხნის შემდეგ «ტერორისტადაც» გამოაცხადა.
    ეს ეპიზოდი, უდავოდ, შევარდნაძე–აბაშიძის შემდგომდროინდელი ანტაგონიზმის ერთ–ერთი (მაგრამ არა ერთადერთი) ფაქტორი გახდა.

    სამტრედიაში ზვიადისტების შეჭრის შემდეგ შევარდნაძე მიხვდა, რომ დადგა უკანასკნელი კოზირის გამოყენების ჟამი. 4–5 ოქტომბერს მოსკოვში ბორის ელცინმა სასაკლაო მოაწყო: რაკი სექტემბრის ბოლოს მის მიერ ყოველგვარი კანონის დარღვევით დათხოვილი «რსფსრ სახალხო დეპუტატთა ყრილობისა» და უმაღლესი საბჭოს წევრები ბედს შერიგებას არ აპირებდნენ, ბრძოლას აგრძელებდნენ და ელცინის გადადგომას მოითხოვდნენ, რუსეთის პრეზიდენტმა ქალაქში ტანკები შეიყვანა და «თეთრი სახლი» დაბომბა. ანუ გააკეთა ის, რაც არ იკადრა ГКЧП–მ 1991 წლის აგვისტოში, როდესაც იმავე «თეთრ სახლს» ელცინმა შეაფარა თავი.
    სისხლისღვრის პროვოცირებაში უდიდესი როლი შეასრულა უმაღლესი საბჭოს იმდროინდელმა თავჯდომარემ, ეთნიკური წარმომავლობით ჩეჩენმა რუსლან ხაზბულატოვმა, რომელსაც (ამაში ურყევად დარწმუნებული ვარ) სინამდვილეში არ გააჩნდა სხვა მოტივაცია გარდა საკუთარი სამსობლოს, ჩეჩნეთის დახმარებისა - რუსეთში სამოქალაქო ომის პროვოცირებით.
    თუ რუსეთში 1918–1921 წლები განმეორდებოდა, ჩეჩნეთისათვის, რასაკვირველია, აღარავის ეცლებოდა და მრავალტანჯულ ჩეჩენ ხალხსაც გაუადვილდებოდა თავისუფლებისათვის ბრძოლა.
    4–5 ოქტომბრის მოვლენათა შემდეგ, ედუარდ შევარდნაძემ მიიღო საშუალება ეთქვა, რომ «რუსეთში დამარცხდნენ ის ძალები, რომლებმაც აფხაზეთი წაგლიჯეს საქართველოს». თუმცა მას, რა თქმა უნდა, თავად არ სჯეროდა, რომ ელცინი მამა აბრამის ბატკანი იყო, მაგრამ სხვა გზაც არ ჩანდა.
    საქართველოს ხელისუფლებამ მოუწოდა რუსეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შემოეყვანათ შეიარაღებული ფორმირებები საქართველოში, რათა დაეცვათ კომუნიკაციები. ბაქომ და ერევანმა უარი თქვეს - «ძმებთან იარაღით ვერ შევალთო» (ეს ასეც იყო თავიდანვე გათვლილი). სამაგიეროდ, სამივე რესპუბლიკის ლიდერი მოსკოვში გაემგზავრა და ბორის ელცინს შეხვდა.
    ბევრმა შეამჩნია, რომ ელცინმა შევარდნაძე ხაზგასმულად ცივად მიიღო, მაგრამ სახელმწიფოს მეთაური ამას აინუშშიც არ აგდებდა. შეხვედრის შემდეგ მან სევდიანი ხმითა და გამომეტყველებით განუცხადა რუს ჟურნალისტებს: «Я принял решение о вступлении Грузии в это содружесство». მთელი თავისი იერით იგი იმას გამოხატავდა, რომ ეს იძულებითი ნაბიჯი იყო და არა ნებაყოფლობითი.
    მოსკოვიდან გამოფრენის შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ, თვითმფრინავში ჩაწერილ ტელეინტერვიუში, როგორც ყოველთვის, გენიალური ალღოთი მიაგნო მთავარ, ყველაზე ზუსტ სიტყვებს: «ჩვენ რა არ ვცადეთ . . . . . . რა არ ვცადეთ. . . . . . მაგრამ არ გამოჩნდა სხვა გამოსავალი, გაიგონ ბოლოს და ბოლოს: ადამიანებს ცხოვრება უნდათ» .
    ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ს     ც ხ ო ვ რ ე ბ ა       უ ნ დ ა თ!!!
    ეს იყო მართლაც გენიალური სიზუსტით მიგნებული სიტყვები, რომლებიც ყველაზე სრულად გამოხატავდნენ ძირითად სულისკვეთებას. თანაც არა მხოლოდ იმ მომენტში, არამედ საერთოდ, - 1989 წლის ზაფხულიდან, როცა ერი «სულ მალე დაიღალა» და ნამდვილი მისწრაფებაც ადვილად გამოამჟღავნა