სისხლით გამიჯვნა

სისხლით გამიჯვნა - ეროვნული მოძრაობა

სისხლით გამიჯვნა

ჯერ კიდევ სსრკ სახალხო დეპუტატთა პირველ ყრილობაზე გამოსვლისას, ვლადისლავ არძინბამ განაცხადა: «ქართველი ნაციონალისტები ხელოვნურად ძაბავენ ვითარებას აფხაზეთში, რათა გამოიწვიონ სისხლისღვრა და მერე ყველაფერი აფხაზ ხალხს დააბრალონ.»
    ეს სიტყვები ნებისმიერ გონიერ საზოგადოებაში სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევდა. საქართველოში კი მათ ყურადღება თითქმის არავინ მიაქცია. არადა, არძინბას ფრაზა პირველი სიმპტომი იყო იმისა, რომ აფხაზი სეპარატისტები აპირებდნენ «სისხლით გამიჯვნოდნენ» ქართველებსა და საქართველოს.
    ზოგადად, აფსუათა ერთ-ერთი თვისება საკუთარი ელიტისადმი უსაზღვრო ნდობაა (ამითაც განსხვავდება მათი საზოგადოება ქართული საზოგადოებისაგან). აფხაზურმა ელიტამ კი გადაწყვიტა, ესარგებლა 9 აპრილის შედეგად რუსეთში შექმნილი განწყობით: თბილისში მოწყობილმა ხოცვა-ჟლეტამ რუსეთში წარმოშვა ფსიქოლოგიური სინდრომი, რომელიც უეჭველად მოითხოვდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, «ანტიქართულ არგუმენტაციას». სხვაგვარად თუ ვიტყვით, რუსულ საზოგადოებას სჭირდებოდა (თავის დასამშვიდებლად) ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა: «ქართველები თავს ისაწყლებენ 9 აპრილით, თუმცა თვითონ არიან პატარა ერის მჩაგვრელები». თურქი-მესხები ამ თვალსაზრისით განმსაზღვრელად ვერ იქცნენ. საჭირო იყო უფრო მძლავრი გამაღიზიანებელი. აფსუებმა ეს იგრძნეს და ზუსტად შეასრულეს (ოღონდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით, - ინტერესთა თანხვედრის საფუძველზე) იმპერიის პოლიტიკური შეკვეთა. ანუ აფხაზი სეპარატისტები და მთლიანად ეს პრობლემა, თუ რუსულად ვიტყვით «Были востребованы».

    9 აპრილის შემდეგ აფხაზეთის საცოდავ ქართველობას ჩამოუყალიბდა აზრი და ერთგვარი «კომპლექსი»: «თბილისში ხალხი ჩვენი გულისთვის დაიხოცა». ამგვარად, ისინი ცდილობდნენ რაიმე მოემოქმედათ, რათა თავადაც შეერთებოდნენ საერთოქართულ სულისკვეთებას.
    დაპირისპირების ასპარეზად იქცა სოხუმის უნივერსიტეტი. «ქართულმა ნაწილმა» სოხუმში თბილისის უნივერსიტეტის ფილიალის შექმნა გამოაცხადა. აფხაზეთში და მთელს საქართველოში არ აღმოჩნდა ერთი გონიერი ადამიანი, რომელიც გაფიცულ ქართველ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს აუხსნიდა, ან თუნდაც ეტყოდა, რომ საკითხის ასე დასმა იმთავითვე წამგებიანი იყო პოლიტიკური და ყველა სხვა თვალსაზრისით. აფხაზურმა მხარემ მიიღო საშუალება ეთქვა, რომ «ქართველები ცდილობენ უნივერსიტეტის გახლეჩას ეროვნული ნიშნით».
    თუმცა, რომც გამოჩენილიყო ვინმე გონიერი, მას, რა თქმა უნდა, არავინ დაუჯერებდა. აფხაზეთის ქართველობამ ამ აქციით თავი ჩაიყენა ისეთ მდგომარეობაში, რომ აფხაზებს მიეცათ გენიალური შანსი «გულიც მოეოხებინათ» და პოლიტიკურადაც მოეგოთ. ასეთ შანსს ხელიდან აბა როგორ გაუშვებდნენ? მავანი იტყვის: ეს რომ არ ყოფილიყო სხვა საბაბს მოძებნიდნენო. რასაკვირველია მოძებნიდნენ, მაგრამ გაუგებარია, თავად რატომ ეხმარები?
    არათუ რუსისათვის, არამედ ნებისმიერი ევროპელისთვისაც სრულიად გაუგებარი და აბსურდული იქნებოდა ცალკე არსებული უნივერსიტეტის - სხვა უნივერსიტეტისათვის დაქვემდებარების მოთხოვნა.
    მიუხედავად იმისა, რომ შანსი თვალნათელი გახდა, აფხაზური მხარე დიდხანს, გულდაჯერებით, ფრთხილად ამზადებდა დარტყმას. ჯერ მათი ინტელიგენცია გააქტიურდა და წინასწარ «პროფილაქტიკური სამუშაო» ჩაატარა: მთელს საბჭოთა კავშირში და მსოფლიოში დააგზავნა საპროტესტო წერილები «ქართველ შოვინისტთა ქმედებათა» გამო, რომლებიც «სოხუმის უნივერსიტეტის ეროვნული ნიშნით გახლეჩას ითხოვენ და ამით აფხაზი ხალხის წინააღმდეგ სტალინური ტერორის რეციდივს ქმნიან». შემდგომ, სიმბოლურად მიმართეს თხოვნით გაფიცულებს - მიუგზავნეს უხუცესები, რომელთა ტონალობაში ზიზღისა და მუქარის გარდა არაფერი იგრძნობოდა: «შემოგვიერთდით, დაბრუნდით!» - არავითარი პირობა, არავითარი შერიგების ცდა აფხაზური მხრიდან არ ყოფილა. ეს წინადადებებიც მხოლოდ ფორმალობა იყო იმის დასადასტურებლად, რომ «ყველაფერი იღონეს» ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად.

    პირველი სისხლიანი კალო აფხაზეთში 15-16 ივლისს დატრიალდა. სოხუმში ერთდროულად გაიმართა «ქართული» და «აფხაზური» მიტინგები ისევ და ისევ უნივერსიტეტის საკითხთან დაკავშირებით. თანაც, აფსუათა მიტინგი უფრო მრავალრიცხოვანი იყო, ვიდრე ქართველთა (!).
    საჭირო გახდა მცირე პროვოკაცია აფეთქების გამოსაწვევად. ასეთ პროვოკაციად იქცა აფსუა ფოტოკორესპონდენტის ქმედება, რომელიც ქართველთა მიტინგს მიუახლოვდა და, გადაღების პარალელურად, უშვერი სიტყვებით დაუწყო ლანძღვა მომიტინგეებს. რასაკვირველია, საკადრისი პასუხიც მიიღო: ფოტოაპარატი და კამერა თავზე გადაამტვრიეს. ამის შემდეგ გაიქცა და შორიახლოს მყოფ 5 ათასამდე აფსუას შეატყობინა მომხდარი.
    დანებით, ჯაჭვებით, სანადირო თოფებით, ხელკეტებით შეიარაღებულ სეპარატისტთა ბრბო უმწეო, უიარაღო ქართველებს შეესია. ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევა არავის უცდია: «ვინ სად გარბოდა ....» ყველა ცდილობდა თავისათვის ეშველა. მხეცურად მოკლეს ვოვა ვეკუა («ილია ჭავჭავაძის საზოგადოების» აფხაზეთის განყოფილების ხელმძღვანელი) და კიდევ რამოდენიმე ქართველი. შემდგომ, აფსუათა გააფთრებული ხროვა ქართულ სკოლაში თავშეფარებულ თბილისის უნივერსიტეტის ფილიალს შეესია და დაარბია: დალეწეს ინვენტარი, გაანადგურეს საკლასო ოთახები, შებილწეს რუსთაველის სურათი, მიანგრ-მოანგრიეს თვით შენობა. აღსანიშნავია, რომ ქალები და ბავშვები მათ უკვე გუდაუთაში ჰყავდათ გახიზნული სოხუმიდან, რაც უეჭველად ადასტურებს: აქცია წინასწარ მომზადებული და გათვლილი იყო.
    (ამ  ანტიქართული ამბოხის უმთავრეს შინაგან მოტივად და ფსიქოლოგიურ ფონად ნამდვილად ის იქცა, რომ 9 აპრილმა აღაფრთოვანა აფსუა სეპარატისტები. ქართველები კი იმავე 9 აპრილით დაზაფრულნი და გატეხილნი იყვნენ სულიერად. ამ თვალსაზრისით, სოხუმის მოვლენები 9 აპრილის უშუალო შედეგი იყო. მათ კიდევ უფრო განუმტკიცეს რწმენა აფხაზებს, რომ სტალინისა და ბერიას კრიტიკით, შემდგომ 9 აპრილით, დაიწყო «ქართველების დაღმასვლა» და მოსკოვი-თბილისს მხარს აღარ უჭერდა)

    ამ დროს, სოხუმის ქართული მოსახლეობის დიდი ნაწილი ცდილობდა, სახლიდან არ გამოსულიყო და მხოლოდ შინიდან «მიეგდო ყური» იმისათვის, რაც გარეთ ხდებოდა.
    კელასურთან ერთ-ერთ სახლში წვეულებაა. სტუმარ-მასპინძელი ნარდს მისხდომიან. ამ დროს ვიღაც შემოვარდა და დამსწრეთ სოხუმის ამბები აუწყა. «. . . . ვაა, მართლა კაცო?. . . უჰ მაგათი. . . ჰო, გააგორე თუ ძმა ხარ გააგორე. . . «
    პირველად აკაკანდნენ ავტომატები სოხუმში: ივლისის მოვლენებამდე მცირე ხნით ადრე აფხაზებმა 6 ავტომატი იყიდეს.

    9 აპრილის შედეგად თბილისში გამეფებული აპათია და დუნე ატმოსფერო სოხუმის მოვლენებმა ოდნავ თუ გამოაცოცხლა. მხოლოდ მეცნიერებათა აკადემიის შენობასთან იმართებოდა მცირერიცხოვანი აქცია. ჯან-ღონით აღსავსე რამდენიმე ვაჟკაცმა «პროტესტის ნიშნად» შიმშილობა გამოაცხადა.
    აქვე უნდა ითქვას, რომ «შიმშილობას», როგორც არაძალადობრივი პროტესტის ფორმას ძალიან ფრთხილი და ფაქიზი გამოყენება სჭირდებოდა. მით უმეტეს ქართული ეთნოფსიქოლოგიის თავისებურებათა გათვალისწინებით. ქართული მენტალიტეტისათვის აბსოლუტურად გაუგებარი, უფრო მეტიც, ამაზრზენი და ზიზღნარევად სასაცილო იყო ის სურათი, როდესაც სოხუმში ადამიანებს ხოცავდნენ, ხოლო «მუტრუკი» მამაკაცები ამ დროს თბილისში შიმშილობას აცხადებდნენ. ეს უკვე აბსურდად და ანეგდოტად აღიქმებოდა.
    განსაკუთრებულად მღელვარე რეაქცია სოხუმის ამბებმა, რა თქმა უნდა, სამეგრელოში გამოიწვია. უპირველესად - ზუგდიდში. ათიათასობით ადამიანი შეიარაღდა რითაც შეეძლო და სოხუმისაკენ დაიძრა. სხვა რომ არაფერი, იქ ნათესავები ეგულებოდათ. მდინარე ღალიძგასთან მათ საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარი დახვდათ. ოჩამჩირეში აფსუათა ბრბომ გატეხა საწყობი, რომელშიც მცირე ხნის წინ მოსახლეობისათვის ჩამორთმეული სანადირო თოფები ინახებოდა და თვითონაც ღალიძგასთან დაბანაკდა. გუდაუთიდან - სოხუმში, კონსტანტინე ოზგანის დახმარებით, აფხაზი «ბოევიკები» კატარღებით გადაჰყავდათ. აფხაზეთში გამოჩნდნენ ჩრდილოკავკასიელი «მოხალისენი». ერთი სიტყვით, მოხდა იმ ვითარების მოდელირება, რომელიც ზუსტად (ოღონდ შეუდარებლად უფრო დიდი და საზარელი მასშტაბით) განმეორდა სამი წლის შემდეგ.
    სოხუმის მოვლენათა შედეგად თხუთმეტამდე ადამიანი დაიღუპა. მათგან ქართველი სამჯერ მეტი, ვიდრე აფხაზი. მიუხედავად ამისა, მთელს მსოფლიოში (არა მხოლოდ რუსეთში) ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა და ისეთი ინფორმაცია გავრცელდა (რასაკვირველია უმეტესად რუსული საინფორმაციო არხებით), რომ რამდენიმე მილიონი ქართველი ცდილობს დაჩაგროს 82 ათასი აფხაზი, რამაც გამოიწვია სისხლისღვრა და მსხვერპლი აფხაზეთში.
    ვერანაირი არგუმენტით ამ სტერეოტიპს ვერ შეცვლიდი. აბა ვინ დაგიჯერებდა, რომ მცირერიცხოვან, «ერთი მუჭა» აფხაზობას შეეძლო მრავალრიცხოვანი ქართული მოსახლეობის დაჩაგვრა, დამცირება დაბეჩავება და დაგლახავება?
    ამავდროულად, მოსკოვში გრძელდებოდა უმაღლესი საბჭოს სესია. სიტყვა ინფორმაციისათვის აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობის შესახებ მიეცა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრ ბაკატინს. მან არითმეტიკის საოცარი ნიმუში წარმოადგინა: «Всего, в резултате Сухумских событй, погибли 11 человек. из них четыре абхаза и пять грузин».
    «საკავშირო ტელევიზია» სიამოვნებით აჩვენებდა ქართველ დეპუტატთა შიშისაგან წაშლილ სახეებს. რუსები კი ნამდვილად კმაყოფილნი იყვნენ: ქართველებმა ხომ თავი გამოამჟღავნესო - «Ведь проявили себя!» - 9 აპრილის შემდეგ რუსულ ცნობიერებას ქართველთა უზნეობისა და «თვითონ მჩაგვრელობის» საბუთი ესაჭიროებოდა, რათა საკუთარ სინდისთან მართალი ყოფილიყო. ასეთი საბუთი და არგუმენტი მათ აფსუებმა შეუქმნეს და, იმავდროულად, თავიანთი «აფხაზური საქმეც» გააკეთეს - პოლიტიკა ხომ ინტერესთა თანხვედრის ხელოვნებაა!
    «Университет только повод» - აგრძელებდა ბაკატინი. მისი გამოსვლის შემდეგ სიტყვა ითხოვა არძინბამ, რომელმაც განაცხადა, რომ სოხუმის მოვლენები არის შედეგი აფხაზი ხალხის ჩაგვრისა ათწლეულთა განმავლობაში, - «სტალინიზმისა და ბერიევშჩინის» პერიოდში. მან მოითხოვა აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობის შემოღება, რაც თბილისის იურისდიქციიდან ავტონომიის ფაქტობრივ გასვლას გულისხმობდა. ქართველ დეპუტატებს, როგორც ყოველთვის, ენა მუცელში ჩაუვარდათ. მხოლოდ ენათმეცნიერმა გუჩა კვარაცხელიამ გაბედა და ქალური გაკაპასებით, ლაზათიანად გამოლანძღა სხდომის წამყვანი ანატოლი ლუკიანოვი, რადგან იგი «შერჩევით აძლევდა სიტყვას დეპუტატებს».
    საბოლოოდ, უმაღლესმა საბჭომ მიიღო დადგენილება, რითაც დაავალა სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს, «Принять незамедлительные и решительные меры для стабилизации обстановки».
   

    აფხაზეთში კი სისხლისღვრა გრძელდებოდა. ღალიძგაზე გადასვლა ქართულმა «ლაშქარმა» ვერ შეძლო. აფხაზებმა სანადირო თოფებით სსრკ შინაგანი ჯარის ორი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს.
    ვოვა ვეკუას მკვლელი - პალბა დააკავეს, თბილისში ჩამოიყვანეს და სუკ-ის სპეციზოლატორში მოათავსეს. რამდენიმე თვის შემდეგ გაიმართა მისი სასამართლო პროცესი, რომელსაც «დემოკრატიული» ჟურნალი «огонёк-ი» ასე გამოეხმაურა: «Грузинский суд сыграл польку-бабочку, описанную в фильме «покояние»(!) Пальбе вменялось в вину злостное хулиганство. но ведь он убивал Грузина Векуа не из хулиганских побуждений а на основе межнациональной розни, возникшей из за Сталино-Бериевских антиабхазских репресий». წარმოგიდგენიათ? ესე იგი, თუ აფსუა პალბამ - ქართველი ვეკუა მოკლა, ეს ხულიგნურ ქვენაგრძნობად (ანუ მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებად) ვერ ჩაითვლებაო.
    იმავე «огонёк»-მა სოხუმის მოვლენებიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ გამოაქვეყნა ანდრეი სახაროვის ინტერვიუ, რომელშიც «დიდმა რუსმა დემოკრატმა» წარმოთქვა ჩვენთვის საბედისწერო სიტყვები: «საქართველო პატარა იმპერიაა.» - «. . . Маленькая империя, в состав которой входят Абхазия, Осетия и другие ….»
    ჯერ ერთი, ყურადღება მიაქციეთ, თუ ვის (არა ერთს) გულისხმობდა ამ «и другие»-ში რუსული «დემოშოვინიზმის» დიდი მედროშე. გარდა ამისა, სახაროვის განცხადება ინდულიგენციად იქცა ყველასათვის, ვინც საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა და ქართველებს ხოცავდა. ამ სიტყვებმა შექმნეს ახალი პოლიტიკური განწყობა და, თუ გნებავთ, ახალი პოლიტიკური რეალობაც.
    ანდრეი სახაროვის სიტყვებს დღემდე იმეორებს საქართველოს ყველა ავისმოსურნე. თანაც, უმრავლეს შემთხვევაში აცხადებდა და აცხადებს, რომ «რუსეთი უკვე აღარ არის იმპერია». ესე იგი, 1989 წელს საქართველო თურმე «იმპერია» იყო, ხოლო ელცინისა და პუტინის რუსეთისათვის სახაროვის ცოლსა და მის სხვა მიმდევრებს «იმპერია» არასდროს უწოდებიათ მიუხედავად, თუნდაც, ჩეჩენი ერის გენოციდისა.
    არადა, საქართველოს «იმპერიად» გამოცხადება იმთავითვე უზნეო და უსინდისო ტყუილია არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო საბჭოთა პერიოდში სხვა სახელმწიფოს ნაწილი(!) იყო, არამედ ასეთი დეფინიცია ეწინააღმდეგება ისტორიულ ჭეშმარიტებასაც: საქართველოს ხომ არასდროს დაუპყრია ის ტერიტორიები, რომელიც სახაროვმა დაასახელა და იგულისხმა.
    ძნელი სათქმელია, წინასწარგანზრახული ანტიქართული მოტივით განაცხადა ეს სახაროვმა, თუ აქ კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა მისი დისიდენტური უკომპრომისობა და ე.წ. «აბსტრაქტული ჰუმანიზმი». მაგრამ იმის თქმა კი დანამდვილებით შეიძლება, რომ გაიძვერა კოროტიჩი შემთხვევით არ დაბეჭდავდა ამ სიტყვებს თავის «დემოკრატიულ ჟურნალში».

    საქართველოს ტელევიზიამ გადმოსცა რეპორტაჟი აფხაზეთიდან. ტყვარჩელელი რუსი დედაკაცი ცხარობს: «Во всём виновато правительство Грузии: почему оно решило открыть филиал университета не посоветовавшись с правительством Абхазии? любому кому не нравится Абхазия, - будь то Грузин, Мингрел или Сван, может купить билет на самолёт или поезд и пусть отправляется в свою республику».
    ამ რუსის დედაკაცის სიტყვებმა პირველად მიგვანიშნა იმ პრობლემის არსებობის თაობაზე, რომელზეც მანამდე არავინ ფიქრობდა. უფრო მეტიც, - აზრადაც არავის მოუვიდოდა, თუ ვინმე შეძლებდა ოდესმე ეჭვი შეეტანა ქართველთა «ღვთაებრივ ერთობაში». არადა, სულ ორი წელი რჩებოდა თენგიზ სიგუას განცხადებამდე: «. . . ზვიად გამსახურდიას მიერ შემოგდებულია ბინძური თემა: მე ჩემი მეგრელები და სვანები დამიცავენო». ამ განცხადებას კი ლოგიკურად მოჰყვა, სულ მცირე ხნის შემდეგ, ჯაბა იოსელიანის სიტყვები: «ჩვენ აფხაზეთში ვიბრძოდით. ეს მეგრელები კი, თურმე, აფხაზებს ეხმარებოდნენ».
    როგორც კი (სოხუმის 1989 წლის მოვლენების დროს, აგრეთვე ინგლისელი მეცნიერის, ჯორჯ ჰიუიტის გახმაურებულ წერილში) ამ თემამ პირველად გაიჟღერა, ქართული საზოგადოება (განსაკუთრებით მისი «ელიტარული» ნაწილი) ისევ და ისევ უნდა დაფიქრებულიყო და ზოგი რამ გაეანალიზებინა, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, - ფიქრის, განსჯისა და არაპოპულარული აზრების გამოთქმის უნარი ვის ჰქონდა საერთო ისტერიის ატმოსფეროში?!

    მოსახდენი მოხდა: აფსუებმა შეძლეს გამიჯვნოდნენ საქართველოს და რუსული საზოგადოებისათვის (კრემლმა ისედაც იცოდა ყოველივე) მიენიშნებინათ, რომ მზად იყვნენ შეესრულებინათ რუსეთის «სტრატეგიული მოკავშირის» ფუნქცია - საქართველოს წინააღმდეგ. ოღონდ არა ბრმად, არამედ საკუთარი ინტერესების დაცვით, - «ინტერესთა თანხვედრის» საფუძველზე.
    გარდა ამისა, სოხუმის მოვლენებით გაგრძელდა ქართული ცნობიერების გვემისა და მსხვრევის, მისი დადამბლავების პროცესი. საქართველო კვლავ იძულებული გახდა შეურაცხყოფა გადაეყლაპა და იმასაც კი შერიგებოდა, რომ მოსკოვის საინფორმაციო საშუალებებმა ძალიან ოსტატურად შეძლეს სწორედ საქართველო გამოეყვანათ აგრესორად მთელი მსოფლიოს თვალწინ. მაშინ, როდესაც ყველა, ყველა და, ამ შემთხვევაში საქართველო სწორედ მსხვერპლი იყო და არა აგრესორი.
    ამდენ უპასუხო შეურაცხყოფას, ამდენ «გულში ჩაკლულ ბოღმას» არ შეეძლო უკვალოდ ჩაევლო ეროვნული ცნობიერების სიჯანსაღის, ერის სულიერი ჯანმრთელობის თვალსაზრისით. და ახლა უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას: არც ჩაუვლია უკვალოდ!