პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებაში ვაჟა ლორთქიფანიძეს შეიძლება მისმა პრორუსულმა ორიენტაციამ შეუშალოს ხელი

პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებაში ვაჟა ლორთქიფანიძეს შეიძლება მისმა პრორუსულმა ორიენტაციამ შეუშალოს ხელი

  

    კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებული კულუარული თუ საზოგადო დებატების პროცესში კვლავ ამოტივტივდა ვაჟა ლორთქიფანიძის სახელი. ერთდროულად რამდენიმე საკმაოდ კომპეტენტური წყარო ამტკიცებს, რომ პირველ რიგში სწორედ მისი კანდიდატურა განიხილება პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
    მიუხედავად ამ საკითხის ჰიპოთეტურობისა და მიუხედავად შევარდნაძის სახელისუფლებო ტექნოლოგიისათვის დამახასიათებელი «ფანტომურობისა», რასაც ქუჩური ჟარგონით «პაკეტების დაყრა» ჰქვია, - არ არის გამორიცხული, ეს ხმები თუ ჭორები სიმართლეს შეეფერებოდეს, ვინაიდან ვაჟა ლორთქიფანიძე მართლაც ძალზე საინტერესო და საკმაოდ გავლენიანი ფიგურაა.
    ქართველ დამკვირვებელთაგან ცოტამ თუ იცის მნიშვნელოვანი დეტალი: 1995 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ზოგიერთები სწორედ ლორთქიფანიძეს ასახელებდნენ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ ჟვანიას ნაცვლად, მაგრამ შევარდნაძემ საბოლოო არჩევანი მაინც ჟვანიას სასარგებლოდ გააკეთა. ალბათ იმიტომ, რომ ხელისუფლების დანაწილების არსებული სისტემის პირობებში პარლამენტის თავმჯდომარე საერთოდ უმართავი ფიგურაა, ხოლო ლორთქიფანიძის ლოიალობაში პრეზიდენტს (განსაკუთრებით, კრიტიკულ ვითარებათა გათვალისწინებით) შესაძლოა, ოდნავ მეტად ეპარებოდა ეჭვი. რა თქმა უნდა არა იმიტომ, რომ ლორთქიფანიძე მას უღალატებდა, მაგრამ თვით მისი «იმიჯი» ობიექტურად შექმნიდა გარკვეულ პრობლემებს იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტისთვის აუცილებელი გახდებოდა მის მიერვე 70-იან წლებში «გამოძერწილი» ისტებლიშმენტის აზრის საწინააღმდეგოდ მოქმედება.
    გარდა ამისა, რუსეთთან გარდაუვალი დაპირისპირების პირობებშიც ამ თითქმის ყოვლისშემძლე პოსტზე სხვა მენტალიტეტის პიროვნება იყო საჭირო. ვაჟა ლორთქიფანიძეს მაშინ სერიოზული წინააღმდეგობა არ გაუწევია და «პრიორიტეტულ ქვეყანაში» ელჩის პოსტით დაკმაყოფილდა, თუმცა, იმავდროულად, დეპუტატის მანდატიც შეინარჩუნა. (გვიანდელი მინაწერი: ზურაბ ჟვანიას ხანგრძლივვადიან ლოიალობაზე შევარდნაძის ილუზიას კიდევ ერთი ნიუანსი განაპირობებდა, რაც მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ გახდა ცხადი და დადასტურდა – ავტ.)
    ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ვაჟა ლორთქიფანიძის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნით (თუ ეს მართლაც მოხდა), პრეზიდენტი ისტებლიშმენტში ამჟამად არსებულ «პრორუსულ» განწყობას გამოეხმაურება და არსებულ ბალანსს ახალ სიბრტყეზე შეინარჩუნებს. თვით ლორთქიფანიძეს ამ თანამდებობაზე პრობლემები არ ექნება - იგი გამოცდილი ფუნქციონერია, თავის დროზე ხელმძღვანელობდა საქართველოს კომკავშირის ცენტრალურ კომიტეტს, შემდეგ რაიკომის მდივანიც იყო და ჟიული შარტავასთან და ბაკურ გულუასთან ერთად «განსაკუთრებით პერსპექტიულ» მუშაკთა ნომენკლატურაში შედიოდა; მაგრამ მეტი ვერ მოასწრო, ვინაიდან კომუნისტური წყობა ერთბაშად დაემხო და «ძველ ნომენკლატურას» ახალი ნიშის ძიება მოუხდა.
    ვაჟა ლორთქიფანიძემ ეს ნიშა ადვილად იპოვა: საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატის უფროსი გახდა. ეს პოსტი მაშინაც და დღესაც საკმაოდ მნიშვნელოვან ბერკეტებს შეიცავს პროცესებზე ზემოქმედებისათვის.
    რასაკვირველია, აფხაზეთის ომის პერიოდში ვაჟა ლორთქიფანიძე ნაკლებად ჩანდა. ჟურნალისტებს მხოლოდ ერთი მისი პრესკონფერენცია დაგვამახსოვრდა: 1993 წლის 22 სექტემბერს, როდესაც სოხუმი ეცემოდა, მან თბილისში, ძველი პარლამენტის შენობაში ჩაატარა ბრიფინგი და დამსწრე საზოგადოებას ამცნო, რომ «ერთმა ტანკმა როგორც იქნა გადალახა კოდორი სოხუმის დასახმარებლად». სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია, არაზუსტი აღმოჩნდა, თუმცა ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, იმ პერიოდში ვაჟა ლორთქიფანიძეს სოხუმში მყოფი სახელმწიფოს მეთაურისაგან განსაკუთრებული რწმუნებები ჰქონდა მიღებული, რათა ყველა თვალსაზრისით ემართა სიტუაცია თბილისში. მათ შორის, რუსეთთან კონტაქტის თვალსაზრისითაც.
    გახსოვთ ალბათ, 1993 წლის ოქტომბრის დასაწყისში შევარდნაძემ მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე. მთავარი ამ გადაწყვეტილების მიღებისას იყო არა ვახტანგ გოგუაძის მისტიური სიზმარი, არამედ ის საიდუმლო კონსულტაციები, რომელთაც სწორედ ვაჟა ლორთქიფანიძე აწარმოებდა მოსკოვთან.
    ავთანდილ მარგიანის სევასტოპოლში გადაფრენა ვერაფერს გადაწყვეტდა, რომ არა წინასწარი შეთანხმება თბილისსა და მოსკოვს შორის. ფაქტობრივად ამ შეთანხმებამ გადაარჩინა მაშინ თბილისი «ზვიადისტებისა» და ლტოლვილების ერთობლივი შემოჭრისაგან. დარწმუნებული ვარ, ვაჟა ლორთქიფანიძე სწორედ იმდროინდელი დიდი (საზოგადოებისთვის ჯერაც უცნობი) დამსახურებისათვის დაინიშნა ელჩად მოსკოვში, სადაც მანამდე სრულიად უმწეო ვალიკო ადვაძე მუშაობდა.
    ლორთქიფანიძემ უმოკლეს ვადაში მოახერხა კონტაქტის დამყარება ყველა მნიშვნელოვან ფიგურასთან და რუსულ ისტებლიშმენტში იმდენად გაშინაურდა, რომ 1996 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გადამწყვეტ ღამეს იგი ერთადერთი ელჩი აღმოჩნდა, ვინც პრეზიდენტის შტაბში მიიწვიეს.
    საბედნიეროდ, ამის შესახებ გენადი ზიუგანოვმა გვიან გაიგო, თორემ ისევე გამოიყენებდა ამ ფაქტს, როგორც გენერალმა ლებედმა, - ვარდიკო ნადიბაიძის ყოფნა პაველ გრაჩოვის შტაბში ამ უკანასკნელის გადაყენების დროს.
    თუ ვაჟა ლორთქიფანიძე თბილისის პოლიტიკურ სცენაზე დაბრუნდა (მით უმეტეს პრემიერ-მინისტრის რანგში), - ეს ძალზე სერიოზულ ძვრებს გამოიწვევს ზოგადად ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე. მისი საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია თვალნათელია, ხოლო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება შეეძლება.
    თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, სწორედ ვაჟა ლორთქიფანიძეს გულისხმობდა ვახტანგ გოგუაძე იდუმალებით მოცულ ფრაზაში: «საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი იქნება ის, ვინც ამჟამად აქტიურად არ ფიგურირებს პოლიტიკურ სცენაზე».
    რაკი ასლან აბაშიძე თბილისური ისტებლიშმენტისათვის მთლიანობაში მაინც მიუღებელი ფიგურაა, ამგვარი ფინალი გამორიცხული არ არის, თუმცა «ყავისფერი კარდინალის» როლზეც ლორთქიფანიძე ძნელად თუ ივარგებს, - იგი «გვიანკომუნისტური ეპოქის» კომკავშირული მენტალიტეტის მატარებელია, ამიტომ მოვლენები (ფორმალურად) შეიძლება მხოლოდ ლეგიტიმური გზით განვითარდეს.
    რამდენად ზუსტია ამგვარი ვარაუდი, უმალვე გამოჩნდება, თუ «პრორუსული ორიენტაციის» მომხრენი საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრის, არამედ ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღებას მოითხოვენ.
    რაც შეეხება ვაჟა ლორთქიფანიძის ეკონომიკურ ორიენტაციას, - დღევანდელ პირობებში ეს მხოლოდ თეორიული საკითხია, ვინაიდან საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია თავისთავად გულისხმობს ეკონომიკურ ორიენტაციასაც. ქართველი «მემარცხენეები» სინამდვილეში რუსეთის ბაზარს მისტირიან, თორემ თავად ჩვეულებრივი კაპიტალისტები არიან. აქვე გავიხსენოთ, რა თბილად დაახასიათა საპარლამენტო დებატებისას ვაჟა ლორთქიფანიძე ვახტანგ რჩეულიშვილმა. აგრეთვე არანაკლებ «თბილად» არიან მისდამი განწყობილი «მემარჯვენე ცენტრისტები» და ა.შ.
    ერთი სიტყვით, «ორივე ფრთა» მზად არის ასაფრენად. შევარდნაძეზე მაღლა ბატონი ვაჟა ჯერჯრეობით ვერ აფრინდება, მაგრამ ეს მხოლოდ ჯერჯრეობით.
    სრულიად ახალგაზრდა კაცია, მთელი ცხოვრება წინ აქვს.

7 დღეს, 26 ივნისი, 1998 წელი