ორიენტაციის შეცვლის დრო დადგა - მიხვდა ვაჟა ლორთქიფანიძე     ამიტომაც დანიშნეს სახელმწიფო მინისტრად

ორიენტაციის შეცვლის დრო დადგა - მიხვდა ვაჟა ლორთქიფანიძე     ამიტომაც დანიშნეს სახელმწიფო მინისტრად

 

    ქართული მედია ვაჟა ლორთქიფანიძის მოსალოდნელმა, მაგრამ მაინც მოულოდნელმა (ასეთი პარადოქსები პოლიტიკას ახასიათებს) აღზევებამ ცოტა არ იყოს დააბნია. ზუსტი განსაზღვრება ამ ფიგურას ჯერაც ვერ მოუძებნეს და შევარდნაძის მოტივაციაც ვერ ახსნეს. ვაჟა ლორთქიფანიძეს (მისდა საბედნიეროდ) «რუხი კარდინალის» იმიჯი არ აქვს და ვერც მომავალში მოიპოვებს. იგი სხვა კატეგორიის ფიგურაა, ვიდრე იგივე ლეონარდო დევდარიანი. «პრორუსული ორიენტაციის» მოტივი აგრეთვე ნაკლებად არგუმენტირებულია, თუმცა ვიდრე ამ საკითხზე მივყვებით მსჯელობას, აუცილებელია თვით ლორთქიფანიძის დახასიათება: იგი «ჩვეულებრივ» კომკავშირულ ფუნქციონერთა რიცხვს განეკუთვნებოდა, თუმცა მისი ორდინალურობა არ გამორიცხავდა ერთგვარ ნიჭსა და ალღოს. ვაჟა ლორთქიფანიძე ქართველ კომკავშირულ ლიდერთა იმ კატეგორიას განეკუთვნებოდა, რომლებიც 70-იანი წლების ბოლოდან ახალგაზრდობის სხვადასხვა წრის გულის მოსაგებად ხან «როკ-ფესტივალებს» აწყობდნენ, ხან ქართული ისტორიული ძეგლების აღდგენას ანიჭებდნენ «ყამირულ დატვირთვას» - რითაც არც მწვადს სწვავდნენ და არც შამფურს, - მოსკოვიც კმაყოფილი რჩებოდა და ქართული ელიტარული ინტელიგენციაც, რომელსაც კომუნისტური ეპოქის დასალიერს ეროვნული გრძნობები «მოაწვა».
    ვაჟა ლორთქიფანიძემ კომკავშირული კარიერის მწვერვალს მიაღწია და საქართველოს კომკავშირის ცკ-ს პირველი მდივანი გახდა. იმდროინდელი ნომენკლატურით, ეს პარტიულ იერარქიაში ქალაქკომის ან რომელიმე დიდი (პრესტიჟული) რაიკომის მდივნის ტოლფასი იყო. ლორთქიფანიძე კალინინის (ვერისუბნის) რაიკომის მდივნად განაწესეს. იგი უეჭველად უფრო შორსაც წავიდოდა, ანუ უფრო ამაღლდებოდა კომუნისტურ სახელისუფლო კიბეზე, მაგრამ უეცრად (დიახ, უეცრად) იქუხა «პერესტროიკამ» და საქართველოში კომუნისტური ხელისუფლება მისივე უნიათობის, აგრეთვე 9 აპრილის შედეგად დაემხო. მიუხედავად ამისა, ვაჟა ლორთქიფანიძე შევარდნაძეს საქართველოში დაბრუნებისთანავე გაახსენდა და სახელმწიფო მეთაურის აპარატის ხელმძღვანელად დანიშნა. ეს სწორედ ის საქმე იყო, რომელიც მან ძალიან კარგად იცოდა, ამიტომ ადვილად «მოერგო» პოსტს, თუმცა ვითარება ქვეყანაში უკვე სრულებით განსხვავებულად იყო. 1993 წლის სექტემბერში, ვაჟა ლორთქიფანიძე, პრეზიდენტის სოხუმში ყოფნისას, ფაქტობრივად აკონტროლებდა ვითარებას თბილისში და ყველა სახელისუფლო ბერკეტიც ხელთ ეპყრა, რაკი შეეძლო სახელმწიფოს მეთაურის სახელით გაეცა ბრძანებები.
    1994 წლიდან, საქართველოში ახალი პოლიტიკური ეპოქა დაიწყო. ამ ეპოქის ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს ლორთქიფანიძის დანიშვნა რუსეთში საქართველოს ელჩად. ედუარდ შევარდნაძემ კარგად უწყოდა: ვახტანგ გოგუაძის ტიპის ქართულ ინტელიგენციას მაინც ვერ დაარწმუნებდა, რომ რუსეთისადმი დათმობით არაფერი გამოვა, ამიტომ გადაწყვიტა მოჩვენებითად «პრორუსული» კურსი აეღო, თუმცა სინამდვილეში თავად არ სჯეროდა მოსკოვთან შერიგების შესაძლებლობისა. ვაჟა ლორთქიფანიძემ ამ კურსის ფარგლებში (ოღონდ, არ არის გამორიცხული, შევარდნაძის ჭეშმარიტი მოტივაცია მასაც ვერ გამოეცნო) საკმაოდ წარმატებით იმუშავა და შესაძლებლის მაქსიმუმს მიაღწია. «შესაძლებლის მაქსიმუმი» კი ის გახლდათ, რომ თვით ელჩმა მოიპოვა «რუსეთისადმი სიმპათიით განწყობილი მოღვაწის» სახელი. სწორედ ასე დაახასიათა ვაჟა ლორთქიფანიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა მისი «დაწინაურების» კომენტირებისას. მაგრამ დიპლომატიური თვალსაზრისით ელჩისათვის ეს მინიმუმია – ყველა დიპლომატი, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში ელჩად მსახურობს, ვალდებულია ისეთი შთაბეჭდილება შექმნას, თითქოს ეს ქვეყანა გულმხურვალედ უყვარს და «მეორე სამშობლოდ» მიაჩნია.
    სინამდვილეში შეიძლება სძულდეს კიდეც, მაგრამ დიპლომატიის არსი სწორედ ამაში მდგომარეობს. თუმცა ვაჟა ლორთქიფანიძეს ეს არ ეხება, ვინაიდან მისი მენტალიტეტი რუსეთისადმი სიმპათიას იმთავითვე გულისხმობდა. სხვა განსაკუთრებულ წარმატებას ლორთქიფანიძემ ამ პოსტზე ვერ მიაღწია (ობიექტურად, ვერც მიაღწევდა) - 3 თებერვალს ხელშეკრულება მისი დამსახურება არ არის და საერთოდ, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის დონე შეესაბამებოდა გეოპოლიტიკურ რეალობას, რომლებიც წარმოიშვა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აგრეთვე ქართული საზოგადოებისა და საქართველოს იმიჯს რუსეთში;
    ლორთქიფანიძემ მხოლოდ იმას მიაღწია, რომ დაამყარა კონტაქტი რუსეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, თუმცა აქაც რამე სერიოზულ წარმატებაზე ლაპარაკი ზედმეტია და ეს შეუძლებელიც იყო.
    მიუხედავად ამისა, ზემოთხსენებული პრორუსული ინტელიგენციის, აგრეთვე მემარცხენე ძალთა თვალში, ვაჟა ლორთქიფანიძემ გარკვეული ქარიზმის შეძენაც კი იწყო. ვერა და ვერ მიხვდა ეს ინტელიგენცია იმას, რასაც კარგა ხნის წინ მიხვდა თვით შევარდნაძე - რუსეთს საკუთარი თავისთვის ვერ მოუვლია; საკუთარი სეპარატისტული პრობლემები ვერ მოუგვარებია, თვითონ ატარებს რადიკალურ ეკონომიკურ რეფორმას და საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებსაც სულ «კუნტრუშით» ასრულებს, - საქართველოს პრობლემები ასეთმა ქვეყანამ როგორ უნდა გადაწყვიტოს? მაგრამ რაკი ამგვარი ილუზია არსებობს, შევარდნაძემ განიზრახა კიდევ ერთი შანსი მიეცა რუსოფილებისათვის. ამ თვალსაზრისით, ვაჟა ლორთქიფანიძის დანიშვნა სახელმწიფო მინისტრად დაახლოებით ისეთივე ნაბიჯია, როგორიც იყო «ბაზების თაობაზე» დოკუმენტის ხელმოწერა. შევარდნაძე შესანიშნავად მიხვდა (სინამდვილეში), რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა, რომ «ბაზების სანაცვლოდ» რუსეთი აფხაზეთს არც დაგვიბრუნებდა და ვერც დაგვიბრუნებდა, ვინაიდან თუ აფხაზ სეპარატისტებზე ზეწოლას განახორციელებდა, საბოლოოდ ჩრდილოეთ კავკასიას აუჯანყებდა. მაგრამ ამ ელემენტარულ გეოპოლიტიკურ რეალობას გონებაჩლუნგ «რუსეთუმეებს» ვერაფრით შეაგნებინებ.
    იგივე ვითარებაა დღესაც - ვაჟა ლორთქიფანიძის დანიშვნით შევარდნაძე ცდილობს საბოლოოდ «ამოწუროს» პრორუსული ორიენტაციის შესაძლებლობა საქართველოში. ვაჟა ლორთქიფანიძე ოთხი წლის განმავლობაში ცხოვრობდა მოსკოვში, სახელისუფლო წრეებისა თუ კულუარებში ტრიალებდა, ამიტომ ყველაზე უკეთ იცის, რა ხდება მოსკოვის პოლიტიკურ ოლიმპზე, რა ვითარებაა რუსულ ისტებლიშმენტში, ვინ - ვის მართავს, ვინ - ვის უკან დგას.
    რას წარმოადგენს ბორის ელცინი, რა ძალები უჭერენ მას მხარს, რა მდგომარეობაა რუსეთის ეკონომიკაში, რუსულ არმიაში, რეგიონებში; სხვაგვარად თუ ვიტყვით, ვაჟა ლორთქიფანიძე წლების განმავლობაში ხედავდა, აკვირდებოდა რუსეთში გამეფებულ ქაოსს. მიხვდა, რომ იმ ქვეყანაში უკვე ძაღლი პატრონს ვეღარ სცნობს, რომ პასუხისმგებელი სუბიექტის მოძიება, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რუსეთის სახელმწიფო ვეღარ იმართება, ელცინი კრემლში გამოკეტილი (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), ამდენად, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების გარდა აღარაფერი აინტერესებს.
    რუსეთი კატასტროფული სისწრაფით უახლოვდება უფსკრულს, რომლის ფსკერზეც ან სამოქალაქო ომში ჩაეშვება ან სამხედრო დიქტატურაში, ამდენად «რუსული ორიენტაცია» ნამდვილი სიგიჟე იქნებოდა; ლორთქიფანიძე ამაში საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდა. სწორედ ამიტომ დაინიშნა სახელმწიფო მინისტრად.

7 დღე, 17 აგვისტო, 1998 წელი