მოსკოვის პუტჩი

მოსკოვის პუტჩი - ეროვნული მოძრაობა

მოსკოვის პუტჩი

1991 წლის 19 აგვისტოს, დილით, დაახლოებით 5-6 საათზე, საკავშირო რადიომ საბჭოთა კავშირს გამაოგნებელი ამბავი ამცნო: «. . .მიხეილ გორბაჩოვის ინიციატივით დაწყებულმა გარდაქმნამ. . .ნაცვლად იმისა, რომ. . . რეალურად გამოიწვია. . . და საფრთხე შეუქმნა ქვეყნის არსებობას».
    «საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო კომიტეტის» (ГКЧП-ს) შემადგენლობაში შედიოდნენ სსრკ ძალისმიერ სტრუქტურათა ხელმძღვანელები: იაზოვი, კრიუჩკოვი, პუგო, აგრეთვე სამხედრო სამრეწველო კომპლექსის მესვეურები და «კოლმეურნე» სტაროდუბცევი - კომიკური ფიგურა, რომელიც, პუტჩისტებს «კომიტეტის» ხალხოსნური ანგაჟირებისათვის ესაჭირეობოდათ.
    გადატრიალების შედეგად, მთელი ძალაუფლება გადადიოდა ვიცე-პრეზიდენტ გენადი იანაევის ხელში. პრეს-კონფერენციაზე მან განაცხადა, რომ კომიტეტის მიზანია გადაარჩინოს ქვეყანა («Спасти страну»).
    მნიშვნელოვანი დეტალი: იანაევსა და მის თანამოაზრეებს «სოციალიზმი» არც კი უხსენებიათ - მათი მიზანი მხოლოდ სახელმწიფოს მთლიანობის შენარჩუნება იყო.
    წინა დღით «კომიტეტის» რამდენიმე წევრი მიხეილ გორბაჩოვს ეწვია ყირიმში, ფაროსის მეფურ აგარაკზე, სადაც ეს ისტორიული ტაკიმასხარა ისვენებდა ოჯახთან (რაისა მაქსიმოვნასთან) ერთად.
    გენერალმა ვარენნიკოვმა «გორბის» რუსულად დედა აგინა და საგანგებო ვითარების გამოცხადება მოსთხოვა. როგორც ჩანს, გორბაჩოვი 1991 წლის მაისის შემდეგ ყოყმანობდა, პრინციპულად არ იყო წინააღმდეგი საბჭოთა კავშირში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა, თუმცა, დედალმაშო ბუნების გამო, რადიკალური ნაბიჯების ეშინოდა.
    როდესაც მის ნაცვლად სხვებმა მოამზადეს ყველაფერი და მხოლოდ ქაღალდზე ხელის მოწერაღა რჩებოდა, მან, რასაკვირველია, უარი განაცხადა. მაგრამ იაზოვს, ვარენნიკოვს, კრიუჩკოვს, ტიზიაკოვსა და სხვებს ხომ შესანიშნავად ახსოვდათ, რომ ქვეყანაში გამეფებული ქაოსით შეშინებული გორბაჩოვი თავად ავალებდა «ეფიქრათ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობაზე». ამიტომ, ბოლო მომენტში მისმა უარმა ისინი გააცოფა და გადაწყვიტეს, გორბაჩოვი საერთოდ ჩამოეშორებინათ ხელისუფლებისაგან ანუ მის გარეშე გაეკეთებინათ იგივე.
    პრეს-კონფერენციაზე გენადი იანაევმა აგრეთვე განაცხადა, რომ ГКЧП ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში გამოაცხადებს საგანგებო მდგომარეობას. შემდგომში გაიჟღერა ციფრმაც: ექვს რეგიონში. არავის დაუსახელებია კონკრეტულად ეს რეგიონები, მაგრამ ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მუქარა შეეხებოდა ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს, საქართველოს, სომხეთსა და მოლდავეთს ანუ იმ რესპუბლიკებს, რომლებმაც იმთავითვე უარი თქვეს შეერთებოდნენ ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას.
    თვით ამ ხელშეკრულების მიმართაც «კომიტეტის» დამოკიდებულება უარყოფითი იყო. ისინი მიიჩნევდნენ (არც ცდებოდნენ), რომ ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულება ქვეყნის ერთიანობის ლეგალური დაშლის დასაწყისი გახდებოდა.
    კიდევ ერთი, უაღრესად საინტერესო მომენტი: როგორც კი ГКЧП-ს შექმნისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ გახდა ცნობილი, საბჭოთა კავშირის «მოკავშირე რესპუბლიკათა» შემადგენლობაში შემავალი უკლებლივ ყველა ავტონომიის ლიდერი (ვლადისლავ არძინბას ჩათვლით) გენადი იანაევის კაბინეტის მოსაცდელში აღმოჩნდა. ისინი ცდილობდნენ, დაედასტურებინათ ერთგულება ახალი ხელისუფლებისათვის და, ამავე დროს, ისიც დაეფიქსირებინათ, რომ ამ ხელისუფლებისაგან ელოდნენ «მოკავშირე და ავტონომიურ რესპუბლიკათა გათანაბრების» პოლიტიკის გაგრძელებას - აქაოდა, ჩვენ ხომ სსრკ მთლიანობას არ ვეხებოდით, როდესაც «გათანაბრებას» ვითხოვდითო. არადა, საბჭოთა კავშირის დაშლის პროვოცირება დიდწილად სწორედ ამ «გათანაბრების» კონცეფციამ გამოიწვია. ავტონომიებმა მოახდინეს ცენტრიდანული ტენდენციების პროვოცირება იმ მოკავშირე რესპუბლიკებშიც კი, რომელთაც ავტონომიები არ გააჩნდათ, ვინაიდან (ვიმეორებ) ავტონომიებთან გათანაბრება არც მათ ელიტებს ეპიტნავებოდათ.
    სხვათა შორის ბორის ელცინი «ავტონომიებს» სწორედ ამიტომ არ ეხატებოდათ გულზე, მიუხედავად მისი ცნობილი დაპირებისა …В составе России «берите столько суверенитета, сколько сможете проглотить».
    ასეთი ფორმულა ავტონომიათა ელიტებს იმთავითვე არ ეპიტნავათ, ვინაიდან «გათანაბრების» ფორმით რუსეთის ფედერაციიდან თავის დაძვრენას ცდილობდნენ (თუნდაც ერთიანი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში დარჩენის პირობით).
    ანუ იანაევი, ფაქტობრივად, ავტონომიათა საქმეს აკეთებდა რუსეთის ახალი ელიტის (ელცინის) წინააღმდეგ გამოსვლით. ამ ავტონომიათა გაიძვერა ლიდერები (იგივე კომუნისტი ფუნქციონერები) რუსეთის ფედერაციის დაშლას ისევე ცდილობდნენ, როგორც სხვა მოკავშირე რესპუბლიკების ფრაგმენტაციას.
    ავტონომიათა ბევრი იმდროინდელი «ბელადი» ელცინის ეპოქაშიც ხელმძღვანელობდა თავის «რესპუბლიკას» და, რა თქმა უნდა, სრულიად არ რცხვენოდა, რომ 19 აგვისტოს პუტჩის დროს ბორის ნიკოლაევიჩის «ფეხებით ჩამოკიდებას» უჭერდა მხარს. ელცინიც შემდგომ იძულებული გახდა ეს «გადაეყლაპა».

    ГКЧП-ს მესვეურები, რა თქმა უნდა, პირწმინდად წაგებული პარტიის მოგებას ცდილობდნენ. მათ ალბათ უფრო ემოცია ამოძრავებდათ, ვიდრე რაციონალური განსჯა: იმპერიის გადარჩენა შეუძლებელი იყო - 1989 წლის შემდეგ ნგრევის პროცესი შეუქცევადი გახდა.
    იანაევსა და მის თანამოაზრეთ სისხლი ნამდვილად არ სწყუროდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთს უბრძანებდნენ და ელცინის «თეთრი სახლისაგან» ქვა-ქვაზე არ დარჩებოდა. მაგრამ მათ საკუთარ ხალხს (მით უმეტეს მოსკოველ რუსებს) ტყვია ვერ ესროლეს. ბორის ელცინმა კი ისინი ცინიზმითა და უსინდისობით ნამდვილად დასჯაბნა: ორიოდე წლის შემდეგ, 1993 წლის ოქტომბერში, იმავე «თეთრ სახლს» უყოყმანოდ გაუხსნა ცეცხლი Т-80 ტიპის ტანკებიდან.
    ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ პოლიტიკაში ცინიზმი იმარჯვებს, ხოლო «გულჩვილობა» და «კეთილშობილება» სიბრიყვისა და სილაჩრის სინონიმია. იანაევს სრულიადაც არ უთვლიან «კეთილშობილებად» იმას, რომ 19 აგვისტოს ერთი დარტყმით არ გაანადგურა ელცინის ბუდე რუსეთის «თეთრ სახლში» (შემდგომ მთავრობის რეზიდენციაში, 1993 წელს კი უმაღლესი საბჭოს შენობაში). პირიქით, ამბობენ: ლაჩარი იყო და მტკიცე მოქმედების შეეშინდაო. როგორც ჩანს, პოლიტიკაში იმარჯვებ მხოლოდ მაშინ, როდესაც იქცევი ცინიკურად, მაგრამ რაციონალურად - სულ ერთია, სხვაგვარ მოქცევას მაინც ლაჩრობად ჩაგითვლიან და არა «გულჩვილობად» ან «ლმობიერებად». თუმცა აქ ხომ ახალი არაფერია - ამაზე ჯერ კიდევ დიდი მაკიაველი წერდა.

    მოსკოვში განხორციელებულ სახელმწიფო გადატრიალებას მსოფლიო არაერთგვაროვნად გამოეხმაურა. თითებზე ჩამოსათვლელია პოლიტიკოსი (სახელმწიფო მოღვაწე), რომელმაც იმთავითვე დაგმო ეს აქცია. თითქმის ყველა ცდილობდა პოლიტიკური ტექნოლოგიის დაცვას და უაღრესად ფრთხილად მოქმედებდა.
    «O, my god!» - წამოიძახა ჯორჯ ბუშმა, როდესაც ღამით გააღვიძეს და ამცნეს წინა დღეს (18 აგვისტოს) მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. ანუ მისთვის, რასაკვირველია, ყოველივე ოდნავ ადრე გახდა ცნობილი დაზვერვის არხებით.
    ბუშმა დაუყოვნებლივ უბრძანა სახელმწიფო დეპარტამენტსა და საგარეო დაზვერვას, დაემყარებინათ კონტაქტი იანაევთან. ასეთივე ფრთხილი და მოზომილი იყო სხვა მსოფლიო ლიდერების პოზიციაც. თვით ეშმაკზე ეშმაკი ფრანსუა მიტერანიც კი ყოყმანობდა და სიფრთხილე-გაურკვევლობას ამჟღავნებდა. პირველ დღეს ვერც მან განსაზღვრა, როგორ მოქცეულიყო.
    მხოლოდ მოგვიანებით (20 აგვისტოს) გათამამდა ყველა, როდესაც დარწმუნდნენ, რომ ГКЧП დედალმაშობას ამჟღავნებდა, მტკიცედ არ მოქმედებდა და «თეთრი სახლის» შტურმს არ იწყებდა - სისხლისღვრას ერიდებოდა.
    ნამდვილად იდიოტიზმი იქნებოდა, მსოფლიო ლიდერთაგან სხვაგვარი ქცევა მოგვეთხოვა. - პოლიტიკაში, როგორც ჩანს, ცინიზმის გარდა ყველაფერი დამღუპველია. რა დროს რომანტიზმი და კეთილშობილება იყო, როდესაც საქმე ეხებოდა 30 ათასი(!) სამხედრო ბირთვული მუხტის მფლობელ სახელმწიფოს, რომელსაც ასჯერ ზედიზედ შეეძლო ყოველივე ცოცხალი მოესპო დედამიწაზე?!
   

    საქართველოში ГКЧП-ს შექმნა ოდნავ მოგვიანებით (7-8 საათისათვის) შეიტყვეს. ზოგი საერთოდ არ უსმენდა რადიოს, ზოგს გამორჩა და ასე შემდეგ.
    მაგრამ 10 საათისათვის უკვე ყველამ იცოდა, რომ «გორბაჩოვი დაიჭირეს» და «დიქტატურა იწყება». თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამ ცნობამ მოსახლეობაში განსაკუთრებული მღელვარება გამოიწვია. ხალხი ისე იყო გადაქანცული ფსიქოლოგიურად, ყველაფერი მოჰყირჭებოდა და მხოლოდ საკუთარ თავზე, საკუთარ პრობლემებზე ფიქრობდა. ცხოვრების რიტმი თბილისში იოტისოდენად არ დარღვეულა. სამაგიეროდ, პოლიტიკურად აქტიური ფენისთვის და თვით ხელისუფლებისათვის მოსკოვში მომხდარი ნამდვილი შოკი იყო. ყველამ უმალვე იგრძნო, რომ «დიდი ამბები იწყებოდა» - როგორც უნდა განვითარებულიყო მოვლენები, ვისაც არ უნდა გაემარჯვა, «ძველებურად» აღარ და ვეღარ იცხოვრებდნენ.
    რუსთაველის და ჭავჭავაძის გამზირებზე დილის ცხრა საათიდან საშინელი სისწრაფით დაჰქროდა ავტომანქანების ექსკორტი: კოლხური კოშკიდან - უზენაესი საბჭოს შენობამდე და პირიქით.
    ყველა ელოდა ზვიად გამსახურდიას გამოსვლას ტელევიზიით, მაგრამ ის იგვიანებდა.
    დღის 11 საათზე ედპ-ს შტაბბინაში მივიდა გიორგი ჭანტურია. გარეგნულად იგი აბსოლუტურ სიმშვიდეს ინარჩუნებდა. ერთგვარი შინაგანი კმაყოფილებაც კი ეტყობოდა. თითქოს გულისხმობდა: აი, მაგათი «დემოკრატია», აი, თქვენი «ლიტვური გზა», «პარლამენტური გზა» და ა.შ.
    ოპერის თეატრთან ვახტანგ გოგუაძე ეუბნება გამვლელ ნაცნობს (ერთგვარი კმაყოფილებით): «ახლა ჩემი დასაცავი გახდება ეს საცოდავი» (ზვიად გამსახურდიას გულისხმობდა).
    ირაკლი წერეთელს «იმელში» (მისი პარტიის შტაბბინაში) ეწვია ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილე სუფიან ბეპაევი: « . . . А Горбачёва мы расстреляяяееем!» - მჭახე ხმითა და უცნაური ღიმილით ეუბნება იგი ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის, ოდნავ შესამჩნევად შემცბარ ლიდერს.
    ბოლოს და ბოლოს ზვიად გამსახურდიაც გამოვიდა ტელევიზიით. საქართველოს პრეზიდენტი აშკარად აღელვებული (ძალიან ვცდილობ არ ვთქვა «შეშინებული» - ავტ) ჩანდა. მისი გამოსვლის დედააზრი იყო: «მოგიწოდებთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, რათა არ მივცეთ მტერს სისხლის დაღვრის საშუალება». ამავე დროს, გამსახურდია მოლაპარაკებას აწარმოებდა გენერალ პატრიკეევთან და სსრკ თავდაცვის სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან. ამ მოლაპარაკებებში აქტიურად მონაწილეობდა ასლან აბაშიძე.
    რუსმა გენერლებმა ზვიად გამსახურდიას «გვარდიის დაშლა» უბრძანეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ 40 ათას ჯარისკაცს დაძრავდნენ და გვარდიას გაანადგურებდნენ. საქართველოს პრეზიდენტი დათმობაზე წავიდა, გვარდიას «შინაგანი ჯარის» სტატუსი ოფიციალურად მიანიჭა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უშუალოდ დაუქვემდებარა.
    ეს აუცილებლად ხაზგასასმელია: ზვიად გამსახურდიას გვარდია არ დაუშლია - ინსტიტუციონალურად მას მხოლოდ აბრა შეუცვალა და მეტი არაფერი. სხვა საქმეა, რომ პრეზიდენტმა, როგორც ჩანს, სცადა ესარგებლა ვითარებით და «ამასობაში» კიტოვანიც მოეშორებინა პიროვნულად, მაგრამ უკვე გვიან იყო. თუმცა ეს სხვა თემაა და ამაზე - ქვემოთ.
    მიუხედავად ყველაფრისა, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილება მაინც აღიქმებოდა, როგორც კომპრომისი და უკან დახევა. სწორედ აქ იწყება ძირითადი წინააღმდეგობა გამსახურდიას სიტყვასა და საქმეს შორის, რამაც მისი შემდგომი ბედი განაპირობა.

    დავსვათ კითხვა: სწორად მოიქცა თუ არა პრეზიდენტი, როდესაც ნაწილობრივ დააკმაყოფილა პუტჩისტების მოთხოვნა, უკან დაიხია და გვარდიას აბრა შეუცვალა? კლინიკური იდიოტის გარდა ამ კითხვას ყველა ერთმნიშვნელოვან პასუხს გასცემს: რა თქმა უნდა სწორად მოიქცა! მის ადგილზე ასევე მოიქცეოდა ნებისმიერი გონიერი პოლიტიკოსი: ვითარებაში, როდესაც არსებობდა კონკრეტული მუქარა იმ ძალის მხრიდან, რომელსაც «ძალაც შესწევდა ქადილისა», გადაწყვეტილება სავსებით რაციონალური და მიზანშეწონილი იყო პოლიტიკური თვალსაზრისით.
    ანუ მისი საქციელი ყოველმხრივ გამართლებულია მაგრამ. . . როდესაც მთელი ცხოვრება «კრემლს» ლანძღავ, როდესაც «უკომპრომისობის» საზოგადოებრივ - ფსიქოლოგიურ დომინანტს ქმნი (საკუთარი მონანიების მიუხედავად), როცა ყოველგვარი კომპრომისი დაუშვებლად მიგაჩნია (რიტორიკით მაინც - სანამ საქმე-საქმეზე მიდგება) და ამ «დომინანტს» სახელმწიფო დონეზე უღალატებ მაშინ, როცა ჩიხში მოგამწყვდევენ - კომპრომისს უკვე აღარავინ გაპატიებს!
    თუ უკომპრომისო ხარ, ბოლომდე ასეთი უნდა იყო, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. ამიტომაც არის უკომპრომისობა და რადიკალიზმი (შეურიგებლობა), ანუ ხსენებული დომინანტის შესაბამისად მოქმედება, პოლიტიკაში უტვინობის, უმეცრების და პრიმიტივიზმის გამოვლინება, ვინაიდან იგი მანევრისათვის აუცილებელ სივრცეს აღარ უტოვებს პოლიტიკოსს. ეს სივრცე კი მისთვის მართლაც სასიცოცხლოდ აუცილებელია.
    ხომ არავის გაუკვირდებოდა კომპრომისი, ვთქვათ ნურსულთან ნაზარბაევის მხრიდან (თუმცა იგი არანაკლები პატრიოტია თავისი ქვეყნისა), ვინაიდან ყაზახეთის პრეზიდენტს არასდროს უცდია «უკომპრომისო ლიდერის» იმიჯი დაემკვიდრებინა და ყოველთვის (თვალის ასახვევად) «რუსეთთან მეგობრობას» ქადაგებდა.
    მაგრამ თუ მთელი ცხოვრება კრემლს «სატანის ბუდეს» უწოდებ და შემდეგ იმ სატანის მოციქულებთან მოლაპარაკებას გამართავ - უკვე აღარ შეგარჩენენ.
    ზვიად გამსახურდია ალბათ მართლაც ცდილობდა (მურმან ომანიძის მეშვეობით), გენადი იანაევთან «საქმე ჩაეწყო», რათა საქართველოში სისხლი არ დაღვრილიყო. სწორად იქცეოდა? - რა თქმა უნდა!!! ვის მოუბრუნდება ენა, უსაყვედუროს პოლიტიკოსს, თუ იგი (ნებისმიერი ხერხით) ცდილობს ქვეყანას სისხლისღვრა და უბედურება ააცილოს თავიდან?! მაგრამ როდესაც დღენიადაგ, მთელი შენი ცხოვრების წესითა და იდეოლოგიით ქადაგებ შეურიგებლობას, «ანამუსებ» ზომიერად განწყობილებს და მოულოდნელად თვითონ იწყებ იანაევთან კომპრომისის ძიებას, ეს უკვე «კომპრომისად» კი არა, კაპიტულაციად აღიქმება.
    ოღონდ, ზემოთთქმულის გათვალისწინებით, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყოველივე მხოლოდ ზვიად გამსახურდიას შეცდომა და დანაშაული არ არის: მთლიანად, ეროვნულმა მოძრაობამ შექმნა საქართველოში ისეთი ატმოსფერო, რომელიც კომპრომისის რაიმე საშუალებას აღარ ტოვებდა - როგორც ცალკეულ პოლიტიკოსს აღარ გააჩნდა სივრცე პოლიტიკური მანევრისათვის, ასევე აღარ გააჩნდა იგი მთლიანობაში, ქვეყანას.
    მაგრამ სანამ ამ ელემენტარულ პოლიტიკურ ჭეშმარიტებებს გააცნობიერებდა საზოგადოება, კიდევ ზღვა სისხლი უნდა დაღვრილიყო საქართველოში