მოლდოვური ვარიანტი

მოლდოვური ვარიანტი - ეროვნული მოძრაობა

მოლდოვური ვარიანტი

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ისტორია ვერ იტანს «ალბათობას». მიუხედავად ამისა, დღევანდელი გადასახედიდან მაინც შეიძლება საკმაო სიზუსტით აღვადგინოთ (წარმოვიდგინოთ) თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები საქართველოში, რომ არ ყოფილიყო (ვთქვათ) ნოემბრისა და აპრილის აქციები, უდანაშაულო ადამიანთა მსხვერპლშეწირვა და ქართულ ელიტას მოეხერხებინა (ისევე, როგორც თითქმის ყველა სხვა ელიტამ შეძლო საბჭოთა კავშირში), საზოგადოებრივ–პოლიტიკურ პროცესებზე მტკიცე კონტროლის შენარჩუნება.
      გრანდიოზული იმპერიის რღვევის შედეგი ამ შემთხვევაშიც მძიმე იქნებოდა (მით უმეტეს, რომ საქართველოში სტაბილურობა, დიდწილად სწორედ იმპერიულ სტრუქტურებს ეფუძნებოდა), ბევრ კატაკლიზმს მაინც ვერ ავიცილებდით თავიდან, მაგრამ ნგრევის მასშტაბი მართლაც არ იქნებოდა იმდენად გამანადგურებელი, როგორიც იყო და არის რელურად.

    მაშ ასე, 1988 წელია. წარმოვიდგინოთ, არ ყოფილა «ნოემბრის აქცია», არც «დავით გარეჯთან» დაკავშირებული ისტერია (იმთავითვე ანტირუსული შეფერილობით) პროცესებს მტკიცედ მართავს ხელისუფლება და ელიტა, რომელიც, ამასთანავე, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ რეფორმებს თანმიმდევრულად ატარებს – ცვლის ატმოსფეროს, ამკვიდრებს კერძო საკუთრებას და ათავისუფლებს პიროვნულ ინიციატივას, ხსნის ბორკილებს ტელევიზიას, აადვილებს საზღვარგარეთ მოგზაურობას და ყოველივე ამით არბილებს სოციალურ დაძაბულობას საზოგადოებაში.
    დავუშვათ, ინტელიგენცია და მთელი საზოგადოება (მარგინალური «დისიდენტების» გარდა) აქტიურად უჭერს მხარს გორბაჩოვსა და «პერესტროიკას». საქართველოში არ არის ნასახიც კი ანტირუსული გამოსვლებისა. რადიკალები პროცესებზე სერიოზულ ზეგავლენას ვერ ახდენენ.
    მიუხედავ ამისა, ინტელიგენციის წრეში მაინც იგრძნობა ყრუ უკმაყოფილება და ანტირუსული შეფერილობის დრტვინვა «ცენტრალურ პრესაში» გაჩაღებული ანტისტალინური ისტერიის ანტიქართული შინაარსის გამო: როდესაც რუსი ჟურნალისტები (ან რუსულგვაროვანი ჟურნალისტები – რაც ერთი და იგივე არ გეგონოთ), ხაზს უსვამენ სტალინის ქართულ წარმომავლობას, ქართულ ფენომენში ეძებენ რეპრესიების ფსიქოლოგიურ ახსნას და ა.შ.
    ეს გარემოება ნებისმიერ შემთხვევაში გააძლიერებდა გაღიზიანებას, რაც ბოლოს და ბოლოს შესაბამისი განწყობის ჩამოყალიბებაში გამოიხატებოდა.
    მაგრამ დავუშვათ, არც ეს ქცეულიყო დესტაბილიზაციისა და ანტირუსული აფეთქების ქვეცნობიერ მიზეზად.
    წარმოვიდინოთ, რომ 1989 წლის ძირეულ გარდაქმნამდე (ვგულისხმობ სსრკ სახალხო დეპუტატთა პირველ ყრილობას და საკავშირო უმაღლესი საბჭოს მუშაობის დაწყებას), საქართველო მივიდა დესტაბილიზაციის გარეშე. შემოდგომაზე კი ჩატარდა საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნები, რომელშიც ელიტამ («რუსთაველის საზოგადოებამ» – ირაკლი აბაშიძის ხელმძღვანელობით) გაიმარჯვა ხელისუფლებასთან კავშირში, ანუ ქვეყანამ შეძლო თავიდან აეცილებინა ხელისუფლების (როგორც ასეთის) დამბლა.
    ეს ყოველივე თითქოს იდეალური ვარიანტი ჩანს იმისათვის, რათა შემდგომი დანაკარგი და გართულება მთლიანად ავიცილოთ თავიდან. უფრო მეტიც, დღეს ზოგიერთი დარწმუნებულია, რომ ასეთ შემთხვევაში საქართველოს საერთოდ აღარ დაემუქრებოდა დესტაბილიზაცია, ეთნოკონფლიქტები, ტერიტორიების დაკარგვა და ასე შემდეგ, რაც სრული ილუზიაა და აი, რატომ:
    როგორც კი ჩვენი ძირითადი მოწინააღმდეგეები (აფსუა და ოსი სეპარატისტები) დარწმუნდებოდნენ, რომ საქართველო რადიკალური გზით არ წავიდა, ისინიც სულ სხვა ტაქტიკას აირჩევდნენ, თუმცა, სტრატეგიული თვალსაზრისით, მათი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისადმი არ შეიცვლებოდა.
    რაც შეეხება ტაქტიკასა და ტექნოლოგიას, კვლავ და კვლავ შევახსენებ მკითხველს ვლადისლავ არძინბასა და სხვა ავტონომიათა ელიტების გენიალურ მიგნებას «მოკავშირე რესპუბლიკათა და ავტონომიათა უფლებრივი გათანაბრების» თაობაზე. მიმაჩნია, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ეს გასული საუკუნის ერთ–ერთი ყველაზე მახვილგონივრული მიგნებაა, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა საბჭოთა კავშირის დაშლაში.
    აქვე ვაღიაროთ: ვლადისლავ არძინბა, მიუხედავად «ძაღლთაპირობა–არამზადობისა», მართლაც საოცრად ჭკვიანი და ეშმაკი პოლიტიკოსი აღმოჩნდა.
    იმ შემთხვევაში, თუ არ იქნებოდა 9 აპრილი და რადიკალური «ანტისაბჭოთა» მოძრაობა საქართველოში (ანტირუსული ლოზუნგებით), არძინბა და აფსუა სეპარატისტთა ელიტა აქცენტს იმთავითვე გააკეთებდნენ «სტალინის დანაშაულთა მხილებაზე» და მოითხოვდნენ «სამართლიანობის აღდგენას». თანაც, ამავდროულად დემაგოგიურად განაცხადებდნენ, რომ «მეზობელ ქართველ ხალხს პატივს სცემენ და მისი საწინააღმდეგო არაფერი აქვთ».
    ისინი (აგრეთვე დემაგოგიურად) მოახდენდნენ აპელირებას თვით ქართული საზოგადოების განწყობაზე: «განა თქვენ თავად არ გადაიღეთ ფილმი «მონანიება»?! მაშ რატომ არ გინდათ აღიაროთ, რომ ბერიამ ჩაიდინა დანაშაული აფხაზი ხალხის წინააღმდეგ, როდესაც ამოწყვიტა აფხაზური ინტელიგენცია და ხელოვნურად შეცვალა დემოგრაფიული ვითარება აფხაზეთში– ასეულობით ათასი ქართველის ჩასახლებით?! ხოლო თუ ბერიას ანტიაფხაზურ რეპრესიებს აღიარებთ, მხოლოდ აღიარება არ კმარა,– აუცილებელია სამართლიანობის აღდგენა და აფხაზეთისათვის 1931 წლამდე მისი კუთვნილი სტატუსის დაბრუნება». 1931 წლამდე კი აფხაზეთი «მოკავშირე რესპუბლიკა» იყო, რომელიც ხელშეკრულებით აწესრიგებდა ურთიერთობებს საქართველოსთან.
    თუმცა, შესაძლებელია არძინბას განსაკუთრებული აქცენტი არც გაეკეთებინა 1931 წლამდე არსებული სტატუსის დაბრუნებაზე და «მოკავშირე რესპუბლიკათა– ავტონომიებთან უფლებრივი გათანაბრებით» ეცადა იგივე შედეგის მიღწევა.
    ბოლოს და ბოლოს, გორბაჩოვ–ლუკიანოვის მხარდაჭერითა და სხვა ავტონომიათა ძალისხმევით ალბათ მიაღწევდა კიდეც მიზანს– თანდათანობით, სამართლებრივი თვალსაზრისით, შეიქმნებოდა ისეთი ვითარება, როდესაც «ავტონომიური რესპუბლიკა» რეალურ თვითმმართველობას მოიპოვებდა. ყოველ შემთხვევაში (ვთქვათ) განათლების სფეროში ამას წინ ვერაფერი დაუდგებოდა. თუ ამას მიაღწევდა, არძინბა, მაგალითად, დაიწყებდა «მეგრული კარტის» გათამაშებას– ოღონდ ფრთხილად, გეგმაზომიერად: საქართველოს განათლების სამინისტრო «უფლებრივად გათანაბრებულ» აფხაზეთში ხელისუფლებას ვეღარ დაუშლიდა თანდათანობით გაეძლიერებინა «მეგრულენოვანი» ტენდენცია, თუნდაც გაეხსნა (მომავალში) მეგრული სკოლები, გამოეშვათ მეგრული გაზეთები და ა.შ.
    ეს ყოველივე, რასაკვირველია გაკეთდებოდა საქართველოში ანტირუსული აფეთქების პროვოცირებისათვის. აფსუა სეპარატისტები შესანიშნავად იცნობენ ქართულ ეთნოფსიქოლოგიას. ქართული საზოგადოება აფხაზეთში განვითარებულ პროცესებს, რა თქმა უნდა, «რუსეთის მუხთლობად» ჩათვლიდა.
    «მოკავშირე რესპუბლიკათა და ავტონომიათა გათანაბრების» ტენდენციას საქართველო აშკარად ვერაფერს დაუპირისპირებდა. აფსუა სეპარატისტებს მხარს დაუჭერდნენ ოსი სეპარატისტები და სსრკ სხვა ავტონომიათა წარმომადგენლები. საქართველო «სტალინიზმის» დამარცხების პოლიგონად გადაიქცეოდა. თუმცა, ამ ფართომასშტაბიანი პროვოკაციის საწყის ეტაპზევე, თბილისში ისეთი ძალით იფეთქებდა ანტირუსული მოძრაობა, რომ დანარჩენი უკვე «ტექნიკის საქმე» იქნებოდა.
    მოვლენათა განვითარების ამ ვარიანტშიც საქართველოს დაახლოებით იმავე ვითარებაში ჩააყენებდნენ, როგორშიც აღმოჩნდა რეალურად 1992 წლისათვის. ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, თუ საბჭოთა კავშირი (როგორც ერთიანი სახელმწიფო) დაიშლებოდა და ვერ მოხერხდებოდა მისი ტრანსფორმაცია ერთიან ფედერაციად (თუ კონფედერაციად) საბაზრო ეკონომიკით და პლიურალისტური დემოკრატიით.

    მიუხედავად, ამისა, თუ ქართული ელიტა გონიერებას გამოამჟღავნებდა და შეძლებდა ემოცია დაეთრგუნა (ჯერ თავად დაეთრგუნა და შემდეგ საზოგადოების რადიკალიზაციაც აღეკვეთა), იმპერიის დაშლის შემთხვევაშიც კი ბევრი რამის შენარჩუნება შესაძლებელი იქნებოდა.
    ბოლოს და ბოლოს, როგორი გაიძვერაც არ უნდა ყოფილიყო არძინბა, აფხაზეთის მიწა–წყალს ზურგზე ვერ მოიკიდებდა და ვერსად წაიღებდა. ქართულ მოსახლეობასაც ვერ «ააორთქლებდა»– აფხაზეთის ქართველობა კი მძლავრი ფაქტორი იქნებოდა ამ რეგიონში საქართველოს გავლენის შესანარჩუნებლად– რა დეკლარაციებიც არ უნდა მიეღო აფსუანურ უმაღლეს საბჭოს, ან ლუკიანოვ–გორბაჩოვისეულ სსრკ «სახალხო დეპუტატთა ყრილობას» თუ უზენაეს საბჭოს.
    როგორც მოგახსენეთ, საქართველოს ძალიან სუსტი საწყისი პოზიციები ჰქონდა, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევა მაინც შეეძლო– მაქსიმუმის შესანარჩუნებლად.
   უპირველეს ყოვლისა, იმავე ელიტას უნდა გამოემჟღავნებინა პოლიტიკური კულტურა და სახელმწიფოებრივი შეგნება, გაეცნობიერებინა საფრთხე და შესაბამისი, მიზანშეწონილი ტაქტიკაც შეემუშავებინა.
    არაფრის დიდებით არ შეიძლებოდა მეტისმეტად მწვავე, მით უმეტეს აგრესიული რეაგირება ასტაფიევის, ცვეტოვისა თუ სხვათა ანტიქართულ გამოხდომებზე. ასეთმა რეაქციამ პირუკუ შედეგი გამოიღო და საქართველოს სისუსტე წარმოაჩინა. ბოლოს და ბოლოს, ეს ყოველივე ხომ წვრილმანი იყო იმ საფრთხესთან შედარებით, რაც ქვეყანას ემუქრებოდა?!
    ამასთანავე, ელიტას უნდა გაეთამაშებინა «მრავალვარიანტულობის» კარტი – იმავე სსრკ სახალხო დეპუტატთა პირველ ყრილობაზეც არ უნდა დაფიქსირებულიყო საქართველო ერთიანი პოზიციით: უნდა გამოსულიყო დეპუტატი, რომელიც ღიად დაუჭერდა მხარს გორბაჩოვს. მეორე დეპუტატს კი იგი უნდა გაეკრიტიკებინა. ერთს სტალინი უნდა ელანძღა, მეორეს – დაეცვა. ზოგი «ფრაქციათაშორის სადეპუტატო ჯგუფში» უნდა გაწევრიანებულიყო, რომელიც რუსმა «დემოკრატებმა» შექმნეს სახაროვის ხელმძღვანელობით, სხვები კი (დიახ, დიახ) ალკსნისის ფრაქცია «კავშირში» უნდა გაერთიანებულიყვნენ.
    ერთი სიტყვით, საქართველოს პოლიტიკა იქით უნდა ყოფილიყო მიმართული, რომ ერთის მხრივ, დაფიქსირებულიყო მისი აქტიურობა, მაგრამ მეორეს მხრივ, საქართველო არ ყოფილიყო ასოცირებული რაიმე გამოკვეთილ, ერთმნიშვნელოვან პოზიციასთან– ეს კატეგორიულად დაუშვებელი იყო ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე.
    რაც შეეხება «მოკავშირე რესპუბლიკათა და ავტონომიათა» გათანაბრების ტენდენციას,– მისი დამანგრეველი შედეგის შერბილებაც შესაძლებელი იყო, ანუ კავშირიდან გასვლის მოთხოვნის გარდა სხვა კონტრზომაც შეიძლებოდა მოძებნილიყო.
    მაგალითად, ქართველ დეპუტატებს ყველანაირად უნდა დაეფიქსირებინათ, ხმამაღლა ეთქვათ, დაეწერათ, თუ საჭირო იქნებოდა, ეყვირათ კიდეც, რომ ეს წინადადება («გათანაბრების» შესახებ) საქართველოში მკვეთრად უარყოფით რექციას იწვევს და მოსალოდნელია მასობრივი გამოსვლები– ამ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც შემდგომ სხვა პროცესებში გადაიზრდება, რისთვისაც პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ პროვოკატორებს «ცენტრში». განსაკუთრებით– სსრკ უმაღლეს საბჭოში (ამას მოითხოვდა პოლიტიკური ტექნოლოგია).
    მთავარ პროვოკატორად უნდა დასახელებულიყო ანატოლი ლუკიანოვი. სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, იგი ყველაზე მეტად შესაფერისი ფიგურა იქნებოდა.
    იმავდროულად, ქართულ ელიტას უნდა ესარგებლა ელცინის გუნდის დაპირისპირებით გორბაჩოვის გუნდთან და ფრთხილად ეთამაშა ამ წინააღმდეგობაზე.
    ეს ყოველივე, მთლიანობაში, იქნებოდა იგივე «ჩუმი საბოტაჟის» პოლიტიკა, რომელსაც, 1989 წლიდან ქუჩაში ყვირილის, გნიასის, სისხლისღვრის გარეშე ატარებდა მოსკოვის მიმართ ყველა «მოკავშირე რესპუბლიკა».
    მხოლოდ ბალტიის რესპუბლიკებმა აირჩიეს ღია კონფრონტაციის ტაქტიკა და იქაც – პოლიტიკური ტექნოლოგიის სრული დაცვით: ისტერიკებისა და «9 აპრილების» თუ თანამდევი ანტირუსული ლოზუნგების გარეშე.
    მაგრამ მათ სხვებზე უკეთესი საწყისი პირობები ჰქონდათ ზემოთაღწერილი მიზეზების გამო. ამიტომ «ლიტვის გზა» მათთვის იქნებოდა მიზანშეწონილი და არა ყირგიზეთის, უკრაინის, სომხეთის ან მოლდოვისათვის.

    პირობითად თუ ვიტყვით, ძირითადი ეროვნული ინტერესის დასაცავად საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალმა «მოკავშირე რესპუბლიკებმა» სამი მოდელური ტაქტიკა აირჩიეს. პირველს შეიძლება ვუწოდოთ (პირობითად, რასაკვირველია) «ლიტვიხ გზა»; მეორეს– «უზბეკური გზა» და მესამეს– «მოლდოვური მოდელი» ანუ, ობიექტურად სუსტი საწყისი პოზიციებიდან ეროვნული ინტერესების დასაცავად ისტებლიშმენტის კონსოლიდირება ნომენკლატურისა და ხელისუფლების გარშემო (იმავდროულად, ანტიკომუნისტური სოციალ–ეკონომიკური რეფორმების გაბედულად ჩატარება) და «ერთადერთი სწორი საპასუხო სვლებით» (თავდაცვითი ტაქტიკით) გარდაუვალი დამანგრეველი შედეგის მაქსიმალურად შერბილება.
    აი, სწორედ ეს მოდელი იქნებოდა საქართველოსათვის ყველაზე მეტად მიზანშეწონილი და გამართლებული– ისევ და ისევ უაღრესად სუსტი საწყისი პოზიციებისა და ასაფეთქებლად გამზადებული «ნაღმების» (სტრატეგიული პრობლემების) სიმრავლის გამო. მხოლოდ ამით მოიპოვებდა იგი სტრატეგიული მანევრისათვის აუცილებელ სივრცეს.
    მით უმეტეს, რომ მოლდოვას ზურგს რუმინეთი უმაგრებდა (და მაინც იძულებული გახდა ასეთი ტაქტიკა აერჩია), საქართველო კი სრულიად «ობოლი» იყო.

    ანტისტალინური ისტერია მოსკოვში სულ მალე ჩაივლიდა; «ქართული თემაც» ესოდენ აქტუალური და ანგაჟირებული აღარ იქნებოდა; ქართულ – ოსური და ქართულ–აფხაზური არაშეიარაღებული და არაძალადობრივი (ანუ არასაომარი) დისკუსიაც სულ მალე იქცეოდა რუტინად – არძინბა ან თუნდაც ფაზილ ისკანდერი ასჯერაც რომ გამოსულიყვნენ სახალხო დეპუტატთა ყრილობებზე. მით უმეტეს ყარაბაღის აბსოლუტურად გარდაუვალი, საზარელი სისხლისღვრისა და, ფაქტობრივად, სომხეთ–აზერბაიჯანის ფართომასშტაბიანი ომის ფონზე.
    ამ ვითარებაში «ჩრდილოკავკასიურ კოზირსაც» უფრო ოსტატურად გავითამაშებდით. რაც მთავარია, თვით საქართველოში შევინარჩუნებდით სტაბილურობას, რაც თავდაცვით პოზიციებს დიდად განამტკიცებდა.
    დაბეჯითებით ვიმეორებ: ყველა კატაკლიზმის თავიდან აცილება ან თუნდაც ძირითადი ეროვნული ინეტერესის მთლიანად (ასი პროცენტით) განხორციელება, როგორც ჩანს, მაინც შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ მაქსიმალურად უნდა გვეცადა «შესაძლებლის» მიღწევა ანუ პოლიტიკის ძირითადი კანონის აღსრულება: პოლიტიკა ხომ მართლაც მხოლოდ «შესაძლებლის ხელოვნებაა», ხოლო პროცესი, რომელიც არარეალურ მიზანს ისახავს, ან ამ მიზნის მისაღწევად არაადექვატურ, მეტისმეტ «ფასს» იხდის– პოლიტიკა საერთოდ არ არის.
    ქართულმა საზოგადოებამ ეს ვერ შეძლო. თუ რატომ – რა ობიექტური და სუბიექტური მიზეზებით, ამის თაობაზე ქვემოთ მოგახსენებთ ჩემს აზრს