მართვადი ქაოსი

მართვადი ქაოსი - ეროვნული მოძრაობა

მართვადი ქაოსი

საქართველოში განვითარებული მოვლენები, რა თქმა უნდა, მჭიდროდ უკავშირდებოდა საბჭოურ და პოსტსაბჭოურ სივრცეზე გაშლილ პროცესებს. ამდენად, აუცილებელია ამ პროცესთა მოკლე დახასიათება.

    1988-1991 წლებში, მოსკოვში ორი სახელმწიფოებრივი კონცეფცია ებრძოდა ერთმანეთს: გორბაჩოვისა და ელცინის.
    პირველი (ვიმეორებ) მიზნად ისახავდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ნორმალური (ჩვეულებრივი), მეტ-ნაკლებად დემოკრატიული, მრავალეროვნული, ფედერაციული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. გორბაჩოვის გაგებით, ეს უნდა ყოფილიყო ერთიანი სახელმწიფო, საბაზრო ეკონომიკით, დემოკრატიული წეს-წყობილებით და ფედერაციული მოწყობით, რომლის სიმტკიცისა და განუყოფლობის გარანტი გახდებოდა განთავისუფლებული პიროვნება და მისი კერძო ინიციატივა. სწორედ იგი შეაკავშირებდა ამ სახელმწიფოს «მილიონობით ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული, ადამიანური ძაფით» - როგორც გორბაჩოვს უყვარდა თქმა.
    მიხეილ გორბაჩოვი, როგორც ჩანს, დაახლოებით ასე მსჯელობდა: არსებობს ერთიანი სახელმწიფოებრივი სივრცე, რომლის გაფართოება მიმდინარეობდა 15-16 საუკუნიდან. 20-ე საუკუნის მიწურულს ამ სივრცემ გაფართოების მაქსიმუმს მიაღწია. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, პიროვნება სახელმწიფოში დათრგუნული იყო - რაც სახელმწიფოებრივი სივრცის ტერიტორიული და გეოპოლიტიკური გაფართოების აუცილებელ პირობად მიიჩნეოდა. მაგრამ თუ პიროვნება გათავისუფლდება, თუ გასაქანი მიეცემა კერძო ინიციატივას, - მაშინ სახელმწიფოებრივ სივრცეს ეს პიროვნება აითვისებს, სამუდამოდ შეკრავს და შეადუღაბებს.
    ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, იგი ცდილობდა, მოდერნიზაციის მეშვეობით, ყოფილი კომუნისტური იმპერიის ტერიტორიაზე შეექმნა თვისებრივად ახალი სახელმწიფო. მისთვის მთავარი იყო სახელმწიფოებრივი სივრცის ერთიანობის შენარჩუნება და არა მისი სოციალ-ეკონომიკური (ფორმაციული) შინაარსი.
    გორბაჩოვის გეგმით (რომელსაც ანდრეი სახაროვმა შესაბამისი კონცეფციაც შეაშველა - «ევრაზიული რესპუბლიკების კავშირის შესახებ»), ძველი იმპერიის ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო უნდა დაფუძნებულიყო. ოღონდ ერთიანი სახელმწიფო - რომელიც შეინარჩუნებდა ძველ გეოპოლიტიკურ სივრცეს, აგრეთვე სახელმწიფოებრიობის ყველა ატრიბუტს და უფლებამოსილებას თუ ნიშან-თვისებას: ერთიან ეკონომიკურ, იურიდიულ, ცნობიერ სისტემას, ერთიან არმიას, ერთიან საზღვარს და ა.შ.
    გორბაჩოვს იმედი ჰქონდა, რომ პიროვნული ენერგიის, პიროვნული ინტერესის, კერძო ინიციატივის გამოთავისუფლება მას ამ ახალი სახელმწიფოს შექმნაში დაეხმარებოდა.
    ვთქვათ, ლიტველი, რომელსაც ექნებოდა კერძო ფირმა ნოვოროსიისკში, თითქოსდა აღარ მოითხოვდა დამოუკიდებლობას; ან მოლდაველი, ვისაც კიშინიოვში საკუთარი ქარხნის ფუნქციონირებისათვის უეჭველად დასჭირდებოდა უზბეკური ბამბა, სისხლხორცეულად დაინტერესებული გახდებოდა სახელმწიფოს ერთიანობის შენარჩუნებით. ასევე, კიევში მცხოვრები სომეხი, რომლის კეთილდღეობა ციმბირიდან შემოტანილ ნედლეულზე იქნებოდა დამოკიდებული და ასე შემდეგ.
    აქვე ერთ საინტერესო მომენტს დავაკვირდეთ, რის თაობაზეც ქვემოთ უფრო ვრცლად გვექნება საუბარი: საქართველოში, ეროვნული მოძრაობის პირველ ეტაპზე, მიჩნეული იყო, რომ პიროვნული ინტერესი და ეროვნული ინტერესი ყოველთვის ემთხვევა ერთმანეთს. არადა, სინამდვილეში, ამგვარი თანხმობა არსებობს ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის!
    გორბაჩოვს სწორედ ამ წინააღმდეგობაზე სურდა ეთამაშა. მაგალითად, მას იმედი ჰქონდა, რომ (ვთქვათ) ქართველი მეწარმე, ვინც ქარხნის პრივატიზებას მოახდენდა და ციმბირიდან შემოტანილ იაფ ნედლეულზე, აგრეთვე რუსეთის, უკრაინის, ცენტრალური აზიის უზარმაზარ ბაზარზე იქნებოდა დამოკიდებული, შესაბამისად, წინააღმდეგობას გაუწევდა ერთიანი სახელმწიფოს დაშლას და პირიქით - ერთიანი სახელმწიფოს შენარჩუნებას შეუწყობდა ხელს.
    გორბაჩოვის ეს იდეა ილუზია აღმოჩნდა. ჯერ ერთი, მან ვერ გაითვალისწინა, რომ თავისუფალი პიროვნების ინტერესებზე დაფუძნებული სახელმწიფოებრივი სივრცის ფორმირებას დიდი დრო დასჭირდებოდა. მხოლოდ დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის დეკლარირება-დამკვიდრებით ასეთი სივრცე ვერ შეიქმნება.
    გარდა ამისა, მან ვერ გაითვალისწინა ნაციონალური ელიტების ძალა და გავლენა, რომელთაც თავად გაუხსნა ხელ-ფეხი «გლასტნოსტით». ეს უკანასკნელნი კი ყველაფერს გააკეთებდნენ შესაბამისი საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური დომინანტების შესაქმნელად, რათა პიროვნება ეთნონაციონალისტურ ფასეულობათა სისტემიდან არ დასხლტომოდათ.
    სხვათა შორის, ამ მომენტის გათვალისწინებით, ქართული ეთნონაციონალური ელიტა (ინტელიგენცია) სულ ტყუილად ცდილობს გაემიჯნოს «მოძრაობას» და მის კონკრეტულ წარმომადგენლებს. სინამდვილეში, ისინი მისი «მებრძოლი ავანგარდი» იყვნენ და სიღრმისეულად სწორედ მის ინტერესებსა და მისწრაფებებს გამოხატავდნენ. ამ, ძალზე საინტერესო პრობლემის თაობაზე ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ მომდევნო თავებში.
    რასაკვირველია, ეთნონაციონალური ელიტა არ დაუშვებდა, რომ პიროვნული ინტერესების პრიორიტეტს ამ შემთხვევაში დაეკნინებინა საერთონაციონალური (არა სამოქალაქო, არამედ ეთნიკური გაგებით) ინტერესები. ანუ, პიროვნული და ეროვნული (ეთნონაციონალური) ინტერესების შეჯახებისას უეჭველად მეორე გაიმარჯვებდა, ვინაიდან კომუნისტურ პერიოდში ჩამოყალიბებული, ნაციონალისტურად განწყობილი ელიტა (ამგვარი ელიტა ყველა საბჭოთა «მოკავშირე» და «ავტონომიურ» რესპუბლიკაში არსებობდა), ფარულად თუ აშკარად გააფთრებულ წინააღმდეგობას გაუწევდა ასეთ მოდერნიზაციას და შეეცდებოდა, თუნდაც საბჭოთა კავშირის (ერთიანი სახელმწიფოს) დაშლით, მიეღწია ნაციონალური სივრცის ერთიანობისათვის, რაც ამ ელიტის სოციალური სტატუსის შენარჩუნებას მოასწავებდა.
    ყოველ შემთხვევაში, ასე იმედოვნებდნენ.
    ამდენად, ეთნონაციონალური ელიტები, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებდნენ, რათა არ მიეცათ საშუალება გორბაჩოვისათვის, დაეფუძნებინა ერთიანი, მრავალეროვნული (მკითხველს აქვე ბოდიშს ვუხდი, რაკი იძულებული ვარ «ერი», «ნაცია» თუ «ნაციონალური» ხშირად განსხვავებული მნიშვნელობით ვიხმარო - ეს საბჭოთა ტრადიციაა -ავტ) თუნდაც დემოკრატიული, ფედერაციული სახელმწიფო.
    თეორიულად, ამგვარი სახელმწიფოს შექმნა სავსებით შესაძლებელი გახლდათ. ანუ, ჰიპოთეტურად შესაძლებელია, არსებობდეს მრავალეროვნული, მულტიეთნიკური, დემოკრატიული სახელმწიფო (თუნდაც ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე), ერთიანი მოქალაქეობითა და მოქალაქეობრივ უფლებათა თანასწორი დაცვით.
    მაგრამ პრაქტიკულად ამის განხორციელება აბსოლუტურად შეუძლებელი აღმოჩნდა. როგორც კი გორბაჩოვმა დაიწყო მოდერნიზაციის პროცესი, რესპუბლიკურ ელიტათა უდიდესი ნაწილი ჩუმი, ფრთხილი, მაგრამ მიზანსწრაფული საბოტაჟის გზას დაადგა.
    საქართველოს გარდა არსად გამოუტანიათ მიტინგებზე სულელური ლოზუნგები (მაგალითად «ძირს რუსეთის დამპალი იმპერია»), მაგრამ გორბაჩოვს უზბეკეთის, უკრაინის ან ყაზახეთის კომუნისტური ელიტა არანაკლებ გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევდა. თანაც არა კომუნისტური წყობის შენარჩუნების (ამგვარ დემაგოგიასაც ხშირად გაიგონებ), არამედ სწორედ იმ მიზნით, რათა არ მიეცათ მისთვის ახალ პრინციპებზე დაფუძნებული ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბების საშუალება.
    იგივე მოტივაცია ჰქონდათ «ავტონომიათა» ელიტებსაც, თუმცა ისინი სხვა ტაქტიკით მოქმედებდნენ - მოთხოვნა «მოკავშირე და ავტონომიურ რესპუბლიკათა გათანაბრების» თაობაზე, სინამდვილეში, რეგიონალურ ელიტათა ეთნონაციონალისტურ მისწრაფებათა გამოხატულება იყო, ოღონდ რეალობისა და მათ ხელთ არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით.
    ამრიგად, გორბაჩოვის წამოწყება სრული კრახით დასრულდა. უკრაინის, ყაზახეთის, უზბეკეთის ჩუმმა, უხმაურო საბოტაჟმა (და არ იმდენად ბალტიისპირელთა ან ქართველთა სამიტინგო ისტერიკებმა) სახელმწიფოს მოდერნიზების გორბაჩოვისეული გეგმა ჩაშალა. მიხეილ გორბაჩოვი დამარცხდა და სამუდამოდ შთაინთქა ისტორიის მოუსავლეთში.

    ჯერ კიდევ «პერესტროიკის» გარიჟრაჟზე, მოსკოვში ბევრი ჭკვიანი მოღვაწე ხვდებოდა, რომ ეთნონაციონალიზმის დამარცხების გორბაჩოვისეული გეგმა უტოპია იყო. ამიტომ მათ მოდერნიზაციის ალტერნატიული გეგმა შეიმუშავეს, რომელიც უფრო მეტად ითვალისწინებდა არსებულ რეალიებს. ამდენად, განხორციელების მეტი შანსიც ჰქონდა. სწორედ ამ დაჯგუფების მხარდაჭერით სარგებლობდა შემდგომ ბორის ელცინი.
    «ელცინის გეგმა» (პირობითად ასე დავარქვათ) რამდენიმე საკმაოდ მარტივ, მაგრამ სავსებით რეალურ პოსტულატზე იყო დაფუძნებული:
    ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებობდა და კვლავაც დიდხანს იარსებებს ერთიანი სახელმწიფოებრივი სივრცის უმთავრესი ატრიბუტები და შესაბამისი სისტემა. მიუხედავად საბჭოთა კავშირის ფორმალური დაშლისა, ეს სივრცე კვლავ ინარჩუნებს ცხოველმყოფელობას. მაგალითად, ეკონომიკური რეალობაა, რომ კომუნიკაციები მოსკოვიდან იმართება ანუ, ვთქვათ, თურქმენეთს არა აქვს საშუალება, ქვეყნის უმთავრესი სიმდიდრე (ბუნებრივი აირი), მსოფლიო ბაზარზე დამოუკიდებლად გაიტანოს - რუსეთის გვერდის ავლით. ისევე, როგორც უზბეკეთი დიდხანს ვერ იპოვიდა ბამბის გასაღების ბაზარს ვერსად, რუსეთისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკების გარდა.
    საბჭოთა კავშირში ეკონომიკური კოოპერაციის დონე 70-80 პროცენტს აღწევდა. ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე გაერთიანებულ ევროპაში. აქ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს საკუთრების ფორმას - ქარხანა (კერძო იქნება თუ სახელმწიფო), ერთნაირად დამოკიდებულია მაკომპლექტებელ დეტალებზე.
    «ჩაკეტილი ეკონომიკური ციკლი», როდესაც პროდუქციის დამზადება იწყებოდა და მთავრდებოდა ერთ რომელიმე რესპუბლიკაში, უდიდესი იშვიათობა გახლდათ. ეს ნაწილობრივ მხოლოდ თვით რუსეთისათვის თუ იყო დამახასიათებელი. უმრავლეს შემთხვევაში კი, თბილისში დამზადებულ ჭანჭიკს აგზავნიდნენ ტაგანროგში, იქედან - ტალინში, ტალინიდან - კიევში, კიევიდან - ტაშკენტში, ტაშკენტიდან - იოშკარ ოლაში, იოშკარ ოლადან - მინსკში, მინსკიდან - ერევანში, ერევნიდან - ვილნიუსში, ვილნიუსიდან - მოსკოვში. ხოლო მოსკოვიდან, თითქმის დასრულებული პროდუქცია, სხვა მაკომპლექტებელ დეტალებთან ერთად, იგზავნებოდა ისევ თბილისში, ოღონდ სხვა ქარხანაში, - საბოლოო პროდუქციის დასამზადებლად.
    რამდენი «დამოუკიდებლობის დეკლარაციაც» არ უნდა მიეღოთ ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს, ამ ეკონომიკურ რეალიათა შეცვლა დეკლარაციებით შეუძლებელი იქნებოდა.
    გარდა ამისა, საბჭოთა კავშირის ფორმალურ დაშლას არ შეეძლო დაეშალა ერთიანი ცნობიერი სივრცე (რუსულად ლაპარაკობდნენ აშხაბადშიც და სოხუმშიც, რუსულად გახმოვანებულ ფილმებს უყურებდნენ თბილსშიც და კიშინიოვშიც, რუსული ტელევიზია ყველაზე მასობრივ მაყურებელს იზიდავდა კიევშიც და ტაშკენტშიც; ნებისმიერ თემაზე ყველაზე სრული ლიტერატურის მოძიება შეიძლებოდა მხოლოდ რუსულად); არ ძალუძდა უმალვე წარმოექმნა საზღვრები სახელმწიფოთა შორის (ვგულისხმობ რეალურ საზღვარს და არა რუქაზე ფორმალურად გავლებულ ხაზს); არ შეეძლო შეეცვალა სხვა გეოპოლიოტიკური რეალიებიც.
    ამავდროულად, ელცინის გუნდს შესანიშნავად ესმოდა, რომ თუ ახლად შექმნილ სახელმწიფოებს იგი თავისუფლად, მშვიდად, გეგმაზომიერად განვითარების საშუალებას მისცემდა, მაშინ მათი ფორმალური დამოუკიდებლობა წლების განმავლობაში ხორცს შეისხამდა: თურქმენეთი გაიყვანდა ახალ გაზსადენს კასპიის ფსკერზე, რესპუბლიკები თანდათან შეძლებდნენ მეტნაკლებად თვითკმარი «ჩაკეტილი ეკონომიკური სივრცის» შეკვრას, ეროვნული ვალუტის შემოღებას; რუსული ენაც, ერთიანი ცნობიერი სივრცეც თანდათან დაკარგავდა ძალმოსილებას; «დე-იურე» გეოპოლიტიკური ნიშაც არ დარჩებოდა შეუვსებელი, დამოუკიდებელი ქვეყნები ნელ-ნელა მოახერხებდნენ საზღვრების საკუთარი ძალებით დაცვას და ასე შემდეგ.
    ამრიგად, ელცინის რუსეთი დაინტერესებული იყო, არ დაეშვა ახლადწარმოქმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფოების ნორმალური განვითარება, ვიდრე თავად არ დაასრულებდა მოდერნიზაციას, საბაზრო ეკონომიკის დაფუძნებას, შემდეგ კი, საბაზრო რეფორმათა წინმსწრები განვითარებით, ლოკომოტივივით ჩაითრევდა მეზობლებს ისევ ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში.
    ამიტომ, ელცინის გუნდმა, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, მეზობელ ქვეყნებში დაიწყო «მართვადი ქაოსის» დოქტრინის განხორციელება: რუსეთის სპეცსამსახურები ცდილობდნენ კონფლიქტების პროვოცირებას, ეთნიკური თუ პოლიტიკური დაპირისპირების გაღვივებას ყოფილ «მოკავშირე რესპუბლიკებში», აწყობდნენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ფსიქოლოგიურ დივერსიებს. თანაც, მათი მიზანი ამა თუ იმ რესპუბლიკაში ხელისუფლების შეცვლა როდი იყო, არამედ რუსეთის გარშემო «არასტაბილურობის სარტყელის» შექმნა, რათა კრემლს ამ სივრცეში პროცესების მართვა გაადვილებოდა. ყველგან ვერა (სადაც გონიერი ელიტა დაუპირისპირდათ), მაგრამ ზოგან მიაღწიეს საწადელს.
    «მართვადი ქაოსის» დოქტრინის განუყოფელი ნაწილია «ფრაგმენტული იმპერიალიზმი», რაც სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერასა და მათ ინსტიტუირებაში გამოიხატება.

    უმრავლეს შემთხვევაში «ელცინის დოქტრინა» სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდა. მხოლოდ ჩვენ, ქართველები აღმოვჩნდით (კიდევ ერთხელ) იმდენად უნიათონი, რომ არათუ ხელი შევუშალეთ, არამედ პირიქით, ხელიც კი შევუწყვეთ «მართვადი ქაოსის» მექანიზმთა ამოქმედებას საქართველოში.
    შედეგიც შესაბამისი მივიღეთ: ასეთი დონის უპასუხისმგებლობა და სიბრიყვე შეუძლებელია დაუსჯელი დარჩეს