იდუმალი ორდენი

იდუმალი ორდენი - ეროვნული მოძრაობა

იდუმალი ორდენი

პერესტროიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებრივი მოწყობის საბოლოო დადგენა იყო. ეს თვისებრივია რუსეთისათვის: სხვადასხვა სახეცვლილებით «Вопрос о земле и национальный вопрос» - წითელ ზოლად გასდევს რუსეთის ისტორიას.
    ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები სწორედ სახელმწიფოებრივი მოწყობის სფეროში განვითარდა. შემდგომში გორბაჩოვი აცხადებდა, პერესტროიკის გეგმა არ გვქონდაო. რაც აშკარა ტყუილია. მიხეილ გორბაჩოვს ხელს არ აძლევს ამ გეგმის გამომზეურება. მით უმეტეს, რომ იგი იმ ეტაპზე ვერ განხორციელდა.

    ჯერ კიდევ 1987-1988 წლებში, სკკპ ცენტრალური კომიტეტის პლენუმთა მასალებში და სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტებში (მაგალითად в передовицах «ПРАВДЫ») აგრეთვე გორბაჩოვის გამოსვლებში ძალიან ფრთხილად, თუმცა მიზანმიმართულად იწყებს ჟღერას ახალი ნოტა: «ხალხთა თანასწორობის საფუძველზე მოკავშირე და ავტონომიურ რესპუბლიკათა გათანაბრების »შესახებ.
    ეს ტენდენცია თითქოსდა წვრილმანებშიც ვლინდებოდა. მაგალითად სტალინზე მსჯელობისას ჟურნალი «ოგონიოკი» აფხაზეთს, ვითომ შემთხვევით, არა «ავტონომიურ რესპუბლიკას», არამედ «რესპუბლიკას» უწოდებდა. იგივე ხდებოდა სხვა ავტონომიებთან დაკავშირებით. თვით სტალინის კრიტიკაც აქტიურად იქნა გამოყენებული რათა დაეგმოთ «ხალხთა რანგირების სტალინისეული სქემა»: ავტონომიური ოკრუგი, ავტონომიური ოლქი, ავტონომიური რესპუბლიკა, მოკავშირე რესპუბლიკა. Ведь все народы равны – почему они должны делится на ранги? სინამდვილეში ასეთი «რანგირება» (არა ხალხთა, არამედ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ და სახელმწიფოებრივ წარმონაქმნთა) სტალინის «ხუშტური» კი არ იყო, არამედ საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებრივი შენობის აუცილებელ კონსტრუქციას წარმოადგენდა - საბჭოთა იმპერია ეფუძნებოდა არა მხოლოდ ძალას, არამედ ნაციონალურ ელიტათა ინტერესების გარკვეულ ბალანსს და «შეკავება – შეწონასწორება - წინააღმდეგობათა» რთულ სისტემას. სწორედ ეს სისტემა განაპირობებდა სახელმწიფოს მდგრადობას.
    აქვე მიზანშეწონილი იქნებოდა მცირე ისტორიული ექსკურსი:
    იმ უკიდეგანო სივრცეზე, რომელსაც რუსმა მოაზროვნემ და მწერალმა, ვასილ გროსმანმა «ტრაგიკული უზარმაზარობა» («Трагичесская громадность») უწოდა, მეთხუთმეტე–მეთექვსმეტე საუკუნეებში წარმოიშვა უდიდესი გეოპოლიტიკური პოტენციის მქონე სახელმწიფო, რომელმაც თავის თავში გააერთიანა როგორც თურანულ-მონღოლური დესპოტიის გენეტიკური კოდი, ასევე სახელმწიფოებრიობის ბიზანტინისტურ-ქრისტიანული კონცეფცია.
    გროსმანისავე ზუსტი დაკვირვებით, ამ სახელმწიფოს უმთავრესი თვისება იყო სწრაფი განვითარება პიროვნული თავისუფლების მზარდი შეზღუდვის ხარჯზე: რაც უფრო მეტად იყო შეზღუდული და პოლიტიკურად შებოჭილი პიროვნება, რაც უფრო დაბეჩავებული იყო იგი და რაც უფრო მეტად იყო მისი ინტერესები და მისწრაფებები იგნორირებული სახელმწიფოს მხრიდან, - მით უფრო მძლავრი ხდებოდა თავად სახელმწიფო და მით უფრო აფართოვებდა იგი თავის გეოპოლიტიკურ არეალს.
    პეტრეს ეპოქაში ეს სახელმწიფო საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც რუსეთის იმპერია და თავისი ძლევამოსილება ევრაზიის უდიდეს და უმნიშვნელოვანეს ცენტრალურ ნაწილზე განავრცო. პეტრე დიდს არ შეუცვლია (ვერც შეცვლიდა) სახელმწიფოს განვითარების ძირითადი კონცეფცია. მისი ეპოქის სიმბოლო გახდა ასიათასობით რუსი მონის ძვლებზე აგებული უბრწყინვალესი ევროპული ქალაქი – სანკტ-პეტერბურგი.
    1825 წელს, რუს არისტოკრატთა მცირე ჯგუფმა, გაბრუებულმა ევროპული თავისუფლების «ტკბილი ჰაერით», სცადა სახელმწიფოებრიობის შინაარსის შეცვლა, მაგრამ მათი ცდა სრული კრახით დასრულდა. დეკაბრისტებმა, მათდაუნებურად, ხელი აღმართეს რუსული სახელმწიფოს განვითარების ძირითად «აღმძრავ მექანიზმზე» და მათი ცდა რომ წარმატებით დასრულებულიყო, ეს უეჭველად გამოიწვევდა რუსეთის, როგორც იმპერიის სწრაფ დასუსტებასა და არა შემდგომ განვითარებას (რისი იმედიც ჰქონდათ), ვინაიდან ევროპული ცივილიზაცია, რომლის რუსულ სინამდვილეზე დამყნობასაც ისინი ცდილობდნენ, აბსოლუტურად სხვა კონცეპტუალურ საფუძველზე (თავისუფალ პიროვნებაზე) არის დამყარებული და სახელმწიფოებრიობის «რუსულ-ბიზანტინისტურ» კონცეფციასთან კატეგორიულად შეუთავსებელია.
    დეკაბრისტთა ამბოხს (მან, მცირე მასშტაბის მიუხედავად, თხემით ტერფამდე შეაზანზარა იმპერია), მოჰყვა ნიკოლოზ პირველის ტირანული მმართველობა და რუსულ-იმპერიული ძალმოსილების შემდგომი ზრდა – პიროვნული თავისუფლების შემდგომი შეზღუდვის ხარჯზე.
    მეორეს მხრივ, ეს გამოსვლა, რაც უპირველესად სულიერი ამბოხი იყო მატერიალურად ყოველმხრივ უზრუნველყოფილი ელიტისა, მაინც მიუთითებდა იმ კოლოსალურ, ყოვლისმძლე ძალთა დაგროვებაზე ხალხის მასებში, რომელნიც თუმცა ქვეცნობიერნი, სიზმრებრივ დაუწმენდავნი იყვნენ, მაგრამ ამით ნაკლებ მრისხანე როდი ხდებოდნენ და დროგამოშვებით ვლინდებოდნენ კიდეც გლეხთა სტიქიურ, ერთი შეხედვით სრულიად უაზრო, სისხლიან აჯანყებებში.
    სახელმწიფოებრიობის რუსულმა კონცეფციამ რუბიკონი გადალახა 1861 წელს, როდესაც იმპერიის მმართველმა ელიტამ კვლავ აღმართა ხელი საკუთარი სახელმწიფოებრიობის საფუძველზე – რუსულ ბატონყმობაზე. აქ შეგნებულად ვიყენებ ტერმინს «რუსული ბატონყმობა», რადგან ბატონყმობის ამ სახეობას თითქმის არაფერი ჰქონდა საერთო ევროპულ ბატონყმობასთან როგორც თვისებრივი, ასევე ინსტიტუციური თვალსაზრისით. ეს იყო მონობის ფორმა და რუსეთში მონობის გაუქმებით პირი მოერღვა იმ ვულკანს, რომელმაც საუკუნეობით ნაგროვები ბოღმა და ბალღამი ამოაფრქვია.
    მიუხედავად ჩაგრულ მასათა სისხლიანი აქტიურობისა, ეს ბოღმა და ბაღლამი სწორედ იმ დათრგუნული პიროვნების ვნებები იყო, რომლის პიროვნულ ღირსებასა და თავისუფლებაზე შენდებოდა რუსული სახელმწიფო ივანე მრისხანედან – ნიკოლოზ მეორემდე.
    ამასთანავე, მონობის ამ ფორმის მოსპობით მოისპო ის საფუძველი, რის გარეშეც იმპერია ვეღარ იარსებებდა და თითქოს, მოვლენათა ბუნებრივი განვითარების შედეგად, იგი საბოლოოდ უნდა დაშლილ დაქუცმაცებულიყო რამდენიმე ევროპული ტიპის სახელმწიფოდ მაგრამ…. ისტორიული ბედუკუღმართობისა თუ რუსულ სახელმწიფოში ეროვნულ-სოციალური ინსტიტუტებისა და შრეების თავისებური, ყოვლად უნიკალური გადახლართულობის გამო, ევროპის ინტელექტუალურ წრეებში წარმოშობილმა, სტაბილური და მშვიდი ევროპისათვის საბოლოოდ საკმაოდ უწყინარმა (ერთმა მრავალთაგან) სოციალურმა თეორიამ რუსეთისათვის სწორედ იმ გრძნეული წამლის ფუნქცია შეასრულა, რომელმაც კვლავ «მოახედა», გამოაცოცხლა მომაკვდავი ურჩხული და ფაქტობრივად მკვდრეთით აღადგინა იგი.
    1917 წელს, რუსეთის იმპერიამ, იმპერატორის გადადგომასთან და მრავალ სამხედრო დამარცხებასთან ერთად დაშლა იწყო. ქვეყანაში ასეთ დროს გარდაუვალი ქაოსი და ეკონომიკური ნგრევა გამეფდა. სწორედ ამით ისარგებლა ბოლშევიკთა მცირერიცხოვანმა, მაგრამ მძლავრმა პარტიამ და ბრწყინვალედ ორგანიზებული სოციალური დემაგოგიის, დაუნდობელი ტერორისა და მტკიცე, გაბედული ქმედების შედეგად ხელთ იგდო ძალაუფლება.
    ბოლშევიკთა რაზმს ხელმძღვანელობდა ვლადიმერ ლენინი. მის შესახებ უკვე თითქმის აღარავინ ამბობს, რომ ის იყო გენიოსი, მაგრამ კვლავ გავბედავ და ვიტყვი, რომ არა როგორც «დიდი ჰუმანისტი თუ ჩაგრულთა მეგობარი» ან «პროლეტარიატის ბელადი», არა როგორც «მსოფლიოში პირველი მუშურ გლეხური სახელმწიფოს დამფუძნებელი» არამედ პოლიტიკური ბრძოლის დიდოსტატი - იგი უდავოდ არაჩვეულებრივი ნიჭისა და უნარის ადამიანი გახლდათ.
    ამავე დროს, ლენინი და მისი რამდენიმე უახლოესი თანამებრძოლი (მათ შორის ტროცკი) გულმხურვალე ფანატიკოსები იყვნენ და გულწრფელად სჯეროდათ, რომ სისხლიანი ტერორისა და გრანდიოზული ომების შედეგად შესძლებდნენ მსოფლიოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირის (Всемирный союз советских социалистичесских республик) შექმნას. ამ მიზნის მისაღწევად მათ გააჩაღეს კაცობრიობის ისტორიისათვისაც კი არნახული ხოცვა-ჟლეტა და….კვლავ დათრგუნეს პიროვნება ევრაზიის ცენტრალურ ნაწილში რითაც, შესაძლოა თავისდაუნებურად, ისევ გააცოცხლეს ბიზანტინისტურ-რუსული იმპერიული სახელმწიფოებრიობის ის უმთავრესი მაცოცხლებელი თესლი, რომელმაც კვლავ იწყო ველიკორუსულ «დერჟავად» აღმოცენება.
    უკანასკნელი თეზისი განსაკუთრებით ხაზგასასმელია - დარწმუნებული ვარ, ვლადიმერ ულიანოვსა და ლევ ბრონშტეინს (განსაკუთრებით ტროცკის), არც უფიქრიათ რუსული სახელმწიფოს გადარჩენა. მათი მიზანი საკუთარი სოციალური თეორიის მთელს მსოფლიოში გავრცელება იყო და არა «დერჟავის აღორძინება». საბჭოთა რუსეთი მათთვის მხოლოდ ბაზა, მხოლოდ პოლიგონი იყო მსოფლიო რევოლუციის მოსამზადებლად და განსახორციელებლად. მაგრამ მათდა უნებურად ის სახელმწიფო გააცოცხლეს, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში სწორედ ველიკორუსულ დერჟავად ვითარდებოდა საკუთარი, მტკიცედ ჩამოყალიბებული, სისხლითა და ძალადობით შედუღაბებული სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური, სოციალური და იდეოლოგიური სტრუქტურებით.
    ეს სტრუქტურები კი, რაკიღა გაცოცხლდნენ და მკვდრეთით აღდგნენ, ყოველივე მათთვის შეუთავსებელსა და მიუღებელს ამსხვრევდნენ, სახელმწიფოს შემდგომი განმტკიცებისათვის, იმპერიის „კარჩაკეტილობისა“ და ერთგვარი «შიდამიმართულობისათვის» იბრძოდნენ. ამ ბრძოლის შედეგად მათ მოსძებნეს და ხელისუფლების მწვერვალზე აიტაცეს პიროვნება, ვინც ლენინზე ან ტროცკიზე მეტად შეეფარდებოდა გაცოცხლებული სახელმწიფოს ბუნებას, მის გარე და შიდა მიმართებებს. ეს პიროვნება გახლდათ იოსებ სტალინი.
    რასაკვირველია სრული ჭეშმარიტებაა, რომ სტალინი, სისასტიკითა და დაუნდობლობით ოდნავადაც არ ჩამოუვარდებოდა თავის მასწავლებელს, მაგრამ მიუხედავად მეთოდთა და საშუალებათა სრული იდენტურობისა, ეს ორი პოლიტიკოსი ორ, აბსოლუტურად განსხვავებულ, კიდევ უფრო მეტი, ორ კატეგორიულად შეურიგებელ პოლიტიკურ-იდეოლოგიურ დოქტრინას წარმოადგენდა.
    მათი დოქტრინები მოკლედ შეიძლება ასე დავახასიათოთ: ლენინის დოქტრინა მიზნად ისახავდა ყოფილი რუსეთის იმპერიის ქცევას მსოფლიო რევოლუციის მოსამზადებელ პოლიგონად; ხოლო სტალინის დოქტრინა – თავად რუსეთის იმპერიის აღდგენას მისი მოდერნიზების გზით.
    სხვაგვარად რომ ვთქვათ, ლენინისათვის სოციალიზმი იყო მიზანი, ხოლო სტალინისათვის მხოლოდ საშუალება. ლენინი სოციალიზმს განიხილავდა, როგორც მომავალი «მსოფლიო კავშირის» ეკონომიკურ და იდეოლოგიურ საფუძველს, ხოლო სტალინი – ვითარცა ევრაზიის სივრცეზე კვლავ აღდგენილი ზემძლავრი სახელმწიფოს იდეოლოგიას.
    ბუნებრივია, მეორე დოქტრინა გაცილებით რეალისტური და, რაც მთავარია, ბოლშევიკთა მიერ კვლავ უნებლიედ გაცოცხლებული სახელმწიფოებრივი სისტემებისათვის გაცილებით უფრო მისაღები იყო, ვიდრე პირველი.
    მშრალ თეორიულ მსჯელობას კონკრეტული მაგალითი სჯობს. გავიხსენოთ ასეთი სურათი: იოსებ სტალინი დიდ თეატრში ჩაიკოვსკის «გედების ტბას» ესწრება და ზის ყოფილ საიმპერატორო ლოჟაში კაზაკთა ჩოხებში გამოწყობილი მხლებლებით გარსშემორტყმული. აქ მთავარი ის კი არ არის, რამდენად იყვნენ ეს მხლებლები «ნამდვილად კაზაკები» (ნამდვილი კაზაკები თვით სტალინმა გაჟლიტა ოციან წლებში), არამედ ამ სცენის იდეოლოგიური დატვირთვა.
    არადა, ამგვარი სცენები მას შემდეგ, რაც სტალინმა ტროცკი და სხვა «ლენინელები» გაანადგურა, რუსეთში ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. 30-იან წლებში, სტალინთან მიმართებაში ეს სცენა ისევე ბუნებრივად აღიქმებოდა, როგორი არაბუნებრივიც იქნებოდა ლენინის ან (მით უმეტეს) ტროცკის მონაწილეობით.
    სწორედ ამიტომ, სრულიად უსაგნოდ და ყალბად მეჩვენება სოლჟენიცინის წინასწარ განზრახულად ცრუ კონცეფცია, რომლის თანახმად, «სიკეთითა და ქრისტიანული სიყვარულით სხივმოსილი რუსეთი» თურმე ლენინმა და სტალინმა დააქციეს, ისინი კი, თავის მხრივ (როგორც იდეოლოგიური ტყუპისცალები) უცხო სხეულნი იყვნენ რუსეთისათვის. სინამდვილეში სტალინი, ვინც სისასტიკითა და დაუნდობლობით ტოლს არ დაუდებდა ლენინსა და ტროცკის, თავისი პოლიტიკური დოქტრინით, როგორც სახელმწიფო მოღვაწე, - შესაბამისი სახელმწიფოებრივი კონცეფციით, უფრო პეტრე დიდისა და ივანე მრისხანეს შთამომავალი იყო, ხოლო სტალინის ეპოქაში გამძვინვარებული მასობრივი შიმშილობები, რამაც ასეულობით ათასი ადამიანი შეიწირა, არაუმეტეს მძვინვარე გახლდათ, ვიდრე ანალოგიური შიმშილობები ნიკოლოზ პირველის ხანაში.
    ასევე, სტალინის მიერ გლეხთათვის პასპორტების ჩამორთმევა ზუსტად იმ მიზანს ისახავდა, რასაც «იურის დღის» გაუქმება ან ბატონყმური სისტემის გამკაცრება უფრო გვიანდელ ხანაში. ხოლო სტალინის პოლიტიკა, ვთქვათ, ჩრდილო კავკასიელი ხალხების მიმართ მხოლოდ იმით განსხვავდებოდა ნიკოლოზ პირველისა და ალექსანდრე მეორის პოლიტიკისაგან, რომ თუ «თეთრი იმპერატორები» პატარა, თავისუფლებისმოყვარე ხალხებს იმპერიის ფარგლებს გარეთ ასახლებდნენ (თურქეთში, არაბულ სახელმწიფოებში და ა.შ.) სტალინი მათ იმპერიის ფარგლებში (ყაზახეთსა და შუა აზიაში) აძევებდა.
    ერთ-ერთი ბრალდება, რასაც სტალინს, შემდგომში, რუსი ანტისტალინელები უყენებდნენ ის გახლდათ, თითქოს სტალინმა შექმნა «ხალხის მტრისა» და «მავნებლების» თეორია. სინამდვილეში კი, ეს ყოველივე კაცობრიობისათვის კარგა ხნით ადრე ცნობილ ველიკორუსულ ქსენოფობიაში იღებს სათავეს.
    საქმე ისაა, რომ ველიკორუსულმა საზოგადოებამ, განვითარების რომელიღაც ეტაპზე, შექმნა განსაკუთრებული გენოტიპი: ადამიანი, რომელიც იძულებული იყო ზიარებოდა რუსულ კულტურას და გარეგნულად ტიპიურ რუსად იქცა, მაგრამ შინაგანად სძულდა და ეზიზღებოდა საზოგადოება, რომლის წიაღშიც ცხოვრობდა. იგი შეიძლება ყოფილიყო არა მხოლოდ ებრაელი, არამედ გარუსებული თათარიც, სომეხიცა და ყალმუხიც. რუსმა შოვინისტმა, იგორ შაფარევიჩმა, გახმაურებულ თხზულებაში «რუსოფობია» ამ გენოტიპთა ერთობლიობას უწოდა «მცირე ერი». მისი თეორიით «მცირე ერი» საუკუნეთა განმავლობაში ცხოვრობს «დიდი ერის» წიაღში და ყველა საშუალებით ცდილობს მას რაიმე ავნოს. ანუ «ხალხის მტრისა» და «მავნებლის» ფსიქოლოგიური ხატი რუსულმა საზოგადოებამ სწორედ ამ გენოტიპის, ამ «მცირე ერის» წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნა. მაგრამ ეს სტალინამდე გაცილებით ადრე მოხდა და ამ უკანასკნელმა მხოლოდ გამოიყენა ფსიქოლოგიური ტერორის ეს, უკვე აპრობირებული იარაღი.
    ლენინისა და სტალინის დოქტრინათა პირველი შეჯახება მოხდა მაშინ, როდესაც იქმნებოდა «საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირი». როგორც ცნობილია, იოსებ სტალინმა ყველა «ეროვნული რესპუბლიკის» რუსეთის შემადგენლობაში შეყვანა მოითხოვა. ლენინი კი ამას კატეგორიულად არ დაეთანხმა. ოღონდ არა იმიტომ, რომ არარუსი ხალხების ბედი აღელვებდა, არამედ იმის გამო, რომ იგი, იმ დროს, როგორც ჩანს პირველად მიხვდა, რა საფრთხეს უქადდა მის თეორიას მკვდრეთით აღმდგარი «ველიკოდერჟავობა». მიხვდა, მაგრამ უკვე ვეღარაფერი გააწყო და საფლავში ჩაიყოლა ისტორიული დამარცხებით გამოწვეული ბოღმა. მართალია მაშინ ფორმალურად მისმა წინადადებამ კონსტიტუციური ასახვა ჰპოვა, მაგრამ სტალინმა, ჩვეული გონებამახვილობით, პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის პოსტი იმისათვის გამოიყენა, რათა სწორედ კომუნისტური პარტია ექცია აღორძინებული იმპერიის გულანად, რომელშიც ფორმალურად «მოკავშირე რესპუბლიკები» ფაქტობრივად უნიტარული სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილებად იქცნენ.
    დამახასიათებელი მაგალითი: მოკავშირე რესპუბლიკათა ფორმალური სტატუსის მიუხედავად, ამ რესპუბლიკების ხელისუფლება (კომუნისტური ორგანიზაცია) საოლქო ორგანიზაციების უფლებით შედიოდნენ სსრკ კომპარტიის შემადგენლობაში, ხოლო რუსეთის კომპარტია ან რუსეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი საერთოდ არ არსებობდა. სწორედ ეს გახლდათ სტალინის კონცეფციის რალურად განხორციელების ნიშანი. სტალინი ხომ ყოველთვის წინააღმდეგი იყო საბჭოთა კავშირში «ორი ცენტრის» არსებობისა!
    იმ პერიოდისათვის დამახასიათებელი თითქოსდა ქაოტური ცვლილებანი «რესპუბლიკათაშორისი საზღვრების», ავტონომიათა გაჩენა და მათი უმალვე გაუქმება, ტერიტორიათა მიერთება-განცალკევება იმის მაჩვენებელია, რომ სტალინმა შესანიშნავად უწყოდა წინამორბედ იმპერატორთა «ეროვნული პოლიტიკის» ძირითადი მეთოდი და იმპერიაში შინაგანი წინააღმდეგობების ხელოვნური შექმნითა თუ უკვე არსებულთა გაღვივებით აშენებდა სახელმწიფოს ურღვევობისა და მონოლითურობის გარანტიებს.
    მრავალი (თუ ყველა არა) იმ კონფლიქტთაგან, რომელიც დღეს ამა თუ იმ რეგიონში იმპერიული ზეგავლენის შენარჩუნების მიზეზი გახდა, სწორედ სტალინის მიერ თავის წინამორბედთაგან ზუსტად ათვისებული მეთოდის ნიჭიერად გამოყენების შედეგია.
    მეორე მსოფლიო ომმა, რომელსაც თითქოს უნდა დაენგრია და გაეცამტვერებინა აღორძინებული იმპერია, მხოლოდ განამტკიცა იგი. ეს იყო სტალინის «უკანასკნელი და გადამწყვეტი ბრძოლა» და ამ ბრძოლის შემდეგ კრემლში გამართულ გრანდიოზულ ბანკეტზე სტალინმა პირველად გაამხილა თავისი საიდუმლო, როდესაც მთელი საბჭოთა-ინტერნაციონალური ბაბილონის თანდასწრებით ხმამაღლა შესვა «დიდი რუსი ხალხის» («великий Русский народ») სადღეგრძელო, რითაც არა მხოლოდ დამარცხებული და გაუპატიურებული ტევტონები დაამცირა კიდევ ერთხელ, არამედ პირდაპირ სახეში შესცინა თავის სოციალისტ «თანამოაზრეთ» მთელს მსოფლიოში.
    გამარჯვებულებს ვერ სჯიან!

    მმართველთა ყველა თაობა, რომელიც სტალინის შემდეგ ზეობდა იმპერიაში, იყო ჭეშმარიტ სტალინელთა თაობა ანუ თაობა, ვისთვისაც სოციალიზმი იყო მხოლოდ საშუალება, ხოლო მიზანი – ველიკორუსული იმპერიის სიდიადე და ძლევამოსილება. სწორედ ამ პერიოდში იწყო იმპერიის ელიტამ, საიდუმლო სამსახურის, ანუ (სტალინის ხატოვანი თქმით), «მახვილოსანთა ორდენის» მეშვეობით, ფიქრი იმპერიის მოდერნიზების იდუმალ გეგმაზე.
    ფართოდ გავრცელებული აზრის თანახმად, სუკ-ის უმთავრესი დანიშნულება იყო თვალთვალი, დისიდენტების დევნა შევიწროვება, მთელს მსოფლიოში ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერა და სხვა ამგვარი საქმიანობა. სინამდვილეში, საქმე ბევრად უფრო რთულად არის. ეს ყოველივე მხოლოდ მწვერვალია აისბერგისა. რეალურად, ორმოცდაათიანი წლებიდან დაწყებული, მას შემდეგ, რაც სუსლოვის ხელმძღვანელობით, ქვეყნის მმართველმა ელიტამ დაიწყო ფიქრი იმპერიის მეორე მოდერნიზაციის გეგმის შემუშავებაზე, საიდუმლო სამსახურის და მისი ანალიტიკური ცენტრების უმთავრესი დანიშნულება გახდა ინფორმაციის მოპოვება, ამ ინფორმაციის ღრმა ანალიზი და, რაც მთავარია, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების მომავალი განვითარების პროგნოზირება ანუ ინფორმაცია, ანალიზი, პროგნოზი – აი, იმპერიული იდუმალი სამსახურის მთავარი ფუნქცია.
    მიზნის მისაღწევად, სპეცსამსახურის «რვაფეხამ» შეაღწია ყველგან: სამეცნიერო ელიტიდან დაწყებული, - დამნაშავეთა სამყარომდე, რუსოფილურად განწყობილი ინტელიგენციიდან – სიონისტურ წრეებამდე; «ტექნოკრატებიდან» - «ლირიკოსებამდე»; სამხედრო სამრეწველო კომპლექსიდან – შემოქმედებით კავშირებამდე; არმიიდან – პროფკავშირებამდე. მისი გამოწვლილვითი, მაგრამ შეუმჩნეველი ანალიზის საგანი გახდა ყველა ეროვნული პრობლემა: «ბალტიური ნაციონალიზმიდან» დაწყებული, - ოსურ-ინგუშურ წინააღმდეგობამდე.
    «იდუმალი ორდენის» ინფორმატორები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ყველანი, განურჩევლად მათი სოციალური ცენზისა: პარტიული ბობოლაც, უბრალო მასწავლებელიც, შეშლილი მხატვარიც, გამოუსწორებელი ნარკომანიც, ცნობილი მწერალიცა და დისისდენტიც.
    ამ ბოლო გარემოებას კი მსურს განსაკუთრებით მივაპყრო მკითხველის ყურადღება: საიდუმლო სამსახურის იმ შრეს, რომელიც იმპერიის მოდერნიზაციის გეგმას ამუშავებდა, განსხვავებით სუკ-ის სხვა, «წყალზედა» შრეებისაგან, იოტისოდენად არ აინტერესებდა «ანტისაბჭოთა მოღვაწეთა» დევნა-შევიწროება. მისი მიზანი იყო შეესწავლა პროცესები იმ გეგმასთან მიმართებაში, რომელიც, შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე, თანდათან ყალიბდებოდა.
    ამ თვალსაზრისით, ის მოღვაწე, ვინც, მისი ანტისაბჭოურობის გამო, სუკის სხვა შრეებისათვის საშიში იყო და უეჭველად გასაუვნებელი სჩანდა, შესაძლოა სულაც არ ყოფილიყი საშიში «იდუმალი ორდენისათვის» ხსენებული გეგმის თვალსაზრისით. მაგალითად, ანდრეი სახაროვი, რომელიც უპირველეს ანტისაბჭოთა მოღვაწედ ითვლებოდა, შესაძლოა ფასდაუდებელი ფიგურა გამხდარიყო, როდესაც დაიწყებოდა მოდერნიზაციის გეგმის განხორციელება. იგივე შეიძლება ითქვას არაერთ ქართველ დისიდენტზეც.
    ინფორმაციის შეგროვება სუკ-ის ანალიტიკურ ლაბორატორიებში, როგორც ჩანს, სამოცდაათიან წლებში დაასრულეს, როდესაც იმპერიის საიდუმლო სამსახურს სათავეში იური ანდროპოვი ედგა. ამ პიროვნების ჭეშმარიტი სახე იდუმალებით არის მოსილი. მის შესახებ ცოტა რამ თუ ვიცით, მაგრამ, ჩემი აზრით, ანდროპოვი ბრეჟნევის ეპოქის ცენტრალური ფიგურაა. სწორედ ანდროპოვმა, შეგროვებული ინფორმაციის ღრმა ანალიზის საფუძველზე, ჩამოაყალიბა იმპერიის მეორედ მოდერნიზაციის საბოლოო გეგმა.

გეგმის შესახებ ჩვენ მხოლოდ იმის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რისი მოწმენიც თავად გავხდით 1985 წლიდან. ამ მასალის საფუძველზე შეიძლება დარწმუნებით ითქვას: ანდროპოვის გეგმა მიზნად ისახავდა უდიდეს შემობრუნებას რუსეთის ისტორიაში: იმპერიის ქცევას ერთიან, დემოკრატიულ, ფედერაციულ სახელმწიფოდ.
    დარწმუნებული ვარ, ბოლო თეზისი განარისხებს მკითხველს (სად რუსეთი და სად დემოკრატია?) მაგრამ ნუ ავჩქარდებით. უპირველეს ყოვლისა გავითვალისწინოთ, რომ, უტრირებულად თუ ვიტყვით, ადამიანი შეიძლება თავისუფალი იყოს პიროვნულად, მისი პიროვნული მისწრაფებების თვალსაზრისით და არ იყოს თავისუფალი ეროვნულად. ძალიან უხეში ფორმულაა, მაგრამ, ვფიქრობ, მკითხველი ადვილად მიხვდება რასაც ვგულისხმობ. მაგალითად: ესპანეთში მცხოვრები ბასკი შეიძლება იყოს სრულიად თანასწორუფლებიანი, როგორც ესპანეთის მოქალაქე, მაგრამ არა როგორც ბასკი. სწორედ ასე აღიქვავდა ამ მომენტს ქართული საზოგადოება.
    აქედან გამომდინარე, როდესაც ვამტკიცებ, რომ ანდროპოვს სურდა შეექმნა ერთიანი და დემოკრატიული სახელმწიფო, ვგულისხმობ, რომ მას სურდა გაენთავისუფლებინა პიროვნება სახელმწიფოში, როგორც ერთიანი ქვეყნის მოქალაქე და არა როგორც რომელიმე ერის შვილი.
    ერთი შეხედვით, თითქოს ჩანაფიქრი სრულიად განუხორციელებელი ჩანდა, ვინაიდან იმეორებდა დეკაბრისტთა და ალექსანდრეს 2-ს შეცდომა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით:
    20 საუკუნის მიწურულს მსოფლიო პოლიტიკის უმძლავრესი განმსაზღვრელი ფაქტორი ბირთვული იარაღი გახდა. მან კარდინალურად შეცვალა გეოპოლიტიკის ძირითადი კანონები და თუ 19 საუკუნეში რუსეთის მმართველი წრეების მიერ საკუთარი სახელმწიფოებრიობის ქვაკუთხედის მოსპობამ იმპერიის დასუსტება და დაშლა გამოიწვია, 20 საუკუნეში იგივე ქმედება თითქოს ანალოგიურ შედეგს აღარ გამოიღებდა, რადგან ატომური საფრთხის გამო კატეგორიულად გამორიცხული აღმოჩნდა ე.წ. «გარე ფაქტორი».
    ანდროპოვმა შესანიშნავად იცოდა: სახელმწიფოებრივი განვითარების ძირითადი სტიმულის შეცვლის პროცესში რუსეთი როგორც არ უნდა დასუსტებულიყო, იმის უნარს კი ყოველთვის შეინარჩუნებდა, რამოდენიმე ათეულჯერ მოესპო მთელი მსოფლიო და, მისი აზრით, სწორედ ეს შეუქმნიდა მოდერნიზების პროცესში მყოფ იმპერიას საერთაშორისო მდგრადობის გარანტიებს.
    ისმის კითხვა: რით სურდათ შეეცვალათ ახალი ეპოქის რუს რეფორმატორებს სახელმწიფოებრიობის ქვაკუთხედი?
    20-ე საუკუნის ოთხმოციანი წლებისათვის ველიკორუსულმა სახელმწიფომ დაასრულა განვითარება სივრცეში და გეგმის ავტორებს სურდათ «სივრცული განვითარება» შეეცვალათ განვითარებით სიღრმეში. ანუ ისინი აპირებდნენ გაეთავისუფლებინათ პიროვნება ევრაზიის ამ უკიდეგანო სივრცეზე, რათა პიროვნებას, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე დაყრდნობით, სამუდამოდ აეთვისებინა ეს სივრცე - სამუდამოდ შეედუღაბებინა იგი «მილიონობით ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და ადამიანური კავშირებით» (ეს გორბაჩოვის ცნობილი გამოთქმაა).
    სხვაგავარად თუ ვიტყვით, რუს რეფორმატორებს სურდათ რუსეთის განვითარების მთავარ გარანტად ექციათ არა დათრგუნული (როგორც უწინ), არამედ თავისუფალი პიროვნება. მათ შესანიშნავად ესმოდათ, რომ პიროვნული ინტერესი ყოველთვის როდი ემთხვევა ეროვნულ ინტერესს და რომ ამ ინტერესთა შეჯახება სახელმწიფოს ერთიანობის საუკეთესო გარანტია იქნებოდა.
    იმპერიული ელიტის მიერ გეგმის განსახორციელებლად გორბაჩოვის არჩევაც არ იყო შემთხვევითი – ანდროპოვს სრული ინფორმაცია ჰქონდა პარტიულ წრეებში არსებული „ფრონდისტული“ განწყობილებების შესახებ. ამ განწყობილებათა გამომხატველები ყველაზე უკეთ შეძლებდნენ ჩაწვდომოდნენ იმ იდუმალი განზრახვის დედააზრს, რისი განხორციელებაც არადოგმატურ მენტალიტეტს მოითხოვდა.
    «პერესტროიკას» სამი ძირითადი სტრატეგიული მიმართულება ჰქონდა, რომლებიც მჭიდროდ იყვნენ ურთიერთდაკავშირებულნი. პირველი მიმართულება საგარეო პოლიტიკის კარდინალურ შეცვლას გულისხმობდა. 80-იანი წლების დამდეგს ორი ზესახელმწიფოსა და მათი მოკავშირეების დაპირისპირებამ ისეთი ხასიათი შეიძინა, რომ კაცობრიობა, პირველად არსებობის განმავლობაში, სიკვდილის შიშმა მოიცვა. ამ შიშით ძირითადად ის საზოგადოებები იყვნენ დაზაფრულნი, რომელთაც, დემოკრატიული ბუნების გამო, პასუხისმგებლობის გრძნობა არ ჰქონდათ დაკარგული.
    საბჭოთა კავშირის შეურიგებელ საგარეო პოლიტიკაში მოულოდნელმა ცვლილებებმა - ატომური იარაღის შემცირების თაობაზე დადებულმა ხელშეკრულებამ, ჯარების გამოყვანამ ავღანეთიდან და ტერორისტული ორგანიზაციებისათვის სუკ-ის დახმარების შემცირებამ, გორბაჩოვი დასავლური სიყვარულისა და ნდობის იარაღით აღჭურვა. ამიერიდან ნებისმიერი გალაშქრება გორბაჩოვის წინააღმდეგ, ვთქვათ  ეროვნულ - განმათავისუფლებელი მოძრაობის დროშით, დასავლეთში აღიქმებოდა, როგორც ავანტურიზმი, პროვოკაცია და გაუმართლებელი ბუნტი.
    ამგვარი «კარტ-ბლანშის» მიღების შემდეგ რეფორმატორები შეუდგნენ გეგმის განხორციელებას მთავარი, სტრატეგიული მიმართულებით - საშინაო მიმართულებით. აქ უმთავრესი პრობლემა იყო კომუნისტური პარტიის, როგორც მმართველი სახელმწიფო სტრუქტურის თანდათობითი დემონტაჟი. საქმე ისაა, რომ მართალია, სტალინის შემდგომ მმართველთა ყველა თაობა იყო ჭეშმარიტ სტალინელთა თაობა (რომელთათვისაც სოციალიზმი იყო მხოლოდ საშუალება), მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით პარტიის შუალედურ რგოლთა ათეულ ათას წარმომადგენელზე, რომელნიც (და ეს ბუნებრივია) კვლავ დეკლარირებულ ლენინურ იდეთა ერთგულების სულისკვეთებით იზრდებოდნენ.
    პარტიულ ბობოლათა ამ ლეგიონს შეეძლო, საფრთხის შემჩნევის შემთხვევაში, რეფორმათა ბლოკირება და გრანდიოზული გეგმის განხორციელების ჩაშლა. ამიტომ გორბაჩოვმა პირველ რიგში კომუნისტურ იდეათა რევიზია დაიწყო. მკითხველს ალბათ ახსოვს «Московские новости» -სა და «Литературная газета» –ს სენსაციური სტატიები 1986-1987 წლებში. განცვიფრებისა და მოულოდნელობისაგან პირდაღებული საბჭოთა მოქალაქეები ერთმანეთს ჰგლეჯდნენ ხელიდან «გლასტნოსტის ფურცლებს». რასაკვირველია ეს პროცესები გორბაჩოვის სრული კონტროლის პირობებში მიმდინარეობდა. ამასთანავე, «გლასტნოსტს» არ უნდა გადაეჭარბებინა რათა არ დაერღვია ბრძოლის ტაქტიკა.
    ბედის ირონია იყო, რომ სტალინელთა კრიტიკის პირველი ობიექტი სწორედ სტალინი აღმოჩნდა. თუმცა, დაკვირვებული თვალი იმასაც იოლად შენიშნავდა, როგორ გადადიოდა სტალინის კრიტიკა თვით «სოციალისტური წყობის» კრიტიკაში და რა ნელ-ნელა, ტალღისებურად შეჰყავდათ საზოგადოების ცნობიერებაში რევოლუციამდელი, «სხივნათელი» რუსეთისადმი ნოსტალგია. რონალდ რეიგანი საქვეყნოდ სთხოვდა მიხეილ გორბაჩოვს სოლჟენიცინის თხზულებათა გამოქვეყნებას. «გორბის» კი ამ დროს ალბათ გულში ეცინებოდა - სოლჟენიცინი ხომ მისი «სულიერი მამა» იყო! მაგრამ ყველაფერს თავისი დრო ჰქონდა.
    როდესაც კომუნისტურ «ბობოლათა» ლეგიონმა საფრთხე იგრძნო და მიხვდა, რასთან ჰქონდა საქმე, - ძალიან დაგვიანდა. ხალხს უკვე მოხსნილი ჰქონდა კომუნისტური «შიშის სინდრომი» და «მახვილოსანთა ორდენს» მახვილი სულ უფრო უბლაგვდებოდა.
    1986-1989 წლებში რეფორმატორებმა პირწმინდად გაანადგურეს მმართველი ელიტის ის ნაწილი, რომელიც თავისი პროგრამის განდობის ღირსად არ ჩათვალეს. ერთ-ერთ პლენუმზე გორბაჩოვმა რამდენიმე ათეული კაცი ერთდროულად გააძევა ცენტრალური კომიტეტიდან.
    აქვე უნდა აღინიშნოს: გორბაჩოვის ანტიკომუნიზმი მხოლოდ იმით როდი იყო გამოწვეული, რომ კომუნისტთა იდეოლოგიური ტვინგაყინულობა ხელს შეუშლიდა მას პიროვნების გათავისუფლებაში. მთავარი მიზეზი მაინც სხვა გახლდათ: კომუნისტური პარტია უნდა დასუსტებულიყო «ადგილებზე» ანუ მოკავშირე რესპუბლიკებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი შეიძლებოდა ქცეულიყო მძლავრ ბერკეტად (ბალტიისპირეთში ასეც მოხდა) ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების ხელში. კრემლი ყველაფერს აკეთებდა, რათა დისკრედიტაციის გზით დაესუსტებინა ერთადერთი კომპეტენტური ძალა, რომელსაც შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია მისი გეგმისათვის. მან ძირითადი გეგმის განხორციელებას ნაწილობრივაც ვერ მიაღწია მხოლოდ იქ, სადაც ეს ვერ შეძლო და ვერ მოახერხა.
    შემდეგი ეტაპი დაიწყო 1989 წლის მაისში - სსრკ სახალხო დეპუტატთა ყრილობის გახსნით. ამ უზარმაზარ «შოუს» უნდა დაესრულებინა მოქალაქის შოკირებისა და მისი შიშისაგან გათავისუფლების პროცესი და, მეორე მხრივ, გორბაჩოვი უნდა შედგომოდა უმთავრეს საქმეს: შიდა სახელმწიფოებრივი სტრუქტურების მოდერნიზებას. აქ ცენტრალური ფიგურა იყო გორბაჩოვის «ბავშვობის მეგობარი» ანატოლი ლუკიანოვი - ეშმაკი და გონებამახვილი პოლიტიკოსი, უაღრესად ერუდირებული და განათლებული ადამიანი. იგი თავის თავში აერთიანებდა ჭეშმარიტად ველიკორუსულ კონსერვატიზმს მოვლენათა ნათელ და მკაფიო, სტოლიპინისეულ ხედვასთან.
    ლუკიანოვის «უმაღლესი საბჭოს» მიღებულ კანონთაგან განსაკუთრებით ნიშანდობლივია კანონი «ადგილობრივი თვითმმართველობის» შესახებ. მასში ყველაზე ნათლად აირეკლა კრემლის მზაკვრული გეგმის კონტურები. კანონის თანახმად, საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებრივი სტრუქტურის ძირითად ღერძზე ხდებოდა ძალაუფლების ერთი შეხედვით არაბუნებრივი გადანაწილება - ადგილობრივი (რაიონული) საბჭოების როლისა და კომპეტენციის მკვეთრი ამაღლება შუალედური (რესპუბლიკური) ორგანოების ძალაუფლების შესუსტების ხარჯზე. ამით ცენტრი ცდილობდა მაქსიმალურად შეესუსტებინა (უპირველეს ყოვლისა საგადასახადო სისტემის რეორგანიზაციის გზით) მოკავშირე რესპუბლიკები და ერთგვარად «შიგნიდან აეფეთქებინა» ისინი.
    იმავე მიზანს ისახავდა მოსკოვის იურიდიული ფლირტი ე.წ. ავტონომიურ წარმონაქმნებთან, რომლებიც, შემდგომ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესაბამისად, უტოლდებოდნენ მოკავშირე რესპუბლიკებს და გამოდიოდნენ მათი იურისდიქციიდან. ლუკიანოვი ამით ცდილობდა განეხორციელებინა ავტონომიზაციის სტალინური გეგმა და მოესპო ლენინის ეპოქიდან ინერციით შემორჩენილი «ორი ცენტრი». სხვაგვარად რომ ვთქვათ, რუსეთის ფედერაცია უნდა «განფენილიყო» ახალ საბჭოთა ფედერაციაში, რომლის თანასწორუფლებიანი სუბიექტებიც ხდებოდნენ როგორც ყოფილი მოკავშირე, აგრეთვე ყოფილი ავტონომიური რესპუბლიკები. რასაკვირველია ამას უმალვე დაუჭირა მხარი ყველა ავტონომიამ (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით) და პატარა ერების ყველა არაფორმალურმა თუ ფორმალურმა ლიდერმა დავიდ კუგულტდინოვიდან – ვლადისლავ არძინბამდე, ვინაიდან იგრძნეს ინტერესთა თანხვედრა. ხოლო პოლიტიკა არა მხოლოდ შესაძლებლის ხელოვნებაა, არამედ ინტერესთა თანხვედრისაც.
    სწორედ ამ დროს, გორბაჩოვ-ლუკიანოვს ფასდაუდებელი დახმარება გაუწია ანდრეი სახაროვმა, ვინც ყველა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის გათანაბრება, - მათი პირდაპირ, უშუალოდ, «ჰორიზონტალურად» ცენტრისადმი დაქვემდებარება მოითხოვა და შესაბამისი კონსტიტუციის პროექტიც კი შეიმუშავა. ამით საბჭოთა კავშირი, როგორც ერთიანი სახელმწიფო, მხოლოდ განმტკიცდებოდა, ვინაიდან ნაცვლად 15 მოკავშირე რესპუბლიკისა, დაეყრდნობოდა 52 წვრილ ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთეულს.
    მაგრამ ეს გეგმა თანაბრად მიუღებელი აღმოჩნდა  როგორც ეროვნული მოძრაობებისთვის, აგრეთვე მოკავშირე რესპუბლიკათა მმართველი ნაციონალური ელიტებისთვის. თანაც, როგორც იმ რესპუბლიკებისთვის, რომელთაც ავტონომიები ჰქონდათ, აგრეთვე უნიტარულთათვის. მკითხველი უეჭველად დამეთანხმება, რომ ერთია, ვთქვათ უკრაინის სტატუსი და რანგი კავშირში, რომელსაც 15 სუბიექტი ქმნის და სულ სხვაა მისი რანგი, თუ კავშირში 52 თანასწორუფლებიანი სუბიექტია. იგივე ითქმის მაგალითად ყაზახეთზეც. ავტონომიათა ამაღლება მოკავშირე რესპუბლიკათა დონეზე ამ უკანასკნელთა რანგის დამდაბლებას ნიშნავდა.
    უკრაინის, ყაზახეთის, ან ნებისმიერი სხვა მოკავშირე რესპუბლიკის ელიტისათვის კატეგორიულად მიუღებელი იყო უფლებებით გათანაბრებოდა თათარსტანს ან ბაშკორტოსტანს - ამით (ვიმეორებ) ობიექტურად მცირდებოდა მისი რანგი და მნიშვნელობა. მაგრამ გორბაჩოვი და ლუკიანოვი ჯიუტად ცდილობდნენ თავიანთი გეგმის განხორციელებას, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი გახდა, ვინაიდან მოირღვა შეკავება-შეწონასწორება-დაპირისპირების სისტემა და ნაციონალურ ელიტათა ინტერესების ის ბალანსი, რომელსაც ეფუძნებოდა იმპერია.
    სახელმწიფოს რეფორმირების პროცესში გორბაჩოვმა სწორედ ეს უმთავრესი შეცდომა დაუშვა, რამაც მოდერნიზაციის დიდი გეგმის ჩაშლა განაპირობა საბოლოოდ.
    თვით ავტონომიათა ელიტებმა, ისევ და ისევ ინტერესთა თანხვედრის საფუძველზე, ამ გეგმას უმალვე აუღეს ალღო და გულმხურვალედ დაუჭირეს მხარი. ისინი ცენტრის პოლიტიკის დასაყრდენად იქცნენ ახალი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დაყოფის განსაზღვრისას. ავტონომიათა და მოკავშირე რესპუბლიკათა გათანაბრების იდეა რეფრენად გასდევდა სახალხო დეპუტატთა პირველ ყრილობაზე ვლადისლავ არძინბას გამოსვლას. ისევე, როგორც ავტონომიათა სხვა წარმომადგენლების სიტყვებს. ოღონდ იმიტომ კი არა, თითქოს КГБ-ს აგენტები იყვნენ (თუმცა შეიძლება კიდეც იყვნენ) და «დავალებებს ასრულებდნენ», არამედ იმის გამო, რომ ეს იდეა სავსებით შეესაბამებოდა მათ ინტერესებსა და მისწრაფებებს.
    სსრკ უმაღლესი საბჭოს არჩევისთანავე (იგი სახალხო დეპუტატთა ყრილობამ აირჩია), ანატოლი ლუკიანოვმა, როგორც უმაღლესი საბჭოს ფაქტობრივმა ხელმძღვანელმა, დაიწყო იდეის ფორმალიზება ანუ შესაბამისი იურიდიული მექამიზმებით გაფორმება.
    უმაღლესმა საბჭომ მიიღო კანონი «ფედერაციის შესახებ», რომლის თანახმად, საბჭოთა ფედერაციის სუბიექტებად ცხადდებოდნენ არა მხოლოდ მოკავშირე რესპუბლიკები (როგორც ადრე მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად), არამედ ავტონომიური რესპუბლიკები, ავტონომიური ოლქები და ოკრუგებიც.
    ანატოლი ლუკიანოვი ძალიან ჭკვიანი კაცი იყო და დიდოსტატურად ხელმძღვანელობდა იმპერიისათვის სასურველ პროცესს. იგი ყველა კანონში დებდა შესაბამის „ნაღმს“ მოკავშირე რესპუბლიკათა შიგნიდან ასაფეთქებლად ავტონომიათა მეშვეობით. მოკავშირე რესპუბლიკათა სახელმწიფოებრივ-ფუნქციონალური როლი და მნიშვნელობა თანდათან მცირდებოდა. მაგალითად, კანონში «მიწის შესახებ» ჩაიწერა, რომ «მიწა ეკუთვნის საბჭოთა სახელმწიფოს მთლიანობაში და ხალხს, რომელიც ცხოვრობს ამ მიწაზე». ამ დებულებამ მოკავშირე რესპუბლიკათა მმართველი ელიტების აღშფოთება გამოიწვია, ვინაიდან ამით მოკავშირე რესპუბლიკას მიწასთან (უმთავრეს სიმდიდრესთან) დაკავშირებით ყოველგვარი უფლება წაერთვა. ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა, ნურსულტან ნაზარბაევმა მკაცრად გააკრიტიკა ეს კანონი სსრკ სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე. იგივე ტენდენცია იგრძნობოდა ყველა სხვა ფუძემდებლური კანონის მიღებისას: «მოქალაქეობის შესახებ»«ენის შესახებ»«გადასახადების შესახებ»«საკუთრების შესახებ» და ა.შ.
    განსაკუთრებით ნიშანდობლივია, რომ «გათანაბრების» ტენდენციის წინააღმდეგ გალაშქრება უმალვე ცხადდებოდა «სტალინიზმად» და «მცირე ერების მიმართ შოვინისტური გრძნობების გამოვლინებად». როდესაც ერთ-ერთმა ქართველმა დეპუტატმა ვეღარ მოითმინა და ხმამაღლა განაცხადა: რა უბედურებაა, ამ გზით ხომ თხუთმეტის ნაცვლად ლამის ოთხმოც თანასწორუფლებიან რესპუბლიკას მივიღებთო, - ცნობილმა ყალმუხმა პოეტმა (ყალმუხეთის ავტონომიური რეპუბლიკის წარმომადგენელმა) დავიდ კუგულტდინოვმა საჯაროდ შეუღრინა მთელი საბჭოთა კავშირის გასაგონად: «Это страхи тех, кто не уверен в своём праве быть пятнадцатым. вы, грузины, должны понять – ведь совершенно случайно, что грузия стала союзной республикой а татария лишь автономной, - это всё из за сталина». ქართველმა დეპუტატებმა კამათის გაგრძელება ვეღარ გაბედეს და ჩვეულებისამებრ თავი ჩაქინდრეს.
    აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: თვით რუსებისათვის «მოკავშირე» და «ავტონომიურ რესპუბლიკათა» გათანაბრების იდეა უწყინარი ჩანდა: თუ მოკავშირე რესპუბლიკები დაიშლებოდნენ (თუნდაც დაშლილიყო რსფსრ-იც) ამით რუსებისთვის თითქოს ბევრი არაფერი შეიცვლებოდა: რა მნიშვნელობა ჰქონდა მათთვის, ვთქვათ, ბაშკირეთი მოსკოვს დაექვემდებარებოდა როგორც ავტონომიური რესპუბლიკა თუ როგორც ახლადწარმოქმნილი მოკავშირე რესპუბლიკა?
    საქართველოსათვის კი ეს გეგმა სრული კატასტროფა იყო. მისი განხორციელება ნიშნავდა, რომ აფხაზეთი, აჭარა და «სამხრეთ ოსეთი» გამოდიოდნენ საქართველოს იურისდიქციიდან და პირდაპირ, ჰორიზონტალურად, უშუალოდ ექვემდებარებოდნენ ცენტრს - მოსკოვს. საქართველო, ფაქტობრივად, ოთხ ნაწილად იშლებოდა თვით საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში.
    აქედან გამომდინარე, ეროვნულ მოძრაობაზე კრიტიკულად მსჯელობისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხსენებული პროცესი უეჭველად განვითარდებოდა იმის მიუხედავად, იქნებოდა თუ არა საერთოდ საქართველოში ეროვნული მოძრაობა.
    მეტიც: დამოუკიდებლობის ან, ყოველ შემთხვევაში, მოსკოვთან ახალი მიმართების ფორმატის დადგენის მოთხოვნა შესაძლოა ყოფილიყო საშუალება ამ ვითარებაში ქვეყნის იურიდიული და ფაქტობრივი მთლიანობის შენარჩუნებისა! ყოველ შემთხვევაში, როგორც წინააღმდეგობის ერთ-ერთი ფორმა, ვინაიდან აშკარა წინააღმდეგობა «გათანაბრებისადმი» უაზრობა იყო: იხილეთ ზემოთ დავიდ კუგულტდინოვის გამოსვლა.
    ავტონომიათა და მოკავშირე რესპუბლიკათა იურიდიული გათანაბრების პირობებში საქართველო იძულებული გახდებოდა შერიგებოდა დაშლას - აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და აჭარის გასვლას საქართველოს იურისდიქციიდან. ამდენად, შინაარსობრივად, საკავშირო «ცენტრთან» დაპირისპირება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ქცეულიყო საქართველოს მთლიანობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მეთოდად. სხვა საკითხია, რომ ბრძოლა უნდა წარემართა ელიტას - სათანადო ტექნოლოგიის დაცვით.
    ამგვარად, უსინდისო ტყუილია, თითქოს კრემლმა საქართველოს დაშლა იმიტომ განიზრახა, რომ საქართველომ იგი გააღიზიანა ანტირუსული გამოსვლებით: 1988 წლიდან თბილისში არც ერთი მიტინგი რომ არ ჩატარებულიყო, მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკების გათანაბრების იდეა მაინც განხორციელდებოდა, ვინაიდან იგი გორბაჩოვმა  «პერესტროიკის», - სახელმწიფოს მოდერნიზაციის სტრატეგიული გეგმის განუყოფელ ნაწილად და თვით მისი განხორციელების აუცილებელი პირობად აქცია.
   

    ახლა კი დავუბრუნდეთ «კონგრესისა» და «საბჭოთა სტრუქტურების ლეგიტიმიზების» საკითხს. იმ პირობებში, როდესაც მოსკოვი ახორციელებდა «გათანაბრების» ანუ მოკავშირე რესპუბლიკების შიგნიდან აფეთქებისა და დაშლის გეგმას, ლეგიტიმურ (თუნდაც საბჭოურ) სტრუქტურათა გამოყენებაზე უარის თქმა დანაშაულის ტოლფასი შეცდომა იყო! ამით კრემლის გეგმა კიდევ უფრო ქმედითი გახდა, ვინაიდან საქართველოს დაშლა რეალურად არსებულ იურიდიულ-საკონსტიტუციო სივრცეში ხორციელდებოდა.
    «ეროვნული კონგრესის» კონცეფცია გულისხმობდა ამ სივრცის სრულ უგულებელყოფას. მაგრამ აფხაზები და ოსები ხომ იმავე სივრცეში რჩებოდნენ?!!! გულუბრყვილობაზე უარესი იყო იმის ფიქრი, რომ რაკი საქართველო არსებულ სივრცეს არალეგიტიმურად აღიარებდა, დასავლეთიც არ სცნობდა ნებისმიერ ცვლილებებს საქართველოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობისა (ანუ საქართველოს ოთხ ნაწილად დაშლას), თუ იგი საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის და საქართველოს სსრ კონსტიტუციის დაცვით განხორციელდებოდა. დასავლეთი ხომ სცნობდა საბჭოთა კავშირს, როგორც საერთაშორისო სამართლის სრულფასოვან სუბიექტს? ოცდაათიან წლებში რომ არ ეცნო, - სხვა საქმე იქნებოდა, მაგრამ ბალტიის ინკორპორაციის გარდა, მთლიანად სცნო ანუ სცნო საქართველოც სსრკ სახელმწიფოებრივი და კონსტიტუციური სისტემის განუყოფელ ნაწილად!
    სამწუხაროდ, ამ ელემენტარულ დებულებებს მაშინ (1988-1990 წლებში) თითქმის ვერავის შეასმენდი.
    ამრიგად, «კონგრესის» კონცეფცია ობიექტურად აძლიერებდა აფსუათა და ოსთა სეპარატისტულ მოძრაობებს, ხოლო ეს მოძრაობანი (ამას ხაზი უნდა გაესვას აუცილებლად) აგრეთვე ობიექტური რეალობით, ინტერესთა კონფლიქტითა და გულწრფელი მისწრაფებებით იყო განპირობებული და არა მხოლოდ «კრემლის შეკვეთით».
    აფსუა და ოსი სეპარატისტები საქართველოს ებრძოდნენ იმავე «ცენტრის» გამოყენებით. მათთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა სახელმწიფოებრიობის «საბჭოურობას». მთავარი გახლდათ, რომ საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებრივ - კონსტიტუციურ სივრცეში აფხაზეთი სახელმწიფოებრიობის თუნდაც ფორმალურ ატრიბუტებს ფლობდა. ამიტომ იგივე აფსუები ყოველნაირად ცდილობდნენ, შეენარჩუნებინათ სტატუსი, რომელიც მათ საშუალებას აძლევდათ ეთამაშათ ლუკიანოვის შემოთავაზებული თამაშის წესებით.
    გორბაჩოვ-ლუკიანოვის გეგმისათვის წინააღმდეგობის გაწევა შეიძლებოდა მხოლოდ იმავე იურიდიულ სივრცეში, რომელშიც იგი ხორციელდებოდა. ასეც მოიქცა უკლებლივ ყველა მოკავშირე რესპუბლიკა - საქართველოს გარდა. ამ სივრციდან «ამოვარდნა» (ვიმეორებ) მხოლოდ უადვილებდა ამოცანას იმათ, ვინც საქართველოს დაშლას ლამობდა.
    მაგრამ რადიკალებს არაფრის გაგონება არ სურდათ (თუმცა არც ვინმეს უცდია ეს მათთვის აეხსნა და რომც ეცადა, არაფერი გაუვიდოდა -ავტ.), ისინი ფანატიკური სიჯიუტით მოითხოვდნენ საბჭოთა არჩევნების ბოიკოტს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთშიც. კაცმა რომ თქვას (siq) აფსუებისათვის, რაკი აფხაზეთში სულ რაღაც 17 პროცენტი თუ იყვნენ, „პარალელური სტრუქტურების“ შექმნა უფრო ბუნებრივი არ უნდა ყოფილიყო ვიდრე ქართველებისათვის? «კონგრესის» ბრიყვული იდეის გადამკიდე კი სწორედ პირიქით მოხდა!
    ფაქტობრივად, არსებული იურიდიული სისტემის გამოყენების მომხრეთა არგუმენტები თუნდაც ამ ერთი (აფხაზეთის) მიზეზით იყო იმთავითვე უფრო რაციონალური, ვიდრე იმ ხალხისა, ვინც საქართველოს კოლონიად გამოცხადებას მოითხოვდა მაშინ, როდესაც აფხაზები ყოველნაირად ებღაუჭებოდნენ თავიანთ «საბჭოთა სახელმწიფოებრიობას».
    სხვათა შორის, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა ჩანდეს, ეროვნული კონგრესის მომხრეებმა ანატოლი ლუკიანოვს საქმე გაუადვილეს: საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ მიიღო კანონი «მოკავშირე რესპუბლიკის სსრკ-დან გასვლის წესის შესახებ», რომელიც, ერთა თვითგამორკვევის პრინციპთა სრული დაცვით, გულისხმობდა რეფერენდუმის ჩატარებას არა მხოლოდ მოკავშირე რესპუბლიკაში, არამედ (ცალკე) ავტონომიაშიც. მართლაც: თუ ქართველებს მიაჩნიათ, რომ საქართველო კოლონიაა, მაშინ მათი თვითგამორკვევა უნდა განხორციელდეს «დეკოლონიზაციის» ტრადიციათა შესაბამისად. აფხაზებს კი არ მიაჩნდათ აფხაზეთი (საბჭოთა კავშირის) კოლონიად. თუ ქართველებს აქვთ «თვითგამორკვევის» უფლება მაშინ რატომ არა აქვთ იგივე უფლება აფხაზებს? შეგახსენებთ, რომ დეკოლონიზაცია ყველგან და ყოველთვის ეთნიკური ნიშნით ხორციელდებოდა ანუ ფუძნდებოდა ახალი სახელმწიფო, რომლის საზღვრები დგინდებოდა დამატებითი მოლაპარაკებით, - ყოფილი მეტროპოლიის მონაწილეობით.
    (ეროვნული ფორუმის ერთ-ერთ ყრილობაზე სიტყვით გამოსულმა ზურაბ აჩბამ ძალზე ნიშანდობლივი რამ თქვა: «Абхазский народ хочет того же, что и грузинский народ».)
    ამ ლოგიკას ვერაფერს დავუპირისპირებდით. ამიტომაც იყო უფრო ჭკვიანური და რაციონალური კონგრესის საწინააღმდეგო იდეა, რომელიც გულისხმობდა ლეგალური სტრუქტურების მეშვეობით (და არა ე.წ. «კონგრესის» ანუ პარალელური სტრუქტურების შექმნით) განახლებული საქართველოს სსრ-ს გამოცხადებას საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის იურიდიულ მემკვიდრედ ან (კიდევ უკეთესი) ბრძოლა ეროვნული ინტერესების დასაცავად არსებული სახელმწიფოებრივი სისტემის ფარგლებში, როგორც მოიქცა მოლდოვა, უკრაინა, ყირგიზეთი, სომხეთი, თურქმენეთი და ა.შ.
    სხვა საქმეა, კონკრეტულად ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ რამდენად შეძლო ამ ტაქტიკის განხორციელება. თუ ვერ შეძლო, ეს, დიდწილად, სწორედ ე.წ. «კონგრესისა» და მის გარშემო შემოკრებილი პოლიტოკრატიის დამსახურებაა, რომელიც, იმ ვითარებაში, რაციონალური მოქმედების საშუალებას არ მისცემდა არა მხოლოდ «ზვიადას» შიზოიდურ კამარილიას «ბელადითურთ», არამედ ნებისმიერ სხვა, ქმედით და გონიერ ხელისუფლებასაც.

 

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა