თქვენი მკვდარი თქვენვე იტირეთ! - სტალინის რეაბილიტაციისთვის ქართველი კომუნისტების გარდა თავს არავინ შეიწუხებს

თქვენი მკვდარი თქვენვე იტირეთ! - სტალინის რეაბილიტაციისთვის ქართველი კომუნისტების გარდა თავს არავინ შეიწუხებს

 

    რამდენიმე წლის წინ, 7 ნოემბერი «საბჭოთა ხალხისთვის» (მათ შორის ქართული საზოგადოებისთვის) უმთავრესი, უპირველესი ზეიმი იყო. ეს სრულებითაც არ ნიშნავს, თითქოს იგი სასიხარულო იყო და ისევე გულწრფელად აღინიშნებოდა, როგორც ვთქვათ, ახალი წელი, მაგრამ იმ ეპოქაში ადვილად გაიძულებდნენ გეზეიმა ის, რაც სულაც არ მიგაჩნდა საზეიმოდ და სასიხარულოდ.
    ისევე, როგორც გაიძულებდნენ (ვთქვათ) მოგეწყო «ფიზკულტურელის დღე» და «კოლექტივთან» ერთად გერბინა. ამგვარი «რბენის» ორგანიზება ზოგიერთი ბობოლა პარტიული ფუნქციონერის კერძო ინიციატივა იყო. მაგალითად, ეგორ ლიგაჩოვი მთელ «ობკომს» აიძულებდა დილის 6 საათზე თხილამურებზე დამდგარიყო და ორსაათიან «მარშ-ბროსოკს» აწყობდა, რის შემდეგაც ზუსტად 9 საათზე, პარტაქტივის თათბირს იწყებდა თავის კაბინეტში.
    ოღონდ ეგაა, თავად კაბინეტთან აბაზანა ჰქონდა, სხვები კი ასეთ ფუფუნებას მოკლებულნი იყვნენ.
    საქართველოში (ისევე, როგორც მთელ საბჭოთა კავშირში) იდეოლოგიური ფრონტის მუშაკები «ფიზკულტურელის დღეს» თავს ამით იმართლებდნენ «თქვე გოიმებო, ნუთუ არაფერი გსმენიათ, მთელი ამერიკა დარბისო». აი, სწორედ ამ არგუმენტშია ჩაქსოვილი მთელი კომუნისტური წყობის არსი და იდიოტიზმი. მართლაც, დაახლოებით იმ პერიოდში, ამერიკა «ჯოგგინგის» ბუმმა მოიცვა. დარბოდა დიდი და პატარა, ქალი და მამაკაცი, მაგრამ ეს მაინც სულ სხვა მოვლენა იყო, საბჭოთა ფიზკულტურელის დღე» კი - სხვა.
    «საბჭოთა წყობის» საზიზღრობა ამ ერთი მაგალითითაც ნათლად ჩანს. მიუხედავად ამისა, საქართველოში მაინც არიან ადამიანები, რომელთაც «ძველი წყობის» ნოსტალგია კლავთ და მოსვენებას არ აძლევთ.
    7 ნოემბერს, დედაენის ძეგლთან, ანუ სწორედ იმ ადგილას, სადაც 1956 წლის 9 მარტს რუსმა ჯარისკაცებმა უმოწყალოდ დახვრიტეს მშვიდობიანი სტუდენტური დემონსტრაცია, რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა. რაც ნიშანდობლივია, მათ შორის არ იყვნენ ყოფილი «რაიკომის მდივნები» და ფუნქციონერები (თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა). დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ყოფილმა ბობოლა «პარტოკრატებმა» კარგა ხანია თავისი «ნიშა» იპოვეს ახალ სისტემაში. სოციალიზმის დროს დაგროვილი პირველადი კაპიტალიც (ხშირად არა მხოლოდ ქრთამის, არამედ ძვირადღირებული ბინების, რიგგარეშე მიღებული ავტომანქანების სახით) სარფიანად დააბანდეს და ახლა მშვენივრად ცხოვრობენ. ძალაუფლება კი ტკბილია. განსაკუთრებით ქართველი კაცისთვის. თუმცა, მანქანა ალბათ ახლაც ემსახურებათ (როგორც ფირმის მეპატრონეს); ლამაზი მდივანიც ჰყავთ, რომელიც «ყავას მოუდუღებს», სამთავრობო ტელეფონებიც უდგათ ოფისში და ხელქვეითებიც არ აკლიათ, მაგრამ «ის მაინც სხვა იყო»; მიუხედავად ამისა, ყოფილი ქართული პარტოკრატიის დარდი მაინც «მსუბუქი ნოსტალგიაა» და მეტი არაფერი.
    თვისებრივად განსხვავებულ მოვლენასთან გვაქვს საქმე, როდესაც საუბარია ყოფილ «სოციალისტური შრომის გმირებსა» და საერთოდ, იმ ადამიანებზე, ვინც კომუნისტური სისტემის «ჭანჭიკი» იყო, მაგრამ ეს ხალხიც, აგრეთვე, ასე თუ ისე «მოეწყო» ახალ ცხოვრებაში, - ზოგმა წვრილ ვაჭრობას მიჰყო ხელი, სხვა კვლავ სპეციალობით მუშაობს, მაგრამ მათი ნოსტალგია სხვა ხარისხისა და ძალისაა.
    მესამე კატეგორიას განეკუთვნებიან ე.წ. «სტალინისტები», რომელთათვისაც სტალინი და საბჭოთა წყობილება განუყოფელი ფენომენია. სწორედ ისინი აქტიურობენ ამჟამად ყველაზე მეტად.
    შემთხვევითი არ არის, რომ 7 ნოემბრის მიტინგზე ლენინისა და სტალინის პორტრეტები თანაბარი ოდენობით გამოიტანეს. იგივე «სტალინისტური» სულისკვეთება სუფევს პანტელეიმონ გიორგაძის «ერთიან კომუნისტურ პარტიაშიც». ამ პარტიის წევრებმა მოსკოვში ახლახანს ჩატარებულ «საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიათა» ყრილობაზე სტალინის რეაბილიტაცია მოითხოვეს.
    ეს ძალზე საინტერესო მოვლენაა, რომელიც დაწვრილებით ანალიზს მოითხოვს: საეჭვოა, პანტელეიმონ გიორგაძემ და მისი პარტიის «ცკ»-ს წევრებმა, რომლებიც ყრილობას ესწრებოდნენ, სრული ინფორმაცია მიაწოდონ ქართულ საზოგადოებას.
    მათი თქმით, ყრილობაზე ყველა დელეგაციამ აღნიშნა, რომ «სტალინი რეაბილიტაციას არ საჭიროებს, ხოლო ყრილობის ცნობილი დადგენილების გაუქმება დამატებითი მსჯელობის საგანი უნდა გახდეს». ეს აშკარა ტყუილსა ჰგავს; ყრილობას აფხაზი კომუნისტებიც დაესწრებოდნენ, ვითომ ისინიც იტყოდნენ «სტალინი რეაბილიტაციას არ საჭიროებსო?» ვითომ, ისინიც დააყენებდნენ ეჭვქვეშ ყრილობის რეზოლუციას? არავითარ შემთხვევაში! აფხაზებისთვის სტალინი «აფსუა ხალხის გენოციდის» მთავარი ორგანიზატორია. ისინი «საბჭოთა წყობას» კი პატივს სცემენ, საბჭოთა კომპარტიას კი ეთაყვანებიან, მაგრამ სტალინს მკვეთრად მიჯნავენ «საბჭოთა წყობილებისგან».
    რამდენად სამართლიანია ამგვარი გამიჯვნა - სხვა საკითხია. შეგახსენებთ 1989 წლის ცნობილ ეპიზოდს: ივლისის მოვლენების შემდეგ, როდესაც აფსუა ფაშისტებმა უმწეო ქართველები დახოცეს სოხუმში, ქართველი ტელეჟურნალისტები გუდაუთაში კონსტანტინე ოზგანს შეხვდნენ და საუბრისას «ჩამჭრელი კითხვა» დაუსვეს: «ბერიასა და საბჭოთა წყობილების მიერ აფხაზთა რეპრესირებისათვის საქართველოს რატომ ადანაშაულებთ?», რაზეც მკვახე პასუხი მიიღეს: «ლავრენტი ბერიას არავითარი კავშირი საბჭოთა წყობილებასთან არ ჰქონია და ქართველები ტყუილად ცდილობთ, მისი დანაშაული საბჭოთა წყობას დააბრალოთო».
    ეს, რა თქმა უნდა, ელემენტარული უსინდისობაა! რასაკვირველია, სინამდვილეში იოსებ სტალინიც და ლავრენტი ბერიაც სწორედ ე.წ. «საბჭოთა წყობილების» პროდუქტნი იყვნენ, მაგრამ «სამართლიანობა-უსამართლობაზე» კი არა გვაქვს საუბარი, არამედ იმაზე, თუ როგორ აღიქვამდნენ სტალინს საბჭოთა კავშირში მცხოვრები «არაქართველი» და «არარუსი» ხალხები.
    ხრუშჩოვმა ძალზე ჭკვიანური, ეშმაკური და გაიძვერული დემარშით (XX ყრილობაზე) ეს მომენტი შესანიშნავად გაითვალისწინა და გამოიყენა. მან სტალინი მოკვეთა სწორედ იმ მიზნით, რათა მომხდარიყო საბჭოთა წყობის, კომუნისტური რეჟიმის მიერ 1917-1953 წლებში ჩადენილ საზარელ დანაშაულთა პერსონიფიცირება, - თვით კომუნისტურ რეჟიმს კი მოეხსნა პასუხისმგებლობა და არსებობა გაეხანგრძლივებინა.
    დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, როდესაც ხრუშჩოვმა (ის არც ისეთი უტვინო და რეგვენი იყო, როგორც ზოგიერთს სურს წარმოადგინოს. სხვა საქმეა, რომ გარკვეულ მომენტამდე «თავს იყეყეჩებდა») მოსკოვიდან გასცა ბრძანება, დაეხვრიტათ თბილისში, 1956 წლის 9 მარტის მშვიდობიანი დემონსტრაცია, მან შესანიშნავად გაითვალისწინა, რა ტკბილ სიხარულს გამოიწვევდა ეს აქცია სტალინის მიერ რეპრესირებულ ხალხებში ანუ იმ ხალხებში, ვინც სტალინმა გაასახლა სამშობლოდან ომის შემდეგ. გადასახლების პროცესში ჩეჩენთა, თათართა, ბალყარელთა და სხვა ხალხთა ნახევარი საქონლისთვის განკუთვნილ ვაგონებში დაიღუპა. ამ საზარელი დანაშაულის ავტორი კიN(«არა საბჭოთა წყობა, არამედ «ქართველი სტალინი») რუსმა «კეთილმა ბაბუამ» ხრუშჩოვმა ამხილა (რომელსაც «აბა, ვინ რას ჰკითხავდა ტირანის დროს»), ამ დროს კი გამოდიან ეს «საზიზღარი ქართველები» და ტირანის დასაცავად დემონსტრაციას მართავენ. ხომ დახვრიტეს?! ახია მათზე!!!
    ვიმეორებ: 1956 წლის 9 მარტის შემდეგ, სტალინური ტირანიის ეპოქაში ჩადენილ დანაშაულთა პერსონიფიცირება მოხდა არა მხოლოდ იოსებ ჯუღაშვილში, არამედ თქვენ წარმოიდგინეთ, თვით ქართველ ხალხშიც და გამწარებულ ადამიანებს, რეპრესირებული ერების შვილებს ვერაფრით შეასმენდი, რომ ქართველობა აქ არაფერ შუაში იყო.
    თუ ქართველობა «არაფერ შუაშია», მაშინ სტალინის დასაცავად დემონსტრაციებს რატომ აწყობთ? რაღა მაინცდამიანც საქართველოში მოეწყო 1956 წელს სტალინისტური დემონსტრაციები და არა სომხეთში, ყაზახეთში, უკრაინაში? დაგხვრიტეს და ახია თქვენზე!
    ვიმეორებ: ასეთი პარადოქსული განწყობა სტალინისა და საბჭოთა ხელისუფლების მიმართ (საბჭოთა ხელისუფლება არ არის დამნაშავე სტალინის ტირანიაში) 1956 წლიდან თვისებრივი გახდა საბჭოთა კავშირის ყველა არაქართველი ხალხისთვის; ერთადერთი გამონაკლისი (ისიც ნაწილობრივი) იყვნენ თვით რუსები, ვინაიდან სტალინის სახელს ისინი «დერჟავას» უკავშირებდნენ, მაგრამ ხრუშჩოვმა აქაც სცადა (არცთუ წარუმატებლად) საწინააღმდეგო სტერეოტიპების ჩამოყალიბება.
    არ არის შემთხვევითი, რომ იგი სისულელეებს როშავდა სტალინის, როგორც მხედართმთავრის არაკომპეტენტურობის შესახებ, სინამდვილეში ხრუშჩოვი ამას შეგნებულად აკეთებდა, რათა ჩამოყალიბებულიყო შემდეგი იდეოლოგებმა: «დიდ სამამულო ომში ჩვენ გავიმარჯვეთ არა სტალინის წყალობით, არამედ მის საწინააღმდეგოდ». (?????????)
    რა თქმა უნდა, მტკნარი სისულელეა (როგორ შეიძლება ქვეყანამ ომი მოიგოს საკუთარი უმაღლესი მხედართმთავრის «საწინააღმდეგოდ»), მაგრამ ამ სტერეოტიპმაც ძალუმად იმუშავა.
    გარწმუნებთ, სტალინის ეპოქაში რუსების 80_მა პროცენტმა საერთოდ არ იცოდა, რომ იგი ქართველი იყო. ყოველ შემთხვევაში, არ აღიქვამდა მას, როგორც ქართველს. ხრუშჩოვმა ეს მდგომარეობა წინასწარგანზრახულად შეცვალა: თავის მოგონებებში იგი ხაზს უსვამდა სტალინის ხასიათისა და ქცევის იმ თვისებებს, რომლებიც მისი ქართველობიდან გამომდინარეობდა. მაგალითად, ხრუშჩოვი დაწვრილებით აღწერს სტალინის რიტუალს «წასულების სადღეგრძელოს» შესმისას: «პური ჩააწო ღვინოში და მერე შეჭამა» - ეს ქართული ტრადიციაა, რომელიც განსაკუთრებით გავრცელებული იყო და არის სოფლებში.
    ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ, ვთქვათ, უკრაინელებს იოსებ სტალინი ოდესმე აუჩუყებს გულს და ისინი ოდესმე დაეთანხმებიან ქართველი კომუნისტების წინადადებას «იოსებ ჯუღაშვილის რეაბილიტაციის ან XX ყრილობის რეზოლუციის გაუქმების შესახებ?»
    განურჩევლად იმისა, უკრაინელი კომუნისტია თუ არაკომუნისტი, მის ეროვნულ ცნობიერებაში 1932 წელს უკრაინაში მომხდარი საშინელი ტრაგედია, საყოველთაო შიმშილი (როცა დედა შვილის გვამს ჭამდა) - სწორედ სტალინის სახელს უკავშირდება.
    ესეც ხრუშჩოვმა მოახერხა, ესეც მისი ერთ-ერთი მიზანი იყო. უკრაინელი თუ არაკომუნისტია, სტალინის სახელს მით უმეტეს ვერ გააგონებ, თუ კომუნისტია, ზუსტად იგივეს გიპასუხებთ, რაც ოზგანმა უპასუხა ქართველ ჟურნალისტებს: «სტალინს არავითარი კავშირი საბჭოთა წყობილებასთან არ ჰქონდა, მან გაამრუდა ლენინის, სოციალიზმის იდეები, ამიტომ მის რეაბილიტაციას მხარს არ დავუჭერთ».
    ქართველმა კომუნისტებმა რუსეთის კომპარტიის ყრილობაზე რუსი კომუნისტები კიდევ შეიძლება დაარწმუნონ «სტალინის რეაბილიტაციისა და XX ყრილობის რეზოლუციის გაუქმების აუცილებლობაში» (თუმცა, ესეც ძალზე საეჭვოა), მაგრამ «საბჭოთა კავშირის კომპარტიათა ყრილობაზე» ისინი ამას ვერასდროს მიაღწევდნენ და აშკარად ტყუიან, როცა გვიმტკიცებენ, თითქოს ეს საკითხი მოსკოვში «კინაღამ გადაწყდა».
    სინამდვილეში უკრაინელი კომუნისტი, როგორი «მართლმორწმუნეც» უნდა იყოს, სტალინის რეაბილიტაციას მხარს არ დაუჭერს, ვერც ვერაფრით დააჯერებ, რომ სტალინი და საბჭოთა წყობილება სინამდვილეში განუყოფელია; რატომ, რა მოტივაციით უნდა დაუჭიროს მხარი სტალინს, - ამით ხომ 1932 წლის ეროვნულ ტრაგედიას გაამართლებს? «დერჟავნიკული მოტივაცია» კი (მრავალი რუსისგან განსხვავებით) მას არ გააჩნია; ან რატომ უნდა დაუჭიროს მხარი სტალინის რეაბილიტაციას ყალმუხმა კომუნისტმა? ამით ხომ საკუთარი ხალხის ტრაგედიას გაამართლებს, რომლის ნახევარი გადასახლების დროს დაიღუპა. მან ირწმუნა (საკუთარი თავი დაარწმუნა და ვეღარაფრით გადაათქმევინებ), რომ სტალინი სხვაა და საბჭოთა ხელისუფლება - სხვა. ანუ, რაც საბჭოთა წყობილებაში ცუდი და სასტიკი იყო, - «ქართველი სტალინის» ბრალია, რაც კარგი - თვით საბჭოთა წყობისა.
    იგი «ქართველმა სტალინმა» გადაასახლა სამშობლოდან, «რუსმა ხრუშჩოვმა კი - სამშობლოში დააბრუნა.
    სხვათა შორის, საქართველოშიც გავრცელდა ხმა: «ხრუშჩოვი ქართველებს გადასახლებას უპირებსო», რამაც აღფრთოვანება გამოიწვია სტალინის მიერ გასახლებულ ხალხებში. მათ ნამდვილად სურდათ ქართველებიც ისევე დატანჯულიყვნენ, როგორც თავად იტანჯებოდნენ ათეული წლების განმავლობაში. განურჩევლად იმისა, მართლა აპირებდა თუ არა ხრუშჩოვი ქართველების გადასახლებას (ალბათ ეს მაინც ჭორი იყო) იგი უეჭველად ხელს უწყობდა ასეთი ხმების გავრცელებას, რათა კიდევ უფრო მეტად მიემართა სტალინის მიერ ნატანჯ ხალხთა სიძულვილი ქართველი ერისაკენ. იგივე არგუმენტით: თუ სტალინის ქართველობა არაფერ შუაშია, მაშინ დემონსტრაციებს რატომ აწყობთ მის დასაცავად? «ამ დემონსტრაციით ქართველებმა სცადეს უკრაინის დიდი «გოლოდომორის», ხალხთა გადასახლების, მილიონობით ადამიანის დახვრეტის გამართლება!»
    ყოველ შემთხვევაში, ზუსტად ასე აღიქვა ეს ყველა «საბჭოთა ხალხმა» მაშინ, როცა სინამდვილეში ქართველობა ქუჩაში გამოვიდა აშკარა უსამართლობის და ხრუშჩოვის მზაკვრობის საწინააღმდეგოდ, - რაკი თვალნათლივ დაინახა, რომ ამ პირსისხლიან რუს გაიძვერას სურდა გაემიჯნა ერთმანეთისაგან განუყოფელი სტალინი და საბჭოთა ხელისუფლება.
    სტალინის დანაშაულებათა შესახებ იმ უბედურ სტუდენტებს, ვინც 9 მარტს უმოწყალოდ ჩახოცეს ხრუშჩოვის (დიახ, პირადად ხრუშჩოვის) ბრძანებით, წარმოდგენაც არ ექნებოდათ. ის საბრალონი, რა თქმა უნდა, არ ამართლებდნენ არც ერთ დანაშაულს, მაგრამ სოსო ჯუღაშვილი მათი ეროვნული «მეობის», ეროვნული სიამაყის გამოვლინება და განსახიერება იყო.
    კვლავ და კვლავ ვიმეორებ: რუსოფობიის, რუსეთისა და რუსებისადმი ზიზღის, სიძულვილის პირველი მარცვალი საქართველოში სწორედ 1956 წლის 9 მარტს, რუსების მიერ მშვიდობიანი ახალგაზრდული დემონსტრაციის დახვრეტით დაითესა.
    ეს მარცვალი დიდი ხნის განმავლობაში შენახული იყო და მხოლოდ 1988-89 წლებში გამოვლინდა ლოზუნგში: «ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!»
    რა თქმა უნდა, ახალი თაობისათვის სტალინის ფიგურა, როგორც ასეთი, საერთოდ არაფერს ნიშნავდა, მაგრამ აქ «გენეტიკურმა მეხსიერებამ» იმუშავა საბჭოთა კომუნისტური წყობილებისადმი ზიზღთან ერთად.
    ყოველივე ზემოთქმული ქართველი კომუნისტებისთვის, როგორც იტყვიან, «ჩინურია». მათ ვერაფრით შეასმენ საღ აზრს. შესაძლოა, პანტელეიმონ გიორგაძესა და მის ამხანაგებს მართლა გულწრფელად სჯერათ, თითქოს «საბჭოთა კავშირის კომპარტიათა ყრილობაზე» ვინმე მხარს დაუჭერს მათ წინადადებას სტალინის რეაბილიტაციის შესახებ.
    სინამდვილეში ეს გამორიცხულია! მხარს არ დაუჭერენ თვით გენადი ზიუგანოვის რუსი კომუნისტებიც (მიუხედავად იმისა, რომ სტალინს ემადლიერებიან იმპერიის აღორძინებისათვის), რათა არ გააღიზიანონ არარუსი ხალხები; მით უმეტეს არ დაუჭერენ ქართველი კომუნისტების წინადადებას მხარს უკრაინელი, ბელორუსი, აზიელი კომუნისტები და მცირერიცხოვან ხალხთა კომპარტიები, ვინაიდან გაიძვერა ხრუშჩოვმა შეძლო მათ ცნობიერებაში სტალინი გაემიჯნა საბჭოთა ხელისუფლებისა და კომუნისტური წყობისაგან.
    ამრიგად, ქართველი კომუნისტების მცდელობა, მიაღწიონ სტალინის რეაბილიტაციას «სსრკ კომპარტიების მიერ» გახდება მიზეზი ქართველი ხალხის, ქართველობის, საქართველოს მორიგი შეურაცხყოფის და თავლაფისდასხმისა.
    ამ მცდელობას უმალვე აიტაცებს და საკუთარი მიზნებისათვის გამოიყენებს (უკვე იყენებს კიდეც) რუსეთის ე.წ. «დემოკრატიული პრესა», რომელიც აბსოლუტურად ეთანხმებოდა ხრუშჩოვს სტალინის დანაშაულობათა «ქართული ფესვების ძიებაში».
    და მაინც, გიორგაძეებსა და მახარაძეებს ვეღარაფრით დაარწმუნებ, - ისინი გულწრფელნი არიან, ხოლო ასეთი ხალხი რაც უფრო გულწრფელია, მით უფრო «ჯიქურ» მოქმედებს;
    თუმცა შედეგი სულ მალე თვალსაჩინო გახდება, - სტალინის რეაბილიტაციის რეზოლუცია ან XX ყრილობის გადაწყვეტილებათა გაუქმებას ისინი ვერაფრით მიაღწევენ, - შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს კომპარტიის ყრილობაზე მიიღონ ასეთი დადგენილება, - ამას არავინ დაუშლით.
    ქართულ საზოგადოებას კი ისღა დარჩენია, იოსებ სტალინი (არა სოსო ჯუღაშვილი, არამედ იოსებ სტალინი) სამუდამოდ მოიკვეთოს და დამარხოს იმ მზაკვარ იმპერიასთან ერთად, რომელშიც ვცხოვრობდით ბოლო დრომდე და რომლისაგან ახლა ძლივძლივობით ვთავისუფლდებით.

7 დღე, 11 ნოემბერი, 1998 წ.