ზვიად გამსახურდიას მომხრეთა მოძრაობას არა აქვს მორალური უფლება, ეს სახელი ატაროს, ვინაიდან პირად ამბიციებს გადაჰყვნენ

ზვიად გამსახურდიას მომხრეთა მოძრაობას არა აქვს მორალური უფლება, ეს სახელი ატაროს, ვინაიდან პირად ამბიციებს გადაჰყვნენ

    დაქუცმაცების, დაშლის, დაპირისპირების პროცესი, რომელიც ზოგადად დამახასიათებელი იყო და არის საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებისათვის, ამჟამად საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მომხრეთა მოძრაობასაც გადაედო.
    ნაცვლად იმისა, «სულიერ ოპოზიციად» ქცეულიყვნენ და თავიანთი ერთიანობით, შეუვალობით, სიმტკიცით განსხვავებულიყვნენ თანამედროვე ქართული პოლიტიკანური ჯგუფებისაგან, ეს პარტიები და საზოგადოებები ერთმანეთს დაერივნენ და ცილისწამებისა და ღვარძლის ნიაღვარში ამოითხვარნენ, რითაც არა მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ზნეობრიობა და ავტორიტეტი დაასამარეს, არამედ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ავტორიტეტსაც ჩრდილი მიაყენეს. ამგვარი ქცევით ისინი დაემსგავსნენ იმ პოლიტიკანებს, ვინც საკუთარი პარტიული თუ პიროვნული ამბიციის გამო ქვეყანა დააქცია და მოუსპო საზოგადოებას ყოველგვარი იმედი და რწმენა ქვეყნის ბედნიერი განვითარებისა.
    ე.წ. «ზვიადისტური» პარტიების ურთიერთდაპირისპირებასა და ლანძღვა-გინებას დიდი სიამოვნებით უწევს პროპაგანდას ამჟამინდელი ოფიციოზი და ხელისუფლების ერთგული მას-მედია, რომელიც «დამოუკიდებლად» ინიღბება და სინამდვილეში კი იგივე «იდეალებს» ემსახურება.
    მანანა არჩვაძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ (თავისთავად, ზვიად გამსახურდიას ქვრივის სამშობლოში დაბრუნება მისასალმებელი ფაქტია), ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდა - შეიქმნა ალტერნატიული «მრგვალი მაგიდა» ანუ დღევანდელ ხელისუფლებას მართლაც მიეცა «სახითხითო» და დასაცინი საბაბი: ნამდვილად ანეგდოტია ქვეყანაში ორი «მრგვალი მაგიდა» არსებობდეს და ორივე ზვიად გამსახურდიას იდეალთა ერთგულებაზე დებდეს თავს, თანაც ერთმანეთს ლანძღავდეს და «სუკის აგენტობას» სწამებდეს!
    თუმცა, ამგვარი დაპირისპირება მხოლოდ «მრგვალ მაგიდელებს» როდი ახასიათებს - იგი დამახასიათებელია სხვა ორგანიზაციებისთვისაც. მაგალითად, საქართველოში არსებობენ ისეთი პოლიტიკური ჯგუფებიც, რომლებიც ორივე «მრგვალ მაგიდას» მოღალატეებად აცხადებენ და «სუკის აგენტებად» თვლიან როგორც თენგიზ კიკაჩეიშვილს, ასევე მანანა არჩვაძეს - ამავე დროს, ისინი მხოლოდ თავის თავს მიიჩნევენ ჭეშმარიტად «ეროვნულ მოღვაწეებად» და ზვიად გამსახურდიას ერთგულებად.
    რაც ყველაზე მთავარია, დაპირისპირების პოლიტიკური შინაარსი ძალზე ძნელად საცნაური და ამოსაცნობი გახდა. რიგით მოქალაქეს ვერა და ვერ გაუგია, მაინც რის გამო უპირისპირდება ეს ხალხი ერთმანეთს და თუ პოლიტიკური იდეალი (ზვიად გამსახურდია) ერთი ჰყავთ, მაშინ რატომ ვერ ახერხებენ შერიგებას და შეკავშირებას.
    თავდაპირველად ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს უთანხმოების მიზეზი იყო არჩევნებში მონაწილეობის ან მათი ბოიკოტირების საკითხი, მაგრამ გაუგებარია, რატომ უნდა გადაზრდილიყო ამ საკითხზე დისკუსია ურთიერთსიძულვილში და ლანძღვა-გინებაში?
    ხომ შეიძლებოდა მოლაპარაკება, საკითხის მშვიდად გადაწყვეტა ისე, რომ ხელისუფლებას არ მისცემოდა საშუალება ზვიად გამსახურდიას მომხრეთა მოძრაობის დისკრედიტაციისა. მაგალითად, ამ მოძრაობის ერთ ნაწილს მიეღო მონაწილეობა არჩევნებში, ხოლო მეორე ნაწილს ბოიკოტი გამოეცხადებინა არჩევნებისათვის. ორივე მხარე ხომ თავისთავად მართალი იყო - არჩევნებში მონაწილეობა ნაწილობრივ მაინც ამჟამინდელი ხელისუფლების ცნობას ნიშნავდა, მაგრამ ბოიკოტირების შემთხვევაში ეროვნული ძალები კარგავდნენ ყოველგვარ საშუალებას, ზემოქმედება მოეხდინათ მიმდინარე პროცესებზე, ხოლო «ქუჩის აქციებით» დღეს უკვე ვეღარაფერს მიაღწევ.
    მეორეს მხრივ, ბოიკოტის მომხრენიც მართლები არიან, რადგან მთლიანობაში ხელისუფლებისაგან გამიჯვნით, ზვიად გამსახურდიას მომხრეთა მოძრაობა იცილებდა თავიდან პასუხისმგებლობას იმ მდგომარეობისთვის, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი და ინარჩუნებდა პირველი პრეზიდენტის იდეალთა ერთგულებას.
    ამრიგად, ამ საკითხში ერთგვარი არაფორმალური შეთანხმების მიღწევა შესაძლებელიც იყო და აუცილებელიც, მაგრამ ეს არ მოხერხდა. მოძრაობა არათუ მხოლოდ ფორმალურად გაიყო, არამედ ორ მტრულ, ერთმანეთის ზიზღით აღვსილ ბანაკად ჩამოყალიბდა. დღეს ერთმანეთს უფრო ლანძღავენ «ზვიადისტური» გაზეთები, ვიდრე ხელისუფლებას, რომელმაც (მათივე აზრით) «ქვეყანა დაღუპა და დააქცია».
    როგორც ჩანს, ეს უკვე შეუქცევადი პროცესია - ამ ადამიანთა შერიგება შეუძლებელია და ხელისუფლებამ შეიძლება ჩათვალოს (აქვს უფლება), რომ ზვიად გამსახურდიას მოძრაობა საბოლოოდ დამარცხდა.
    რად უნდა იმის შეხსენება საზოგადოებას, თუ რატომ ვერ გაიყვანა თავისი მომხრენი პარლამენტში ამ მოძრაობამ? - მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ გაერთიანება ვერ შეძლო! თანაც გაერთიანება ვერ შეძლეს არა მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობის «მომხრე» და «მოწინააღმდეგე» პარტიებმა, არამედ თვით იმ «ზვიადისტურმა» ორგანიზაციებმაც კი, რომლებიც ცალ-ცალკე მონაწილეობდნენ 5 ნოემბრის არჩევნებში! ეს რომ მოეხერხებინათ, დღეს პარლამენტში საკმაოდ მნიშვნელოვან ფრაქციას შექმნიდნენ, რადგან მათ მიერ შეგროვილი ხმების ჯამური რაოდენობა აღემატებოდა 5-პროცენტიან ბარიერს. ყველაზე საოცარი კი ის არის, თუ როგორ უგულვებელყოფენ პოლიტიკანები საკუთარ გამოცდილებას. დარწმუნებული ვარ, შემდეგ არჩევნებშიც ვერ შეძლებენ გაერთიანებას და ერთიანი გუნდით გამოსვლას, ვინაიდან ისე სძულთ ერთმანეთი, გარდუვალი დამარცხება ურჩევნიათ შერიგებას!
    ამასობაში კი პოლიტიკური ვითარება ძალიან სწრაფად იცვლება. ამჟამინდელი ხელისუფლება კონსტიტუციურად, იურიდიულად და მორალურად არალეგიტიმურია, რაკი უკანონო არჩევნების გზით იგდო ხელთ ძალაუფლება, მაგრამ რეალურად დროის ფაქტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, - ამ ფაქტორის (რეალობის) მოქმედების შედეგად, ხელისუფლება თანდათან ლეგიტიმური ხდება და ვინაიდან ხელისუფლებაში (პარლამენტში) ნამდვილი ოპოზიცია არ არსებობს, - იგი იურიდიული, პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისითაც კი პრეტენზიას აცხადებს ქვეყნის ბატონ-პატრონობაზე. ამ მდგომარეობის შეცვლა მხოლოდ გაერთიანებით და შეკავშირებით არის შესაძლებელი. რასაკვირველია, უნდა არსებობდეს ძალა, რომელიც ბოიკოტს გამოუცხადებს არჩევნებს, მაგრამ განსხვავებულ აზრსაც აქვს არსებობის უფლება.

მსგეფსი, 6 აგვისტო, 1997 წ.