ეროვნული კონგრესი

ეროვნული კონგრესი - ეროვნული მოძრაობა

ეროვნული კონგრესი

1989 – 1990 წლების მიჯნაზე, ეროვნული მოძრაობის ლიდერთა შორის მომწიფება იწყო აზრმა «მოძრაობის» მაკოორდინირებელი ორგანოს შექმნის თაობაზე. ამ დისკუსიას და მის შედეგებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსათვის. ამიტომ უპრიანია, ეს საკითხი უფრო დაწვრილებით განვიხილოთ.
    დარწმუნებით შეიძლება ითქვას: სამოქალაქო ომის პირველი მარცვალი სწორედ იმ მსოფლმხედველობრივი და პოლიტიკური დისკუსიის დროს დაითესა. იქედან იღებს სათავეს მხარეთა შეურიგებლობა და ურთიერთსიძულვილი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს აქვე, რომ დაპირისპირებულ «დოქტრინათა» ადეპტებისათვის საკუთარ კონცეფციაზე უარის თქმა და სიმცდარის აღიარება შემდგომი პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა. ამიტომ რაციონალური განსჯა და ქვეყნის უზენაეს ინტერესთა გათვალისწინება სულ მალე გადადის მეორე პლანზე - იწყება ამბიციათა ურთიერთდაპირისპირება, რაც მხოლოდ გარეგნულად ინარჩუნებდა პოლიტიკურ ხასიათს.
    აქვე კვლავ და კვლავ ვიმეორებ: 9 აპრილის შემდეგ საქართველოში ფაქტობრივად ხელისუფლება აღარ არსებობდა. კომუნისტური რეჟიმი დისკრედიტირებული და დადამბლავებული იყო: მას არც ილაჯი ჰქონდა, არც საშუალება და არც ნება, რაიმე ზემოქმედება მოეხდინა პროცესთა განვითარებაზე. ეს პროცესები თვითდინებაზე იქნა მიშვებული.
    შესაბამისად, ჩნდება პირველი ნიშნები ანარქიისა: «მხედრიონი» იზრდება და ძლიერდება, უახლოვდება პოლიტიკურ წრეებს, თავად იწყებს პოლიტიზირებას, ცდილობს გააკეთოს არჩევანი მათ დოქტრინებს შორის, - რასაკვირველია იმის მიხედვით, თუ რომელი დოქტრინა უფრო პასუხობს მის ინტერესებს.
    შეიქმნა ვითარება, როგორიც რევოლუციათა და სახელმწიფო გადატრიალებათა დიდმა თეორეტიკოსმა, ვლადიმერ ულიანოვ-ლენინმა ასე დაახასიათა : «ხელისუფლება აგდია გზაზე და უცდის, ვინ აიღებს ხელში».
    ეს ვითარება «9 აპრილის გმირებმა» უმალვე იგრძნეს, თუმცა მათ არაფორმალური ძალაუფლება არ აკმაყოფილებდათ - საჭიროდ მიაჩნდათ ამ ძალაუფლების გარკვეული ფორმალიზება და საკუთარი პოლიტიკური კონცეფციის განხორციელება.
    მაშინ ძირითადად ორი დოქტრინა უპირისპირდებოდა ერთმანეთს. პირველის ავტორები და აქტიური პროპაგანდისტები იყვნენ გია ჭანტურია და ირაკლი წერეთელი. მათ კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნდათ მონაწილეობა ნებისმიერ არჩევნებში, რომელიც საქართველოს იმდროინდელი «საბჭოთა» კონსტიტუციისა და იურიდიული სივრცის ფარგლებში ჩატარდებოდა.
    ჭანტურია-წერეთლის კონცეფციის თანახმად, საქართველო იყო ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორია და მას უნდა ებრძოლა დეკოლონიზაციისათვის. სამწუხაროდ, ამ «კონცეფციის» ავტორებს ვერაფრის დიდებით ვერ შეაგნებინებდი, რომ «დეკოლონიზაცია» გულისხმობს სრულიად ახალი სახელმწიფოს დაფუძნებას, რომლის საზღვრების დადგენა დამატებითი მოლაპარაკებისა და განსჯის საგანი უნდა გახდეს - მეტროპოლიის მონაწილეობით.
    ამ ლოგიკით, თუ საქართველო «დეკოლონიზაციას» ითხოვდა «ხალხთა თვითგამორკვევის» საფუძველზე, მაშინ აღარ რჩებოდა არანაირი არგუმენტი აფსუათა და ოსთა მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, რომლებიც, იმავე უფლების საფუძველზე განაცხადებდნენ, რომ სულაც არ ეპიტნავებათ «დეკოლონიზაციის» შედეგად შექმნილ ქართულ სახელმწიფოში ცხოვრება და მათი არჩევანის უფლებას, ასეთ შემთხვევაში, სავსებით კანონიერად აღიარებდა არა მხოლოდ საბჭოთა კავშირი, არამედ საერთაშორისო სამართალი და თვით საერთაშორისო გაერთიანებაც.
    გია ჭანტურიასა და ირაკლი წერეთლის აზრით, ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობა ლეგიტიმურობას ჰმატებდა «საოკუპაციო» რეჟიმს (რომელიც 1921 წლიდან დამყარდა საქართველოში) და ამით აფერხებდა ბრძოლას «ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისათვის», რაც შეიძლებოდა მხოლოდ სრული დეოკუპაციის, დეანექსიისა და დეკოლონიზაციის შემდეგ განხორციელებულიყო.
    იმავდროულად, მათ სურდათ, ლეგიტიმურობა მიენიჭებინათ თვით ეროვნული მოძრაობისათვის, ამიტომ გადაწყვიტეს, ჩაეტარებინათ «ეროვნული კონგრესის» არჩევნები. აქვე შევნიშნავ: «ეროვნული კონგრესი» ბალტიის ქვეყნებშიც აირჩიეს, მაგრამ არსად, საქართველოს გარდა, ამ არჩევნებისათვის საყოველთაო ხასიათი არ მიუნიჭებიათ. ესტონეთში, მაგალითად, ეროვნული კონგრესი იყო თვით ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მაკოორდინირებელი ორგანო, მაგრამ არ გამორიცხავდა მონაწილეობას საბჭოთა არჩევნებში და არსებული სტრუქტურების გამოყენებას საბოლოო მიზნის მისაღწევად. მით უმეტეს, ყოვლად წარმოუდგენელია ესტონეთის ეროვნულ კონგრესს შეექმნა (თავისი მიზნებისათვის გამოეყენებინა) «მხედრიონის» მსგავსი შეიარაღებული სტრუქტურა და ფაქტობრივად «პარალელურ ხელისუფლებაზე» განეცხადებინა პრეტენზია. ეროვნული კონგრესი ბალტიის ქვეყნებში საყოველთაო დაუმორჩილებლობის სიმბოლო (მაგრამ მხოლოდ სიმბოლო) გახლდათ. ქართველ რადიკალებს კი სურდათ, იგი სრული და საყოველთაო ეროვნული დაუმორჩილებლობის რეალურად განხორციელების ბერკეტად ექციათ.
    ირაკლი წერეთელი და გია ჭანტურია მენტალიტეტითა და მსოფლმხედველობით რევოლუციონერები იყვნენ - მათ სურდათ რევოლუციის ორგანიზება საქართველოში. ოღონდ, გარკვეულ ეტაპამდე ძალის გამოყენების გარეშე ანუ ე.წ. «მშვიდობიანი რევოლუციისა», როდესაც არსებული სტრუქტურები ინგრევა საყოველთაო დაუმორჩილებლობის შედეგად.
    რაც მთავარია, მტკიცედ სწამდათ, რომ «საბჭოთა საქართველოს» სახელმწიფოებრივ სტრუქტურათა გამოყენებით შეუძლებელი იქნებოდა ეროვნული მოძრაობის მიზანთა განხორციელება, ხოლო «იმპერიულ სტრუქტურებში» მონაწილეობა საშუალებას მისცემდა კრემლს, ემართა ეროვნული მოძრაობა ან მოეხდინა მისი დისკრედიტაცია. ამიტომ რადიკალები მოუწოდებდნენ მოსახლეობას, ბოიკოტი გამოეცხადებინათ «საბჭოური არჩევნებისათვის» და მონაწილეობა მიეღოთ მხოლოდ ეროვნული კონგრესის არჩევნებში.
    მოგვიანებით, ზვიად გამსახურდიასა და «მრგვალ მაგიდასთან» დაპირისპირების კონტექსტში გაჩნდა შესაძლებლობა ორივე არჩევნებში მონაწილეობისა (როგორც აქტიურად, - საარჩევნო ხმით, ასევე პასიურად ანუ საკუთარი კანდიდატურით), რაც, რასაკვირველია აბსურდი  იყო: როგორ შეიძლება ერთდროულად მონაწილეობდე «იმპერიულ სტრუქტურებშიც» და, ამავე დროს, იმ ორგანოში, რომელიც «დეკოლონიზაციას» მოითხოვს და ეროვნულ დაუმორჩილებლობას რეალურად ახორციელებს? (შეგახსენებთ: ესტონეთის ეროვნულ კონგრესს «დეკოლონიზაცია» არც დასცდენია) თუმცა, ეს აბსურდი 1990 წელს პოლიტიკური ბრძოლის ტაქტიკიდან გამომდინარეობდა და არა სტრატეგიიდან: პოლიტიკური ელიტა (ქართული პოლიტოკრატია) ერთიანდებოდა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ. ეს გაერთიანება კი კომპრომისს გულისხმობდა.
    რაც შეეხება თვით «კონგრესის კონცეფციას», ეს არ არის ისეთი იოლი საკითხი, როგორც ერთი შეხედვით სჩანს.
    ბოლო დროს, მას შემდეგ, რაც ქვეყანა დაიქცა, ხოლო მოსახლეობაში გაიზარდა უკმაყოფილება და იმედგაცრუება «ფუნდამენტურ ღირებულებათა» მიმართ, ეროვნული კონგრესის დოქტრინისა და იდეოლოგიის შემოქმედთა ერთმა ნაწილმა (განსაკუთრებით, ცხონებული გია ჭანტურიას წრიდან) დაიწყო (ფრთხილად) ძალზე ეშმაკური და ჭკვიანური აზრის კულტივირება, რომლის თანახმად, თურმე, «კონგრესის» მიზანი იყო არა საქართველოში «მშვიდობიანი» რევოლუციის ორგანიზება და ვითარების მაქსიმალური დესტაბილიზაცია,  არაფორმალური ძალაუფლების მოპოვება და მისი მეშვეობით პროცესების მართვა, არამედ (თურმე ნუ იტყვით) საქართველოს პოლიტიკური კურსის რადიკალიზაციის და იმპერიის ზედმეტად გაღიზიანების თავიდან აცილება.
    ანუ, ამ კონცეფციის შესაბამისად, ეროვნული კონგრესის იდეა იმ მიზანს ისახავდა, რომ არ დაეშვა უზენაეს საბჭოში დამოუკიდებლობის მომხრეთა მოსვლა და თვით დამოუკიდებლობის უდროო გამოცხადებაც! - შესაბამისი რეაქციით იმპერიის მხრიდან და გარდაუვალი სავალალო შედეგებით საქართველოსათვის. მაგრამ რაკი გია ჭანტურია ამას პირდაპირ ვერ იტყოდა - «კონგრესის» იდეა გამოიყენა. სწორედ ეს იგულისხმებოდა ფორმულაში: «საქართველოს პირველი რესპუბლიკის შინდისფერი დროშა უნდა აღიმართოს ყველა შენობაზე - სახელმწიფო დაწესებულებათა გარდა».
    იმავე კონცეფციის მიხედვით, თურმე «კონგრესისტებს» ესმოდათ, რა უბედურებას მოუტანდა საქართველოს დამოუკიდებლობისა და საბჭოთა კავშირიდან გასვლის დეკლარირება; რომ ეს გამოიწვევდა აფხაზეთისა და სხვა ტერიტორიების დაკარგვას, ამიტომ ამჯობინებდნენ «კონგრესის კონცეფციით» შეეფერხებინათ დამოუკიდებლობის გამოცხადება, რათა იმპერიულ ცენტრს საქართველო არ «შესკდომოდა». ოღონდ, ამას აკეთებდნენ ისე, რომ პოლტიკური იმიჯი არ დაეკარგათ - «უფრო რადიკალურობის» ილუზიის შექმნით.
    აქვე უნდა ითქვას, რომ რეალურ კომპრომისს (კონფედერაციულ ურთიერთობებს - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების პირობით) «მრგვალი მაგიდის» თეორიული დოქტრინა კი ნამდვილად ითვალისწინებდა: «გარდამავალი პერიოდის» კონცეფცია სწორედ ამას გულისხმობდა. არ არის გამორიცხული, გამსახურდია-კოსტავა თავიდან სწორედ ამ იდეას იზიარებდნენ. შეგახსენებთ: 1988 წელს, უნივერსიტეტში გამართულ შეკრებაზე, ზვიად გამსახურდიამ, პასუხად «კომუნისტში» გამოქვეყნებული დებულებისა (რომ «კონფედერაცია მოძველებული ფორმაა») მრავალმნიშვნელოვნად განაცხადა: «მეგობრებო, სინამდვილეში სახელმწიფოებრიობის ყველაზე მოძველებული ფორმა არის იმპერია!»
    დაკვირვებული ანალიზი ცხადყოფს, რომ აზრი «კონგრესის ფარული არარადიკალურობის» შესახებ - მაინც ბოლოდროინდელი «ნაეშმაკარია» და რეალობასთან (იმდროინდელ რეალობასთან) საერთო არაფერი აქვს.
    (გია ჭანტურია: «ჩვენ ვართ თანამედროვე მაძინისტები. . . . მეგობრებო, კრემლის მიზანია საბჭოთა რესპუბლიკების «ბულგარიზაცია» და ვარშავის ხელშეკრულების სახელმწიფოთა «ფინეთიზაცია» - მერედა განა ჩვენ მხოლოდ იმისათვის ვიბრძოდით, რათა საქართველო მსოფლიო რუქაზე სხვა ფერად ყოფილიყო გაფერადებული? . . სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ ერთეულები ვიყავით, დღეს უკვე მილიონები ვართ! . . . ხოლო კომუნისტები საქართველოში «ძენი შეცდომილნი» კი არ არიან, მოღალატეები არიან და ხელმეორე ღალატი აღარ შერჩებათ» და ა. შ.)

    ოღონდ ერთი რამ კი ნამდვილად უნდა ითქვას: «კონგრესისა» და მთელი «მოძრაობის» ლიდერები აშკარად გულისხმობდნენ, რომ საქართველოს კომუნისტური ხელისუფლება (გივი გუმბარიძე), რაკი დამოუკიდებლობის დეკლარირება ქვეყნისათვის დამღუპველად მიაჩნდა, ყველაფერს იღონებდა, რათა არ დაეშვა პროცესების განვითარება ამ მიმართულებით. აბა რა გია ჭანტურიას ბრალია, თუ პატიაშვილის შემდეგ მოსული კომუნისტური ხელისუფლება იმდენად რეგვენი გამოდგა, რომ თვითონ გამოაცხადა დამოუკიდებლობა? - სხვას რას ნიშნავდა გივი გუმბარიძის (ცკ-ს პირველი მდივნის!) ინიციატივით საქართველოს უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება «1921 წლის შემდეგ მიღებული საკანონმდებლო აქტების გაუქმების» შესახებ?
    გარდა ამისა, აქ არის კიდევ ერთი ნიუანსი: გია ჭანტურიას («კონგრესის» იდეის მთავარ სულისჩამდგმელს) რატომღაც ეგონა, რომ თუ «მოძრაობა» უშუალოდ ხელისუფლებაში არ მოვიდოდა და «გარედან» (ქუჩიდან) მართავდა პროცესებს, მაშინ, საზოგადოების თვალში, დამოუკიდებლობის დამანგრეველი შედეგებისათვის (ტერიტორიების გარდაუვალი დაკარგვა და სხვა) პასუხისმგებლობა მას კი არ დაეკისრებოდა, არამედ ოფიციალურ ხელისუფლებას - არ არის გამორიცხული, გია ჭანტურია ხვდებოდა, «რა დაჯდებოდა» საქართველოს დამოუკიდებლობა.
    მაგრამ ეს გათვლაც მცდარი აღმოჩნდა: ქართული ეთნოფსიქოლოგიისა და მენტალიტეტიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის სუბიექტად მაინც «საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური» და პოლიტიკური დომინანტის თვით შემოქმედი აღიქმება და არა მისი (ამ დომინანტის) უშუალოდ განმახორციელებელი.
    ქართული მენტალიტეტი ვერ შეეგუა აზრს, რომ «ყველაფერში ყოველთვის ხელისუფლებაა დამნაშავე - მაშინაც კი, როდესაც იგი იმას აკეთებს და იმ კურსით მიჰყავს ქვეყანა, როგორითაც მისგან მოითხოვენ და რასაც დღენიადაგ უკიჟინებენ». კომუნისტები ხომ დამოუკიდებლობასთან არ ასოცირდებოდნენ? მაშასადამე მათ აიძულებენ ქვეყანა იმ გზით წაიყვანონ, რომელიც პრინციპში დამღუპველად მიაჩნიათ. ვინ არის დამნაშავე? - რასაკვირველია ის, ვინც აიძულებს და კურსიდან ყოველ გადახრას აცხადებს «ღალატად, სერგო ორჯონიკიძეობად» და ა.შ.
    არავინ აქცევდა ყურადღებას, რომ ფორმალურად «ეროვნულ კონგრესს» გუმბარიძის ხელისუფლებისაგან არასდროს მოუთხოვია დამოუკიდებლობის დეკლარირება. მაგრამ «მოძრაობა» ხომ თვით იდეისა და შესაბამისი «დომინანტის» ავტორი იყო?
    იგივე სტერეოტიპმა იმუშავა ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით: ზვიად გამსახურდია ხომ «იმას აკეთებდა, რასაც მთლიანად «მოძრაობა» მოითხოვდა?» პოლიტიკურ დოქტრინათა ტაქტიკური სხვაობა კი ამ შემთხვევაში მხედველობაში არ მიიღებოდა, რაც სავსებით ბუნებრივია