ელცინის სპექტაკლი

ელცინის სპექტაკლი - ეროვნული მოძრაობა

ელცინის სპექტაკლი

უეჭველია, აფხაზი სეპარატისტები დიდი ხნის განმავლობაში ემაზადებოდნენ ომისათვის. ამაზე მეტყველებს თუნდაც მათი გეგმაზომიერი და ჭკვიანური ქმედებები ომის დაწყებისთანავე. ალბათ არსებობდა კონკრეტული გეგმაც, თუ როგორ უნდა ემოქმედათ საბრძოლო ოპერაციათა დაწყების შემდეგ. ეს გემა არძინბას ბრძანებით 14 აგვისტოსვე ამოქმედდა. უფრო ადრე კი, როდესაც აფხაზეთში გია ყარყარაშვილის შენაერთი შევიდა, არძინბამ მისი ამოქმედებისაგან თავი შეიკავა, ვინაიდან სათანადო პირობები ჯერ არ იყო შექმნილი. ვგულისხმობ გარეშე, სეპარატისტებისაგან დამოუკიდებელ პირობებს, თორემ აფსუები ომისათვის მაშინაც მზად იყვნენ.
   სამაგიეროდ, გეგმა ამოქმედდა უმალვე, როგორც კი დაფიქსირდა, რომ ქართული გვარდია (სახელმწიფო საბჭოს შეიარაღებული შენაერთი) შევიდა აფხაზეთში. იმავე დღეს, სეპარატისტებმა გუდაუთაში გადაიტანეს ყველაფერი, რაც ომისათვის დასჭირდებოდათ - ყველა კატარღა, რომელიც სოხუმის პორტში იყო, ყველა ავტობუსი თუ სატვირთო ავტომანქანა.
   პარალელურად განხორციელდა ძალზე მახვილგონივრული პროპაგანდისტული დივერსია საქართველოს წინააღმდეგ: აფსუა ჟურნალისტი იზიდა ჭანია, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, რომელიღაც სოფელში დაიმალა. აფხაზურმა წყაროებმა კი გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ჭანია «ქართველმა გვარდიელებმა დაატყვევეს». სეპარატისტებმა შესანიშნავად უწყოდნენ თანამედროვე ჟურნალისტიკის სპეციფიკა: რუსული და მსოფლიო მას-მედია განსაკუთრებული გაშმაგებით იბრძოლებდა ჟურნალისტის დასაცავად. შედეგად, საზოგადოების ყურადღება მიექცეოდა აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს. ამ ფაქტორმა დიდი წარმატებით იმუშავა ომის საწყის ეტაპზე. იზიდა ჭანია «გამოჩნდა», როცა მისი «დატყვევების» ამბავი პროპაგანდისტულად ამოიწურა.
   აქვე აუცილებლად უნდა ითქვას (უფრო კონკრეტულად) ორიოდე სიტყვა რუსული მას-მედიის მუშაობის სპეციფიკაზე, რომლის გამოც იგი განსაკუთრებით ადვილი სამართავია რუსული სპეცსამსახურებისათვის და სწორედ რუსული სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ეს სპეციფიკა გამოვლინდა არა მხოლოდ აფხაზეთის ომის დროს, არამედ ცხინვალის მოვლენათა პერიოდშიც. დავაკვირდეთ რუსეთის საინფორმაციო პროგრამებს: სიუჟეტები ტელეკომპანიის საკუთარ ან სპეციალურ კორესპონდენთა მიერ მზადდება, მაგრამ ზეპირი ინფორმაცია ვრცელდება ორ უდიდეს რუსულ სააგენტოზე («ინტერფაქსსა» და «იტარ-ტასზე») დაყრდნობით. ორივე მათგანს რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ. ბუნებრივია, სააგენტოს აქვს უფლება, ტელევიზიას მოსთხოვოს უცვლელად გაავრცელოს მოწოდებული ინფორმაცია. სწორედ ამიტომ იყო 1992 –1993 წლებში, რუსული ტელევიზიის საინფორმაციო პოლიტიკა ამდენად ზუსტი და კოორდინირებული საქართველოს წინააღმდეგ. მხოლოდ სიუჟეტებით და რეპორტაჟებით ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა.

    14 აგვისტოსვე, გუდაუთაში სეპარატისტები თავს დაესხნენ რუსეთის სამხედრო ნაწილს და იარაღი (ძირითადად ავტომატები და ტყვიამფრქვევები) დაიტაცეს. ეს, რა თქმა უნდა, გათამაშებული სპექტაკლი იყო. რუსებმა წინასწარ იცოდნენ, როდის და როგორ მიაყენებდნენ აფხაზები სამხედრო ნაწილს ქალებსა და ბავშვებს, რათა იარაღი დაესაკუთრებინათ, ხოლო რუსული გენერალიტეტისათვის თავის სამართლებელი არგუმენტი მიეცათ: ქალებსა და ბავშვებს ვერ ვესროლეთო.
   იმავდროულად, რუსულმა მხარემ თავდასხმის ფაქტი ოსტატურად გამოიყენა მისთვის ძალზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად: ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრისას, კავკასიაში დისლოცირებული რუსეთის ჯარების სარდლობამ დაარწმუნა სახელმწიფო საბჭოს თავჯდომარე, რომ აუცილებელი იყო გუდაუთის აეროდრომის დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩეჩნეთიდან დუდაევს შეიძლებოდა გადაესროლა «ათეულობით საბრძოლო-სასწავლო თვითმფრინავი». შევარდნაძე დათანხმდა განჯიდან (კიროვობადი) გუდაუთაში სადესანტო პოლკის გადასროლას. ეს შენაერთი უმალვე გამოიყვანეს კავკასიაში რუსეთის ჯართა სარდლობის დაქვემდებარებიდან და უშუალოდ რუსეთის თავდაცვის მინისტრს, აგრეთვე უმაღლეს მთავარსარდალს (პრეზიდენტს) დაუქვემდებარეს.
   გუდაუთა იქცა სეპარატისტთა ფორპოსტად, რომელიც მაშინ ორივე მხრიდან ქართული შენაერთებით იყო გარსშემორტყმული. სტრატეგიული თვალსაზრისით, აფსუები თითქოს წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მაგრამ უპირატესობაც ჰქონდათ. ძირითადად ის, რომ ამ ფორპოსტის მოსპობა შეუძლებელი აღმოჩნდა, რაც არძინბამ წინასწარვე იცოდა.
   18 აგვისტოს ბორის ელცინმა სოჭიდან დაურეკა ედუარდ შევარდნაძეს და გააფრთხილა: «თუ ქართული შენაერთები დაიძვრებიან გუმისთადან, შევლენ გუდაუთის რაიონში - არ არის გამორიცხული, მოხდეს შეტაკება რუსეთის სამხედრო ნაწილებთან». ეს პირდაპირი მუქარა იყო. ელცინი რუსული გენერალიტეტის სახელით ლაპარაკობდა და არ ხუმრობდა. შეტაკების შემდეგ იგი უეჭველად თავს მოიკატუნებდა: რა ვქნა, გენერალიტეტს ვერ ვაკონტროლებო. გარდა ამისა, ზოგადად, როცა ერთი შეიარაღებული ფორმირება შედის მეორეს დისლოკაციის არეალში - შეტაკებისას, სამხედრო პოლიტიკის დაუწერელი კანონების შესაბამისად, პასუხისმგებლობა პირველს ეკისრება.
   დღემდე არ წყდება კამათი, თუ რატომ არ დაიძრა ქართული არმია გუმისთადან - გუდაუთის მიმართულებით და არ გაანადგურა არძინბას ბანდა მისსავე ბუნაგში. მიუხედავად ელცინის მუქარისა, ბევრი თვლის, რომ ჯარი მაინც უნდა დაძრულიყო და «პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაგვეჭრა». გადაიჭრებოდა თუ არა ამ გზით პრობლემა, - სხვა საკითხია, მაგრამ ქართული ჯარის გუმისთაზე «შეჩერებასთან» დაკავშირებით აშკარად ყალბი სტერეოტიპები იქმნება.
   ჯერ ერთი, კიტოვანი რომ ამტკიცებს: «შევარდნაძემ მიბრძანა შეჩერებაო» - გაუგებარია, შევარდნაძეს არაფერს უჯერებდა, ყოველთვის ისე იქცეოდა როგორც თავად მიაჩნდა საჭიროდ (მაქსიმუმ სიგუასათვის დაეჯერებინა) და რაღა ეს ბრძანება შეასრულა?
   სინამდვილეში, ქართული ჯარი გუმისთაზე არ შეჩერებულა: აგვისტოს მეორე ნახევარში (და შემდგომაც) მან რამდენჯერმე სცადა მდინარის გადალახვა, მაგრამ ვერ შეძლო და დიდი დანაკარგით, იძულებული გახდა გუმისთას მარცხენა ნაპირზე დაეხია. მაშასადამე, საქმე ის კი არ არის, რომ ჯარი «არ გაუშვეს», არამედ მან ვერ შეძლო წინ წაწევა.
   აფსუებს შემუშავებული ჰქონდათ სამხედრო გეგმა, რომელიც, ომის პირველ ეტაპზე ითვალისწინებდა სოხუმის დათმობასა და სწორედ გუმისთას მარჯვენა ნაპირზე გამაგრებას. ეს იყო პირველი თავდაცვითი ზღუდე. ასეთივე ზღუდე იქმნებოდა ტყვარჩელის მისადგომებთან. არძინბას ისიც გათვალისწინებული ჰქონდა, რომ ეშერის სამხედრო ლაბორატორიის «დაცვა» გახდებოდა საბაბი, ომის დაწყებისთანავე, რუსეთის ჯართა კონცენტრაციისა სოხუმთან, ხოლო აფსუათა შენაერთები მათ ზურგს უკნიდან იმოქმედებდნენ.
   ასეც მოხდა: უკე 15 აგვისტოს, გუმისთას მარჯვენა ნაპირზე რუსი მედესანტეები გამოჩნდნენ. ისინი სრული საბრძოლო აღჭურვილობით დადიოდნენ სასადილოდაც კი, ანუ პირველი ხარისხის საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებოდნენ.
   მთელი ომის განმავლობაში, ეშერის ლაბორატორია საქართველოზე რუსეთის ზეწოლის საბაბად რჩებოდა. რუსული გენერალიტეტი ამტკიცებდა, თითქოს რაღაც ზესაიდუმლო აპარატურას იცავდა. არადა, დარწმუნებული ვარ, სინამდვილეში ეს მხოლოდ საბაბი იყო და არაფერი განსაკუთრებული იმ ლაბორატორიაში არ ინახებოდა. ან თუ ინახებოდა, ჯერ კიდევ 1988-1989 წლებში (კავკასიაში არასტაბილურობის დაწყებისთანავე) გაიტანდნენ. ისევე, როგორც ტაქტიკური ბირთვული იარაღი გაიტანეს.

    14 აგვისტოს, ჯერ კიდევ სოხუმის დატოვებამდე, არძინბა აფხაზეთის ტელევიზიით გამოვიდა. მან არ გაიმეორა სტალინის ქრესტომათიული ფორმულა: «Наше дело правое, враг будет разбит, победа будет за нами» არამედ სიტყვა დაასრულა ნიშანდობლივი ფრაზით: «Я призываю все народы абхазии к единению – и в этом единстве мы непобедимы». გუდაუთიდან კი არძინბამ ყველა ჩრდილოკავკასიელ ლიდერს გაუგზავნა ელვა-დეპეშა: «В час смертельной опасности просим вас оказать Абхазии помощь всем, чем можете».
   ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ გია ყარყარაშვილიც გამოვიდა აფხაზეთის ტელევიზიით: «. . . . И если даже погибнут 100 тысяч Грузинов, то погибнут все 97 тысяч Абхазов».
   კი ბატონო, მართლაც ძნელია ყარაყარაშვილს ამ სიტყვებისთვის უსაყვედურო - იგი მეომარია და იმ მომენტში გამწარებული იყო რამდენიმე თანამებრძოლის მუხანათური ჩახოცვით. მაგრამ მისი ფრაზა აფსუებმა ძალიან ოსტატურად გამოიყენეს (რასაკვირველია ჩაიწერეს ვიდეოფირზე) მსოფლიოსათვის იმის დასამტკიცებლად, რომ «ქართველებს აფხაზი ხალხის ამოწყვეტა აქვთ განზრახული». ამ თვალსაზრისით, ეს ფრაზა დღემდე «მუშაობს».
   ისიც უნდა ითქვას, რომ ყარყარაშვილის «კოლეგები» (აფსუა საველე მეთაურები და სარდლობის წარმომადგენლები) ხშირად ომის დროს არანაკლებ გამწარებულნი ყოფილან, მაგრამ არც ერთ მათგანს არასდროს დასცდენია თუნდაც ერთი სიტყვა, რასაც ქართული მხარე პროპაგანდისტული მიზნით გამოიყენებდა აფსუანური სეპარატიზმის წინააღმდეგ. საერთოდ, ისინი თავიანთ უშუალო მოწინააღმდეგეებზე ბევრად ნაკლებს ლაპარაკობდნენ, ხოლო საქმეს ვინ უკეთ აკეთებდა, ამაზე მსჯელობა ამჟამად არც ღირს - ყველაფერი ისედაც ცხადია.
   არადა, აფსუათა ამოწყვეტის მიზანი საქართველოს ნამდვილად არ ჰქონია. მართალია ქართველი გვარდიელები (იმ დროს გვარდია, როგორც მოგახსენეთ, დიდწილად ამნისტირებულთაგან შედგებოდა) სოხუმსა თუ სხვა ქალაქებსა და სოფლებში მარადიორობდნენ, მოსახლეობას (ეროვნების განურჩევლად) ძარცვავდნენ, მაგრამ ისინი ნამდვილად არ ხოცავდნენ მშვიდობიან ადამიანებს, არ ჩადიოდნენ ისეთ ბინძურ დანაშაულებს, როგორიც აფსუებმა იკადრეს შემდგომში: უმწეო ადამიანების ხოცვა, ქალებისა და ბავშვების გაუპატიურება, ტანჯვა-წამება, ცოცხლად დაწვა, თავის მოკვეთა, შუაზე გახლეჩა, სარზე გასმა და ასე შემდეგ. ასეთი რამ ქართველებს აფხაზეთის ომის დროს ნამდვილად არ ჩაუდენით - ეს არის ფაქტი, რასაც ისტორიული მნიშვნელობა მაინც აქვს.

    სეპარატისტებისათვის ომმა იმთავითვე ჭეშმარიტად ტოტალური ხასიათი შეიძინა. ფაქტობრივად მთელი აფსუა ერი იბრძოდა. ვისაც იარაღის დაჭერა არ შეეძლო, სხვა სახის დახმარებას უწევდა არმიას. მაგალითად, საჭმელ-სასმელს უზიდავდა, დაჭრილები გადაჰყავდა, ტრანსპორტს მართავდა, სამხედრო ტექნიკის შეკეთებაზე მუშაობდა, «კონფედერატებს» მეგზურობას უწევდა.
   ქალებიც იბრძოდნენ როგორც შეეძლოთ - ექთნის ფუნქციას ასრულებდნენ, იარაღს წმენდნენ. ზოგს რადიოგადაცემების მომზადება ჰქონდა დავალებული და სადღეღამისო ანტიქართულ პროპაგანდას აწარმოებდა (მათ შორის ქართულ და მეგრულ ენებზე) ისეთივე ფანატიზმითა და მოუღლელობით, როგორც მამაკაცები იბრძოდნენ. სხვები ინფორმაციას გადასცემდა რუსულ მედიაში, ზოგიც არძინბას ემსახურებოდა, საჭმელს უკეთებდა ან სამხედრო ფორმას კემსავდა და ა.შ.
   შევადაროთ ეს ყოველივე იმ განწყობას, რაც საქართველოში სუფევდა: თითქოს სადღაც, სხვა ქვეყანაში მიმდინარეობდა ომი და საზოგადოების უდიდეს ნაწილს იგი არც ეხებოდა.
   გარდა ამისა, ვლადისლავ არძინბამ და მისმა ხროვამ (ვიმეორებ) შესანიშნავად ისარგებლა შიდაქართული დაპირისპირებით. გავიხსენოთ ომის პირველ ეტაპზე აფხაზური პროპაგანდის უმთავრესი თეზისი: «ჩვენ ვებრძვით უკანონო სახელმწიფო საბჭოს ჯარებს». თითქოსდა აფხაზეთში «კანონიერი ქართული ჯარი» რომ შესულიყო, სულ ყვავილებით შეხვდებოდნენ. მაგრამ განა არძინბასათვის ხელსაყრელი არ იყო - ჰგონებოდათ «ზვიადისტებს»: აფხაზებიც «ხუნტას» ებრძვიანო.
   აგვისტოს განმავლობაში, თბილისში ბევრს კიდევ სჯეროდა, რომ ომი ხანმოკლე იქნებოდა და სულ მალე დამთავრდებოდა მინიმალური მსხვერპლით. ყოველ შემთხვევაში, იმას, რაც შემდეგ მოხდა, მაშინ ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა. რუსულმა დიპლომატიამაც უმალვე წამოიწყო ძალზე ჭკვიანური, ფრთხილი და შორსმჭვრეტელური თამაში, რომელსაც საბოლოოდ მკაცრად განსაზღვრული მიზანი ჰქონდა: საქართველოს განადგურება და სამაგალითოდ დასჯა. ოღონდ რუსეთისათვის პასუხისმგებლობის აცილების პირობით.
   ამ მიზნით, ბორის ელცინმა მოსკოვში 3 სექტემბრის სპექტაკლი მოაწყო. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს არა მხოლოდ საქართველოს და აფხაზ სეპარატისტთა, არამედ ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკათა წარმომადგენლებიც. ელცინს სურდა (და მოახერხა კიდეც) იმის დემონსტრირება, რომ კავკასია, საბჭოთა კავშირის დაშლის მიუხედავად, მთლიანად მოსკოვის გავლენის სფეროა.
   რა შთაბეჭდილება დარჩებოდა გარეშე დამკვირვებელს იმ სცენის ხილვისას (არადა თანამედროვე პოლიტიკაში ვიზუალურ შთაბეჭდილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს), როცა ელცინი შევარდნაძესა და არძინბას შორის ჩადგა, ხელები ძალით ჩამოართმევინა, «ჰოპ» დაიძახა და თავადაც დაჰკრა ხელი?
   რა თქმა უნდა ეს სცენა მთელმა მსოფლიომ იხილა და ორი რეალობა დაფიქსირდა ვიზუალურად: რომ აფხაზეთი და საქართველო არის ორი თანასწორუფლებიანი სუბიექტი და რომ რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვში მოლაპარაკების გასამართად მიიწვია რუსეთის შემადგენლობაში შემავალ რესპუბლიკათა ლიდერები: დაღესტნის, ყაბარდო-ბალყარეთის, აფხაზეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის, საქართველოს, ადიღეს, ჩრდილო ოსეთის ხელმძღვანელები და მკაცრად დატუქსა, ვინაიდან ორ მათგანს ერთმანეთში კონფლიქტი მოსვლიათ.
   რაც შეეხება დოკუმენტს, რომელსაც 3 სექტემბერს მოეწერა ხელი: თეორიულად თითქოს საუკეთესო ხელშეკრულება დაიდო - უზრუნველყოფდა საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესთა დაცვას აფხაზეთში (ყველაზე გამოსაჩენ ადგილას ეწერა: «საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის» აღიარება). ოღონდ პრაქტიკულად იგი იმთავითვე განწირული იყო შეუსრულებლობისათვის. ვლადისლავ არძინბა თავდაპირველად შეთანხმებას ხელს არ აწერდა, მაგრამ ოზგანმა და შამბამ «ურჩიეს» მაინც მოეწერა - იმიტომ კი არა, რომ ამ უკანასკნელთ 3 სექტემბრის დოკუმენტი უფრო მისაღებად მიაჩნდათ. უბრალოდ, მათ იცოდნენ, რა მექანიზმებით შეიძლება ნებისმიერი ხელშეკრულების დარღვევა.
   აქ კიდევ ერთხელ, მკაფიოდ გამოვლინდა ზოგადად, საქართველოს სახელმწიფოებრივი უკულტურობა. იგივე შეცდომა ჩვენ რამდენჯერმე გავიმეორეთ ანალოგიური შედეგით. არადა, ელემენტარული პოლიტიკური კულტურაც საკმარისია იმის შესაცნობად, რომ არც ერთი ხელშეკრულება არ ღირს იმაზე მეტი, ვიდრე ხელშემკვრელ მხარეთა ნება, იგი შეასრულონ.
   ეს უტყუარი ფორმულაა, რომელიც წითელ ზოლად გასდევს კაცობრიობის ისტორიას. ნებისმიერი ხელშეკრულება იდება მაშინ, როცა მხარეები ძალთა ბალანსის გარკვეულ დონეს აღწევენ და ირღვევა (ინტერესთა კონფლიქტის შენარჩუნების შემთხვევაში) უმალვე, როგორც კი იცვლება ეს ბალანსი.
   სამშვიდობო ხელშეკრულების პარაფირება არ ნიშნავს, რომ ხელშემკვრელ მხარეებს რაღაც მითიური ძალით შეებოჭათ ხელები და დოკუმენტს ამიტომ ვეღარ დაარღვევენ, - თუ საჭიროდ ჩათვლიან. დოკუმენტზე ხელმოწერა აფიქსირებს გარკვეულ ვალდებულებებს, ოღონდ ისინი შესრულდება (დაცული იქნება) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარეს სურს მისი შესრულება და (ან) ორივე მხარეს შესწევს ძალა და უნარი, - მეორე აიძულოს, დაიცვას ნაკისრი ვალდებულება.
   ხელშეკრულების დარღვევა დამრღვევისათვის წამგებიანია იმიტომ, რომ ფიქსირდება დამრღვევი მხარე და იგი პოლიტიკურად წამგებიან ვითარებაში აღმოჩნდება, რაკი არც ერთი კონფლიქტი, ასე ვთქვათ, ვაკუუმში არ ვითარდება საერთაშორისო თვალსაზრისით.
   მაგრამ თუ დამრღვევს ასეთი პრობლემა არა აქვს, ან არ ეშინია ასეთ მდგომარეობაში აღმოჩენისა, მაშინ იგი უმალვე დაარღვევს ხელშეკრულებას, როგორც კი შეიცვლება ძალთა კონკრეტული ბალანსი, კონკრეტული დისპოზიცია და ამას აუცილებლად (ხელსაყრელად) მიიჩნევს.
   ამიტომაც უნდა ჩაითვალოს უტყუარად ისტორიული ფორმულა: «არც ერთი ხელშეკრულება არ ღირს იმაზე მეტი, ვიდრე ხელშემკვრელ მხარეთა ნება, - იგი შეასრულონ».
   დავაკვირდეთ, რამდენჯერ განმეორდა აფხაზეთის ომის დროს ერთი და იგივე სიტუაცია: იდებოდა ხელშეკრულება, შემდეგ აფხაზური მხარე, საჭირო მომენტში არღვევდა მას და იღებდა სტრატეგიულ უპირატესობას. ოღონდ, ხელშეკრულების დარღვევის მიუხედავად, წაგებული არც ერთი თვალსაზრისით სეპარატისტები არ რჩებოდნენ - ჯერ ერთი, რუსეთის ტელევიზიის მეშვეობით ყოველთვის ქმნიდნენ ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს დოკუმენტი სწორედ ქართულმა მხარემ დაარღვია. გარდა ამისა, საქართველოს არ ჰქონდა საშუალება, აეძულებინა სეპარატისტები (ანუ მეორე ხელშემკვრელი მხარე), შეესრულებინა შეთანხმება.
   თუ დოკუმენტს ქართული მხარე დაარღვევდა, მაშინ იცოცხლე, - იმავე რუსეთის ტელევიზიის მეშვეობით ყველა ზემოთჩამოთვლილი ფაქტორი წარმატებით იმუშავებდა. ისევე, როგორც თვით სამშვიდობო ხელშეკრულებაზე უარის თქმა «წარმატებით» იქნებოდა გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ - იმის დასადასტურებლად, რომ «საქართველოს არ სურს კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტა». დიდწილად სწორედ ამიტომ ეწერებოდა ხელი «წინასწარ განწირულ» ხელშეკრულებებს.

    როგორც მოსალოდნელი და გარდაუვალი იყო, სეპარატისტებმა 3 სექტემბრის შემდეგ ძალა მოიცეს, შეიარაღებულ ფორმირებათა კონცენტრაცია მოახდინეს და 1-2 ოქტომბერს მძლავრი შეტევა განახორციელეს გაგრა – ლესელიძის მიმართულებით.
   იქ მყოფი გვარდია და მხედრიონი, ფაქტობრივად არაბრძოლისუნარიანი ფორმირებები აღმოჩნდნენ. ბევრი «მეომარი» გაგრის სასტუმროებში ლაღობდა სოჭიდან ჩამოყვანილ რუს გოგონებთან ერთად, როცა სეპარატისტები მძვინვარე შეტევას ახორციელებდნენ.
   თითქოს რა უნდოდა რამდენიმე ხიდის აფეთქებას, რის შედეგადაც გაგრა და ლესელიძე თითქმის მიუდგომელი იქნებოდა, მაგრამ ვერც ეს შეძლეს. მეომრების საბრძოლო პოზიციებზე გაყვანა, მცირე გამონაკლისის გარდა, საერთოდ ვეღარ ხერხდებოდა, ვინაიდან წამალი არ იყო საკმარისი(!!!).
   ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ორასიოდე აფსუამ ერთი ტანკით სულ ადვილად შეძლო გაგრის აღება და ქალაქში საზარელი სასაკლაო მოაწყო. მეორე დღესვე შეტევა გაგრძელდა ლესელიძისაკენ. სეპარატისტებმა მთლიანად განდევნეს რუსეთის ტერიტორიაზე ქართული მოსახლეობაც და შეიარაღებული ფორმირებებიც. «ВЕСТИ»-ს წამყვანი როსტოვი დამცინავი ღიმილით ამცნობდა ტელემაყურებელს: «Грузинские войска в Абхазии потерпели сокрушительное поражение».
   ადლერთან მყოფ ედუარდ შევარდნაძეს «შეწუხებული» ბორის პასტუხოვი მიუახლოვდა და «საქართველოში დასაბრუნებლად» დახმარება შესთავაზა. იმავე საღამოს შევარდნაძის ვერტმფრენი კინაღამ ჩამოაგდეს. რუსეთის ტელევიზია კი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს «ათასობით ქართველი ბოევიკი გადადის რუსეთ-საქართველოს საზღვარს». ესე იგი, «ბოევიკებად» ცხადდებოდნენ აგრეთვე ის უბედური ქართველები, რომლებიც მშობლიურ სახლებს ტოვებდნენ წამებით სიკვდილის შიშით და ფსოუზე თავის საშველად გადადიოდნენ - როგორც ჩანს სამუდამოდ ეთხოვებოდნენ გაგრასა და აფხაზეთს