ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმა განახორციელეს სეპარატისტებმა რუსეთის სპეცსამსახურთა და ზვიადისტთა დახმარებით    

ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმა განახორციელეს სეპარატისტებმა რუსეთის სპეცსამსახურთა და ზვიადისტთა დახმარებით    

 

    1995 წლის 20 აგვისტოს შემდეგ საქართველოში დამკვიდრებულ ატმოსფეროს თუ გავიხსენებთ, იგი გარკვეული «შვებით» ხასიათდებოდა, ანუ საზოგადოებამ თითქოს «შვებით ამოისუნთქა»; ყველას გვეგონა, იმ ტერაქტით წერტილი დაესვა ისტორიის გარკვეულ პერიოდს და ახალი «ერა» დაიწყო.
    ეს გრძნობა კიდევ უფრო გაძლიერდა «მხედრიონელთა» დაპატიმრების შედეგად. მაგრამ შთაბეჭდილება ყალბი აღმოჩნდა. 29 აგვისტოს აფეთქებით «დროითი ტეხილი» არ შექმნილა საქართველოში - უბრალოდ განუხორციელებელი დარჩა ფართომაშსტაბიანი ანტიქართული დივერსიის ერთი კონკრეტული ნაწილი, კონკრეტული გეგმა. შემსრულებლები დააპატიმრეს, მაგრამ ორგანიზატორი (იგორ გიორგაძეს არ ვგულისხმობ) თბილისიდან შორს იმყოფებოდა.
    ეჭვი არავის გვეპარება, რომ 9 თებერვლის ტერაქტში იმავე ორგანიზატორის ხელი ურევია, მაგრამ ამჯერად მან სხვა შემსრულებლები აირჩია, რაკი თვით საქართველოში დასაყრდენი ვეღარ მოძებნა.
    კახა შევარდენიძისა და დათო კოკაურის გმირობა ისიც არის, რომ მათი ვაჟკაცობის შედეგად მტერმა არა მხოლოდ მიზანს ვერ მიაღწია, არამედ ერთი ტერორისტიც დატოვა მოკლული ბრძოლის ველზე. იგი აღმოჩნდა ვინმე მალსაგოვი, ეროვნებით ჩეჩენი (აკინელი), რუსეთის მოქალაქე, დაღესტნის ხასავიურტის რაიონის მცხოვრები.
    უკვე ზუსტად არის ცნობილი მისი კავშირი შამილ ბასაევის ხროვასთან (ეგრეთ წოდებულ «აფხაზურ ბატალიონთან») - იგი «კონფედერაციის» ეგიდით იბრძოდა აფხაზეთში საქართველოს წინააღმდეგ. სამართალდამცავ ორგანოთა ცნობით, 1997 წლის ნოემბერში გაემგზავრა რუსეთში (!) მშობლიური სოფლიდან და მისი ადგილსამყოფელი დღემდე არავინ იცოდა.
    რომ არა ეს მოკლული ტერორისტი, რუსეთს მეტი საშუალება ექნებოდა, დივერსია საქართველოში არსებული შიდა დაპირისპირებით აეხსნა. მაგრამ ამჟამად ფაქტი (როგორც თავად რუსები ამბობენ) «სახეზეა» და იძულებულნი ხდებიან, ახალი ლეგენდები მოიფიქრონ ან რეალობაც ნაწილობრივ გაამჟღავნონ.
    კერძოდ, ძალიან უცნაური რამ ირკვევა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ კულიკოვის «გაფრთხილებასთან» დაკავშირებით. რამდენიმე თვის წინ ბაქოში გაიმართა დსთ-ს წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომლის დროსაც ანატოლი კულიკოვმა ქარაგმულად (გადაკვრით) მიანიშნა ქართველ კოლეგას - კახა თარგამაძეს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ მოსალოდნელი ტერაქტის თაობაზე;
    თანაც, როგორც ირკვევა, კულიკოვს კონკრეტული არაფერი უთქვამს - ზოგადად შენიშნა საუბრისას, - ფრთხილად იყავით, ჩვენი მონაცემებით ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი მზადდებაო.
    მიუხედავად კახა თარგამაძის დაინტერესებისა, რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრს მეტი არაფერი უთქვამს.
    გახსოვთ, ალბათ, სწორედ მაშინ გააკეთა შეშფოთებული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ და რუსეთში საქართველოს ელჩმა. ისინი, რასაკვირველია, კახა თარგამაძის ინფორმაციას ეყრდნობოდნენ. დაუყოვნებლივ გაძლიერდა პრეზიდენტის დაცვა, მაგრამ შესაბამის ქართულ სამსახურთა ყოველი ცდა, რაიმე კონკრეტული ინფორმაცია მიეღოთ კულიკოვისაგან, უშედეგო აღმოჩნდა.
    ეს უკანასკნელიც ძალიან უცნაურად მოიქცა: ჯერ იყო და, კახა თარგამაძის თხოვნაზე, პირადად შეხვედროდა მას მოსკოვში უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად, - კატეგორიული უარი განაცხადა. მაშინ თარგამაძემ შესთავაზა ერთ-ერთი მოადგილის გაგზავნა რუსეთის დედაქალაქში, რათა იგი კულიკოვის ნდობით აღჭურვილ პირს შეხვედროდა - ამაზეც უარი მიიღო. 9 თებერვლის აქციის შემდეგ კი, როდესაც პირველად გაიჟღერა «რუსეთის სპეცსამსახურთა მონაწილეობის ვერსიამ», კულიკოვმა (ბუნებრივია) თავი ვერ შეიკავა და ჟურნალისტებს უთხრა - მე ქართველები ჯერ კიდევ შარშან გავაფრთხილეო.
    ეს ეპიზოდი იმდენად არის საინტერესო, რომ უდავოდ მიანიშნებს: რუსეთის შესაბამის სტრუქტურებს, სულ ცოტა, ჰქონდათ ინფორმაცია დაგეგმილი ტერაქტის თაობაზე. წარმოუდგენელია, რუსულ დაზვერვასა და კონტრდაზვერვას არ სცოდნოდა ის, რაც შინაგან საქმეთა მინისტრმა იცოდა.
    მაშასადამე, რუსეთის ხელისუფლებაში რაღაც ფარული ბრძოლა მიმდინარეობდა. კულიკოვი მილიციელის ინსტინქტმა აიძულა თარგამაძისთვის ქარაგმულად ეთქვა, რაც დანამდვილებით იცოდა. რუსული ФСБ და ФСК, რა თქმა უნდა, ასე არ მოიქცეოდა.
    ამგვარი არაკოორდინირებულობა ზოგადად დამახასიათებელია თანამედროვე რუსეთისათვის. გავიხსენოთ იმავე კასპიის ნავთობთან დაკავშირებული ეპიზოდი: როდესაც პრიმაკოვის უწყებამ (საგარეო საქმეთა სამინისტრომ) არაერთგზის უმკაცრესად დაგმო კასპიის ნავთობის ვითომდაც «ცალმხრივი» ათვისების ცდა, ამ დროს კი რუსეთის სააქციო საზოგადოება «ლუკოილი» აქტიურად ჩაერთო კონტრაქტის განხორციელებაში, რომლის კანონიერებას რუსული დიპლომატია არ ცნობდა.
    დავუბრუნდეთ 9 თებერვლის დივერსიულ აქტს (სამხედრო ოპერაციას) - იგი უდავოდ პროფესიონალთა მიერ იყო ორგანიზებული. რაც შეეხება პასპორტს, რომელიც ტერორისტს თან ჰქონდა, ეს სულაც არ არის «არაპროფესიონალიზმის ნიშანი», როგორც რუსულ მასმედიას სურს წარმოაჩინოს.
    ჯერ ერთი, პასპორტები პერუს დედაქალაქში განხორციელებული ცნობილი ტერორისტული აქტის მონაწილეებსაც აღმოაჩნდათ. გარდა ამისა, ჩეჩენ ტერორისტს პასპორტი შეიძლება დასჭირვებოდა იმ შემთხვევაში, თუ აქციის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში მოუწევდა თბილისში დარჩენა ან ლეგალურად მოინდომებდა საქართველოდან გამგზავრებას.
    მაგრამ აქ ბუნებრივად ისმის კითხვა: რატომ უნდა ჰქონოდა მას პასპორტი უშუალოდ ტერაქტის დროს? უკვე აღმოჩენილია დივერსანტთა ბაზა, სადაც ისინი ცხოვრობდნენ და იარაღს ინახავდნენ; ხომ შეეძლო პასპორტი ბინაში დაეტოვებინა და დაბრუნების შემდეგ აეღო? მაგრამ საქმეც ის არის, რომ არც ერთი ადამიანი (ტერორისტიც კი) არ ფიქრობს წინასწარ საკუთარ სიკვდილზე - ეს ადამიანის თვით ფსიქიკურ წყობას ეწინააღმდეგება. პასპორტის «ბაზაში» დატოვების შემთხვევაში ჩეჩენი ტერორისტი საკუთარი თავის მიმართ დაუშვებდა სიკვდილის შესაძლებლობას - რაც ნამდვილად არ სურდა. ალბათ არც ფანატიკოსი იყო - უფრო მეტად სავარაუდოა, ფული აიღო თბილისის ცენტრში პრეზიდენტის წინააღმდეგ ტერაქტის ჩატარებისთვის და ათგზის მეტს ელოდა «წარმატების» შემთხვევაში.
    შესაძლოა, კონკრეტულად ვაზიანის სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობას არც ჰქონდა ინფორმაცია დაგეგმილი ტერაქტის შესახებ. თუ იცოდა, მაშინ გაუგებარია, რატომ იქირავეს ტერორისტებმა ბინა თბილისში, როცა შეეძლოთ, თვით ბაზაზე ეცხოვრათ. ეს ხომ გაცილებით ხელსაყრელი და უსაფრთხო იქნებოდა მათთვის?! მაგრამ ზემოთთქმული იმას არ ნიშნავს, თითქოს რუსეთის სპეცსამსახურებმა ან თუნდაც საქართველოში არსებულ რუსულ სამხედრო ბაზებზე განლაგებულმა ქვედანაყოფებმაც არაფერი იცოდნენ.
    მიაქციეთ ყურადღება ედუარდ შევარდნაძის სიტყვებს: «საქართველოში არა მხოლოდ ვაზიანის სამხედრო ბაზაა - არის სხვა ბაზებიც». ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მრავლისმთქმელი მინიშნებაა, რომელიც ბევრ რამეზე მეტყველებს და სერიოზულ ეჭვებსაც აღძრავს.
    რასაკვირველია, თუ რუსეთის რომელიმე უწყებამ («საგარეო დაზვერვამ» ან პირიქით, «კონტრდაზვერვამ») მიიღო დავალება ან თავად გადაწყვიტა (საერთო პოლიტიკური კონტექსტიდან, რუსეთის ზოგადსახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე), მოეხდინა საქართველოს პრეზიდენტის ლიკვიდაცია - იგი სხვა უწყებებს არ მოახსენებდა ამის შესახებ. ვთქვათ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეეძლო არც სცოდნოდა კონკრეტულად როდის ან ვის მიერ განხორციელდებოდა ტერაქტი.
    მით უმეტეს ადვილად სავარაუდოა ამგვარი რამ ისეთ არადემოკრატიულ ქვეყანაში, როგორიც რუსეთია, სადაც სხვადასხვა სახელმწიფოებრივი უწყება განუწყვეტლივ ებრძვის ერთმანეთს.
    დავაკვირდეთ იმასაც, რომ ვაზიანის გარდა რუსული სამხედრო ბაზა ახალქალაქშიცაა განლაგებული; სომხეთში კი სულ ახლახან განხორციელდა (ფაქტობრივად) უსისხლო სახელმწიფო გადატრიალება. თითქმის ყველა დამკვირვებელი აღნიშნავს კავშირს ამ ორ მოვლენას - საქართველოს პრეზიდენტზე თავდასხმასა და სომხეთის პრეზიდენტის გადადგომას შორის.
    და ბოლოს, თვით ტერაქტთან დაკავშირებით საგულისხმოა შერჩეული დრო - თებერვლის დასაწყისი. ყველაზე მძიმე დრო საქართველოსთვის - პერიოდი, როდესაც ენგურჰესზე იწრიტება წყლის მარაგი, მწვავდება ენერგეტიკული კრიზისი, ილევა ზამთრის პროვიანტი, ოჯახებმა რომ შემოდგომაზე მოიმარაგეს - თებერვალი-მარტი-აპრილი «მშიერი თვეებია». ნებისმიერი პოლიტიკური აქტივობა ამ პერიოდში მოდუნებულია, თითქმის ნულზეა დასული. ამდენად, ყველაზე მეტად ხელსაყრელია ძალისმიერი აქციის ჩატარება პოლიტიკური გართულების მინიმალური რისკით.
    ახლო აღმოსავლეთში სულ მალე ომი დაიწყება, მსოფლიო საზოგადოების ყურადღება სპარსეთის ყურისაკენ (ერაყისაკენ) არის მიმართული. დაახლოებით ასეთივე ვითარება იყო 1991 წლის 11 იანვარს ლიტვაში, როდესაც იქ მოსკოვმა სისხლი დაღვარა. თუმცა ყოველივე მაინც «ირიბი» და «სავარაუდო» სიმპტომებია რუსულ სპეცსამსახურთა მონაწილეობისა «თბილისის აქციაში». სამაგიეროდ, ჩეჩენ-აკინელი ტერორისტის გვამი ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. «მთიელ ხალხთა კონფედერაცია», რომლის ეგიდითაც იგი იბრძოდა აფხაზეთში, რა თქმა უნდა, მოქმედებდა რუსეთის სპეცსამსახურთა ყოველმხრივი დახმარებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს (როგორც ჩვენში ჰგონიათ), თითქოს კონფედერატები რუსეთის მონები იყვნენ. უბრალოდ, იმ დროს, იმ მომენტში ჩრდილოეთ-კავკასიელთა და აფხაზი სეპარატისტების ინტერესები დაემთხვა რუსეთის ინტერესებს.
    ისინი გაერთიანდნენ საქართველოს წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ უთმობდა მათ რუსეთის ტელევიზია საეთერო დროს - ყოველნაირად ცდილობდა კონფედერაციის გაძლიერებას და ასე შემდეგ. მაგრამ როდესაც ინტერესები შეეჯახა (ჩეჩნეთის ომის პერიოდში), კონფედერაცია სადღაც გაქრა - არც არის გასაკვირი: იგი ისეთნაირადაა მოწყობილი, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია მოქმედება, როდესაც მოსკოვში «კარტ ბლანშს» აძლევენ და მაინც (ვიმეორებ), ეს არ ნიშნავს საკუთარი ინტერესების არარსებობას კონფედერატთა მხრიდან.
    «მთიელ ხალხთა კონფედერაცია» ნაწილია იმ ძალზე ფართომაშსტაბიანი და მნიშვნელოვანი მოძრაობისა, რომელიც ჯერ კიდევ 1989 წელს დაიწყო ყოფილ საბჭოთა კავშირში. ვგულისხმობ, კერძოდ, «მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკების უფლებრივი გათანაბრების» კონცეფციას, რასაც მხარი დაუჭირა გორბაჩოვ-ლუკიანოვის ტანდემმა. მათი კონცეფცია, დარწმუნებული ვარ, საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებრივი რღვევის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი გახდა, ვინაიდან იგი თანაბრად მიუღებელი იყო როგორც იმ რესპუბლიკათა ელიტებისთვის, სადაც არსებობდნენ ეგრეთ წოდებული «ავტონომიური რესპუბლიკები», ასევე იმათთვისაც, სადაც ამგვარი ავტონომიები არ შექმნილა ( უკრაინა, ყაზახეთი, უზბეკეთი და სხვა).
    პატარა ერებს, რომლებიც დიდი სახელმწიფოს სახელმწიფოებრივი კონსტრუქციის «აგურები» იყვნენ, თავისუფლება და დამოუკიდებლობა ისევე უნდოდათ, როგორც მათზე მრავალრიცხოვან ხალხებს. ამიტომ ყოფილი «ავტონომიების» ელიტებმა ძალზე ეშმაკური და გაიძვერული პოლიტიკა გაატარეს. მათ შეაჯახეს ერთმანეთს, ერთი მხრივ, ყოფილი «მოკავშირე რესპუბლიკების», მეორე მხრივ, ყოფილი «საკავშირო ცენტრის» ინტერესები. ნაწილობრივ მიაღწიეს კიდეც მთავარ მიზანს - ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე კვლავინდებურად შენარჩუნებულია ვითარება, როდესაც დსთ-ს წევრ სახელმწიფოებს შორის დაძაბულობის პროვოცირება მაინც შესაძლებელია «მცირე ერთა» ფაქტორის გამოყენებით.
    ამაშია მათი უკანასკნელი შანსი. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც თვით რუსეთშიც კი გამოითქმის მოსაზრება გორბაჩოვ-ლუკიანოვის ზემოთხსენებული იდეის დამღუპველობისა და პროვოკაციულობის თაობაზე. საგულისხმოა ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ ტერაქტის მონაწილეთა წრე, რომელიც დორენკოს პროგრამა «ვრემიამ» გამოაქვეყნა: აფხაზები, ჩეჩნები და ვიღაც «მესამე» ედუარდ შევარდნაძის უახლოესი გარემოცვიდან; «მესამე» უეჭველად რუსული სპეცსამსახურის რეზიდენტია, - მისი მეშვეობით სხვა შეთქმულნი ინფორმაციას იღებდნენ პრეზიდენტის მარშრუტის, დაცვის რაოდენობის თუ სხვა დეტალების შესახებ, მაგრამ თუ დავიჯერებთ (ნამდვილად შესაძლებელია), რომ უშუალო შემსრულებლები მართლაც აფხაზები და ჩეჩნები იყვნენ, მაშინ კვლავ უნდა განვიხილოთ ყურადღებით თუ სად, რატომ და რა მიზნით მოხდა მათი ინტერესების თანხვედრა რუსეთის სპეცსამსახურთა ინტერესებთან.
    დავსვათ ელემენტარული კითხვა: აძლევს თუ არა (ობიექტურად) რუსეთს ხელს საქართველოში დესტაბილიზაცია, ანარქია, დაპირისპირება «მართვადი ქაოსის მექანიზმთა» ამოქმედებისას, რაც თითქმის უეჭველად მოჰყვებოდა შევარდნაძის სიკვდილს? პასუხი ერთმნიშვნელოვანია - რა თქმა უნდა, ხელს აძლევს! რუსულ დაზვერვას, სადაც ამგვარი ოპერაციების დიდოსტატები მსახურობენ, უშუალოდ ბორის ელცინისგან ან ვიქტორ ჩერნომირდინისგან არ მიუღია ბრძანება, მაგრამ უშუალო ბრძანება არც იყო საჭირო - სპეცსამსახური ბრძანების გარეშეც მოქმედებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არ საჭიროებს მითითებას.
    იგივე კითხვა დავსვათ აფხაზ სეპარატისტთა, უფრო ზოგადად - ჩრდილოკავკასიელ ნაციონალისტთა მიმართაც - აძლევთ თუ არა მათ ხელს არეულობა საქართველოში? პასუხი კვლავ დადებითია, ანუ ისევ მოხდა ინტერესთა თანხვედრა, როგორც 1992-93 წლებში.
    შევარდნაძის სიკვდილი საშუალებას მისცემდა აფსუა სეპარატისტებს, ესარგებლათ არეულობით და მიეღწიათ საზღვრის გახსნისათვის მდინარე ფსოუზე. ჩეჩნებისთვისაც კი მომგებიანი იქნებოდა დესტაბილიზაცია სამხრეთ კავკასიაში. ჯერჯრეობით, საქართველოსგან მათ ვერაფერი მიიღეს: თბილისი-გროზნოს გზის მშენებლობას ოფიციალური თბილისი არ თანხმდება (მართალიც არის), საქართველომ არ აღიარა იჩქერიის დამოუკიდებლობა - ვერც აღიარებდა. ამდენად, ქაოსი საქართველოში შეიძლებოდა მართული ყოფილიყო არა მხოლოდ მოსკოვიდან, არამედ გროზნოდანაც;
    რაც ყველაზე მთავარია, აფხაზებსაც და ჩეჩნებსაც (აგრეთვე, სხვა ჩრდილოკავკასიელებს, რომლებიც გაერთიანებულნი არიან «კონფედერაციაში») ძალიან ეშინიათ, რომ საქართველო და რუსეთი გეოპოლიტიკურ კომპრომისს მიაღწევენ - მათთვის ეს აღსასრულის მომასწავებელი იქნება, ვინაიდან ჩრდილოეთ კავკასიას (და აფხაზეთს) მხოლოდ საქართველოს გავლით ძალუძს გავიდნენ რუსეთის გეოპოლიტიკური სივრციდან.
    მაშასადამე, ჩრდილოკავკასიელი ნაციონალისტები, აფხაზი სეპარატისტები და რუსეთის სპეცსამსახურები ერთობლივად, სინქრონულად იმოქმედებდნენ საქართველოს და მისი პრეზიდენტის წინააღმდეგ, მაგრამ არის კიდევ ერთი ფაქტორი, კიდევ ერთი, დამატებითი ელემენტი, რომელიც მთლიანად «კრავს» ამ გარეწართა «წრეს» ერთ რგოლად - ესაა ზვიადისტური მოძრაობის ნარჩენები.
    როგორც ჩანს, სწორედ ისინი შეადგენდნენ თავდამსხმელთა ბირთვს აფხაზებთან და ჩეჩნებთან ერთად;
    ამან არ შეიძლება ეგრეთ წოდებული «ზვიადისტური» მოძრაობის საბოლოო დისკრედიტაცია და კრახი არ გამოიწვიოს - ეს იდიოტები რატომღაც შევარდნაძეს კლავენ და არა იმათ, ვინ რეალურად დაამხო ექს-პრეზიდენტი.
    უფრო მეტიც - ამ უკანასკნელებთან საკმაოდ «ტკბილი» ურთიერთობა შეინარჩუნეს დღემდე. რადიო «თავისუფლების» ცნობით, ჯერ კიდევ შაბათს საღამოს უშიშროების სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულმა ჯგუფმა, რომელიც საუკეთესო სპეციალისტებისგან შედგებოდა, დააპატიმრა 3 ზვიადისტი. ისინი ეჭვმიტანილნი არიან თანამონაწილეობაში. ამოღებულია ავტომატური იარაღი, ყუმბარმტყორცნები, დოკუმენტაცია, რადიოკავშირის საშუალებები.
    რაც მთავარია, ამოღებულია იარაღი, რომელთაც მოკლეს კაბა შევარდენიძე და დათო კოკაური - ეს უეჭველად დაადასტურა ბალისტიკურმა ექსპერტიზამ.
    სულ ტერორისტულ აქტში მონაწილეობდა 18 ადამიანი, მათგან რამდენიმე - ჩეჩენი.
    დადგენილია, რომ თითოეულ ტერორისტს 200 ათას დოლარს შეპირდნენ შევარდნაძის მკვლელობის სანაცვლოდ, მაშასადამე, შემკვეთი იგივეა, ვინც 1995 წელს იყო. იგი ოსტატურად იყენებს ჩვენს შიდა დაპირისპირებას და ხან ერთ ძალას ეყრდნობა, ხან - მეორეს.
    ამით საერთო ვითარება არ იცვლება; «შემკვეთის» მიზანი იგივე რჩება: საქართველოში დესტაბილიზაციის პროვოცირება, სიტუაციის «არევ-დარევა», პოლიტიკურ ძალთა საბოლოო გადაკიდება; თითქოს ოდნავ მაინც მოშუშებულ სამოქალაქო ომის იარათა ხელახალი გახსნა, საქართველოს პოლიტიკის შეცვლა; დივერსიის ორგანიზატორი არასდროს მოქმედებს ემოციით - მას ცივი, რაციონალური განსჯა ამოძრავებს.
    თუმცა, თვით შემსრულებლები, არ არის გამორიცხული, სწორედ პიროვნული ბოღმისა და სიძულვილის გადმონთხევას ცდილობდნენ.
    რუსეთის საინფორმაციო-ანალიტიკურმა ინტელექტუალურმა ცენტრებმა გამოწვლილვით შეისწავლეს ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარება, პოლიტიკურ ძალთა განლაგება და მათი შესაძლებლობები, სოციალურ ფენათა განწყობა. ყოველივეს გათვალისწინებით განახორციელეს დარტყმა, მაგრამ, საბედნიეროდ, მიზანს ვერ მიაღწიეს.

დილის გაზეთი, 16 თებერვალი, 1998 წ.