გიორგი ჭანტურიას წინააღმდეგ ტერაქტის დამკვეთი ჯაბა იოსელიანი არ არის - ამისათვის ის ძალზედ დაბალ დონეს წარმოადგენდა», - თვლის ირინა სარიშვილი-ჭანტურია    

გიორგი ჭანტურიას წინააღმდეგ ტერაქტის დამკვეთი ჯაბა იოსელიანი არ არის - ამისათვის ის ძალზედ დაბალ დონეს წარმოადგენდა», - თვლის ირინა სარიშვილი-ჭანტურია    

 

    «გალიაში ნანახი განსასჯელებიდან არცერთი არ შეიძლება იყოს გიორგი ჭანტურიას წინააღმდეგ ტერაქტის დამკვეთი. ჯაბა იოსელიანზე იმის წარმოდგენა ნამდვილად ძნელია, რომ თვითონ იდგა ავტომატით ხელში და ისროდა, მაგრამ ის ნებისმიერ შემთხვევაში გაინაწილებს პასუხისმგებლობას, რადგან შემსრულებლები «მხედრიონის» წევრები იყვნენ», - განაცხადა ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ, რომელსაც მიაჩნია რომ დაკვეთა ჯაბა იოსელიანისაგან გამორიცხულია, რადგან იოსელიანი ძალიან დაბალი დონეა ასეთი პოლიტიკური მკვლელობისათვის.
  საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ჭანტურიას დაღუპვიდან სამ წლისთავთან დაკავშირებით, ქაშვეთის ეკლესიაში 3 დეკემბერს მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. «ამ ტერაქტის დამკვეთი ერთია, - დაკვეთა რუსეთიდან წამოვიდა, მაგრამ პასუხისმგებელი პირები საქართველოში, საქართველოს გარეთ და, შესაძლოა, საიქიოშიც კი უნდა ვეძებოთ».
    სარიშვილი-ჭანტურიას თქმით, ფაქტია, რომ ეს დაკვეთა არ განხორციელდებოდა საქართველოს ყოფილი უშიშროების მინისტრის იგორ გიორგაძის გვერდის ავლით, ამიტომ ის პასუხისმგებელია ამ ტერორისტულ აქტზე. იგი არ გამორიცხავს, რომ გიორგი ჭანტურიას მკვლელობაზე პასუხისმგებელი ზოგიერთი პირი დღეს ან ხელისუფლებაშია ან ხელისუფლების გარკვეული ნაწილის მფარველობით სარგებლობს.
    სარიშვილი-ჭანტურიას აზრით, რასაც დღევანდელი ხელისუფლება სასამართლო პროცესის დასაწყისს უწოდებს, არსით ძალიან შორს არის ძიების დასასრულიდან და მოსალოდნელი არც არის, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ რეალური დასკვნა გამოიტანოს, რადგან ამ ტერორისტულ აქტში საკმაოდ მაღალი ეშელონები იყო ჩართული.
    «ასეთი მასშტაბის მკვლელობები 3 წელიწადში არ იხსნება და ზოგჯერ 30-40 წელი სჭირდება, რათა საბოლოოდ დადგინდეს სიმართლე», -  განაცხადა ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ.

მერიდიანი, 5 დეკემბერი, 1997 წ.