გენერალი ლებედი ბათუმში მხოლოდ საბანაოდ არ ჩასულა; ანუ გაცილებით მსხვილი ციმორების ჭერა საქართველოში

გენერალი ლებედი ბათუმში მხოლოდ საბანაოდ არ ჩასულა; ანუ გაცილებით მსხვილი ციმორების ჭერა საქართველოში

      

        საქართველოს პრეზიდენტმა აჭარაში ალექსანდრე ლებედის სტუმრობისადმი ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა: «წინდახედული და ზრდილობიანი გუბერნატორი ერთხელ მაინც დარეკავდა დედაქალაქში!» ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ამ სიტყვებში არა მხოლოდ გენერალი ლებედი, არამედ თვით ასლან აბაშიძეც იგულისხმება.
        რაც შეეხება ალექსანდრე ლებედს, საქართველოს პრეზიდენტის გაღიზიანება მან თეატრალურად გაიკვირვა, აქაოდა, რა ვალდებული ვიყავი საქართველოს პრეზიდენტისათვის შემეტყობინებინა ჩემი მომავალი ვიზიტის თაობაზე - მე ხომ არასდროს ვატყობინებ კლინტონსა და შრიოდერს ამერიკაში ან გერმანიაში მოსალოდნელი ჩასვლის შესახებო?
        ეშმაკობს გენერალი ლებედი (საერთოდ, რუსი გენერლები, განსაკუთრებით საქართველოსადმი დამოკიდებულებაში საკმაოდ «გაეშმაკებულები» არიან), - მან ძალიან კარგად იცის, რომ როცა ამერიკაში ან გერმანიაში (ამ ქვეყნების რომელიმე რეგიონში) მიემგზავრება, აუცილებლად უნდა აიღოს ვიზა გერმანიის ან ამერიკის საელჩოში, - სხვაგვარად საზღვარზე არ გაატარებენ (მიუხედავად მისი მრისხანე გამომეტყველებისა) და უკანვე გამოაპანღურებენ. აქედან გამომდინარე, «შრიოდერთან ან კლინტონთან « შეთანხმება ლებედს სრულებითაც არ სჭირდება და ევალება, რაკი არ არის იმ დონის ფიგურა, ვიზიტი პრეზიდენტის დონეზე იყოს შეთანხმებული.
        მაგრამ განა ედუარდ შევარდნაძემ ის თქვა, ალექსანდრე ლებედს ჩემთან უნდა დაერეკაო? ასეთი რამ მას არ უთქვამს. «თბილისში დარეკვაში». იგულისხმებოდა ოფიციალურ ორგანოებთან ვიზიტის შეთანხმება, ან თუნდაც წინასწარ შეტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის.
        თუმცა საქმე ისაა, რომ ე.წ. «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში» ჯერ-ჯერობით არ მოქმედებს სავიზო რეჟიმი ანუ გერმანიასა და ამერიკაში მგზავრობისაგან განსხვავებით, ალექსანდრე ლებედს, სამწუხაროდ, საქართველოში ჩამოსასვლელად ვიზა არ დასჭირდება.
        თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ თურქმენეთმა უკვე შემოიღო სავიზო რეჟიმი და ალბათ, სულ მალე, დსთ-ს წევრი სხვა ქვეყნებიც ამ გზას დაადგებიან.
        მართალია, ლებედი «სავიზო რეჟიმის» შემთხვევაშიც თავისუფლად ჩავიდოდა ბათუმში გასაგები მიზეზების გამო (ისევე, როგორც 1993 წელს ჩავიდა იქ გენერალი გრაჩოვი ოფიციალური თბილისის აკრძალვის მიუხედავად), მაგრამ ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას სათქმელი მაინც ექნებოდა, რომ რუსეთის ერთ-ერთი რეგიონის ხელმძღვანელმა დაარღვია ქვეყნის სუვერენიტეტი; შესაბამისად, შეგვეძლებოდა აღგვეძრა საქმე საერთაშორისო ორგანიზაციებში, გაგვეგზავნა საპროტესტო ნოტები და ა.შ.
        ახლა კი რა გამოვიდა? ფორმალურად, ალექსანდრე ლებედს დსთ-ს წესდება არ დაურღვევია; თუმცა რეალურად, მისი ვიზიტი (საქართველოს ხელისუფლების სრული იგნორირებით), რა თქმა უნდა, ქვეყნის შეურაცხყოფა და დამცირებაა.
        პასუხად, საქართველოს რომელიმე ხელმძღვანელი სასწრაფოდ (რუსეთის დაუკითხავად) უნდა ეწვიოს ჩეჩნეთს და თათრეთს და იქ პოლიტიკური განცხადებები გააკეთოს.
        რასაკვირველია, ამას რუსეთის მწვავე რეაქცია მოჰყვება და საპროტესტო ნოტები თუ არა, «პოლიტიკური ღრენა» არ დააყოვნებს. რუსეთი იმოქმედებს იმპერიული პრინციპით: «ის, რაც ჩემთვის ნებადართულია - თქვენთვის აკრძალულია?»
        ქართული საზოგადოება კი იმდენად დაჩაჩანაკდა, რომ ასეთ თავხედობაზე აღარც ღიზიანდება.
        ისტორიას ჩაბარდა ეპოქა, როდესაც «ნაშ სოვრემენიკში» გამოქვეყნებული ვიქტორ ასტაფიევის მოთხრობის ან პროგრამა «ვზგლიადის» რომელიმე ანტიქართული სიუჟეტის გამო ლამის მთელი საქართველო ფეხზე დგებოდა; ინტელიგენცია აღშფოთებას ვერ მალავდა; ქვეყნდებოდა საპროტესტო წერილები და ა.შ.
        არადა, ლებედისა და რუსი გენერლების ქმედებასთან შედარებით რა არის ან ვიქტორ ასტაფიევის «ციმორების ჭერა საქართველოში» ან პროგრამა «ვზგლიადის» ავადსახსენებელი სიუჟეტი იმის თაობაზე, თუ როგორ შეუშალეს ხელი ქართველ (ბათუმელ) ახალგაზრდას მისმა მშობლებმა - რუსი გოგონას ცოლად შერთვაში!
        ყველაზე მეტად სასაცილო მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, ის ე.წ. ეროვნული მოძრაობის პარტიები არიან, რომლებიც აწ უკვე «ბათუმის კოალიციაში» გაერთიანდნენ. მათი მდგომარეობა ტრაგიკულია იმდენად, რამდენადაც სასაცილოა, ვინაიდან პოლიტიკოსებისათვის კომიკურ ვითარებაში ჩავარდნა ყველაზე საშიშია და მოუთმენელი.
        არადა, ისინი თავად გრძნობენ (რაც ყველაზე საგულისხმოა), როგორ ხარხარებს ახლა მთელი საქართველო მათი მდგომარეობის შემყურე - სასაცილოა, აბა რა: დაიწყო პოლიტიკური მოღვაწეობა «რუსული იმპერიალიზმის» წინააღმდეგ ბრძოლით, 9 აპრილით, გულმხურვალე ლოზუნგებითა და დაამთავრო იმით, რომ ფაქტობრივად, გენერალ ლებედის მონაწილეობით შეიმუშავო «საქართველოს ეროვნული გადარჩენისა და განვითარების კონცეფცია?!».
        თავად განსაჯეთ: ბათუმში გრძელდება კონსულტაციები «ეროვნული» პარტიების მონაწილეობით; საცაა, უნდა შეიქმნას ერთიანი საარჩევნო სია (რეალურად შეიქმნება თუ არა - სხვა საკითხია), ამ დროს კი, რუსი შოვინისტ-იმპერიალისტების სათაყვანებელი კერპი და «დერჟავა-იმპერიის» უპირველესი სიმბოლო, ალექსანდრე ლებედი დემონსტრაციულად ჩადის «მეორე პოლიტიკურ ცენტრში», რაკი «პირველში» არავის დაუპატიჟია!

        ისიც კი საფიქრებელია, რომ ასლან აბაშიძე მათ შეგნებულად უჭრის უკანდასახევ გზას და ფაქტის წინაშე აყენებს, რათა მერე ვეღარ შეძლონ თქვან: «არ ვიცოდით, აბაშიძეს პრორუსული ორიენტაცია თუ ჰქონდაო».

მერიდიანი, 21 ივლისი, 1999 წელი