ბაღაფშმა და ჯერგენიამ შევარდნაძეს არძინბას ულტიმატუმი გადასცეს: «თუ ეკონომიკურ სანქციებს არ მოგვიხსნით, სამეგრელოში ომი გაჩაღდება»

ბაღაფშმა და ჯერგენიამ შევარდნაძეს არძინბას ულტიმატუმი გადასცეს: «თუ ეკონომიკურ სანქციებს არ მოგვიხსნით, სამეგრელოში ომი გაჩაღდება»

 

    რუსებისა და აფხაზებისთვის ახლა საქართველოში ომის დაწყება უაღრესად ხელსაყრელია, ვინაიდან ეს ჩაშლის ნავთობსადენის გაყვანას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე.
    საომარი მოქმედებები სამეგრელოში განვითარდება.
    სწორედ ამიტომ მიმდინარეობს ენგურის მარცხენა სანაპიროზე საფორტიფიკაციო ნაგებობათა მშენებლობა. ომი საშინელი სისწრაფით გვიახლოვდება.
    თბილისში გამართულ ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე არაერთხელ ითქვა, რომ ვლადისლავ არძინბამ საქართველოს პრეზიდენტს წერილი გამოუგზავნა. ამ წერილით სეპარატისტთა ლიდერი უახლოეს მომავალში მოვლენათა განვითარების აპოკალიფსურ სურათს ხატავს.
    მისი თქმით, სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს ხელისუფლება აპირებს (შევარდნაძეს არძინბა წერილობით აცნობს, თუ რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთში) ახალი ომის გაჩაღებას «აფხაზი ხალხის» წინააღმდეგ - ათასობით ჯარისკაცისა და ასეულობით ერთეული მძიმე ტექნიკის მეშვეობით, რომელიც უკვე დისლოცირებულია სამეგრელოში და მზად არის შეტევის დასაწყებად.
    გაუთვითცნობიერებელ ადამიანს შეიძლება კიდეც გაუკვირდეს, ვინაიდან ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს: საქართველოს ხელისუფლებას წინასაარჩევნო პერიოდში ნამდვილად არ აძლევს ხელს ახალი ომის გაჩაღება. საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ პარტიზანულ მოძრაობაზე, რომელიც გალის მოვლენათა შემდეგ ღრმა კრიზისში იმყოფება.
    არძინბამ ყოველივე, რა თქმა უნდა, შესანიშნავად უწყის, მაგრამ მისი წერილი სინამდვილეში სულ სხვა მიზანს ისახავს. ეს არის ულტიმატუმი, რომელსაც იგი უყენებს საქართველოს ხელისუფლებას! სერგეი ბაღაფშისა და ანრი ჯერგენიას ჩამოსვლაც თბილისში სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
    აფხაზებმა შესანიშნავად იციან, რომ პოლიტიკური სტატუსის გარკვევამდე და ლტოლვილთა დაბრუნებამდე ქართველებთან «ეკონომიკურ თანამშრომლობაზე» საუბარს აზრი არა აქვს. მაგრამ საქმე სწორედ ეს გახლავთ: «საკოორდინაციო საბჭოს» სხდომა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ფუჭი საუბარი მხოლოდ შირმა იყო ბაღაფშისა და ჯერგენიასათვის, რათა მათ აღესრულებინათ ძირითადი, ფარული მისია - სიტყვიერად გადაეცათ შევარდნაძისათვის არძინბასგან ის, რაც წერილში ვერ დაიწერებოდა, ანუ აშკარა მუქარა-ულტიმატუმი: თუ უახლოეს მომავალში აფხაზეთს არ მოეხსნება ეკონომიკური სანქციები, საქართველოში ახალი ომი გაჩაღდება.
    ოღონდ საქართველო კი არ გააჩაღებს ომს აფხაზეთის წინააღმდეგ, არამედ პირიქით - არძინბას სეპარატისტული რეჟიმი წამოიწყებს ომს საქართველოსთან.
    სეპარატისტთა ლიდერმა შემთხვევით არ ახსენა წერილში «ნავთობსადენი». ამით იმის თქმა სურდა, რომ რუსეთისათვის ახლა საქართველოში ომის გაჩაღება უაღრესად ხელსაყრელია, ვინაიდან ეს ომი ჩაშლის ნავთობსადენის გაყვანას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ბუნებრივია, საერთაშორისო კონსორციუმი მოერიდება «ომის კერაში» მილიარდობით დოლარის ინვესტირებას.
    ყველაზე საშიში ის გახლავთ, რომ კვლავ (უკვე მერამდენედ) ემთხვევა ერთმანეთს სეპარატისტთა და რუსეთის ინტერესები. ფინანსურმა კრიზისმა სეპარატისტები უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა.
    ფაქტობრივად, ისინი სულს ღაფავენ. ამდენად, შექმნილ ვითარებას (არსებულ სტატუს-ქვოს) არძინბა უკვე ვეღარ შეურიგდება. მას სჭირდება სტატუს-ქვოს დარღვევა, თორემ აფსუები შიმშილით ამოწყდებიან, - ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აფხაზეთიდან რუსეთში ოცი ათასამდე ადამიანი გადავიდა სხვადასხვა გზით. ამრიგად, ახალი ომი სეპარატისტებს «თავისუფლად ამოასუნთქებს».
    მით უმეტეს, რომ რუსული მასმედიის მეშვეობით ამ ომს სულ ადვილად მისცემენ საპირისპირო ინტერპრეტაციას: საქართველომ აგრესია წამოიწყო აფხაზეთის წინააღმდეგო.
    თუმცა, რეალურად საომარი მოქმედებები სამეგრელოში განვითარდება. ისევე, როგორც სომხეთი «იგერიებდა» აზერბაიჯანის აგრესიას თვით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და სულ ახალ-ახალ რაიონებს «ათავისუფლებდა» აზერბაიჯანელი «აგრესორებისაგან».
    ამრიგად, ვითარება უაღრესად დაძაბულია, არძინბა აშკარად არანორმალურია და ასევე არანორმალურ მასას ხელმძღვანელობს, რომელიც არაფერს მოერიდება.
    საქართველოს ხელისუფლებამ (ვიმეორებ) მიიღო ულტიმატუმი, რომლის აღსრულება სეპარატისტებს არ გაუჭირდებათ. რუსეთის სამშვიდობო ძალებმა ერთბაშად შეიძლება მიიღონ ბრძანება (რაკი მათი მანდატის ვადა გაგრძელებული არ არის) და დატოვონ კონფლიქტის ზონა. ამის შემდეგ არძინბას ულტიმატუმი კიდევ უფრო მკაცრი და ცინიკური გახდება: დაუყოვნებლივ მომამარაგეთ სურსათით, თორემ ვიწყებ ზუგდიდის დაბომბვას! რაც მთავარია, არძინბასა და მის გარემოცვას იოტისოდენი ეჭვი არ ეპარებათ «აფხაზური არმიის ძლევამოსილებაში».
    როგორც ჩანს, შესაბამისი ინფორმაცია ქართულ სპეცსამსახურებსაც აქვთ.
    სწორედ ამიტომ მიმდინარეობს ენგურის მარცხენა სანაპიროზე საფორტიფიკაციო ნაგებობათა მშენებლობა. ომი საშინელი სისწრაფით გვიახლოვდება. არძინბა მართლაც ჩიხშია მომწყვდეულიო და სხვა გამოსავალი აღარ რჩება. ყველაფერი ისევ და ისევ საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე იქნება დამოკიდებული. საზოგადოება შექმნილი ვითარების საშიშროებას ვერ აცნობიერებს, არადა მშვიდობა საქართველოში მართლაც ბეწვზე ჰკიდია.

«7 დღე», 25 სექტემბერი, 1998 წელი