ბარიკადები

ბარიკადები - ეროვნული მოძრაობა

ბარიკადები

2 სექტემბრის პროვოკაციის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე ირაკლი წერეთელმა და გია ჭანტურიამ ცალ-ცალკე დაიწყეს მიტინგების გამართვა. მათ შორის უთანხმოება ჯერ კიდევ არ იყო აღმოფხვრილი. როგორც ცნობილია, ედპ-ს ლიდერი, თავის «კონგრესმენ» კოლეგას გამსახურდიასადმი «საეჭვო ლოიალობაში» სდებდა ბრალს. თუმცა, 2 სექტემბრის მოვლენამ წერეთელი საბოლოოდ გამიჯნა პრეზიდენტისაგან. მისი ძირითადი თეზისი იგივე გახლდათ: «ქართველ ხალხს საბჭოური არჩევნებისათვის ბოიკოტი უნდა გამოეცხადებინა, - მხოლოდ კონგრესი უნდა აერჩია და მაშინ ყველაფერი რიგზე იქნებოდა, ვინაიდან მთელ მსოფლიოს ეცოდინებოდა, რომ ეს ხელისუფლება არ არის ქართველი ხალხის არჩეული».
    ედპ-ს შტაბ-ბინასთან მუდმივად ირეოდნენ პარტიის აქტივისტები და «ელიტარული ინტელიგენციის» წარმომადგენლები. გამაყრუებელი ხმით გაჰყვიროდა მეგაფონი. საათობით იმეორებდნენ 2 სექტემბრის ინციდენტის დეტალებს. ანუ, თუ როგორ შეიკრიბნენ პარტიის წევრები და მხარდამჭერები «ჩვეულებრივ საინფორმაციო მიტინგზე» და როგორ დაარბია ისინი «ურჩხულმა, რომლის აგონია უკვე დაიწყო».
    ირაკლი წერეთელმა «იმელის» წინ სამშენებლო ნაგავი დააყრევინა და მას «ბარიკადა» უწოდა. იმავე დღეს, რუსეთის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში მან ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა: «Если в Грузии не будeт установлена демократия, ни о какой независимости не может быть и речи».
    ეს იყო ერთგვარი გამოხმაურება იმდროინდელი ბობოქარი დისკუსიისა: ჯერ დამოუკიდებლობა თუ ჯერ დემოკრატია?
    ამ დისკუსიას იმთავითვე საშინელი პროვინციალიზმის ელფერი დაჰკრავდა: რაკი «დამოუკიდებლობაში» ვგულისხმობთ «სახელმწიფოებრიობას», მაშინ ჯერ სახელმწიფო უნდა გაგაჩნდეს (როგორც ასეთი) რათა შემდგომ იმ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვაზე და სხვა დემოკრატიულ ღირებულებებზე ილაპარაკო.
    მეორეს მხრივ, დემოკრატია ხომ იგივე «ხალხის მმართველობაა» ანუ, ისევ და ისევ სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა. მაშასადამე დემოკრატია და დამოუკიდებლობა ერთი მედლის ორი მხარეა და მათი დაპირისპირება იმთავითვე სიბრიყვე იყო. თუკი სახელმწიფო არ გაგაჩნია, მის «დემოკრატიულ მართვაზე» საუბარი აშკარა დემაგოგიაა.
        ისტორიულად ისიც უეჭველია, რომ ხშირად სახელმწიფოებრივი დაფუძნების პროცესში ტოტალიტარული მეთოდები უფრო შედეგიანია და მიზანშეწონილი. ეს ობიექტური რეალობაა – განურჩევლად იმისა, რამდენად მისაღებია ამგვარი რამ თავად ავტორისათვის. მაგალითად, სომხებს ასეთი დისკუსია სასაცილოდ არ ეყოფოდათ მაშინ, როდესაც «ძირითადი ეროვნული ინტერესის» დასაკმაყოფილებლად იბრძოდნენ. სხვა საქმეა, საქართველოსათვის რაში მდგომარეობდა ეს «ძირითადი ეროვნული ინტერესი» - მაგრამ ამის თაობაზეც ბევრად ქვემოთ.

    ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამაც ააგო «ბარიკადა» შტაბბინის წინ. ოღონდ გია ჭანტურიას ბარიკადა უფრო «რესპექტაბელური» იყო - ნაგავი კი არ დაყარა რუსთაველზე, არამედ ბეტონის ფილები მოატანინა და კოხტად დააწყობინა გზის სავალ ნაწილზე.
    ამ ბარიკადასთან მწვავე დისკუსიები მიმდინარეობდა. ედპ-ს წევრთა უმთავრესი თეზისის თანახმად, სანამ საქართველოში უცხო ქვეყნის ჯარი დგას, ეროვნულ სუვერენიტეტსა და სახელმწიფოებრიობაზე ლაპარაკი ზედმეტია.
    (მიაქციეთ ყურადღება: ეს ფუნდამენტური დებულება მომდევნო წლებში ამ პარტიის წევრებს აღარ გახსენებიათ არც გაყოფამდე და არც გაყოფის შემდეგ. გავიდა 1992 წელი, 1993, 1994, 1995, 1996, 1997, 1998, 1999 და ედუარდ შევარდნაძეს რომ არ გახსენებოდა სტამბულის სამიტზე, - ამათ ალბათ საერთოდ აღარც გაახსენდებოდათ. შემდეგ 2000, 2001, 2002, 2003. . . . და ა.შ.)
    გია ჭანტურია ხშირად გამოდიოდა სიტყვით თავისი კაბინეტიდან - შტაბბინასთან გამართული რადიოქსელით: «. . . . .მეგობრებო, მე გამსახურდიას არ შევურიგდები, - ბოლოს და ბოლოს გადადგეს და მერე შევურიგდები!».
    იმავე რადიოქსელით გადაიცა ანდრეი სახაროვის ცოლის, ელენა ბონერის «მიმართვა ქართველ ხალხს». ამ დედაკაცს საბჭოთა პერიოდიდან - მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვა სიძულვილი ქართველი ხალხისადმი. მცირე ხნით ადრე რუსულ პრესაში იგი წერდა : «Президентство в Грузии Ггамсахурдия озночает одно: Россия теряет кавказ. и ей надо во всём поддержать Армению, чтобы не превратится в геополитичесское ничтожесство». 1991 წლის სექტემბერ-ოქტომბრის მოვლენების დროს კი თავს იკატუნებდა და მისთვის ჩვეული ყალბი პათეტიკით მოუწოდებდა «კეთილშობილ ქართველ ხალხს, არ შერიგებოდა გამსახურდიას დიქტატურას, ვისაც არაერთგზის უღალატია თავისი მეგობრებისათვის».
    აქ მთავარი ის კი არ არის, მართლა უღალატა თუ არა გამსახურდიამ «მეგობრებს» (იგულისხმება დასავლელ ჟურნალისტებთან დაკავშირებული სამარცხვინო ინციდენტი) არამედ ელენა ბონერის მოტივაცია.
    «ქართველი ხალხისადმი მოწოდებიდან» მცირე ხნის შემდეგ, 1991 წლის 27 დეკემბერს, როცა თბილისში უკვე ძმათამკვლელი ომი მძვინვარებდა, ნიუ-იორკში, სახაროვისათვის მიძღვნილი პრემიის მისაღებად მყოფმა ელენა ბონერმა ღია წერილით მიმართა ბორის ელცინს: «ამაზე ხელსაყრელი დრო აღარ გვექნება, საქართველოში ომია, სასწრაფოდ აღიარეთ «სამხრეთ ოსეთის» დამოუკიდებლობა». ამითაც თვალნათელია, რა ამოძრავებდა მას (და არა მხოლოდ მას), როდესაც უველანაირად უწყობდა ხელს საქართველოში დაპირისპირების გამძაფრებას.
    თუმცა, გია ჭანტურიასა და მისი პარტიის წევრებს უხაროდათ - «სახაროვის ცოლი მხარს გვიჭერსო».
    აქ უკვე აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თვით სახაროვმა უდიდესი ზიანი მიაყენა საქართველოს, ცნობილი ფრაზით «მცირე იმპერიის» შესახებ. და ამაშიც იგრძნობოდა იმ დედაკაცის «ხელი».

    ოპოზიციის პარალელურად, ზვიად გამსახურდიაც მართავდა ყოველდღიურ მიტინგებს «მთავრობის სასახლესთან». ეს მიტინგები უარეს მარაზმში გადაიზარდა: მართლაც საშინელი სანახავი იყო გასაცოდავებული, გაძვალტყავებული ხალხი, მათ შორის ქალები, მოხუცები, დიდწილად პროვინციალები ან დაბალი სოციალური ფენების წარმომადგენლები («სვეტები» ძირითადად თბილისი ზღვაზე ან «რესპუბლიკის მოედანზე» იკრიბებოდნენ), რომელთაც გულწრფელად სჯეროდათ, რომ «სამშობლოს ინტერესებს იცავდნენ» გამსახურდიასა და მისი რეჟიმის დაცვით; რომ ეროვნულ პრეზიდენტსა და, მისი სახით, ეროვნულ საქმეს  ედგნენ მხარში, - საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ, როდესაც გამოდიოდნენ იმ მიტინგებზე, ლაპარაკობდნენ და ჰყვებოდნენ ათასგვარ სისულელეს.
    ზოგჯერ გამსახურდიაც შეუღრენდათ ხოლმე : «დავიღალეთო?!» - რას ქვია დაიღალეთ, ეს იგივეა, ჯარმა რომ დაიჩივლოს ბრძოლისას: «დავიღალეო».
    ისიც უნდა ითქვას, რომ გამსახურდიასათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო ასეთი «საპასუხო მიტინგების» ორგანიზება. ამას თავისი დანიშნულება ჰქონდა: წინააღმდეგ შემთხვევაში, სიგუასა და კიტოვანს მიეცემოდათ საშუალება ეთქვათ: «ხომ ხედავთ, გამსახურდიას მხარს აღარავინ უჭერს – სადღაა ის 87 პროცენტი?». რაკი მიტინგები იმართებოდა, ამას ვეღარ ამბობდნენ. სამაგიეროდ, სხვა არგუმენტს მიაგნეს: «ეგ ხალხი კი არა გონებადაბნელებული ბრბოა».
    არადა, ჭკუათმყოფელი ადამიანი იმთავითვე უნდა მიმხვდარიყო, რომ ამ ვითარებაში ხელისუფლების ძალით დამხობა უეჭველად, უეჭველად გამოიწვევდა სამოქალაქო ომს. სხვა საქმეა, ეს გამართლებული (მიზანშეწონილი) იყო თუ არა. ანუ «ღირდა თუ არა» გადატრიალებით მიღებული შედეგი იმ ფასად, რა ფასადაც იგი ქვეყანას დაუჯდა. პოლიტიკა კი «ფასის» ზუსტად განსაზღვრის ხელოვნებაცაა.
    იმდროინდელ «ოპოზიციას» ვერაფრის დიდებით ვერ შეაგნებინებდი, რომ გამსახურდიას ნამდვილად ჰყავდა სავსებით გულწრფელი მომხრეები (იდიოტები თუ გონიერნი - არა აქვს მნიშვნელობა), რომლებიც ამას ასე ადვილად არ შეურიგდებოდნენ და იბრძოლებდნენ ბოლომდე. შედეგად ქვეყანა კიდევ უფრო დაიქცეოდა.
    ამას მაშინ ვერავის შეასმენდი. თუთიყუშებივით იმეორებდნენ ერთი და იმავეს: «ხა-ხა-ხა, რა სისულელეა, მაგას მხარს ვინ დაუჭერს, პირველ გასროლაზე გაიქცევა და ყველას მეორე დღეს დაავიწყდება».
    იყვნენ ისეთებიც, რომელთაც შესანიშნავად ესმოდათ «რა დაჯდებოდა», მაგრამ პირადად მათ «უღირდათ», - ოღონდ კი საკუთარი ბოღმა და ფანატიკური სიძულვილი დაეკმაყოფილებინათ.
    რამდენიც არ უნდა ეყვირათ ჭანტურიას აქტივისტებს «ჩაუშესკუ, ჩაუშესკუ!!!», ეს შედარება იმთავითვე თითიდან გამოწოვილი იყო. ყველაფერ სხვას რომ თავი დავანებოთ, რუმინელ დიქტატორს დამხობისას მხარს არავინ უჭერდა საკუთარი სპეცსამსახურის («სეკიურიტატეს») გარდა. ამიტომ მის დამხობას სამოქალაქო ომი არ მოჰყოლია და არც მოჰყვებოდა. საქართველოში კი თვისებრივად სხვა ვითარება გახლდათ.
    ამას რომ ეუბნები, «ანტიზვიადისტები» ღიზიანდებიან - იწყებენ საკუთარი ხალხის ლანძღვას: «რა დებილი და დეგენერატი ხალხის შვილები ვყოფილვართო». მაგრამ ასეა თუ ისე, რაც გვყავდა ეს ხალხი გვყავდა – სხვა ხალხი ხომ არ გვყოლია?! თუმცა, შეფასებას რა მნიშვნელობა აქვს. რაც მთავარია, გამსახურდიას მთელს ქვეყანაში უამრავი მომხრე ეგულებოდა. ამიტომ, მოწოდება «გადადგეს პრეზიდენტი» - იმთავითვე იყო მოწოდება სამოქალაქო ომისაკენ.
    არც ეს დებულება შეიცავს რაიმე შეფასებას (დადებითს ან უარყოფითს). უბრალოდ, ვახდენ ფაქტის კონსტატირებას: თუ პრეზიდენტის მხარდამჭერთა რიცხვი ნულზე არ არის დასული (როგორც ეს იყო რუმინეთში, ჩაუშესკუს დროს ან სომხეთში, მას შემდეგ რაც ლევონ ტერ-პეტროსიანმა გამოაქვეყნა ცნობილი მიმართვა - კომპრომისის აუცილებლობის თაობაზე), მაშინ მისი ძალადობრივი დამხობა ან თუნდაც ნებაყოფლობითი გადადგომაც კი, აუცილებლად გამოიწვევს უმწვავეს სამოქალაქო დაპირისპირებასა და სამოქალაქო ომს.
    ქართული ეთნოფსიქოლოგიური თავისებურებებისა და მენტალიტეტის გათვალისწინებით ეს ელემენტარული, ობიექტური რეალობა კიდევ უფრო გარდაუვალ და მძვინვარე ხასიათს იძენდა.
    მთლიანობაში კი, დღემდე რატომღაც მხოლოდ იმ იდიოტებზე ლაპარაკობენ, გამსახურდიას მომხრეთა მიტინგებზე რომ გამოდიოდნენ «სიტყვით» და მართლაც ათას სისულელეს როშავდნენ. არადა, სამართლიანობა და ობიექტურობა მოითხოვს ითქვას: არც მეორე მხარე გამოირჩეოდა ნაკლები ეგოიზმით, ფანატიზმითა და გონებრივი სიჩლუნგით.

    შეგახსენებთ იმდროინდელ თეზისს: «რაც არ უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, ყოველგვარ შედეგზე მაინც ხელისუფლება აგებს პასუხს».
    სხვას რომ თავი დავანებოთ, ამ უზნეო თეზისიდან უდავოდ გამომდინარეობს, რომ ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებასაც აქვს უფლება, ნებისმიერი უზნეობა ჩაიდინოს, ყველაფერზე ხელი მოაწეროს, ყოველგვარი მეთოდი გამოიყენოს, რათა ოპოზიცია დაამარცხოს და მისი ხელისუფლებაში მოსვლა (ანუ გამარჯვება) არ დაუშვას.
    რატომაც არა? თუკი რაც არ უნდა ჩაიდინოს ოპოზიციამ, რა მეთოდებიც არ უნდა გამოიყენოს, რაც არ უნდა იკადროს, ყველაფერზე მაინც ხელისუფლება აგებს პასუხს, მაშინ მას (ხელისუფლებას) რატომ არა აქვს უფლება, ყოველგვარი დანაშაული ჩაიდინოს, რათა ოპოზიციის გამარჯვება არ დაუშვას?
    გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ იმ ხალხს, ვინც 1991 წელს ამ უზნეო თეზისს ქადაგებდა, იგივე თეზისი რატომღაც 1993 წლის შემდეგ აღარ გახსენებია, როდესაც აფხაზეთის დაკარგვასა და საქართველოს ისტორიულ დამარცხებას მხოლოდ „შეიარაღებული ზვიადისტური ოპოზიციის  მოღალატურ მოქმედებას“ აბრალებდა