ჯუმბერ პატიაშვილი ბრალს დებს

ჯუმბერ პატიაშვილი ბრალს დებს

 

    ბოლოდროინდელმა რამდენიმე სოციოლოგიურმა გამოკვლევამ მოულოდნელი და ერთი შეხედვით უცნაური შედეგი მოგვცა. პოლიტიკოსთა რეიტინგში განუწყვეტლივ «იკრებს ქულებს» და მაღლა მიიწევს საქართველოს კომპარტიის «ცკ»-ს ყოფილი პირველი მდივანი, ჯუმბერ პატიაშვილი.
    თანაც, განსაკუთრებით საინტერესოა იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ პატიაშვილის რეიტინგი იზრდება არა მხოლოდ დაბალ სოციალურ წრეებში, რომელთაც ეკონომიკური სიდუხჭირე აიძულებთ სოციალური ნოსტალგიის პერსონიფიცირებას, არამედ ინტელიგენციის წრეშიც კი.
    ამ უკანასკნელს (თუ არ ჩავთვლით «ელიტარული ინტელიგენციის» ერთ ნაწილს) ფაქტობრივად უკვე გაუცრუვდა იმედი, რომ «მსოფლიო დონის პოლიტიკოსი» საქართველოში სიტუაციის მკვეთრ გაუმჯობესებას მიაღწევდა. ამიტომ, იგი გაფაციცებით ეძებს მისი სულიერი მდგომარეობის შესაფერის ალტერნატივას და ვინაიდან ე.წ. «ეროვნული მოძრაობის» ტალღაზე მოსულ პოლიტიკოსთა უდიდესი ნაწილი დისკრედიტირებულია -  ალტერნატივას პოულობს იმავე პარტიული ნომენკლატურის სხვა ცნობილ წარმომადგენელში.
    ჯუმბერ პატიაშვილისა და ედუარდ შევარდნაძის დამოკიდებულება საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოცანაა. ჯერ კიდევ 1985 წელს, მოსკოვში აღზევებულ შევარდნაძეს საქართველოს ახალი ლიდერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა (სოლიკო ხაბეიშვილი) ჰყავდა, რომელთანაც ჯუმბერ პატიაშვილს სამკვდრო-სასიცოცხლო მტრობა აკავშირებდა. საქართველოს პარტიული ლიდერის საკითხი მაშინ გორბაჩოვის ერთმა «გულუბრყვილო» შეკითხვამ გადაწყვიტა: «А Патиашвили?».
    ჯუმბერ პატიაშვილმა პოსტზე დანიშვნისთანავე რეპრესიები განახორციელა შევარდნაძის ფავორიტთა წინააღმდეგ, რომელთაგან რამდენიმე (მათ შორის იგივე სოლიკო ხაბეიშვილი) ციხეშიც აღმოჩნდა. ეს იყო უდიდესი დარტყმა პოლიტბიუროს ახალი წევრის ავტორიტეტზე. 1987 წელს ჯუმბერ პატიაშვილს «საქართველოში პარტიული მშენებლობის ჩაშლისათვის» პოლიტბიურომ საყვედური გამოუცხადა. მაშინ ხალხში ლეგენდად დადიოდა პოლიტბიუროზე მომხდარი ინციდენტი: ეგორ ლიგაჩოვმა უყვირა პატიაშვილს: «Вы вообще не работаете!» რომელზეც პატიაშვილის ნაცვლად შევარდნაძემ მიუგო: «Егорь Кузьмич, они еще не начали работь, - они мои ошибки исправляют!».
    შემდეგ საქართველოში აგორდა მძლავრი მოძრაობა. დაიწყო «მიტინგების ეპოქა». ჯუმბერ პატიაშვილისათვის ეს მოვლენები პირადი კატასტროფაც იყო. პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გამოსვლისას (1989 წლის წლის 9 აპრილის მოვლენებამდე) პატიაშვილმა უხეში გულწრფელობით განაცხადა: ვიღაც-ვიღაცეებს მოსკოვში ძალიან სურთ, საქართველოში რამე მოხდეს, რადგან საქართველოში ყოფნისას მათ კავშირი ჰქონდათ იმ ადამიანებთან, რომლებიც ამჟამად იზოლირებული არიან საზოგადოებისაგან (იგულისხმებოდა სოლიკო ხაბეიშვილი - ავტ).
    9 აპრილის ტრაგედია მართლაც პატიაშვილის პიროვნული კატასტროფა გახდა. იგი დღემდე ცდილობს საზოგადოებას აუწყოს იმ საზარელი მოვლენის «ჩრდილოვანი მხარის» შესახებ. თუმცა, მისი გამბედაობა არ სცილდება რიტორიკულ კითხვას: «ვინ იჯდა თვითმფრინავში?»
    პატიაშვილი გულისხმობს, რომ შევარდნაძემ უფრო მეტი იცოდა 9 აპრილის შესახებ, ვიდრე ამას ღიად ამბობს, თუმცა ეს მისი მხოლოდ ერთ-ერთი არგუმენტია და არა ერთადერთი.
    ჯუმბერ პატიაშვილმა საქართველოში სოიოს კულტურის განვითარების საკმაოდ სერიოზული პროგრამა შეიმუშავა. საჭირო იყო რამდენიმე მილიონი დოლარის კრედიტი, მაგრამ გაერთიანება «თავთავს» რომელსაც პატიაშვილი უდგას სათავეში ეს კრედიტი არ მისცეს. 50 მილიონი მარკა, რომელიც გერმანულმა მხარემ სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის გამოყო, თითქმის მთლიანად განაწილდა და განიავდა ხელისუფლებასთან დაახლოებულ წრეებში. ამჟამად ჯუმბერ პატიაშვილი და მის მხარდამჭერთა საკმაოდ ძლიერი ჯგუფი საპარლამენტო უმრავლესობაში, დაჟინებით მოითხოვს კრედიტების თაობაზე პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწყობას, რათა მთავრობის წარმომადგენლები ანგარიშით წარსდგნენ საკანონმდებლო ორგანოს წინაშე უზარმაზარი სავალუტო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით.
    შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი ამ დებატებისას სწორედ პატიაშვილი იქნება, რომელიც ალბათ, პირველად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ღიად დაუპირისპირდება ედუარდ შევარდნაძეს და მას პირდაპირ წაუყენებს მძიმე ბრალდებას.
   

«მიმომხილველი», 31 მაისი, 1995 წელი.