ჯაბას მეორედ მოსვლა

ჯაბას მეორედ მოსვლა


   

    ჯაბა იოსელიანისადმი შეიძლება მრავალგვარი დამოკიდებულება გქონდეს, მაგრამ შეუძლებელია არ აღიარებდე, რომ იგი უდავოდ არაორდინარული პიროვნებაა.
    ჯაბა ზვიად გამსახურდიასთან და ედუარდ შევარდნაძესთან, აგრეთვე ირაკლი წერეთელთან და გია ჭანტურიასთან ერთად საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ შემოქმედადაც უნდა ჩაითვალოს. თავდაპირველი ემოციური დამოკიდებულება მის მიმართ თანდათან ნელდება. ბოლოს და ბოლოს, იმ სამოქალაქო ომში, რომელიც საქართველოს დაატყდა თავს, ყველა ერთნაირად დამნაშავეა, ომი კი ძარცვა-გლეჯის გარეშე არ არსებობს.
    «მხედრიონის» ლიდერი (მოგვწონს თუ არა) თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი დამფუძნებელია. ამერიკელთა ტერმინოლოგიით - «მამა-დამფუძნებელი» (სახელმწიფო კი, მოგეხსენებათ, როგორიც გვაქვს და ამდენად, ჩვენი პოზიცია დიდად ნუ შეგაკრთობთ ან გაგაკვირვებთ). ჯაბა იოსელიანი დღემდე ცდილობს პოლიტიკური აქტივობა შეინარჩუნოს. ეს მისი ერთადერთი შანსია, ვინაიდან თუ პოლიტიკურმა ბომონდმა იგი დაივიწყა, შესაძლოა ვეღარც გამოვიდეს საკმაოდ კომფორტაბელური საკნიდან, რომელშიც სასამართლოს განაჩენის შემდეგ მოათავსებენ. აკი თავად აცხადებს: ხუთი წლით სამუდამო პატიმრობას მომისჯიანო. მიუხედავად ამისა, ჯაბა იოსელიანის უკანასკნელი დემარში ძნელია გონიერ ნაბიჯად ჩაითვალოს.
    «ბებერმა მოჯაჰედმა» ედუარდ შევარდნაძეს წერილით მიმართა მომავალ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ფაქტობრივად ეს «ღია წერილი» იყო, ვინაიდან მისი შინაარსი დაუყოვნებლივ გახდა ცნობილი მასმედიისათვის. ბუნებრივია, ჯაბას ასეც ჰქონდა ჩაფიქრებული. წერილის დედააზრი ისევ და ისევ ასლან აბაშიძეს ეხება. საერთოდ, თბილისი-ბათუმის დაპირისპირება საქართველოში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფაქტორი ხდება. თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა თუ ფიგურა ცდილობს, საკუთარი პოზიცია სწორედ ამ სიბრტყეზე დააფიქსიროს - არა აქვს მნიშვნელობა, ვის მხარეს ან ნეიტრალურ პოზიციაზე. სამივე გამოკვეთილი ადგილია საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტზე. ჯაბა იოსელიანი ედუარდ შევარდნაძეს სთავაზობს ასლან აბაშიძის დანიშვნას პრემიერ-მინისტრად. მისი აზრით, მხოლოდ ეს მისცემს საქართველოს საშუალებას, თავიდან აიცილოს დაპირისპირების გამწვავება თბილისსა და ბათუმს შორის.
    ბევრს ახსოვს, რომ ჯაბა იოსელიანი პირველად არ შუამდგომლობს შევარდნაძესა და აბაშიძეს შორის. 1993 წლის ზაფხულში ჯაბასთან შეთანხმებით (შესაძლოა, მისი რჩევითაც, თუმცა მაშინ მათ შორის ურთიერთობა ძალიან გამწვავდა) შევარდნაძემ შესთავაზა აჭარის ლიდერს დაეკავებინა პრემიერ-მინისტრის პოსტი თითქმის ძალით გადაყენებული თენგიზ სიგუას ნაცვლად.
    ასლან აბაშიძე ამაზე არ დათანხმდა და არც დათანხმდება საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე რადგან (როგორც არაერთგზის უთქვამს) თავი ედუარდ შევარდნაძის ალტერნატივად მიაჩნია.
    მაშასადამე, მის «პრემიერ-მინისტრობაზე» ლაპარაკიც ზედმეტია, თუმცა ამჟამინდელი პრეზიდენტისათვის ახლაც, ისევე როგორც ხუთი წლის წინ, ეს იდეალური ვარიანტი იქნებოდა. მაგრამ ასლან აბაშიძე დღესაც «ცივი უარით» ისტუმრებს შუამავლებს. ოღონდ ხუთი წლის წინ ჯაბასთან ამ თემაზე საუბრისას მან, როგორც ჩანს, იეშმაკა და «მხედრიონის» ლიდერს ისეთი შთაბეჭდილება შეუქმნა, თითქოს პრინციპში არ იქნებოდა წინააღმდეგი ბათუმი-თბილისზე გაეცვალა. არადა, ეს ილუზიაა და ყალბი შთაბეჭდილებაა.
    სინამდვილეში ასლან აბაშიძე, როგორც პოლიტიკური ფენომენი, შეიძლება მხოლოდ ამჟამინდელ აჭარაში არსებობდეს. თბილისის სინამდვილეს იგი ასე ადვილად ვერ «მოერგება» და უმალვე დაკარგავს ქარიზმას. ეს თავად ასლან აბაშიძემ შესანიშნავად იცის, ანუ კარგად უწყის, რომ ის, რაც აჭარაში «გასდის», თბილისში ვერ გაუვა»; ამიტომ საეჭვოა სინამდვილეს შეესაბამებოდეს მისი განცხადებები «პრეზიდენტობისათვის ბრძოლის» შესახებ. ეს უფრო ტაქტიკური სვლაა, ვიდრე რეალური განაცხადი და სურვილი.
    შესაძლოა ყოველივე ჯაბა იოსელიანმა არ იცოდეს ან არ ითვალისწინებდეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მისი მიზანი იყო მასმედიისა და პოლიტიკური ისტებლიშმენტის ყურადღების მიპყრობა, იგი მიღწეულია. მართალია, ყურადღება ხანმოკლე აღმოჩნდა, მაგრამ ზუსტად ვერავინ იტყვის, როგორ განვითარდება მოვლენები «საკონსტიტუციო ცვლილებებისა» და კოალიციურ მთავრობაში პორტფელთა განაწილებისას. თუმცა, «ყურადღების მიპყრობა» დღევანდელ პირობებში ციხის კარების გახსნას ჯერ კიდევ არ ნიშნავს.

მერიდიანი, 6 ივლისი, 1998 წელი