ჭორაობა სოფლად 

ჭორაობა სოფლად 

        საქართველოს ექსპრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ერთხელ საოცარი რამ თქვა (ზოგჯერ ისიც ამბობდა ხოლმე საოცრებებს) მის შესახებ გავრცელებული მორიგი ჭორის კომენტირებისას.
        მთავრობის სხდომაზე (!) გამოსვლისას მან განაცხადა: «ერთი დიდი სოფელი ვართ, - ვცხოვრობთ ჭორაობით და ინსინუაციებით».
        ამ განცხადებას დიდი აურზაური მოჰყვა. თუმცა შევარდნაძემ იცოდა, რას ამბობდა - ორი მთავარი მიზეზის გამო. ჯერ ერთი, ედუარდ შევარდნაძე შესანიშნავად იცნობდა იმ საზოგადოებას, რომელსაც ხელმძღვანელობდა 30 წლის განმავლობაში; მეორე მიზეზი კი ის გახლავთ, რომ შევარდნაძე მანამდე რამდენიმე წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრი იყო; შემდეგ «ცკ» - ს პირველი მდივანი, იმდროინდელი «კგბ»-ს მასალებზეც ხელი მიუწვდებოდა და კარგად უწყის, რომ სპეცსამსახურებს (არა მხოლოდ ქართულს, რასაკვირველია), რომლებიც საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებს სწავლობენ, თავიანთ არსენალში ჭორების გავრცელების მეთოდიც აქვთ.
        საქართველოში ამ მეთოდმა «შესანიშნავი» შედეგები გამოიღო. საქმე ისაა, რომ ჭორაობა ნებისმიერ საზოგადოებაში უყვართ, მაგრამ ისე ზღვარგადასული, თანაც პოლიტიზებული და პოლიტიკური საჭიროებისათვის გამოსადეგარი ჭორაობა, როგორც საქართველოშია, ალბათ ძნელად მოსაძევებელია სადმე.
       
       

როგორ «ეკურკურებოდა» ქართველი «ცეხავიკი» რაისა გორბაჩოვას
       

       

    1985 წელს, როდესაც მიხეილ გორბაჩოვმა ჯუმბერ პატიაშვილი «ცკ» - ს პირველ მდივნად დანიშნა, თბილისში ხმა დაირხა: შევარდნაძემ სოლიკო ხაბეიშვილი შესთავაზა, მაგრამ გორბაჩოვმა იკითხა «ა პატიაშვილი?»
        ბუნებრივია, ეს კითხვა თავისთავად შეიცავდა პასუხს. მიზეზად კი იმდროინდელი «პოლიტჭორიკნები» როსტოვში მომხდარ ერთ ინციდენტს ასახელებდნენ.
        როგორც ცნობილია, მოსკოვში დაწინაურებამდე, საბჭოთა იმპერიის მომავალი მმართველი სტავროპოლის მხარეში მუშაობდა «პარტიულ ლიდერად» და ქართველ «ცეხავიკებთან» კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
        ეს «კარგი ურთიერთობა» «მაყუთის ღუნვაში» გამოიხატებოდა, მაგრამ ერთმა ქართველმა ბიზნესმენმა, გორბაჩოვთან სახლში სტუმრობისას ფული საკმარისად მიიჩნია, რათა «რაისასთან», როგორც იტყვიან «კურკური» დაეწყო.
        «აბა რუსი გორბაჩოვი პასუხად რას გაუბედავდაო, - ვერც მიხვდა თურმე, რაში იყო საქმე, მაგრამ ჯუმბერს გაუყვანია ის ტიპი და კარგად უბეთქიაო».
        ხედავთ თურმე როგორ წყდებოდა სსრკ-ში საკადრო საკითხები? გორბაჩოვს ჯუმბერის მიმართ ცოლ-ქმრული მადლიერება ამოძრავებდა: ოჯახი შეუნარჩუნა კაცს და არ დაანგრევინა ვიღაც «ტიპს».
        თავდაპირველად, შევარდნაძის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნაც ჭორი ეგონათ, მერე იმით ხსნიდნენ – რეიგანს ბებია ჰყოლია ქართველი და შევარდნაძე ამიტომ დანიშნესო.

«მურტალო» და «სიმპატიაშვილი»

   

        პატიაშვილს ხან «მურტალოს» ეძახდნენ, ხან «სიმპატიაშვილს». ამბობდნენ, სოლიკო ხაბეიშვილი რომ დააჭერინა, უბრძანა შორს არსად წაეყვანათ და ლესია უკრაინკას ქუჩაზე, კგბ-ს შენობაში ჰყოლოდათ, - ახლოს რომ ყოფილიყოო.
        თუმცა, მთლიანობაში, პოლიტიკური ჭორაობა იმ ეპოქაში, ცნობილ საზოგადო მოღვაწეთა ჰომოსექსუალურ მიდრეკილებებით შემოიფარგლებოდა. განსაკუთრებით იმ მსახიობების, რეჟისორებისა თუ მწერლების მიმართ, რომლებიც «მოდისიდენტო» ნაწარმოებებით თუ საქციელით გამოირჩეოდნენ:
        «აი, წყნეთის აგარაკზე შეასწრეს ამათ და ამათ - ჯგუფური სოდომიზმის დროს, იმათ კი მაგრად გაუკვირდათ: ისეთ რას ვაკეთებდითო. . . . . «სროკზე» კი უპირებდნენ გაშვებას (იმ ეპოქაში «ამაზე» «სროკი იყო»), მაგრამ ხმაურს მოერიდნენო».
        «ეროვნული მოძრაობის» დაწყებისთანავე ჭორაობამ განსაკუთრებით ეგზოტიკური სახე შეიძინა. თანაც ქართული «მმაჩიზმო» ფსიქოლოგიის გათვალისწინებით: იმ მოძრაობის «პატრიარქის» შესახებ მაშინ ხშირად გაიგონებდი: «ცოლი და ცოლის და პოლის ჯოხით ცემდნენო»
        «მერედა იმან რაო?»
        «რა და .. . . ხა ხა ხა – მილიციას გამოუძახა!! უა –ხა – ხა – ხა -ხა!».

        ქართველი პოლიტიკოსების მამათმავლებად გამოცხადება განსაკუთრებით ჭრიდა და ჭრის. ასლან აბაშიძე ერთ-ერთ დისიდენტზე და თავის მტერზე პირდაპირ ამბობდა კიდეც ვიწრო წრეში: «ციხეში უბიწობა დაკარგა და რა ბევრს ლაპარაკობსო».
        ერთი სიტყვით, «მომაკვდინებელი» არგუმენტი იყო და არის. თუმცა ვისთან ჭრიდა და ვისთან - არა.
        თავი რომ დავანებოთ პირად ცხოვრებაზე ჭორაობას, - პოლიტიკური ჭორაობა მაინც იმავე შინაარსის მოვლენად რჩებოდა. სად გადაწყდა ედუარდ შევარდნაძის საქართველოში ჩამოყვანა? რა თქმა უნდა პოტომაკის ნაპირას – ბუჩქებში!

 

ჭორი, როგორც პოლიტიკური არგუმენტი

 

        აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჭორების ინსტრუმენტს ამ ქვეყანაში არა მხოლოდ ხელისუფლება იყენებს, არამედ ოპოზიციაც. იმიტომ, რომ ეს ძალიან ქმედითი იარაღია და მისი მეშვეობით ამგვარ საზოგადოებაში არც თუ ისე ძნელია პოლიტიკური მოწინააღმდეგის თუ პარტიის დისკრედიტაცია.
        ამ შემთხვევაში (როცა საქმე ორგანიზაციას ეხება) უფრო ფულზეა ხოლმე ლაპარაკი.
        1994 წელს «რესპუბლიკელებმა» - «ეროვნულ - დემოკრატებს» ჭორი აუგორეს: ასლან აბაშიძისაგან ფულს იღებენო, რასაც პარლამენტის შენობის ფოიეში გია კობახიძესა და დათო ბერძენიშვილს შორის დიდი «ბათქი» მოჰყვა მას შემდეგ, რაც პირველმა - მეორეს «თეიმურაზ ხევისთავობა» დასწამა.
        სხვათა შორის, «უძველესი ქართული ოპოზიციური პარტიის» ერთ-ერთ ლიდერ ქალბატონზე ამბობდნენ: «ოპონენტების ტყეში გათრევასა და იქ ჯგუფურ «გაჟიმვას» ემხრობა – ამის შემდეგ კრინტსაც ვეღარ დასძრავენო».
        თუმცა ეს «კრეატიული» იდეა მაშინ ვერ განხორციელდა.
        რა შეიცვალა მას შემდეგ საქართველოში? ანუ არა მხოლოდ «ეროვნული მოძრაობის» პერიოდიდან, არამედ შევარდნაძის მმართველობიდან? არც არაფერი!
        ჭორის გავრცელება კვლავინდებურად მძლავრ იარაღად რჩება და დარჩება მანამ, სანამ თვით საზოგადოება არ შეიცვლება და არ გახდება უფრო ადეკვატური, უფრო თანამედროვე;
        დასავლურ «ტაბლოიდებს» რომ თვალი გადაავლოთ, «სტილის» თუ «სვეტური ქრონიკის» რუბრიკაში უამრავ ჭორ-მართალს ამოიკითხავთ, მაგრამ პოლიტიკოსებზე – ძალიან იშვიათად. იმიტომ, რომ პოპულარულმა მსახიობმა თუ დიზაინერმა ჭორებს შეიძლება ყურადღება არ მიაქციონ. პირიქით, - კიდეც გააღვივონ;
        პოლიტიკოსს კი საზოგადოება აიძულებს რეაგირებას და მტყუან-მართალიც უმალვე ირკვევა.
        საქართველოში ასე არ ხდება და ამაში დამნაშავენი არა ჟურნალისტები, არამედ პოლიტიკოსები და ის საზოგადოებაა, რომელიც საჯარო მოღვაწეთა ინდიფერენტობასა და ინფანტილიზმს ურიგდება.