წყლის ნაყვა აფხაზეთის თემაზე

წყლის ნაყვა აფხაზეთის თემაზე

 

    პარასკევს, საქართველოს პარლამენტმა ხანგრძლივი მოსამზადებელი სამუშაოსა და «საკომიტეტო მოსმენების» შემდეგ დაიწყო დებატები აფხაზეთის კონფლიქტის თაობაზე.
    იმთავითვე ცხადი გახდა, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას დღევანდელ პარლამენტში არ სურს ახალი ომი რეგიონში. ოღონდ არა «განსაკუთრებული გულმოწყალების გამო» არამედ იმიტომ, რომ რუსეთის შესაძლო რეაქციისა ეშინია. სწორედ ეს გარემოება განასხვავებს ამჯერად დეპუტატებს თამაზ ნადარეიშვილისაგან, როდმელიც კვლავინდებურად აფხაზური პრობლემის ძალისმიერი გზით გადაწყვეტის მომხრედ რჩება, ვინაიდან არ სჯერა, რომ სეპარატისტები რაიმეს დათმობენ მოლაპარაკებათა შედეგად.
    გარდა ამისა, ნადარეიშვილმა (ისევე როგორც ასეულ ათასობით ლტოლვილმა) თავად დაკარგა ბევრი რამ, - ამდენად, დეპუტატთა უმრავლესობისაგან განსხვავებით, მას პირადი დაინტერესებაც აქვს.
    გამოიკვეთა ისიც, რომ პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისით ამჯერად «ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ» აშკარად დაჯაბნა თავისი მოწინააღმდეგე. «ედპ»-ს მიერ წარმოდგენილ დადგენილების პროექტში აფხაზეთი «რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად» ცხადდებოდა. «ეროვნულ-დემოკრატებმა» შესანიშნავად იცოდნენ, რომ უმრავლესობა ამ პუნქტს არ დაეთანხმებოდა, მაგრამ ამ გზით «ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ» ქარაგმულად მიანიშნა ყველას, ვინც აფხაზეთში ომის დაწყებას აპირებს, «ხომ არ გაგიჟებულხართ, ვისთან აპირებთ ომს, - რუსეთთან?!»
    პირდაპირ ისინი ამას, რა თქმა უნდა, ვერ იტყოდნენ. ეს ცხადი გახდა ირინა სარიშვილის გამოსვლითაც, რომელმაც განაცხადა: «ომი აფხაზეთში შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა - დასავლეთ საქართველოში დესტაბილიზაციისა და ნავთობსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გავლის ჩასაშლელად. აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალები უნდა გავიდნენ, მაგრამ უნდა მოხდეს, მათი ჩანაცვლება სხვა ქვეყნის სამხედრო კონტიგენტით».
    ბოლო თეზისი ყველაფერს ნათელს ჰფენს, ვინაიდან შინაარსობრივად არანაირი განსხვავება არ არის, რუსეთის ჯარი იდგება ენგურზე, თურქეთის თუ ამერიკის - არსებული მანდატის თანახმად, ისინი საპოლიციო ფუნქციებს არ შეასრულებენ, ანუ ლტოლვილებს არ დაიცავენ, ხოლო მათ ზურგს უკან ტერიტორიას (იმავე გალის რაიონს) კვლავ გააკონტროლებს აფხაზური მილიცია.
    ნებისმიერი სხვა ქვეყნის ჯარი, არსებული მანდატის საფუძველზე, მხოლოდ მესაზღვრის ფუნქციას შეასრულებს. რაც შეეხება მანდატს, იგი შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ რუსეთის თანხმობის შემთხვევაში. თუ საქართველო მიმართავს თხოვნით გაეროს - «მშვიდობისათვის იძულების» ოპერაციის ჩატარების თაობაზე, გაერო ამაზე უარს იტყვის, ვინაიდან რუსეთს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვს.
    თავად რუსეთი კი, მანამ, სანამ საქართველო არ დათანხმდება ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ინტეგრაციულ პროცესებში მონაწილეობას, რეალურად არაფერს იღონებს აფხაზეთში საქართველოს «შეკვეცილი იურისდიქციის» არსადგენად.
    ეს ყოველივე ხელისუფლებას, რასაკვირველია, ძალიან კარგად ესმის, მაგრამ მაინც ცდილობს საპარლამენტო სხდომაზე «ორთქლის გამოშვებას». გარდა ამისა, მას, როგორც ჩანს, ძალიან სურს საზოგადოებაში დაამკვიდროს აზრი, თითქოს აფხაზეთი საქართველომ ზვიად გამსახურდიას მომხრეთა ღალატის შედეგად დაკარგა, - რაც სრული სიყალბეა. ამ იდეოლოგიური სტერეოტიპის ავტორები თავად ვერ ხვდებიან, რომ უნებლიე წინააღმდეგობაში იგდებენ თავს, - თუ ომი აფხაზეთში იყო ომი საქართველოსა და რუსეთს (თუნდაც რუსეთის «რეაქციულ ძალებს») შორის, მაშინ საქართველოს ამ ომში გამარჯვება არ ეწერა და ომის დაწყება იმთავითვე ავანტიურად უნდა ჩაითვალოს.
    გარდა ამისა, აქ ერთ უცნაურობასაც ვხვდებით, - სხდომაზე გამოსვლისას ბორის კაკუბავამ მოიყვანა ფაქტები, თუ რა სიმხეცეს ჩადიოდნენ აფხაზეთში კიტოვანის გვარდიელები. ყველამ ძალიან კარგად ვუწყით, რომ აფხაზეთში კიტოვანის ე.წ. «გვარდიის» შესვლის შემდეგ დაიწყო საზარელი ძარცვა-გლეჯა, «მოროდიორობა» და, ხშირ შემთხვევაში, უდანაშაულო ადამიანთა ხოცვა-ჟლეტა. ამ დროს კი ხელისუფლება მის მიერვე დამხობილი ძველი ხელისუფლების მომხრეთაგან და ასევე გაძარცვული და შეურაცხყოფილი სამეგრელოსაგან აფხაზეთის ომისადმი ცალსახა დამოკიდებულებას მოითხოვდა და დღეს ბრალსაც სდებს მათ, - რატომ თავიდანვე მხარში არ ამოგვიდგენო.
    ჯერ ერთი, ეს ომი სამხედრო გადატრიალების გზით ხელისუფლების სათავეში მოსულმა ჯგუფმა სწორედ იმიტომ დაიწყო, რომ ეთნიკური კონფლიქტის პროვოცირების გზით საბოლოო გამარჯვება მოეპოვებინა სამოქალაქო კონფლიქტში. მერაბ მამარდაშვილის ცნობილ გამონათქვამს «ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგასო», დეკემბერ-იანვრის გადატრიალების მომხრეები და იდეური სულისჩამდგელები ყველა შემთხვევაში იყენებენ ამ გადატრიალების გასამართლებლად. მაგრამ ეს ფორმულა რატომღაც ავიწყდებათ, როდესაც საქმე აფხაზეთის ომს ეხება. ე.ი. «ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას» მხოლოდ მაშინ, როცა დეკემბერ-იანვრის სამხედრო გადატრიალებაზე მსჯელობენ. მაგრამ როგორც კი აფხაზეთში კრიმინალური ბანდების მოქმედებას ეხება საქმე, მამარდაშვილის გამონათქვამი უმალვე ავიწყდებათ და ამ ომისადმი ყველასგან ცალსახა დამოკიდებულებას მოითხოვენ.
    აფხაზეთში ომის პროვოკატორები არამარტო სოხუმში და გუდაუთაში, არამედ თბილისშიც იმყოფებოდნენ, ომის «თბილისელმა» ინიციატრებმა ხომ შესანიშნავად უწყოდნენ, ომი აფხაზეთში, როგორც არ უნდა წარმართულიყო, როგორც არ უნდა დამთავრებულიყო, - ეს ომი მაინც მისცემდათ მათ საშუალებას გამარჯვება მოეპოვებინათ სამოქალაქო ომში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, - აფხაზეთი რომც დაკარგულიყო, ამ ომის გზით ყოფილი ხელისუფლების პრობლემას მაინც გადაწყეტდნენ, ეს იყო მათთვის მთავარი და არა აფხაზეთის შენარჩუნება. მიუხედავად ამისა, იმ ადამიანებმა, რომლებიც დღეს ლოთი ქობალიას უსინდიდოდ აბრალებდნენ - არძინბასთან ალიანსში იყავიო - გადაშალონ 1993 წლის გაზაფხულისა და ზაფხულის გაზეთები (მათ შორის ოფიციოზის) და წაიკითხონ სტატიები რომლებიც იმ ომში ყოფილი ხელისუფლების მომხრეთა მონაწილეობას ეხება, - მაშინ «ოფიციოზის» ერთგულმა ბევრმა ჟურნალისტმა ჯერ კიდევ არ იცოდა, რა «იდეოლოგიური შეკვეთა მზადდებოდა», - ამიტომ ხშირ შემთხვევაში სიმართლეს წერდა.
    მავანთა მცდელობა, აფხაზეთის ომის თაობაზე მათთვის სასურველი «იდეოლოგემები» და სტერეოტიპები დაამკვიდრონ, სრული კრახით დასრულდება, - საბოლოო სიტყვას ამის თაობაზე ისტორია იტყვის, დღეს კი გვაქვს ტრაგიკული რეალობა, - დაკარგული და ქართველობისაგან დაცლილი აფხაზეთი. საქართველომ დაკარგა არა მხოლოდ უმდიდრესი და ულამაზესი კუთხე, არამედ თავისი შავიზღვისპირეთის 61 (!) პროცენტი. რაც შეეხება პრობლემის მოგვარებისა და ტერიტორიის დაბრუნების შესაძლებლობას, მთავარია სწორი კონცეპტუალური მიდგომა გამოვიმუშაოთ. აფხაზეთის დაბრუნება (იმ აზრით, როგორც საქართველოში ესმით ეს ცნება) ვერც რუსეთისადმი დათმობით მოხერხდება - ომი ჩეჩნეთში ნათელყოფს, რომ პარტიზანული მოძრაობის დამარცხება ფაქტობრივად, შეუძლებელია, - ეს არ ძალუძთ თვით ყველაზე ძლიერ და კრგად შეიარაღებულ არმიასაც კი. საქართველომ შეიძლება კიდეც მიიღოს რუსეთის მხარდაჭერა, მაგრამ აფხაზეთის ტერიტორიის სრულ გაკონტროლებას შეიარაღებული ძალებით და აფხაზ პარტიზანთა განადგურებას მრავალწლიანი სისხლისმღვრელი ომი დასჭირდება.

     ამრიგად, აფხაზეთის პრობლემისადმი მიდგომა კარდინალურად უნდა შეიცვალოს, - ჩვენი აზრით დღეს საქართველოს პრეზიდენტი უკვე უახლოვდება ამგვარ გაგებას - სწორედ ამიტომ საუბრობს იგი «პირდაპირ მოლაპარაკებებზე არძინბასთან», სწორედ ამიტომ გააქტიურდა მისი «ჩრდილოეთ კავკასიური პოლიტიკა». გარდა ამისა, ედუარდ შევარდნაძე ძალიან ფრთხილად, ოსტატურად, მაგრამ განუხრელად ამზადებს საზოგადოებრივ აზრს იმ თეზისისათვის, რომ ომი აფხაზეთში ჩვენი საერთო უბედურება იყო, - რომ ამ ომის მიზეზი არის კრიმინალური ბანდების გაბატონება ქვეყანაში (რაც, თავის მხრივ წინა ხელისუფლების არაკომპეტენტური მმართველობით იყო გამოწვეული) რომ აფხაზეთი ამ ბანდებმა ისევე გაძარცვეს, როგორც სამეგრელო, თბილისი, კახეთი და სხვა რეგიონები. სწორედ ამიტომ, ამ თეზისის შესამზადებლად ახორციელებს შევარდნაძე რეპრესიებს (სავსებით გამართლებულ და კანონიერ რეპრესიებს) 1992 წლის იანვარში ქვეყნის სათავეში მოსული კრიმინალების ლიდერების მიმართ, რომელთა უმრავლესობა უკვე ციხეში ზის და დანარჩენსაც, უახლოეს მომავალში, იგივე ბედი ელით.
    არ შეიძლება არ ვაღიაროთ, რომ ქვეყნის მეორე პრეზიდენტი, ამ შემთხვევაში, უდავოდ მართალია, - ეს არის ერთადერთი საფუძველი, რომელზედაც შეიძლება გაიმართოს პირდაპირი მოლაპარაკება აფხაზებთან და (არსებული რეალიების გათვალისწინებით) მიღწეულ იქნას მაქსიმალურად შესაძლებელი კომპრომისი.
    სხვა გზა, ალბათ, უკვე აღარ არსებობს.

«მსგეფსი», 13 აპრილი, 1996 წელი.