ჩვენი წითელი ინტელიგენცია

ჩვენი წითელი ინტელიგენცია

 

    1989 წლის 12 აპრილს, მთავრობის სასახლესთან დატრიალებული ტრაგედიიდან რამდენიმე დღის შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა: «მეტი მუშაობაა საჭირო ინტელიგენციასთან, - საქართველოში არ არსებობს პარტიული მუშაობა ინტელიგენციასთან მუშაობის გარეშე».
    შევარდნაძე ამ შემთხვევაში გულწრფელი იყო, - ჯერ კიდევ 1972 წლიდან, როგორც კი საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გახდა, შევარდნაძემ დაიწყო «ინტელიგენციასთან მუშაობა», რაც შემდგომ საქართველოში «პარტიული ხელმძღვანელობის» დამახასიათებელი სტილი გახდა. ქართველ «ინტელიგენციას» (ცნობილ მწერლებს, მეცნიერებს, მხატვრებს, კინორეჟისორებს, კომპოზიტორებს), რომელთა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი თავისი საქმის მართლაც შესანიშნავი მცოდნე იყო, ხშირად იწვევდნენ სხვადასხვა თათბირებზე და შეკრებებზე «ცენტრალურ კომიტეტში». ეს უკანასკნელი იმ დროს ხელისუფლებასთან ასოცირდებოდა. ამდენად, «ცნობილ პოეტს» ან არანაკლებ «ცნობილ მსახიობს» გულს ეფონებოდა, როდესაც ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი დაურეკავდა და თათბირზე დაპატიჟებდა; შემდეგ მანქანას გაუგზავნიდნენ მოსაყვანად და ა.შ.
    სხვათა შორის, ამ პერიოდშიც არანაკლები სიხშირით იმართებოდა ბანკეტები და წვეულებები (ოღონდ, რასაკვირველია «საბჭოთა დღესასწაულებთან» დაკავშირებით). ამ წვეულებებზე ყოველთვის პატიჟებდნენ «ცნობილ ინტელიგენციას» (რაიკომის მდივნებთან ერთად) - შევარდნაძემ ქართველი კაცის ფსიქოლოგია კარგად შეისწავლა, მან ზუსტად გათვალა, რომ «სუფრის სულისკვეთება» ადამიანთა და სოციალურ ჯგუფთა ურთიერთობაში ძალიან დიდ როლს ასრულებს.
    ამავე დროს, საქართველოს პარტიული ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებდა, რათა შეძლებისდაგვარად შეეწყო ხელი იმ ინტელიგენტებისათვის, რომლებიც «პარტიულ დირექტივებს» სწორად და ზუსტად ასრულებდნენ და «ცენტრალურ კომიტეტს» პრობლემებს არ უქმნიდნენ - «დამჯერე» მწერლებს საშუალება ჰქონდათ გამოეცათ თავიანთი ნაწარმოებები, ხოლო კინორეჟისორებს - გადაეღოთ ფილმები და ა.შ.
    თანდათანობით, ამგვარი პოლიტიკის შედეგად, საქართველოში ჩამოყალიბდა განსაკუთრებული სოციალური ფენა, რომელიც პარტიულ (სახელისუფლო) ელიტასთან იყო შეზრდილი და, ფაქტობრივად, იმდროინდელი საზოგადოების ზედაფენას წარმოადგენდა. ამავე დროს, ეს ინტელიგენცია (სახელწოდება, რასაკვირველია პირობითია, მაგრამ რაკი სწორედ ეს სახელწოდება დამკვიდრდა - ჩვენც იძულებული ვართ, იგი გამოვიყენოთ) ე.წ. «საბჭოთა ნომენკლატურის» განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა და, ისევე როგორც ჩვეულებრივი პარტიული, კომკავშირული ან სამეურნეო-სამრეწველო ნომენკლატურა, მონაწილეობდა იერარქიულ კიბეზე «ვერტიკალურ» თუ «ჰორიზონტალურ» გადაადგილებებში.
    - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
    კომუნისტების მიერ გამოძერწილ «წითელ ინტელიგენციას» ერთი უცნაურობა ახასიათებდა: მიუხედავად შემოქმედებითი «დისიდენტობისა», იგი ხელისუფლებისადმი ლოიალობას ყოველთვის ინარჩუნებდა. მაგალითად: რომელიმე მწერალს შეეძლო დაეწერა «დისიდენტური» რომანი (რა თქმა უნდა, გადაჭარბების საშუალებას არ მისცემდნენ), რომელშიც მკაცრად გააკრიტიკებდა (ქარაგმულად) საბჭოთა წყობას, კომუნისტურ იდეოლოგიას; მაგრამ ამავე დროს, ცენტრალურ კომიტეტში თავის «მეგობარ-ამხანაგებთან» შესანიშნავ ურთიერთობას შეინარჩუნებდა, - ისევე, როგორც თვით «ცკ»-ს პირველ მდივანთან.
    რასაკვირველია, იმავე «ცკ»-ს ინსტრუქტორები (იდეოლოგიის დარგში) შესანიშნავად ამჩნევდნენ იმ ქარაგმებს, რომლებიც რომანში (ფილმში თუ სპექტაკლში) იყო ჩადებული, მაგრამ არაფერს აკეთებდნენ მათი აკრძალვისათვის - ესეც შევარდნაძის ძალზე ეშმაკური და შორსმჭვრეტელური პოლიტიკა იყო. როდესაც ეს რომანი (ფილმი, სპექტაკლი) რუსეთში ხდებოდა ცნობილი, იქაური «ინსტრუქტორები» განცვიფრებას ვერ მალავდნენ და სულ ცოფებს ყრიდნენ, მაგრამ საქართველოში (შევარდნაძის «ლოცვა-კურთხევით») კვლავ იდგმებოდა «დისიდენტური» სპექტაკლები, იღებდნენ «დისიდენტურ» ფილმებს, კომედიებს და ა.შ.
    ამ უცნაურობის ახსნა ადვილად შეიძლება: შევარდნაძეს ინტელიგენციის იდეური მრწამსი არ აინტერესებდა, - მისთვის მთავარი ის იყო, რომ ინტელიგენცია ხელისუფლებისადმი ლოიალური ყოფილიყო. ვიმეორებ: ყოფილიყო ლოიალური ხელისუფლების და არა იდეოლოგიისადმი.
    სწორედ ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, შევარდნაძე გასაქანს არ აძლევდა იმას, ვინც «მართლმორწმუნე კომუნისტი» იყო, მაგრამ ხელისუფლებისადმი განსაკუთრებულ ლოიალობასა და მლიქვნელობას არ იჩენდა. ამ მომენტიდან აშკარად გამომდინარეობს დასკვნა: შევარდნაძე არასდროს (ყოველ შემთხვევაში «ცკ»-ს პირველი მდივნობის პერიოდში) გულწრფელი კომუნისტი არ ყოფილა, - მას ხელისუფლება უფრო აინტერესებდა, ვიდრე იდეოლოგია. კომუნისტური იდეოლოგია და ცხოვრების წესი მისთვის მეორეხარისხოვანი იყო. გათვლა ძალიან ზუსტი აღმოჩნდა. შევარდნაძის მმართველობის შედეგად საქართველოში ჩამოყალიბდა სოციალური ფენა (ზედაფენა), რომელიც (რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს) ლოიალური იყო ხელისუფლების მიმართ და არ იყო ლოიალური ამ ხელისუფლების იდეოლოგიისადმი.
    1988 წლიდან «საბჭოთა სახელმწიფომ» რღვევა იწყო. ე.წ. «გარდაქმნის» პროცესი არყევდა ადრე ჩამოყალიბებულ სოციალურ სისტემას. კომუნისტური იდეოლოგია განადგურდა, მაგრამ ის საზოგადოებრივი იერარქია, რომელიც კომუნისტების დროს არსებობდა, არ დანგრეულა.
    შეიქმნა ვითარება, როდესაც არსებობდა საზოგადოებრივი შენობა იდეოლოგიის გარეშე. სწორედ მაშინ გამოჩნდა, რამდენად ზუსტი იყო შევარდნაძის გათვლა, რამდენად სწორად მოიქცა იგი (საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე), როდესაც შექმნა, გამოძერწა ლოიალური ელიტა - მისთვის იდეოლოგიური დოგმების თავს მოხვევის გარეშე.
    - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
    1990 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს ისტორიაში პირველი დემოკრატიული არჩევნების შედეგად, ხელისუფლება მოიპოვა ბლოკმა «მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველო» - ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით.
    ყოფილი დისიდენტი, ზვიად გამსახურდია ჯერ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო შემდეგ - პრეზიდენტი გახდა. მაგრამ რეალურად ძალაუფლება მას არასდროს არ ეპყრა ხელთ 1990 წლის 28 ოქტომბრიდან, - 1992 წლის 7 იანვრამდე. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ტრაგედია (როგორც თავად აღნიშნა) იმაში მდგომარეობდა, რომ მას დახვდა ძველი ხელისუფლების აპარატი.
    სხვაგვარად რომ ვთქვათ, ზვიად გამსახურდია მოვიდა იმ შენობის სათავეში, რომელიც მთლიანად ედუარდ შევარდნაძის აშენებული იყო. შევარდნაძის მიერ რუდუნებით და მოთმინებით «გამოძერწილმა» ზედაფენამ (მიუხედავად იდეოლოგიური მსგავსებისა) ვერ იგუა სხვა («უცხო») ლიდერი, რაც კრიმინალური ბანდების მიერ პრეზიდენტის დამხობის უმთავრესი მიზეზი გახდა. ელიტამ მას მხარი არ დაუჭირა, რადგან ეს მისი ელიტა არ იყო, - ეს იყო შევარდნაძის ელიტა, შევარდნაძის ხელისუფლებაზე მორგებული ზედაფენა, რომელიც სხვა ლიდერს ვერ იგუებდა და ვერც იგუა.
    ამას დაემატა ის გარემოება, რომ ზვიად გამსახურდიას პოლიტიკოსისათვის აუცილებლად დამახასიათებელი და საჭირო ორი უმთავრესი თვისება არ აღმოაჩნდა, - მოთმინება და ადამიანებთან ურთიერთობის უნარი.
    გამსახურდიამ რასაკვირველია იცოდა, რომ ის ე.წ. «ინტელიგენცია» კვლავინდებურად შევარდნაძის ერთგული იყო. ამიტომ, ზვიად გამსახურდიას იგი ჭირის დღესავით სძულდა და ამ სიძულვილის ხშირი გამოვლინებით მას სათანადო საბაბსაც აძლევდა «საპროტესტო-დემოკრატიული» მოძრაობის ასაგორებლად.
    არავითარი განსაკუთრებული ძალისხმევა თვით ედუარდ შევარდნაძეს ამ მოძრაობის საქართველოში «პროვოცირებისათვის» არ სჭირდებოდა, ვინაიდან მის მიერ შექმნილ-გამოძერწილი სოციალური ჯგუფი თავად იმოქმედებდა მასში ჩადებული მუხტისა და მიმართულების შესაბამისად.
    საბოლოოდ, საქართველოში აღდგა ის სოციალური იერარქია, ის რეალობა, რომელიც 1985 წლამდე არსებობდა - ედუარდ შევარდნაძე დაბრუნდა იმ შენობის სათავეში, რომელიც თავად ააგო. იგი სიხარულით მიიღო მის მიერ «გამოძერწილმა» ელიტამ და დღემდე ერთგულად ემსახურება.
    სხვათა შორის, 1985 წლიდან საქართველოს «ცკ»-ს ახალმა მდივანმა, ჯუმბერ პატიაშვილმა სცადა «შევარდნაძის ელიტის» მიმხრობა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ინტელიგენციამ ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი შევარდნაძეს, - მისი განსაკუთრებული გამძვინვარება გამოიწვია სოლიკო ხაბეიშვილის დაპატიმრებამ, რადგან ელიტა მიხვდა, რომ დარტყმა «შემოქმედის» წინააღმდეგ იყო მიმართული.
    რასაკვირველია, პირდაპირ ელიტა ვერ გამოხატავდა თავის აღშფოთებას (ხაბეიშვილს ხომ კორუფციაში ედებოდა ბრალი), მაგრამ მან «შემოვლითი გზა» აირჩია და «ტრანსკავკასიის რკინიგზასთან დაკავშირებით» ატეხა ხმაური, - რაც პატიაშვილის ხელისუფლებაზე პირველი სერიოზული დარტყმა იყო.
    დღეს «წითელი ინტელიგენცია», იგივე «შევარდნაძის ელიტა», კვლავინდებურად ინარჩუნებს ლოიალობას «შემოქმედის» მიმართ. ზოგიერთი ფიქრობს, თითქოს ხსენებული სოციალური ფენა რუსეთზეა ორიენტირებული. მაგრამ ამგვარი ინტერპრეტაცია არ არის სწორი:
    საქართველოს «წითელი ინტელიგენციისათვის» საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის ან იდეოლოგიის საკითხებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არასდროს ჰქონია. მისთვის მთავარია შეინარჩუნოს ცენზი, ამისთვის კი აუცილებელია იმ ბალანსის შენარჩუნება, რომელიც სოციალურ კიბეზე არსებობს. კონსტრუქციის მთავარი საყრდენი კვლავინდებურად ედუარდ შევარდნაძეა.
    საქართველოს დღევანდელმა პრეზიდენტმა შეძლო შეექმნა ვითარება, როდესაც შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენელი (მხატვარი, მწერალი, პოეტი და ა.შ.) გარკვეულწილად «გაორებულია» - იგი ორმაგ ცხოვრებას ეწევა: ერთი ცხოვრება მისი რომანები, ფილმები და სპექტაკლებია, ხოლო მეორე, - ის, რასაც ჩვენში «საზოგადოებრივ-პოლიტიკურ» მოღვაწეობას უწოდებენ.
    «მეორე ცხოვრება» (ხშირად «პირველისაგან» განსხვავებით) არაკომპეტენტურობისა და პრიმიტივიზმის ნიშანს ატარებს. სწორედ ამიტომ ხდება რომ ვთქვათ შესანიშნავი მწერალი ან კინორეჟისორი, - პოლიტიკაში ელემენტარული რეგვენია და ისეთ სისულელეებს როშავს, შეიძლება თმები დაგიდგეს ყალყზე; ამიტომაც ჩნდება ხალხში მოარული აზრი - ესა და ეს რომანი ამ მწერლის დაწერილი არ უნდა იყოს, თორემ, აბა, ეს იდიოტი ასეთ შესანიშნავ წიგნს როგორ დაწერდაო.
    «წითელი ინტელიგენციის» მისია ჯერ არ ამოწურულა. იგი ვერც გაექცევა (რომც მოინდომოს) ამ მისიას, რადგან «შემოქმედი» მის ყოველ ნაბიჯს მკაცრად აკონტროლებს და იმავე სოციალური სტიმულირებით უნარჩუნებს ადრე შთანერგილ მიდრეკილებებს.
    თუმცა, თვით ამ სტიმულირების ფორმა დღეს უკვე სხვაა: აღარც «ცენტრალური კომიტეტი» არსებობს და აღარც «კულტურისა და იდეოლოგიის განყოფილება».
    სამაგიეროდ, კვლავ არსებობს საქართველოში ხელისუფლება, რომელსაც საფუძველი 1972 წელს ჩაეყარა.

«კვირიონი», 22 ივნისი, 1996 წელი.