ჩეჩნეთი და რუსული დემოკრატია

ჩეჩნეთი და რუსული დემოკრატია

ჩეჩნეთი და რუსული დემოკრატია

    ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენებმა გარკვეული «ლაკმუსის» როლი შეასრულეს. ჩეჩნეთმა და მისმა თავისუფლებისმოყვარე ხალხმა ნიღაბი ჩამოგლიჯა «რუსულ დემოკრატიას» და მთელ მსოფლიოს დაანახა ელცინის ჭეშმარიტი სახე: რუსეთი, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში «დემოკრატიული ჟანდარმის» როლს კისრულობდა და ყველას მოუწოდებდა «ადამიანის უფლებათა დაცვისაკენ» - ამ შემთხვეაში წარმოჩნდა, როგორც პირსისხლიანი იმპერია, რომელიც უმოწყალოდ ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას და მასობრივი განადგურების ისეთი საზარელი იარაღის გამოყენებასაც არ თაკილობს, როგორიცაა «კასეტური ბომბები» და «მოფარფატე ტყვიები».
    უცხოეთის საინფორმაციო საშუალებათა ცნობით, ჩეჩნეთში უკვე ათასამდე ადამიანი დაიღუპა - ეს, ფაქტობრივად, ჩეჩენი ხალხის გენოციდის დასაწყისია. ყველაზე საზარელი და აღმაშფოთებელი კი ის გახლავთ, რომ რუსეთის საემიგრაციო სამსახურები «ლტოლვილთა განსახლების» მოტივით ამზადებენ ჩეჩენი ხალხის კიდევ ერთ დეპორტაციას.
    რუსული «დემოკრატია» ერთგვარად დაბნეულია - მათ ძალზე სიამოვნებდათ «ბრალმდებლის» პოზიციაში ყოფნა და საქართველოს (ისევე, როგორც სხვა ახალშექმნილი სახელმწიფოების) დადანაშაულება ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში.
    გახსოვთ ალბათ, რა ისტერიკას სტეხდნენ რუსი დემოკრატები «აფხაზი და ოსი ხალხების გენოციდის» გამო. სწორედ მათი ამ წარსული პოზიციის გათვალისწინებით, დღეს მათი დიდი ნაწილი (თუმცა, მათ შორის გულწრფელებიც არიან-ავტ.) იძულებულია, თვალთმაქცურად დაუპირისპირდეს ელცინს და მოჩვენებითად პროტესტი განაცხადოს «ჩეჩნეთში იარაღის გამოყენების გამო». მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით, უეჭველად შევამჩნევთ ორაზროვნებას: თითქმის ყველა, ვინც სამხედრო აქციის წინააღმდეგია, ამავე დროს აცხადებს, რომ ჩეჩნეთი «რუსეთის განუყოფელი ნაწილია» და მას არა აქვს რუსეთიდან გამოყოფის უფლება. და თუ ასეა, რას ერჩიან ელცინს? რუსეთის პრეზიდენტი უბრალოდ ასრულებს რუსეთის «დემოკრატიულ კონსტიტუციას», რომელიც ითვალისწინებს ძალის გამოყენებას სხვადასხვა რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის დაცვისათვის.
    რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს «ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის» თავჯდომარე, სერგეი კოვალიოვი ამჟამად გროზნოში იმყოფება და იქ «ადამიანის უფლებათა დარღვევის» ფაქტებს აგროვებს. მაგრამ რეალურად, მისი ყოფნა ჩეჩნეთის საომარი მოქმედებების ზონაში იმ გარემოებას უსვამს ხაზს, რომ ჩეჩნეთი რუსეთის ნაწილია.
    მაგალითად: კოვალიოვმა უცხოეთის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გროზნოს შესაძლოა თავად ჩეჩნები ბომბავენ(!) რათა შემდგომ ეს რუსეთის არმიას დააბრალონ და რუსეთის დისკრედიტაციას მიაღწიონ. რით განსახვავდება რუსი «დემოკრატის» ეს განცხადება სალდაფონ გრაჩოვის განცხადებისგან - «სოხუმს თავად ქართველები ბომბავენო?»
    რუსეთში არსებობს ერთი ასეთი «სამართალდამცავი» ორგანიზაცია: «საერთაშორისო არძალადობისათვის». ეს ორგანიზაცია ძალზე აქტიური იყო დნესტრისპირეთში, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. ლამის «ქვეყანა შეძრა» საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო - ყოველდღიურად აგზავნიდა შესაბამის «ტელეფონოგრამებს» მსოფლიოს ყველა კუთხეში ცალმხრივად შეგროვებული ფაქტებით და ტენდენციური კომენტარებით. ახლა ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვინმე მიხაილოვი გროზნოში იმყოფება და იქიდან შემდეგი შინაარსის წერილს აგზავნის: «ცნობების იმის თაობაზე, თითქოს რუსეთის ავიაცია ბომბავს გროზნოს, არ შეესაბამება სიმართლეს - სინამდვილეში რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავები დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ გროზნოს თავზე და ხმის სიჩქარის დაძლევით გამოწვეული ხმაური ტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს ისინი ყრიან ბომბებს».
    ხედავთ? რუსი «უფლებადამცველი» რომელიც ამერიკასა და ევროპაში წერილებს აგზავნიდა «ქართველებმა გუდაუთა დაბომბესო» (ამავე დროს, ვერ ამჩნევდა სოხუმის ბარბაროსულ დაბომბვებს), დღეს უარს აცხადებს აღიაროს ფაქტი - რუსეთის მიერ გროზნოს დაბომბვა. თითქოსდა არ არსებობს ასობით მეტრი დოკუმენტური კადრები, დანგრეული სახლები, დამწვარი საავადმყოფოები, დახოცილი ბავშვები და ქალები.
    ასეთ რუს «დემოკრატებს» არ სურთ ამის აღიარება, რადგან ეს ეწინააღმდეგება რუსეთის ახალ «იმიჯს» მსოფლიოში. რუსული დემოკრატიის ეს სახეობა დღეს ერთგვარად დაბნეულია. იგი ნამდვილად არ მოელოდა, რომ საკუთარი მზაკვრობის შედეგს ესოდენ ჩქარა მოიმკიდა და რომ მოიმკიდა საერთოდ - მას ეგონა, სეპარატიზმი მხოლოდ საქართველოს დაანგრევდა, მხოლოდ აზერბაიჯანისა და მოლდოვასათვის იქნებოდა დამანგრეველი.
    საინტერესოა, სად ბრძანდება ამჟამად ქალბატონი ელენა ბონერი? რატომ არ გამოთქვამს იგი აქტიურ პროტესტს, რატომ არ გადასცემს ელცინს ანათემას?
    ეს ქალბატონი ერთ-ერთი თანაავტორია სამაჩაბლოსა და აფხაზეთში განხორციელებული სეპარატისტული აგრესიისა. იგი ყველაფერს აკეთებდა საქართველოს დასანგრევად და გასანადგურებლად. 1991 წლის შემოდგომაზე, როდესაც თბილისში კრემლის მიერ ინსპირირებული სამოქალაქო იმი იწყებოდა, ელენა ბონერმა წერილით მიმართა ერთ-ერთ «ოპოზიციურ» პარტიას და გულმხურვალედ მოუწოდა მას, განეგრძო ბრძოლა «დიქტატურის» წინააღმდეგ და ტირანისაგან გაეთავისუფლებინა საქართველო.
    ხოლო როდესაც, 22 დეკემბერს, საქმე სისხლიან დაპირისპირებამდე მივიდა, ნიუ-იორკში მყოფმა ელენა ბონერმა შემდეგი ღია წერილით მიმართა ბორის ელცინს: «ბატონო პრეზიდენტო, მოგწოდებთ, დაუყოვნებლივ სცნოთ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. ეს ახლადშექმნილი რესპუბლიკა იბრძვის დამოუკიდებლობისათვის საქართველოს პატარა იმპერიისაგან, რომელშიც ამჟამად საყოველთაო ნგრევა და ქაოსი მძვინვარებს».
    ესე იგი, ბონერმა და სხვა რუსმა «დემოკრატებმა», ჯერ ყოველმხრივ შეუწყვეს ხელი საქართველოში სამოქალაქო ომისა და ნგრევის დაწყებას, ხოლო შემდეგ, როდესაც ძმათამკვლელი ომი დაიწყო, ისარგებლეს ამ ომით, რათა ზურგში ჩაეცათ მახვილი მათ მიერვე შეგულიანებული და წაქეზებული «ქართული დემოკრატიისათვის».
    რუსი დემოკრატები ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ხშირად იმეორებენ - რუსეთის მიწაზე ცეცხლი მძვინვარებს, რუსეთის მოქალაქეები ერთმანეთს კლავენ, ეს სამოქალაქო ომია და ა.შ.
    სინამდვილეში, არავითარი სამოქალაქო ომი ეს არ არის - მიმდინარეობს ჩეჩენი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ომი რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. თუ ვინმეს აქვს გამოყოფის და თვითგამორკვევის უფლება - ეს უფლება აქვს ჩეჩენ ხალხს. ჩეჩნეთი დაიპყრო რუსეთმა XIX საუკუნეში. არც ისტორიულად, არც კულტურულად, არც დემოგრაფიულად ეს მიწა-წყალი არასდროს ყოფილა რუსეთის «განუყოფელი ნაწილი».
    რუსული დემოკრატია უბრალოდ ვეღარ ფარავს, რომ იგი, დიდწილად რუსული იმპერიალიზმის შენიღბული ფორმაა, ანუ იბრძოდა და იბრძვის «ერთიანი და განუყოფელი რუსეთისათვის» (ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე), ხოლო დემოკრატიული და «უფლებადამცავი» რიტორიკა, ამ კატეგორიის რუსი დემოკრატებისთვის, მხოლოდ კომუფლაჟია და სხვა არაფერი.

«მსგეფსი», 10 იანვარი, 1995 წელი.