შევარდნაძის მთავრობა

შევარდნაძის მთავრობა

პარასკევს ამოიწურა ორკვირიანი ვადა, რომელიც სახელმწიფო მეთაურს პარლამენტმა მისცა მინისტრთა კაბინეტის ახალი სტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად. მაგრამ ედუარდ შევარდნაძეს, როგორც ჩანს, გაცილებით უფრო მნიშვნელოვნად თვით პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა მიაჩნდა. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, ხუთშაბათს პარლამენტის შენობაში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები, რამაც უპრეცედენტოდ მწვავე შეხლა-შემოხლის სახე მიიღო.
    საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ სახელმწიფოს მეთაური იძულებული გახდა თანამდებობიდან თავისი გადადგომის საკითხი დაეყენებინა. პირველი კანდიდატურა (ზურაბ კერვალიშვილი), პარლამენტარებმა არ მოიწონეს. რაც შეეხება ოთარ ფაცაციას, მისი დანიშვნის იდეა, როგორც ჩანს, ხუთშაბათსვე დაებადა პარლამენტის თავმჯდომარეს.
    სხდომა დაძაბული გამოდგა. ედუარდ შევარდნაძემ კვლავ დაწვრილებით აღწერა ის კატასტროფული ვითარება რომელშიც საქართველო იმყოფება: ეკონომიკური ქაოსი, სიღატაკე, სამოქალაქო დაპირისპირება; დაისახა გარკვეული პერსპექტივა აფხაზეთის პრობლემის მოგვარების და რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებისა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, შევძლებთ თუ არა შიდა-ქართული დაპირისპირების მოსპობას - გავმთლიანდებით თუ არა შინაგანად.
    ამ თვალსაზრისით, ოთარ ფაცაციას კანდიდატურა იდეალურად იქნა შერჩეული. შევარდნაძის თქმით, იგი მას დიდი ხანია იცნობს და აბსოლუტურად ენდობა მის ნიჭსა და გამოცდილებას.
    კენჭისყრამდე, რამდენიმე საათს მიმდინარეობდა ცხარე დისკუსია.
    პირველად, სიტყვა ითხოვა ნოდარ ნათაძემ, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანდიდატურას. ოღონდ რამდენიმე კითხვა დაუსვა მას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისა და რუსეთის ჯარების სტატუსთან დაკავშირებით.
    თემურ ჟორჟოლიანმა თავისი პოზიცია შემდეგი ფორმით ჩამოაყალიბა: არა ვართ წინააღმდეგი, რადგან არ გიცნობთ.
    მისი აზრით, პარლამენტში შეიძლება მოხდეს დიდი განხეთქილება, რაც შექმნილ ვითარებაში კატასტროფის ტოლფასი იქნება.
    «რესპუბლიკელთა» სახელით, დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში კვლავ არსებობს მართვის ბოლშევიკური სისტემა, რომლის დროსაც არ ხდება პასუხისმგებლობის პერსონიფიცირება.
    დემოკრატიულ სისტემაში კი სიმძიმის ცენტრი სწორედ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, კონკრეტულად მინისტრთა კაბინეტში უნდა იყოს კონცენტრირებული. ოთარ ფაცაციას დანიშვნა სამეგრელოს პრობლემას ვერ მოხსნის. ასე რომ, ეს ამ თვალსაზრისითაც ფუჭად გადადგმული ნაბიჯი იქნება. გარდა ამისა, არ შესრულდა პარლამენტის დადგენილება აღმასრულებელი ხელისუფლების ახალი სტრუქტურის შემუშავების შესახებ. ყოველივე ამის გამო, «რესპუბლიკელებმა» არ მიიღეს მონაწილეობა შემდგომ კენჭისყრაში.
    გურამ მამულიამ მომავალი პრემიერის უმთავრეს ღირსებად ის დაასახელა, რომ მას ახასიათებს სიმტკიცე - სირბილეში. ოთარ ფაცაციას მხარი დაუჭირეს აგრეთვე გენო კალანდიამ და ივერი ჭელიძემ.
    ილია ჭავჭავაძის საზოგადოების სახელით მკვეთრად უარყოფითი აზრი გამოთქვა თამარ ჩხეიძემ: «დღეს მიმდინარეობს საქართველოს ნგრევის პროცესი. როგორც ჩანს, მავანსა და მავანს სურს, მიიყვანოს საქართველო ისეთ მდგომარეობამდე, ისეთ კონდიციამდე, როდესაც იგი ფსიქოლოგიურად მზად იქნება, დადოს კაბალური ხელშეკრულება რუსეთთან. ამ თამაშში მომავალ პრემიერს მხოლოდ მორიგი განტევების ვაცის ფუნქცია აკისრია და მან თავად არ უწყის ჯერ, რა ცუდ დღეში იგდებს თავს».
    ილია ჭავჭაეაძის საზოგადოებამ არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში.
    ზურაბ ჟვანიამ მხარი დაუჭირა სახელმწიფო მეთაურის წინადადებას, ოღონდ ერთი პირობით, - თუ მომავალში მაინც მოხდება ძირეული სტრუქტურული რეორგანიზაცია აღმასრულებელ ხელისუფლებაში.
    აკაკი ასათიანმა კი მკაცრად გააკრიტიკა ედუარდ შევარდნაძე იმის გამო, რომ იგი «გარედან მაცქერლის» პოზიციებიდან მოუთხრობს ხოლმე ხალხს, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ქვეყანა: «მიუხედავად ყველაფრისა», მე მზად ვარ, მხარი დავუჭირო ოთარ ფაცაციას კანდიდატურას თუნდა იმ ქალაქისა და კუთხის პატივისცემით, რომელსაც იგი წარმოადგენს.»
    «ქარტია-91»-მა და მისმა თავმჯდომარემ, თედო პაატაშვილმა უფრო გლობალურად დააყენა საკითხი. მისი აზრით, დღეს საქართველოში არის არა მხოლოდ სამთავრობო კრიზისი, არამედ მთლიანად, ხელისუფლების კრიზისი. ამიტომ პრემიერ-მინისტრის შეცვლით ქვეყანაში ბევრი არაფერი არ შეიცვლება, თუკი ზოგიერთი სხვა ღონისძიებაც არ გატარდა.
    ქართველ სოციალ-დემოკრატთა ლიდერმაც მკაცრად შეუტია სახელმწიფოს მეთაურს. ოღონდ, თავისი კოლეგებისაგან განსხვავებით, შეუტია «მარცხნიდან»: «ოთარ ფაცაცია გასაწირად არ გვემეტება - იგი ვერაფერს შეძლებს, თუკი სახელმწიფოს კურსი არ შეიცვალა. საჭიროა «შოკურ თერაპიაზე» უარის თქმა და რუსეთთან მეგობრული კავშირის დამყარება. ჯერ-ჯერობით კი, შევარდნაძის პოლიტიკური კურსი მერყევი და ფლუგელურია».
    ცოტა არ იყოს გაუგებარი გამოდგა თენგიზ კიტოვანის გამოსვლა. იგი ამტკიცებდა, რომ ოთარ ფაცაცია არ დათანხმდება პრემიერ-მინისტრობას. რაც შეეხება სამეგრელოს, იქ მდგომარეობა კი არ გამოსწორდება, არამედ კიდევ უფრო დაიძაბება და შეიძლება დაპირისპირებამდეც მივიდეს საქმე.
    ჯაბა იოსელიანმა მოიწონა კანდიდატურა, მაგრამ აღნიშნა, რომ თუ პარლამენტმა თავად არ მოკიდა ხელი რეფორმის გატარებას, მხოლოდ საკადრო ცვლილებებით არაფერი გამოვა.
    იუმორის ელემენტი შემოიტანა დისკუსიაში ირაკლი წერეთელმა: «თუ მაინც და მაინც მეგრელი უნდა ავირჩიოთ და მაინც და მაინც ფაცაცია, მაშინ მე გერმანე ფაცაციას ვუჭერ მხარსო».
    შემდეგ მან ტონი გაამკაცრა და ბრძანა «საქართველოს შემდგომი პროგრესისათვის აუცილებელია, სახელმწიფოს მეთაურის მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი კანდიდატურა ჩავაგდოთ, რათა ვაიძულოთ იგი, შექმნას პარტიული მინისტრთა კაბინეტი».
    პარლამენტის ერთ-ერთი უძლიერესი პარტია - «ეროვნულ-დემოკრატები» უჩვეულოდ პასიური იყვნენ ამ დღეს. მხოლოდ მამუკა გიორგაძე გამოვიდა მოკლე სიტყვით და ახალი პრემიერისაგან მომავალი კაბინეტის ფუნქციონალური შინაარსის შესახებ მოხსენების წარმოდგენა მოითხოვა. ჩანდა, რომ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია არ იყო კმაყოფილი სახელმწიფოს მეთაურის არჩევანით. თუმცა, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, აშკარა დაპირისპირებას თავი აარიდა.
    აკაკი ბობოხიძემ ეჭვი გამოთქვა, რომ «კაცი რომელმაც გუშინ გაიგო პრემიერ-მინისტრად თავისი დანიშვნა შეძლებს ამ მოვალეობის შესრულებას». გია ჟორჟოლიანმა კი საინტერესო არგუმენტი მოიხმო: «ოთარ ფაცაციას ზურგს უკან არ დგას არც ერთი პოლიტიკური ძალა, ამიტომ იგი შეძლებს პოლიტიკური მედიატორის ფუნქციის შესრულებას».
    ფრაქცია «ბორჯღალმა», დეპუტატ ჭინჭარაულის სახით, პარლამენტის წინაშე «ქართული ეთნიკური უმცირესობის უფლებათა დაცვის» საკითხი დააყენა. ჩემი აზრით - სრულიად უადგილოდ.
    ზურაბ მურვანიძემ ოთარ ფაცაციას მიულოცა პრემიერ-მინისტრობა და საჩუქრად (როგორც გურულმა - მეგრელს) წიწაკა აჩუქა. ეს სიმბოლური იყო.
    პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტს თავისი ბიოგრაფია უამბო და მოკლედ ჩამოაყალიბა თავისი კრედო: მთავარია, ერი გაერთიანდეს; სამეგრელოში ძალით ვერაფერს მივაღწევთ; გვეყო სისხლისღვრა - ერთად გადავარჩინოთ საქართველო!
    კენჭისყრა თავგანწირულ შტურმს წააგავდა - მაგრამ ეს შტურმი გამარჯვებით დაგვირგვინდა: ოთარ ფაცაციამ მიიღო 124 ხმა 17-ის წინააღმდეგ.
    მაშ ასე, საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს - 64 წლის ოთარ ფაცაცია, რომელმაც, თუ საქართველოში შექმნილ ვითარებას გავითვალისწინებთ, ამ პორტფელით მართლაც ძალიან «მწარე წიწაკა» მიიღო.

«ივერია-ექსპრესი», 21 აგვისტო, 1993 წელი.