შევარდნაძე - ირაკლი წერეთელი დღეს

შევარდნაძე - ირაკლი წერეთელი დღეს

 

    კომუნისტურ წარსულში არსებობდა ამგვარი გამოთქმა «Сталин - это Ленин сегодня». თუ საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელ გამონათქვამებს გავაანალიზებთ, არ შეიძლება არ მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ ედუარდ შევარდნაძე რუსეთთან მიმართებაში ლამის უფრო მეტი რადიკალიც კი გახდა, ვიდრე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისეთი «ქედუხრელი» წარმომადგენელი, როგორიც ირაკლი წერეთელია.
    შაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა: «დაუშვებლად მიმაჩნია, რომ რუსეთის ჯარმა იზეიმოს საქართველოს ოკუპაციის 75-ე წლისთავი; ბოლოს და ბოლოს, შეუძლიათ გამართონ საზეიმო ღონისძიებანი იმ ტერიტორიაზე რომელსაც აკონტროლებენ, ანუ სამხედრო ბაზების ფარგლებში».
    ამაზე უკეთ ირაკლი წერეთელიც ვერ იტყოდა.
    ამ ჩვენს «ეროვნულ მოღვაწეებს» ვერა და ვერ გაუგიათ, რომ ედუარდ შევარდნაძე სინამდვილეში არ არის პრორუსული პოლიტიკის გამტარებელი - მისი ბოლოდროინდელი პოლიტიკა შინაარსობრივად პროდასავლურია, რაც ძალზე აღიზიანებს რუსეთს და საქართველოში მის აპოლოგეტებს.
    საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს, სახელმწიფოებრიობის საფუძვლად ქვეყნის გეოპოლიტიკური პოტენციალი აქციოს. სწორედ ამიტომ მუშავდება და ხორციელდება უამრავი პროექტი, რომელიც რუსეთის ალტერნატიული სატრანზიტო კორიდორის შექმნას ემსახურება. საკმარისია დავასახელოთ კასპიის ნავთობის ტრანსპორტირების გეგმა, «ტრასეკას» პროექტი, სარაქსი-მეშჰედ-თბილისი-ვალე-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი, რომელიც ცენტრალურ აზიას ევროპასთან დააკავშირებს და სხვა. არაფერი ისე არ აღიზიანებს რუსეთს, როგორც ეს გეგმები. თუ ცენტრალური აზიის ქვეყნებმა და აზერბაიჯანმა მსოფლიო ბაზარზე გასასვლელად ალტერნატიული გზები მოიპოვეს, მაშინ რუსეთის, როგორც ევრაზიული სახელმწიფოს ფუნქცია ნოლამდე დავა და იმპერიაც საბოლოოდ დაიშლება.
    ჩვენს რადიკალებს (ირაკლი წერეთელს, თამარ ჩხეიძეს და სხვებს), რომლებიც შევარდნაძისადმი სიძულვილით არიან დაბრმავებულნი, ვერა და ვერ გაუგიათ, რომ შევარდნაძის ცალკეული პრორუსული გამონათქვამები პოლიტიკური ტექნოლოგიაა, ხოლო შინაარსობრივად შევარდნაძე დღეს რუსეთისათვის უფრო საშიში და უფრო საძულველი მტერია, ვიდრე თავის დროზე ირაკლი წერეთელი ან მერაბ კოსტავა.
    ედუარდ შევარდნაძეს (რომც უნდოდეს) რუსეთთან «მისასვლელი» აღარ აქვს, ვინაიდან რუსი კომუნისტები ისევე, როგორც «რუსი დემოკრატები») მას არავითარ შემთხვევაში არ აპატიებენ იმპერიის დაშლაში მონაწილეობას.
    ამიტომ შევარდნაძეს ერთადერთი გზა აქვს - დასავლეთისაკენ. ამ გზიდან იგი უკვე აღარ გადაუხვევს, ვინაიდან ამ შემთხვევაში საერთოდ უფუნქციოდ დარჩება. «რუსული» პოლიტიკის გატარებისათვის კრემლს საქართველოში სხვა პირები ჰყავს, რომელთა ვინაობას შევარდნაძე «სანამ ცოცხალია, არ იტყვის».

«მერიდიანი», 28 მაისი, 1996 წელი.