შაშიაშვილი გამძვინვარდა

შაშიაშვილი გამძვინვარდა

    ქუთაისის მერისა და იმერეთის გუბერნატორის გამოსვლა საქართველოს ტელევიზიის I არხით უეჭველად იმის მანიშნებელია, რომ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონში ვითარება შესამჩნევად დაიძაბა, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს ზოგადად, ქვეყნის პოლიტიკურ კურსზე.
    ეს ძალიან სიმპტომური ფაქტორია - საქართველოში ამჟამადაც და უახლოეს მომავალშიც სწორედ სახელისუფლო ძალთა ურთიერთმოქმედება განსაზღვრავს საგარეო და საშინაო პოლიტიკურ სტრატეგიას.
    თემურ შაშიაშვილის აგრესიული პოპულიზმი ძალაუნებურად შუასაუკუნეობრივ ფეოდალურ ამბიციას გვაგონებს, - სხვათა შორის, იმერეთის თვითმარქვია მეფე ბაგრატიც ასევე ისწრაფვოდა აღმოსავლეთისაკენ და დიდი წვლილიც შეიტანა ერთიანი საქართველოს დაშლაში. ვინმეს შეიძლება ასეთი შედარება სასაცილოდაც მოეჩვენოს, მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით, - სასაცილო ნამდვილად არაფერია. უფრო ზუსტად, სასაცილო კი არა, სატირალია. ჩვენი ქვეყნის დღევანდელობა ადასტურებს, რომ სახელმწიფოებრივი განვითარების ისტორიული («გენეტიკური») კოდი არასდროს იცვლება. საქართველოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობა ზოგიერთ «პროვინციელ დემოკრატს» «ფრანგული მოდელისა» და «გერმანული მოდელის» არჩევა ეგონა. სინამდვილეში გაცილებით უფრო რთულადაა საქმე - თემურ შაშიაშვილი, შესაძლოა, თავად ვერ აცნობიერებს, რომ იმ უმძიმესი სახელმწიფოებრივი ტრადიციის განსახიერებაა, რომელიც საქართველოს დაჰყვა საუკუნეთა სიღრმიდან. რეგიონული ხელმძღვანელის ამბიცია ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის უდიდესი სახელმწიფოებრივი პრობლემა იყო. არა აქვს შინაარსობრივი მნიშვნელობა, ამ ხელმძღვანელს «ერისთავი» ჰქვია თუ «პრეზიდენტის რწმუნებული». პატრონყმული სისტემით ერისთავიც მეფის «ყმა» უნდა ყოფილიყო, რაკი მისგან ჰქონდა «უფლება» მიღებული, მაგრამ მეფის დასუსტების კვალობაზე ერისთავ-თავადთა ამბიციაც იზრდებოდა. ამ პრობლემის გადაწყვეტა დავით აღმაშენებელმაც კი ვერ შეძლო ბოლომდე. ერთი შეხედვით, თითქოს, სად ერისთავი და სად გუბერნატორი - რა აქვთ მათ საერთო? არადა, საერთო აქვთ მთავარი: ამბიცია!!! გონიერმა კაცმა არავითარი ყურადღება არ უნდა მიაქციოს იმას, თუ რას ლაპარაკობს კონკრეტულად თემურ შაშიაშვილი. ამას არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება. მთავარია მოტივაცია, ანუ შინაგანი მისწრაფება. რა ამოძრავებს თემურ შაშიაშვილს? რა თქმა უნდა, პოლიტიკურ სცენაზე (ახალი ტერმინოლოგიით) «დამკვიდრების სურვილი» და ამჟამინდელი მდგომარეობის დაკარგვის შიში. საქმეც სწორედ ის არის, რომ საქართველოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ეგრეთ წოდებული «ადგილობრივი ელიტა» ძალიან მძლავრ ბერკეტებს ფლობს ვითარების სამართავად და ცენტრალური ხელისუფლებისათვის პირობების (ულტიმატუმების) წასაყენებლად.
    ეს საქართველოს ტრადიციაა და სწორედ იგი განასხვავებს მას ნორმალური სახელმწიფოებრივი ტრადიციის მქონე სახელმწიფოებისაგან. რუსეთში, საფრანგეთსა ან დიდ ბრიტანეთში წარმოუდგენელია «ადგილობრივი ელიტა» ცენტრს პირობებს კარნახობდეს, - საქართველოში კი ეს ნორმალური («ჩვეულებრივი») მოვლენაა. არა და არ მოიშალა «ბაღვაშობა» ჩვენს ქვეყანაში - პრობლემა არსებობდა XI-XII საუკუნეებში, უფრო ადრეც და არსებობს დღემდე. ღმერთო მომკალი და ზოგჯერ კომუნისტურ სისტემას გაიხსენებს კაცი სინანულით, როდესაც ცენტრალიზებული სახელისუფლებო სტრუქტურა არსებობდა და არც ერთ «რაიკომის» თუ «ქალაქკომის» მდივანს აზრად არ მოუვიდოდა «ცენტრის» შანტაჟირება. თუმცა, ეს სისტემა დამპყრობმა მოგვახვია თავს, - საკუთარი ძალით კი ჯერჯერობით ვერ შევქმენით ხელისუფლების ერთიანი სტრუქტურა ქვეყანაში.
    თემურ შაშიაშვილი, რა თქმა უნდა, არ არის სეპარატისტი - «იმერულ სეპარატიზმზე» საუბარი სასაცილო იქნებოდა, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ პარტიკულარისტული ტენდენცია არანაკლებ საშიშია. შაშიაშვილი სწორედაც რომ საშიში ხდება თავისი აგრესიული პოპულიზმით, - პრეზიდენტს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებაც კი არ ძალუძს, ვინაიდან «ქუთაისური ელიტის» მძაფრი საპასუხო რეაქციისა ეშინია. ადვილი სავარაუდოა, რომ თუ შაშიაშვილის «გათავისუფლება» მაინც მოხერხდა, იგი «მემარცხენე» ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გახდება.
    არც ამ ოპოზიციის იდეოლოგიას აქვს რაიმე მნიშვნელობა და არც «გაოპოზიციონერების» კონკრეტულ მიზეზს. აბა, ვინ იცის, რატომ «გადაეკიდა» ლიპარიტ ბაღვაში მეფეს? იქნებ ამ უკანასკნელმა კლდეკარის მპყრობელს მართლაც მიაყენა შეურაცხყოფა. . . მაგრამ კონფლიქტის მიზეზი მაინც უფრო ღრმადაა საძიებელი, ვიდრე პიროვნული ურთიერთობებია.
    ეს ყოველივე, რასაკვირველია, მხოლოდ თემურ შაშიაშვილს არ ეხება - პრობლემას საუკუნოვანი ფესვები აქვს და ობიექტურ საფუძველსაც ემყარება. მას შეიძლება მხოლოდ ასევე მყარად კონსტრუირებული სახელმწიფოებრივი სისტემა დაუპირისპირდეს. რაც მთავარია, თუ არ გვინდა ქვეყანა თავზე დაგვექცეს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ყოველგვარი საუბარი რაიონისა და მხარის ხელმძღვანელთა «არჩევითობაზე» - ეს ქვეყნის საბოლოო დანგრევისა და განადგურებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

გენერალი ზავარზინი აფხაზეთიდან კინწისკვრით გააგდეს

    დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამხედრო შტაბის დელეგაცია, რომელსაც გენერალი ზავარზინი ხელმძღვანელობდა, გასულ კვირას (თბილისის შემდეგ) სოხუმს ეწვია.
    ვლადისლავ არძინბასთან შეხვედრისას, ზავარზინმა აფხაზურ მხარეს გააცნო საქართველოს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შემუშავებული გეგმა, რომლის თანახმად, სამშვიდობო ძალები უნდა გადაადგილებულიყო მდინარე ენგურიდან - ღალიძგაზე, რის საფუძველზეც, გალის რაიონში უნდა დაიწყოს ქართველ ლტოლვილთა მასობრივი დაბრუნება. ფაქტობრივად, ეს იმას ნიშნავს, რომ გალის რაიონში დაბრუნდება ქართული ადმინისტრაციაც (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობა), ხოლო აფხაზური მილიცია იძულებული გახდება ოჩამჩირის რაიონში გადაიხვეწოს.
    აფხაზებისათვის ეს გეგმა კატეგორიულად მიუღებელია - არძინბამ ზავარზინს (ამ უკანასკნელის ინფორმაციით) ბოლომდე არც მოუსმინა, ლაპარაკი შეაწყვეტინა და უთხრა, რომ აფხაზეთს გეგმის განხილვაც კი არ სურს, ვინაიდან იგი «ახალ ქართულ აგრესიას» მოასწავებს აფხაზეთის წინააღმდეგ.
    ხოლო თუ რუსეთის სამშვიდობო ძალები მაინც შეეცდებიან «ქართული გეგმა» განახორციელონ, - აფხაზური სამხედრო ფორმირებები მათ ცეცხლს გაუხსნიან (თუ ვინმეს ჰგონია, რომ აფხაზებს რუსების შეეშინდებათ და მათ ტყვიას არ ესვრიან - ძალიან ცდება). გენერალმა ზავარზინმა საკუთარ ხელმძღვანელობას (რუსეთის საინფორმაციო საშუალებათა ცნობით) გაუგზავნა დაწვრილებითი ინფორმაცია მოლაპარაკების შედეგთა შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვლადისლავ არძინბასთან მოლაპარაკებამ არავითარი შედეგი არ გამოიღო, ვინაიდან, «აფხაზეთის ხელმძღვანელობა არავითარ კომპრომისზე არ მიდის». ამ საინფორმაციო მოხსენების შესახებ არძინბამ იმავე დღეს შეიტყო და ბრძანა, ზავარზინი აფხაზეთის ტერიტორიიდან გაეძევებინათ.
    რჩება კიდევ ერთი შანსი - უახლოეს მომავალში აფხაზეთს შეიძლება ეწვიოს ზემოთხსენებული შტაბის ხელმძღვანელი, რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი(!) კოლესნიკოვი, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში - პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ჩერნომირდინი.
    რუსეთის პრემიერის ვიზიტი აფხაზეთში იქნება უკანასკნელი მცდელობა ამ პრობლემის მოგვარებისა რუსეთის მეშვეობით. თუ აფხაზები ამჯერადაც უარს იტყვიან (რა თქმა უნდა, ასე იქნება), მაშინ საქართველოს ხელისუფლება დადგება არჩევანის წინაშე: ან გაუგრძელოს სამშვიდობო ძალებს კონფლიქტის ზონაში ყოფნის ვადა, ან გაიყვანოს ეს ჯარები და ძალით გადაწყვიტოს პრობლემა. თუ სამშვიდობო ძალებს მანდატი მაინც გაუგრძელდებათ (1998 წლის 1 იანვრამდე ან 1997 წლის 1 ნოემბრამდე), საქართველო სანაცვლოდ მოითხოვს ეკონომიკური სანქციების გამკაცრებას აფხაზეთის წინააღმდეგ. გარკვეული «რეზერვი» ამ თვალსაზრისით, ჯერ კიდევ არსებობს - მაგალითად, რუსეთმა შეიძლება შეუწყვიტოს აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება კრასნოდარის მხრიდან. თუ გავითვალისწინებთ, რომ ენგურჰესი უკვე გაჩერებულია - აფხაზეთი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება. რუსეთს შეუძლია მთლიანად გადაკეტოს ფსოუს საკონტროლო-გამშვები პუნქტი (ამჟამად რუსეთში თავისუფლად გადადის ყველა, გარდა 18-დან 50 წლამდე მამაკაცებისა) - ესეც სერიოზული გავლენის საშუალება იქნება. გარდა ამისა, თუ მთლიანად ჩაიკეტა სოხუმისა და გაგრის პორტები, აფხაზეთს სურსათის მოსაპოვებლად ერთადერთი არხი დარჩება - გალის მხრიდან, რაც ქართული პოზიციების განმტკიცებას გამოიწვევს.
    ყოველივე ეს მაინც ვერ აიძულებს სეპარატისტულ რეჟიმს, წავიდეს დათმობაზე, ვინაიდან, ქართველ ლტოლვილთა დაბრუნება მისთვის სიკვდილის ტოლფასია. ამდენად, უფრო მეტად სავარაუდოა, რომ საქართველო სხვა ალტერნატივის წინაშე აღმოჩნდება: დაიწყოს ახალი ომი, ან მოელაპარაკოს აფხაზებს და მართლაც, «მშვიდობიანად» გადაწყვიტოს პრობლემა (ოღონდ რუსეთის შუამავლობის გარეშე). თუ შექმნილ ვითარებას გავაანალიზებთ ობიექტურად და ემოციების გარეშე, უეჭველად მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ომის განახლება დღევანდელ პირობებში იმაზე დიდი სიგიჟე იქნება, ვიდრე ომის დაწყება იყო 1992 წლის 14 აგვისტოს.
    რუსეთსა და ჩეჩნეთს შორის «სამშვიდობო ხელშეკრულების» გაფორმების შემდეგ კავკასიაში თვისობრივად ახალი ვითარება შეიქმნა - რუსეთმა კვლავ მოიპოვა ის დემაგოგიური პროპაგანდისტული არგუმენტი, რომელიც დაკარგა ჩეჩნეთში ომის დაწყებით. ძნელი წარმოსადგენი არ არის, როგორ განვითარდება მოვლენები აფხაზეთში, თუ საქართველომ მართლაც განაახლა ომი ამ ტერიტორიის დასაბრუნებლად.
    უპირველეს ყოვლისა, დარწმუნებულნი შეიძლება ვიყოთ, რომ (ისევე, როგორც 1992 წელს) რუსეთი ოფიციალურად არ დაგმობს ამგვარ მოქმედებას და თვალთმაქცურად «ნეიტრალურ» პოზიციას დაიკავებს. არძინბა კვლავ მოუწოდებს თავის ხალხს სამკვდრო-სასიცოცხლო ომი გაუმართოს «ქართველ ფაშისტ დამპყრობლებს». «ქართულ აგრესიას» დაგმობს აგრეთვე დასავლეთიც, რომელსაც ტრადიციულად «სოფისტური» პოზიცია უკავია - საქართველოს მთლიანობას ცნობს, სეპარატისტთა უკომპრომისობასაც აღიარებს, მაგრამ ძალის გამოყენების მაინც კატეგორიული წინააღმდეგია.
    აფხაზეთში ომის განახლებისთანავე ჩრდილოეთ კავკასიიდან დაიძვრება კარგად შეიარაღებულ მოხალისეთა ახალი ტალღა, - განსაკუთრებით ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ რეგიონიდან (ადიღე, ყარაჩაი-ჩერქეზეთი, ყაბარდო-ბალყარეთი), სადაც აფხაზთა მონათესავე ეთნოსები ცხოვრობენ. ეს რეგიონი თუ «ნეიტრალიტეტს» ინარჩუნებდა ჩეჩნეთის ომის დროს, მხოლოდ იმ პირობით, რომ აფხაზეთში ომის განახლების შემთხვევაში ისევ ჰქონოდა უფლება «ქართული ფაშიზმის» წინააღმდეგ ებრძოლა; ომის განახლებისთანავე გაიხსნება საზღვარი მდინარე ფსოუზე, აფხაზეთში კვლავ უხვად გაიგზავნება იარაღი, სურსათ-სანოვაგე, საწვავი - ყველაფერი, რაც საჭიროა ომისათვის. რუსეთის ეგრეთ წოდებული «პარლამენტი» კვლავ მიიღებს ანტიქართულ დადგენილებებს. ათასობით «თავგადასავლის მაძიებელი» კვლავ მოაწყდება აფხაზეთს. არძინბას ახალი «აფხაზური არმიის» ფორმირება არ გაუჭირდება - აფხაზეთის რელიეფი და განვლილი სამი წლის განმავლობაში აგებული საფორტიფიკაციო ნაგებობები სეპარატისტებს საშუალებას მისცემენ აფხაზეთში ისევ გააჩაღონ ფართომასშტაბიანი პარტიზანული ომი, რომლის მოგება საქართველოს ძალიან გაუჭირდება. უფრო მეტიც - რუსეთმა აქაც შეიძლება გაიმეოროს «ყარაბაღის მეთოდი» და აფხაზ სეპარატისტთა მეშვეობით «გადაკეტოს» ნავთობსადენის დასავლეთ მარშრუტი. ხელისუფლებას არც ის უნდა დაავიწყდეს, რომ ცოცხალი აღარ არის ზვიად გამსახურდია, რომელსაც ყველაფერი შეიძლება დაბრალდეს.
    ამდენად, გაცილებით ჭკვიანური და მიზანშეწონილი იქნებოდა სამშვიდობო ჯარების გაყვანის შემდეგ საქართველომ აფხაზეთთან «პირდაპირი» მოლაპარაკება გამართოს იმ ერთადერთი კოზირის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს გააჩნია. ეს კოზირი კი ის არის, რომ სინამდვილეში (მიუხედავად გავრცელებული სტერეოტიპისა) აფხაზური ნაციონალიზმი არ არის ორიენტირებული რუსეთზე. არძინბას სულაც არ სურს აფხაზეთის შეყვანა რუსეთის შემადგენლობაში. მას სხვა მიზანი აქვს. ეს მიზანი ჩვენთვის შესაძლოა მიუღებული იყოს (რადგან სამართლიანად მიგვაჩნდა აფხაზეთი საქართველოს განუყოფელ ნაწილად), მაგრამ ამ საფუძველზე მოლაპარაკება მაინც შესაძლებელია, - ყოველ შემთხვევაში, იგი არ არის ისეთი უპერსპექტივო, როგორც, მაგალითად, მოლაპარაკება მოლდოვასა და დნესტრისპირეთს შორის, ვინაიდან დნესტრისპირეთი, ძირითადად, რუსებითაა დასახლებული ანუ რუსეთზე ორიენტაცია მისი სიღრმისეული მისწრაფებაა და არა დროებითი ტაქტიკა.
    ერთადერთი გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან არის პირდაპირ მოლაპარაკება აფხაზებთან ამერიკის შეერთებული შტატების, «საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის», უკრაინის ან თურქეთის შუამავლობით. უნდა შევურიგდეთ იმ აზრს, რომ აფხაზეთის პრობლემა ძალისმიერი გზით არ გადაიჭრება - საჭიროა რაფინირებული, ფრთხილი, ღრმად გააზრებული პოლიტიკა რუსეთის თვალთმაქცურ «შუამავლობაზე» უარის თქმით.

დილის გაზეთი, 20 მაისი, 1997 წ.