შავი სამშაბათი

შავი სამშაბათი

 

    გასულ სამშაბათს რუსეთი ფინანსურმა აფეთქებამ შეარყია: რუსული «რუბლის» შეფარდება ამერიკულ დოლართან ერთბაშად რვაასი პუნქტით დაეცა: სამი ათას ასიდან (ორშაბათს) - სამი ათას ცხრაასამდე (სამშაბათს საღამოს).
    მოსკოვი და რუსეთის სხვა ქალაქები პანიკამ მოიცვა, - დაიხურა ყველა კომერციული სავაჭრო ობიექტი, ყველა კერძო ფირმა, რომლებიც სავაჭრო ოპერაციებს ახორციელებენ. მოსახლეობა ელის ფასების ფანტასტიკურ ზრდას. პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ჩერნომირდინმა შეწყვიტა შვებულება და მოსკოვში დაბრუნდა, სახელმწიფო სათათბიროს მესვეურნი აკეთებენ მრავალმნიშვნელოვან განცხადებებს «აღმასრულებელი ხელისუფლების გარდაუვალი პასუხისმგებლობის» შესახებ. პრეზიდენტი და მისი გუნდი აშკარად დაბნეულია; ხელისუფლების მთავარი რუპორი - რუსეთის ტელევიზია ვეღარ მალავს საზოგადოებაში არსებულ აღშფოთებას.
    პირველად, ლამის ოთხმოცი წლის განმავლობაში, რუსული ვალუტის რყევამ გარკვეული გავლენა იქონია დასავლურ ფინანსურ ბაზარზეც - ამერიკული დოლარის კურსმა ოდნავ აიწია ტოკიოს სავალუტო ბირჟაზე იაპონური იენის მიმართ. სამაგიეროდ, იგი ოდნავ დაეცა ლონდონში - ფუნტ სტერლინგთან და დოიჩემარკასთან შეფარდებაში. თუმცა, დასავლელი ექსპერტები რომელთაც «ცივი ოფლი ასხამთ» 1929 წლის ოქტომბრის «შავი ორშაბათის» მოგონებისას (მაშინ სტალინმა, ფინანსურ-ეკონომიკური დივერსიის მეშვეობით, – ხორბალზე ფასების ხელოვნური დაწევით, კინაღამ მართლა დაანგრია დასავლური სამყარო) - დღეს მხოლოდ ოდნავი შეშფოთებით აცხადებენ, რომ დასავლური ფინანსურო ზონა, საბედნიეროდ, ექსტერიტორიალურია რუსული რუბლის მიმართ.
   აქ იგულისხმება: ძნელი განსაჭვრეტია, რა საშინელება დატრიალდებოდა, რუსული ვალუტა კონვერტირებადი რომ ყოფილიყო, ანუ იგი რეალური ფუნქციის მქონე რომ იყოს დასავლურ ეკონომიკაში.
    დარწმუნებით შეიძლება ითქვას: მომხდარი ფინანსური კატასტროფა მხოლოდ ეკონომიკური მიზეზ-შედეგობრიობით არ არის გამოწვეული. დღევანდელ მსოფლიოში ეკონომიკა და პოლიტიკა ისე გადაეხლართა ერთმანეთს, ძნელი სათქმელია, სად მთავრდება ერთი და სად იწყება მეორე.

    შეიძლება ვცდები, მაგრამ ინტუიტურად გარკვეულ კავშირს ვგრძნობ ისეთ მოვლენებს შორის, როგორიცაა ევგენი პრიმაკოვის სენსაციური ბროშურა (Реинтеграционный процесс в бывшем СССР - нуждается ли в корректировке курс запада); ელცინის არანაკლებ სენსაციური ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში; აზერბაიჯანში ხელმოწერილი შეთანხმება კასპიის ზღვის შელფის ათვისების თაობაზე; ჰუსეინის გააქტიურება ახლო აღმოსავლეთში და «შავი ფინანსური სამშაბათი» მოსკოვში.
    შესაძლოა, მთლიანობაში, ამ მოვლენათა შორის ერთი უწყვეტი ლოგიკური ჯაჭვის გაბმა არც ისე ადვილი იყოს, მაგრამ თუ ამ ჯაჭვს ცალკეულ რგოლებად დავშლით, მაშინ უფრო მეტად შესაძლებელი გახდება მსჯელობა მათი ურთიერთმიზიდულობის შესახებ.
    მაგალითად: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ (ამის თაობაზე უკვე წერს დასავლური პრესა), რომ არაბული ნაციონალიზმის «აბობოქრება» მესოპოტამიაში პირდაპირ უკავშირდება რუსეთის უკმაყოფილებას კასპიის ნაპირებზე პოტენციური «ახალი კუვეიტის» წარმოშობის გამო.
    ამიტომ, არ არის გამორიცხული, მოვლენათა ზემოთაღწერილი ჯაჭვი იმ ფარული ტოტალური ომის გამოვლინება იყოს, რომელსაც ცივილიზებული სამყარო ჯერ კიდევ აწარმოებს - იმპერიის წინააღმდეგ. ან (უფრო სწორად) პირიქით: იმპერია აწარმოებს მსოფლიოს წინააღმდეგ.
    მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენა უეჭველად იქონიებს ძალზე მნიშვნელოვან შედეგებს. და არა მხოლოდ რუსეთისათვის. უპირველეს ყოვლისა, შეგვიძლია იმ ფაქტის დაბეჯითებით კონსტატირება, რომ დასავლური კაპიტალი კიდევ კარგა ხანს არ წამოვა რუსეთში (თუკი ოდესმე წამოვა საერთოდ), რადგან ფინანსურმა აფეთქებამ ცხადყო: რუსეთი კვლავ რჩება არასაიმედო, არამდგრად პარტნიორად, - მერყევ კოლოსად ქვიშის ფეხებზე, რომელსაც მიუხედავად უდიდესი პოტენციალისა, სწორედ არასტაბილურობა უშლის ხელს, დაადგეს ნორმალური განვითარების გზას.
    ფასების ზრდა (ეს გარდაუვალია) გამოიწვევს რუსეთში სოციალურ-პოლიტიკური დაძაბულობის ესკალაციას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ელცინს მტკიცედ უპყრია ხელთ ძალაუფლების ყველა სადავე, მან შეიძლება მაინც ვეღარ შეძლოს სახელმწიფო ხომალდის მართვა და რუსეთი კვლავ შთაინთქას სოციალური ანტაგონიზმის ჭაობში.
    თუმცა, უფრო სავარაუდოა მეორე ვარიანტი: ელცინმა დაამყაროს ქვეყანაში «დემოკრატიული ხელისუფლების დიქტატურა» და «რუს პინოჩეტად» იქცეს. ასეა თუ ისე, რუსეთში დიდი ძვრები კვლავ მოსალოდნელია.
    ძალზე საინტერესოა იმის ანალიზი, თუ რამდენად უწყობს ხელს ამგვარ ეკონომიკური კატაკლიზმებს თვით რუსული საზოგადოების ბუნება და რამდენად შეესაბამება ამ საზოგადოების არსი საერთოდ, დემოკრატიულ ცივილიზაციას?
    უკანასკნელი ცნობებით, ფინანსური აჟიოტაჟის ერთ-ერთი მიზეზი გახდა რუსეთის ტელევიზიის გადაცემა, რომლებშიც ექსპერტები რამოდენიმე ფინანსურ კორპორაციას მოახლოებულ კრახს უწინასწარმეტყველებდნენ, ხოლო მათ ფასიან ქაღალდებს საცინლად იგდებდნენ - ამან მოსახლეობაში ფასიანი ქაღალდებისადმი უნდობლობა გამოიწვია (გავიხსენოთ კონცერნ «МММ»-თან დაკავშირებული სკანდალი) და მანაც გადაწყვიტა, გაცილებით უფრო მეტად სანდო ქაღალდებში (ანუ ამერიკულ ვალუტაში) დაებანდებინა თავისუფალი თანხა.
    თუ ადრე, სერგეი მავროდიმ მილიარდობით დოლარის(!!) კაპიტალი შექმნა ფაქტობრივად არაფრისაგან - მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის ჯოგური, ტოტალიტარული ცნობიერების გამოყენებით (ტელევიზიით გაჟღერებული სიტყვა ხომ რუსეთში ურყევ ჭეშმარიტებად ითვლება), - იმავე ცნობიერებამ დაამსხვრია რუსული მანეთი უმალვე, როგორც კი ვექტორი შეიცვალა.
    დასავლეთში ამგვარი რამ შეუძლებელია: იქ შეუძლებელია მოსახლეობა (ტელევიზიის გავლენით) ჯერ ერთიანად დაესიოს «პირამიდული სისტემით» მოქმედი ერთი რომელიმე კომპანიის აქციებს, შემდგომ ასევე ერთიანად (იმავე ტელევიზიის გავლენით) უარი თქვას საკუთარ ეროვნულ ვალუტაზე და ყველა ხერხით სცადოს მისი თავიდან მოშორება. დასავლური ცივილიზაციის სტაბილურობის გასაღები სწორედ მისი ცნობიერი არაერთგვაროვნება და დიფერენცირებულობაა. რუსეთი კი კვლავ ტოტალიტარულ საზოგადოებად რჩება თავისი შინაგანი არსით.
    მეორე მხრივ, რუსეთის სახელმწიფოებრივი სისტემა იმთავითვე გულისხმობს საბაზრო ეკონომიკის განვითარებისათვის ხელისშემშლელი ობიექტური ფაქტორების არსებობას. საბაზრო ეკონომიკას ნორმალური ცხოველმყოფელობისათვის, უპირველეს ყოვლისა, სტაბილურობა სჭირდება - რუსეთში კი, რომელშიც რამოდენიმე ათეული «ნაციონალისტურად განწყობილი» ერი ცხოვრობს და რომელსაც ლამის ყოველდღიურად უხდება არმიის გამოყენება ამა თუ იმ რეგიონში - ამგვარი სტაბილურობა ძალზე ძნელი მისაღწევია.
    ბუნებრივად ისმის კითხვა: ექვემდებარება კი საერთოდ დემოკრატიულ რეფორმირებას რუსული საზოგადოება და რუსეთი, როგორც სახელმწიფო?

    რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, - ისევე, როგორც მრავალგზის, ბოლო ისტორიული პერიოდის განმავლობაში, საქართველომ ამ შემთხვევაშიც დაადასტურა დიდი ილიას სიტყვები, «ჩვენ ის სათრეველა ვართ, რომელიც დიდ ურემზე ჰკიდიაო».
    რუსული რუბლის დაცემით გამოწვეული თბილისური პანიკა კიდევ უფრო შემაძრწუნებელი იყო, ვიდრე მოსკოვური: სამშაბათს საღამოს ერთი დოლარი ზოგიერთ ადგილას ოთხი ათას რვაასი(!) რუბლი ღირდა. ბაზრობებზეც რაღაც საშინელება ხდებოდა.
    რას ვიზამთ - ასეთ დღეში ვიქნებით მანამ, სანამ დავრჩებით უბრალო სათრეველად, დიდ და «დანჯღრეულ» ურემზე.

«ივერია-ექსპრესი», 18 ოქტომბერი, 1994 წელი.