ქართლის ჭირი

ქართლის ჭირი

  

    გალის მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უკვე ბევრი რამ ითქვა, მაგრამ ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ პოლიტიკური პროცესის უმთავრესმა აქტმა - პარლამენტის საგანგებო სხდომამ ოპოზიციის იმედები «ვერ გაამართლა»
    სხდომაზე თითქოს მოსალოდნელი იყო პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა, განსაკუთრებული ეგზალტაცია, ისტერიკები და ა.შ. მაგრამ სინამდვილეში საპარლამენტო დებატებმა მოსალოდნელზე გაცილებით მშვიდობიანად ჩაიარა. უმთავრესი მიზეზი კი ის არის, რომ უკლებლივ ყველა საპარლამენტო ძალა ნათლად აცნობიერებს: პასუხისმგებლობა მომხდარისათვის ხელისუფლებასთან ერთად უნდა დაეკისროს იმ ხალხს, ვინც წამოიწყო პარტიზანული მოძრაობა აფხაზეთში და ვერ შეძლო ელემენტარულად ბრძოლისუნარიანი სამხედრო ფორმირების ჩამოყალიბება, რომელსაც მტრისთვის მეტ-ნაკლებად სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა შეეძლებოდა. გზებზე ჩასაფრება არ არის საკმარისი. მოსახლეობის რაოდენობა, გალის რაიონის რელიეფი, გარკვეული დახმარება თბილისიდან (იარაღის ჩათვლით) ნამდვილად იძლეოდა იმის საფუძველს, რომ ამ ფორმირებებს აფხაზური შენაერთების წინსვლა შეეჩერებინათ და წინააღმდეგობა ხანგრძლივ, პოზიციურ ბრძოლებში გადაეზარდათ.
    მსგავსი არაფერი მომხდარა – აფხაზებმა ერთი დარტყმით გაწმინდეს გალის რაიონი პარტიზანებისა და ქართული მოსახლეობისაგან. თუ ბრძოლის შნო არა გაქვს, შედეგს მარტო ხელისუფლებას ნუ დააბრალებ! ხელისუფლებას შეეძლო ერთადერთი - გაეცა ბრძანება და დაეწყო ფართომაშსტაბიანი ომი აფხაზეთის ტერიტორიაზე რეგულარული არმიის ნაწილების შეყვანით. მაგრამ თავდაპირველი შეთანხმებით ხელისუფლებასა და პარტიზანებს შორის თბილისი ყოველმხრივ ეხმარებოდა მათ სამხედრო შენაერთებს - გარდა უშუალო სამხედრო ჩარევისა, ვინაიდან ფართომაშტაბიანი ომისთვის ქვეყანა ნამდვილად არ არის მზად.
    რეალურად, გალის რაიონში შეიძლებოდა წინააღმდეგობის ისეთი კერების შექმნა, რომლებიც სწორედ აფხაზურ მხარეს აიძულებდნენ, ჩაბმულიყო ხანგრძლივ, სისხლისმღვრელ, მომქანცველ ომში პარტიზანებთან. არაფერი მსგავსი არ მომხდარა - ერთ ღამეში მოთავდა ყველაფერი.
    უდიდესი დემაგოგია და სიყალბეა იმის თქმა, თითქოს, აი, პარტიზანებმა გმირულად იბრძოლეს, ყველაფერი გააკეთეს, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა და მაინც დამარცხდნენო.
    ჯარის შეყვანა აფხაზეთის ტერიტორიაზე აბსოლუტურად გამორიცხული იყო იმ პირობებში, როდესაც ენგურზე რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტი დგას და ეს პარტიზანებს შესანიშნავად უნდა სცოდნოდათ. იცოდნენ კიდეც.
    სავსებით აშკარაა, რომ ხელისუფლებასა და პარტიზანულ რაზმებს შორის არსებული საიდუმლო შეთანხმებით ისინი მიიღებდნენ იარაღს, კავშირგაბმულობისა და სატრანსპორტო საშუალებებს, მაგრამ ბრძოლებში საქართველოს რეგულარული არმია ვერ ჩაებმებოდა. ირაკლი ბათიაშვილმა ფაქტობრივად დაადასტურა ამგვარი შეთანხმების არსებობა, როდესაც განაცხადა, რომ არავინ პარტიზანებს არ დაპირებია: თქვენ დაიწყეთ და ჩვენ გალში ჯარს შემოვიყვანთო.
    ხსენებული საიდუმლო შეთანხმების თანახმად, პარტიზანთა ძალები სავსებით საკმარისი იყო იმისათვის, რათა მათ გალი გაეთავისუფლებინათ, შემდეგ კი თავდაცვითი ზღუდე შეექმნათ ოჩამჩირე-გალის საზღვარზე.
    ამასობაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება გალში გადავიდოდა. სხვათა შორის, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალთა ხელმძღვანელობაც «საქმის კურსში» იყო: «თუ შეძლებთ, გააკეთეთ, ჩვენ ხელი დაგვიბანიაო». იქმნებოდა პირობები დსთ-ს მოსკოვის სამიტის გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის გალში ერთობლივი ადმინისტრაციის შექმნის თაობაზე, ოღონდ ძალის გამოყენებით.
    დარწმუნებული ვარ, თუ პარტიზანები ამას მოახერხებდნენ, რუსი «მშვიდობისმყოფელები» უბრალოდ მხრებს აიჩეჩავდნენ – ფორმალურად აფხაზური მხარე მათ ბრალს ვერ დასდებდა, ვინაიდან გალში არ შეუშვეს საქართველოს შეიარაღებულ ძალთა ქვედანაყოფები, აფხაზურ მილიციას კი პარტიზანული რაზმები მოუღებდნენ ბოლოს, რომლებიც რაოდენობით აფხაზთა დამსჯელ რაზმებს უტოლდებოდნენ (ყოველ შემთხვევაში, უნდა გატოლებოდნენ) ხოლო შეიარაღება სავსებით საკმარისი ჰქონდათ თავდაცვითი ბრძოლების საწარმოებლად თუნდაც ტანკების წინააღმდეგ. ჯერ ისეთი ტანკი არავის შეუქმნია, რომელსაც რპგ-ს ტიპის ნაღმსატყორცნი ვერ ხვრეტს.
    ხოლო ის, რომ თითქოს რუსები ეხმარებოდნენ სეპარატისტებს და უშუალოდ ერეოდნენ საბრძოლო მოქმედებებში, აშკარა ტყუილია. ამით საკუთარ სიმხდალესა და უუნარობას ამართლებს ის ხალხი, ვინც თითქმის უბრძოლველად გამოიქცა პირველი სერიოზული შემოტევისთანავე.
    ყოველივე ზემოთქმული პოზიციამაც და ოპოზიციამაც შესანიშნავად უწყის და იმასაც კარგად ხვდებიან, რომ ფართომაშსტაბიანი ომის დაწყება აფხაზეთში არც მათ ინტერესებში შედის. აფხაზეთში ახალი ომი – ისეთი საკითხია, სადაც ოპოზიციისა და უმრავლესობის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ფართომაშსტაბიანი დესტაბილიზაცია ქვეყანაში (რასაც უეჭველად გამოიწვევს ახალი ომი) პარლამენტში მოკალათებული ძალების კეთილდღეობას კარგს არაფერს უქადის. ხალხის თვალში მთელი ხელისუფლება, მთელი პოლიტიკური ელიტა იქნება პასუხისმგებელი და ქვეყანაში კვლავ შეიქმნება რევოლუციური სიტუაცია, რომელიც ერთნაირად დაემუქრება «უმრავლესობასაც» და «უმცირესობასაც».
    თვით ყველაზე «მწვავე» მამუკა გიორგაძის გამოსვლაშიც კი იგრძნობოდა ამ გარემოების გაცნობიერება - მას პრეზიდენტის გადადგომა არ მოუთხოვია, ხელისუფლების ზოგადად ლანძღვა კი არაფერს ნიშნავს. როგორც ჩანს, პოზიცია-ოპოზიცია ერთ ნავში ზის და თუ ეს ნავი აყირავდა, ორივე ერთად დაიხრჩობა.

მერიდიანი, 3 მაისი, 1998 წ.