ქართველი გმირები და ანტიგმირები

ქართველი გმირები და ანტიგმირები

სამხეცე

        ქართული პოლიტიკა ნამდვილი «სამხეცეა». არა ზოოპარკი, არამედ სწორედ «სამხეცე», სადაც მტაცებელთა ავხორცი ღრენა და მსხვერპლთა საწყალობელი წკმუტუნი ისმის.
        საფრანგეთის მეფე ლუი მეთერთმეტე იმით ერთობოდა, რომ ხშირად ჩადიოდა სასახლის დილეგში, სადაც პატარა, ოთკუთხედ გალიებში (ისე, რომ წელშიც ვერ სწორდებოდნენ) დატყვევებული მტრები ჰყავდა გამომწყვდეული. მიანათებდა მაშხალას და უყვებოდა საკუთარი წარმატებების და სასიყვარულო თავგადასავლების შესახებ – ვითომ არ ესმოდა მათი საბრალო ქვითინი და შეწყალების ხვეწნა-მუდარა ან თუნდაც ტანჯვისაგან გათავისუფლებისა და სიკვდილით დასჯის გულწრფელი თხოვნა.
        ბოლო 20 წლის განმავლობაში ქართულ «სამხეცეში» ისეთი ამბები დატრიალდა და პოლიტიკოსებმა ისეთი ველური, მართლაც მხეცური ურთიერთსიძულვილი გამოამჟღავნეს თავმოყვარეობის, ხელისუფლების, პატივისა და დიდებისათვის ბრძოლაში, რომ ნამდვილად არ გამიკვირდებოდა, მაგალითად, თენგიზ სიგუას რომ ზვიად გამსახურდია აზერბაიჯანში არ გაეშვა 1991 წლის 6 იანვარს და დაეპატიმრებინა, - ჩაესვა გალიაში და შემდეგ მისი ტანჯვა-წამებით ლუი მეთერთმეტესავით დამტკბარიყო;
        დღეს ქალბატონი ნინო ისეა ნაწყენი, რომ არც თვითონ იტყოდა ალბათ უარს ასევე «ტკბილად» დაესაჯა მიშა, რომელიც ოთხი წლის წინ, ჟურნალისტების თანდასწრებით ფორტეპიანოზე «Love Story»-ს უმღეროდა.
        ხუმრობით წარმოვიდგინოთ ქალბატონი ნინო, მისი წარმტაცი მარგალიტებით რომ დგას სადღაც დილეგში და საპასუხოდ მღერის იგივე სიმღერას ნაზი ღიმილით, - ვითომც არ ესმის საბრალო ტუსაღის ხვეწნა-ქვითინი.
        ამერიკისა და ბრიტანეთის «ცივილიზებული» ელჩები გააკეთებდნენ მაშინ და ახლაც გააკეთებენ საპროტესტო განცხადებებს, თორემ ქართველი პოლიტიკოსებისაგან, ამ ჩვენს სამხეცეში, მართლაც ყველაფერია მოსალოდნელი დღესაც, ისევე როგორც 20 წლის წინ.

გმირი თუ სატანა?

        ჩვენ რომ მთლად დალაგებული და ნორმალური საზოგადოება არა ვართ, ამ სიძულვილის მძვინვარებიდანაც ჩანს. ასეთ ვითარებაში «ევროპელობაზე» და «ევროკავშირზე» ლაპარაკი ჰომერულ ხარხარს იწვევს;
        ქართულ საზოგადოებაში აღრეულია ის უპირველესი ნიშან-თვისება, რაც განასხვავებს ნორმალურ საზოგადოებას – პათოლოგიურისაგან
        მაგალითად, ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობენ «გმირები» და «ანტიგმირები». დამოკიდებულება მათდამი ჩამოყალიბებული და ერთმნიშვნელოვანია. აქ საუბარი გვაქვს არა ისტორიულ პერსონაჟებზე, არამედ ისეთ ფიგურებზე, რომლებიც გარკვეული ღირებულებების მატარებელნი არიან.
        ინგლისელებმა შეიძლება ბევრი იკამათონ ოლივერ კრომველის, როგორც ისტორიული ფიგურის შესახებ, მაგრამ არც ერთ მათგანს აზრად არ მოუვა (ვთქვათ) რიჩარდ მესამე ზნეობრივ გმირად შერაცხოს. ისევე, როგორც არც ერთი ფრანგი არ დააყენებს ეჭვქვეშ ორლეანელი ქალწულის - ჟანა დ არკის უბიწობას.
        ჩვენთან კი რა ხდება? თვალსაჩინო მაგალითი იყო ახლახანს დასრულებული «დიდი ათეული», რომელსაც ჯერ კომიკური სკანდალები სდევდა თან, შემდეგ კი «გმირების» თაობაზე სრული საზოგადო შეუთანხმებლობის დადასტურება გახდა.
        ზვიად გამსახურდიას მესამე ადგილი ლოგიკურია იმდენად, რამდენადაც აბსოლუტურად გამორიცხულია იგი პირველ ადგილზე აღმოჩენილიყო. ეს ქვეყანაში ლამის კიდევ ერთი სამოქალაქო ომის დაწყების მომასწავებელი იქნებოდა.
        პირველი პრეზიდენტის გულისამაჩუყებელი წარდგენისას, დარბაზში მსხდომთ, მათ შორის ჯანსუღ ჩარკვიანს, სასოება მოეფინა სახეზე.
        არადა, 1992 წლის დეკემბერში, ბატონი ჯანსუღი «ივერია – ექსპრესთან» ინტერვიუში აცხადებდა: «ზოგიერთები რომ ლაპარაკობენ გამსახურდიასთან მოლაპარაკებაზე – სატანასთან მოლაპარაკება როგორ შეიძლებაო».
        თუმცა, ზვიად გამსახურდიას ფანატიკოს მტრებს მისი წარდგენისას, რასაკვირველია, კრინტი არ დაუძრავთ; მაგრამ მხოლოდ უფალმა უწყის, არ «დუღდა» მათ გულში სახეზე ჩამოფარებული სასოების ქვეშ.
        ეს პირველი მაგალითია იმისა, რომ საქართველოში გმირი იგივე ანტიგმირია!!!
        უბრალოდ, მისი დამარცხების შემდეგ, გამარჯვებულები დისკუსიას თავს არიდებენ. არცაა გასაკვირი: ისინი ხომ გმირს ღირებულებათა ერთგულების კი არა, პირადი სიძულვილისა და ბოღმის გამო ებრძოდნენ?!
        უფრო მეტიც, - ზოგიერთმა შეიძლება სიტყვაც შეაწიოს, მის ღვაწლზეც ისაუბროს. განსაკუთრებით იმათ, ვინც მაშინ ტელეეკრანზე აქტიურად არ ჩანდა. უბრალოდ, შიგდაშიგ ჰაუბიციდან ესროდა მთავრობის სასახლეს.
        დავაკვირდეთ: ეს კანონზომიერება რა ზუსტად მეორდება ილია ჭავჭავაძის შემთხვევაში. გასული საუკუნის 30-იან წლებში «ერის მამა» სწორედ იმ ადამიანებმა და იმ პარტიის ლიდერებმა უწოდეს, რომლებიც სიცოცხლეში მტარვალსა და სისხლისმსმელს ეძახდნენ. დღესაც მოკრავ ყურს აქა იქ: «გლეხებს რომ წყაროს წყალს არ ასმევდა და არაგვისკენ უთითებდა – არაგვის წყალი თვითონ დაელიაო».
        გიორგი სააკაძე? შეიძლება ადამიანი ერთდროულად მესიაც იყოს (როგორც მწერალი ლევან სანიკიძე წარმოაჩენდა) და «დედის საფლავის მხვნელიც?» – თუ დღეს მისი თემა აქტუალური არ არის, მხოლოდ იმიტომ, რომ მეტისმეტად შორეული წარსულია და თანამედროვე პოლიტიკურ დისკურსს ვერანაირად ვერ მიესადაგება.
        ისევე, როგორც კიდევ უფრო შორეულ წარსულში ჩაძირული დავითი და თამარი, რომლებიც ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა. მიუხედავად ბოროტი ენების სისინისა, რომ აღმაშენებლის ურთიერთობა იმდროინდელ საპატრიარქოსთან იდილიურობით სულაც არ გამოირჩეოდა. ეს, თუ ძალიან რბილად ვიტყვით.

ქართველი გმირი სიძულვილის სამეფოში

        ახლა დავაკვირდეთ ანტიგმირებს: სერგო ორჯონიკიძის ძეგლი 1989 წელს მანქანაზე გამობმული ათრიეს თბილისის ქუჩებში. არადა, ნებისმიერი ისტორიკოსი გეტყვით, რომ 20-იან, 30–იან წლებში მისდამი დამოკიდებულება ასე ერთმნიშვნელოვანი სულაც არ იყო.
        იოსებ სტალინი? ქართველთა დიდი ნაწილისთვის ეროვნული იდენტობის განსახიერება და სიამაყეა დღემდე. მეორე ნაწილი კი მისი ერთადერთი ძეგლის აღებას მოითხოვს, თუმცა ქუჩაში თრევას ნამდვილად ვერ გაუბედავს.
        არადა, თუ ამ საზოგადოებისათვის «დამოუკიდებლობა» და «სახელმწიფოებრიობა» მართლაც ღირებულებაა, მაშინ იოსებ ჯუღაშვილისადმი დამოკიდებულება ისეთივე უნდა ყოფილიყო, როგორც სერგო ორჯონიკიძისადმი.
        მაშასადამე, ისევ და ისევ უეჭველია დასკვნა: ქართული საზოგადოება დღემდე ვერ შეთანხმებულა ძირითად, საერთოეროვნულ ღირებულებებზე, ესე იგი, გამოდის, დღემდე ვერ ჩამოვყალიბებულვართ საბოლოოდ ერად. ერი ხომ მხოლოდ მაშინ არსებობს, თუ მთავარ, ძირითად ღირებულებებში შეთანხმებულია?!
        იოსებ სტალინი თუ «50 გამორჩეულ ქართველს» შორისაც ვერ მოხვდა, - ამან არავინ მოატყუოს: ინტერნეტ-იუზერები და ისინი, ვინც სმს-ის გაგზავნა იცის, არათუ მთელი ქართველი ერი არ არის, არამედ ჯერ კიდევ მისი მიზერული ნაწილია.
        მაგრამ აბა «კარდაკარ» მეთოდით სოციოლოგიური გამოკითხვა ჩავატაროთ ქვეყნის რეგიონებში და თბილისის გარეუბნებში, ვინ გავა პირველ ადგილზე – ილია ჭავჭავაძე თუ «ულვაშა სოსო?»
        რა ღირებულებების მატარებელია ჯაბა იოსელიანი? როგორ გეკადრებათ, მრავალთათვის იგი დღემდე «კაცობის» ეტალონია! ხმამაღლა აღარ ამბობენ, თორემ ბევრს დღემდე სჯერა, რომ მან საქართველო «პროვინციული ფაშიზმისაგან» იხსნა.
        მაშასადამე, საქართველოს ერთ-ერთი უნიკალური თავისებურება მართლაც ისაა, რომ ღირებულებათა მატარებელი გმირები იგივე ანტიგმირები არიან, ხოლო ანტიგმირები – გმირები.
        ანუ (სხვაგვარი დასკვნა არ არსებობს) ეს ქვეყანა ამიტომაც იმყოფება მუდმივი, უწყვეტი სამოქალაქო ომის (იგივე ღირებულებათა კონფლიქტის) პირობებში.
        ეს მარადიული ომი ხან სისხლიანი დაპირისპირების სახეს იძენს, ხან «ხავერდოვანი გადატრიალებისა»; ანუ ხან «ვარდებით» და ხან «საკნებით», თუმცა ყველაზე «მშვიდობიან პროტესტის» დროსაც კი, ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა განაცხადა: «თუ სააკაშვილი არ გადადგება, ადამიანები ქუჩაში დადგმული საკნებიდან გამოვლენ და . . . . . . «დამწვარი გვამებით ხელში ირბენენ თბილისის ქუჩებში»
        უჰ, როგორია? «დამწვარი გვამებით ხელში!!!»
        ასეთი რამ ყველაზე «ჩაშვებულ» საშინელებათა ფილმებშიც არ მინახავს - «დამწვარი გვამებით ხელში. . . .»
        ასეთი საზოგადოება ნორმალურია? ან გმირისა და ანტიგმირის გარჩევის უნარი შესწევს?
        «ლიტორიკული კითხვაა» ნამდვილად. . . . «ლიტორიკული».